საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი მეცნიერის, ვიქტორ ერისთავის საიუბილეო თარიღს საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ორგანიზებითა და პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ეგიდით, საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სამეცნიერო ღონისძიება ცნობილი მეცნიერის, უნივერსიტეტში გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დამაარსებლის, პროფესორ ვიქტორ ერისთავის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციას, რომელიც მეცნიერების დარგში რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, უცხოელი მკვლევარები, სტუდენტები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროფესორი თამარ ლომინაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა. მან ყურადღება გაამახვილა ქიმიის დარგის განვითარებაში ვიქტორ ერისთავის უდიდეს სამეცნიერო ღვაწლზე. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც დიდი მეცნიერის საიუბილეო თარიღს ეძღვნება, აერთიანებს მკვლევარებს კონკრეტული გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაწყვეტად და თანამედროვე რეალობის ადეკვატური სამოქმედო გეგმის შესაქმნელად, რადგან გარემოს დაცვა და გლობალური ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევა უაღრესად მნიშვნელოვანია პლანეტაზე სიცოცხლის მდგრადობისთვის.

„ფართო ერუდიციის მქონე ცნობილი მეცნიერისა და ღირსეული მამულიშვილის, ვიქტორ ერისთავის სამეცნიერო მემკვიდრეობა ანალიზურ ქიმიას, იშვიათი ელემენტების განსაზღვრის მეთოდების შემუშავებას და გარემოს დაცვის პრობლემებზე ჩატარებულ კვლევებს ეხება. სწორედ მან შექმნა აბსორბციული სპექტრის მაკეტი - ლაზერული დანადგარი ატმოსფეროს აირებით დაბინძურების დისტანციური განსაზღვრისთვის. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ამ დიდი მეცნიერის, ჩვენს უნივერსიტეტში გარემოს დაცვის კათედრის, ამჟამად, გარემოს დაცვის ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის დამარსებლის 85 წლის იუბილეს ეძღვნება, აერთიანებს მეცნიერებსა და მკვლევარებს თავიანთი ხედვებით, ცოდნითა და გამოცდილებით, რათა ერთობლივი ძალებით შევძლოთ კონკრეტული გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა, სამოქმედო გეგმის შემუშავება იმ მიზნით, რომ მეცნიერთა უშუალო ჩართულობით შესაძლებელი გახდეს გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა მსოფლიოს მდგრადი განვითარებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზეც მუდმივად აისახება. კონფერენცია არაერთ მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელებს, განიხილავს იმ პრიორიტეტებს, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით, წამყვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილეებს“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე. მისი თქმით, „გარემოს დაცვა დღევანდელობის ერთ-ერთი უდიდესი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ ინტერდისციპლინური თანამშრომლობით, ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებითა და ერთობლივი ქმედებებით აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა სამყაროს მდგრადი მომავლის შექმნაში, რაც დედამიწაზე სიცოცხლის დაცვის ტოლფასია“.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი ერისთავი, ევროკავშირის კლიმატის ცვლილების ექსპერტი კევინ რამირესი ონლაინ ჩართვით დიდი ბრიტანეთიდან, კავკასიის კვლევებისა და ინოვაციის ცენტრის ხელმძღვანელი ჯულია შვარცი და ამავე ცენტრის მკვლევარი მაილს ლალორი, ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გულიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ ციციშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ოზონის შრეზე ეროვნული პასუხისმგებელი პირი ნოე მეგრელიშვილი, კომპანია „არემჯის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში კონსტანტინე ხაჭაპურიძე, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურებისა და პროგნოზირების განყოფილების მეცნიერ-მკვლევარი ნათელა გიგაური.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა ექვს სექციად წარიმართა: გარემოს დაცვა და ახალი ტექნოლოგიები; გარემოს დაცვის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები და ეკოლოგიური უსაფრთხოება; გარემოს ობიექტების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება; ბიომრავალფეროვნება და ურბანოეკოლოგია; გარემოს ქიმია და ეკოლოგია; ენერგეტიკის ეკოლოგიური ასპექტები - ენერგოეფექტურობა. ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: დრონების გამოყენების შემთხვევების ანალიზი გარემოს დაცვის სფეროში, საქართველოში ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება, სითბოს გავლენა ბუნებრივი ჰეილანდიტის სტრუქტურასა და ფორიანობაზე, ატმოსფერული ჰაერის ოზონით დაბინძურების პრობლემები, სამრეწველო ჩამდინარე წყლების გამწმენდი თანამედროვე სისტემები, რეციკლირების შესაძლებლობები და შედეგები, ატმოსფერული ჰაერის PM10 დაბინძურების გამოკვლევა რიცხვითი მოდელირებით ქ. რუსთავის მაგალითზე და სხვ.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მასალები ელექტრონული კრებულის სახით გამოქვეყნდება და განთავსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.gtu.ge ელექტრონულ კრებულთან წვდომას კი ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს.

გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო