მეუფე შიო - ეკლესიის არსი მდგომარეობს სწორედ სულიწმიდის მოქმედებაში, მის სუფევასა და სუნთქვაში, იმ ძალასა და მადლში, რომელიც ჩვენში ყველა იმ შესაძლებლობას ხსნის, რომლებიც იესო ქრისტემ თავისი მაცხონებელი ღვაწლის შედეგად ჩვენს ბუნებაში ჩადო

ეკლესიის არსი მდგომარეობს სწორედ სულიწმიდის მოქმედებაში, მის სუფევასა და სუნთქვაში, იმ ძალასა და მადლში, რომელიც ჩვენში ყველა იმ შესაძლებლობას ხსნის, რომლებიც იესო ქრისტემ თავისი მაცხონებელი ღვაწლის შედეგად ჩვენს ბუნებაში ჩადო, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს! ეს დღე ჩვენთვის, ყოველი მორწმუნისთვის, განსაკუთრებული სიხარულის მომგვრელია, თუ ჩვენ სათანადოდ გვესმის ამ მოვლენის მნიშვნელობა.

მაცხოვრის ზეცად ამაღლებით სრულდება კაცობრიობის გამოხსნის ღვაწლი. უფალი ამაღლდა ზეცად და აღამაღლა ადამიანური სხეული, კაცობრივი ბუნება. ის, ერთი მხრივ, იყო ისეთივე, როგორიც ჯვარცმის დროს, რადგან ამ სხეულზე იყო ჭრილობები, როგორც ნახეს მოციქულებმა, როდესაც იგი იხილეს აღდგომის შემდეგ. მაგრამ, ამავე დროს, არც იყო ზუსტად ისეთივე, იმიტომ რომ უფალი ეტყვის მარიამ მაგდალინელს, რომელიც დააპირებს მის შეხებას: „არ შემეხო მე, რადგან მე მივდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (ინ. 20:17).

ასევე, როგორც სახარებიდან გახსოვთ, უფალს ამ სხეულით შეეძლო კედლებში გასვლა. მიუხედავად ამისა, ეს იყო ადამიანური ბუნება. ამას უსვამს ხაზს უფალი. დღევანდელ სახარებაში ეს იყო აღნიშნული, როდესაც ეუბნება მოწაფეებს: „გაქვთ აქ რაიმე საჭმელი?“ (ინ. 21,5). აი, მის მიერ განღმრთობილი კაცობრივი ბუნება მან აღამაღლა ზეციურ საკურთხეველთან, სადაც სუფევს უზენაესი და იგი იმყოფება იქ, მარჯვენით ღვთისა და მამისა, ზეფიზიკურ სინამდვილეში, სადაც იქნება იგი მარადიულად.

როგორც გითხარით, ამაღლებით სრულდება ჩვენი გამოხსნის საქმე, მაგრამ ჩვენი კაცობრივი ბუნება არა მხოლოდ განიდიდება იმ დიდებით, რომელიც ძე ღმერთს ჰქონდა სამყაროს შექმნამდე (ინ. 17,5) - ეს იესო ქრისტეს სიტყვებია, არამედ უფალი იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული ღვაწლის შედეგად კაცობრივ ბუნებაში, რომელსაც ჩვენ, ყველანი, ვატარებთ, ჩადებული იყო ისეთი შესაძლებლობები, რომლებზეც ადამიანებს ქრისტეს მოსვლამდე ფიქრიც კი არ შეეძლოთ.

ეს შესაძლებლობებია: გამარჯვება ყოველგვარ მანკიერებასა და ცოდვაზე, გამარჯვება ჩვენში არსებულ ბოროტებასა და ამ ბოროტების ყველა შედეგზე, გამარჯვება თვით სიკვდილზეც. ამ შესაძლებლობებს ხსნის მორწმუნეებში სულიწმიდის ძალა და მადლი, რომლის მოვლინებაც უფალმა აღუთქვა თავის მოციქულებს: „უმჯობესია თქვენთვის, რომ მე წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშინისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. ხოლო თუ წავალ, მე მოგივლენთ მას“ (ინ. 16,7). როგორც გახსოვთ, უფლის სიტყვებია ეს.

სულიწმიდის მოვლინება ხდება აღდგომიდან 50-ე დღეს და ამაღლებიდან მე-10 დღეს, მას შემდეგ სულიწმიდა სუფევს ქრისტეს ეკლესიაში და სწორედ ამ ეკლესიის მეშვეობით ცხონდებიან ადამიანები ქრისტეს სულიერ და მისტიკურ სხეულში. იმ ეკლესიაში, რომელიც მას შემდეგ 2000 წელია არსებობს და ეკლესიის არსიც, ძვირფასო ძმებო და დებო, მდგომარეობს სწორედ სულიწმიდის მოქმედებაში, მის სუფევასა და სუნთქვაში, იმ ძალასა და მადლში, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და, როგორც უკვე გითხარით, რომელიც ხსნის ჩვენში ყველა იმ შესაძლებლობას, რომლებიც იესო ქრისტემ თავისი მაცხონებელი ღვაწლის შედეგად ჩვენს ბუნებაში ჩადო. რისთვის? - იმისთვის, რომ შეგვეძლოს გავყვეთ მას იქ, სადაც იგი მივიდა თავისი ამაღლებით უზენაესი ღმერთის საკურთხეველთან.

დღეს, როდესაც ვზეიმობთ ამაღლების დღესასწაულს, გვმართებს, ვიქონიოთ განსაკუთრებული სიხარული, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ დაგვიტოვა.

გოლგოთამდე და ჯვარცმამდე მამაზეციერისადმი მისი უკანასკნელი ლოცვა, რომელსაც სამეუფო ლოცვა ეწოდება, სრულდება სიტყვებით სწორედ ამ სიხარულის შესახებ: „ახლა კი მე მოვდივარ შენთან და ამას ვამბობ სოფელში, რომ სიხარული ჩემი ჰქონდეთ მათ სავსებით“ (ინ. 17,13).

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამაღლების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ სიხარული უფლისა სავსებით და ღმერთმა აღგამაღლოთ და მოგმადლოთ სულიერი ამაღლება თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!,“ - განაცხადა მეუფე შიომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ - არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო