გია ხუხაშვილი - საარჩევნოდ ოთხი პოლიტიკური ცენტრი გვექნება - თუ ბიძინა შემოვიდა თამაშში, მაშინ ან ზურაბიშვილი ადის „ოლიმპოზე“, ან ბიძინას მოუწევს მიწაზე ჩამოსვლა

ოპოზიციამ ხალხთან კომუნიკაცია ვერ ააწყო და სულ რაღაც მიზეზებს იგონებს, ამასობაში არჩევნები მოახლოვდა... კიდევ ერთი თვით გადადეს საარჩევნო კამპანიის დაწყება. ერთი თვე კი არა, ერთი საათი არ არის დასაკარგი, რკინის ქალამნები უნდა ეცვათ და სოფელ-სოფელ დადიოდნენ, - აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა, სადაც დისკუსიის თემა ოპოზიციის ერთობა და მათი საარჩევნო სტრატეგია იყო.

ხუხაშვილის თქმით, ამომრჩეველს ოპოზიციასთან შეხვედრა სჭირდება, რათა გადაწყვიტოს, ვის აძლევს ხმას და აღარ მოუწიოს იძულებითი არჩევანის გაკეთება.

„ოპოზიციაში ცვლილებებს არ ველოდები, ვფიქრობ, რომ ეს დრო ტყუილად იკარგება. ბუნდოვანება უნდა გაქრეს ქართული პოლიტიკიდან. ჩვენ წინასაარჩევნოდ უკვე კრიტიკულ ფაზაში ვართ შესული და დროის კარგვა და კიდევ ბუნდოვანების დატოვება ამ საკითხში არასწორია. სრულიად ცხადია ჩემთვის, რომ ერთიანი სია არ გამოვა და აქედან გამომდინარე, ჯობია ეს საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან, რადგან დამატებითი დაძაბულობა შემოაქვს ოპოზიციაში. დრო ძალიან ცოტა დარჩა, იმის ნაცვლად, რომ პარტიები ხალხში გავიდნენ, ინტერაქტივი შედგეს, მთავარი პრობლემა ამ პარტიების ეს არის, რომ ხალხთან კომუნიკაცია, დიალოგი ვერ ააწყვეს დღემდე და სულ რაღაც მიზეზებზე არიან, რაღაცებს იგონებენ, თუ რატომ ვერ აკეთებენ ამას. უნდა დაისვას წერტილი, რომ ამომრჩეველიც კარგად მოემზადოს, კარგად გაიაზროს თავისი არჩევანი. სრულიად ცხადია, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი არის დამანგრეველი, ეს არის ივანიშვილის თამაში, მან იცის ერთადერთი ტექნოლოგია - შუას გაკრეფა, ორპოლუსიანობის ფორმირება, სადაც იტყვის, რომ ვინც მასთან არ არის, ყველა მისი მტერია. მერე იწყება ერთგვარი „ტიტანიკის“ ფორმირება მეორე პოლუსზე, მთელი რესურსებია გამოყენებული, რომ მოხდეს ამ „ტიტანიკის“ კომპრომეტაცია და ჩაძირვა. ამის წამალი არის ფრონტის ხაზის არა თუ კონცენტრირება პოლუსად, არამედ ფრონტის ხაზის გაშლა. რაც შეეხება ერთიანობასა და ერთობას, ამას აქვს თავისი ლოგიკა. ერთიანობა არის ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების თემაში. ეს არჩევნები არ არის უბრალოდ არჩევნები, რომელზეც ვირჩევთ ჩვენ, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში. ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, ქვეყანა ირჩევს გრძელვადიანი განვითარების ვექტორს, ვდგავართ ერთგვარ გზაჯვარედინზე, სადაც ამომრჩეველმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს, ვბრუნდებით კონსტიტუციით გარანტირებულ გზაზე ანუ მივდივართ ევროკავშირში თუ ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში - ეს არის მთავარი ფუნდამენტური არჩევანი. ევროპული გზის მომხრე რომელი არჩევანიც არის, მას ამ დიდ არჩევანში აქვს კიდევ ქვე-არჩევანი - რომელ პარტიას ან რომელ პარტიათა ჯგუფს მისცეს ხმა.

რატომაც ვარ ერთიანი სიის წინააღმდეგი, მიზეზი მარტივია - ყველა კვლევაში ჩანს, რომ აქტიური ამომრჩევლის დაახლოებით, 10%-დან 15%-მდე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას. ვიღაცას ეს მოსწონს თუ არ მოსწონს, მოცემულობა ასეთია. თუ ეს ერთიანი სია გაკეთდა, ეს ამომრჩეველი ამ კოალიციას ხმას არ მისცემს, შესაბამისად, ან დარჩება სახლში ან ისევ გახდება „ქართული ოცნების“ ლუკმა. რაც შეეხება ამომრჩეველთა გადაუწყვეტელ 60%-ს, ეს არის ცალკე ამოცანა. საშუალო სტატისტიკური ადამიანი, ვინც ამ ამომრჩეველში შედის, არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და ეუბნება ოპოზიციურ პარტიებს, რომ მათთან დისკუსია სურს. იმისთვის, რომ არჩევანი გააკეთოს, ოპოზიცია უნდა დაელაპარაკოს.

კიდევ ერთი თვით გადადეს საარჩევნო კამპანიის დაწყება. ერთი თვე კი არა, ერთი საათი არ არის დასაკარგი, რკინის ქალამნები უნდა ეცვათ და სოფელ-სოფელ დადიოდნენ. ამ ადამიანებს (ამომრჩეველს) იმედი ხომ უნდათ. გასაგებია, რომ ცუდი ხელისუფლებაა, მაგრამ კარგი არჩევანი უნდათ, არ უნდათ, იძულებითი არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ხელისუფლება თავდაცვის რეჟიმში უნდა გადაიყვანოს.

„ოპოზიციაშიც შიდა არჩევანის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს ამომრჩეველი. შიდა კონკურენცია არ უქმდება ამ არჩევნებზე, ასე არ არის, რომ ყველა ერთია. კოალიცია რომ შედგება, იმას არ ნიშნავს, რომ კოალიციაში ვიღაცას არ ემხრობი ან ვიღაც არ გახდება პარლამენტში შენი ლობისტი, აუცილებელი არაა, ექსკლუზიურ ხელისუფლებას ფლობდეს. შენ შენი წარმომადგენელი პარლამენტში უნდა გყავდეს, რომელიც შენს ინტერესებს დაიცავს.

ოპოზიციამ ხელისუფლება თავდაცვის რეჟიმში უნდა გადაიყვანოს. „ოცნება“ ყოველდღე აგდებს ახალ-ახალ თემებს და ესენი მიყვებიან, პოლიტიკურ კომენტატორებად იქცნენ პოლიტიკოსები. ტელევიზორებიდან ვერ გამოვიდნენ, ვირტუალურ პარტიებად იქცნენ. გადით ხალხში! ფორმალურად კი არა, საკუთარ აქტივს რომ ხვდებიან და ფოტოებს იღებენ, რეალურ ადამიანებს უნდა ელაპარაკონ, კრიტიკაც უნდა მოისმინონ, ქვას რომ ესვრიან, ესეც უნდა აიტანონ და უნდა იბრძოლონ, ბრძოლის გარეშე არ გამოვა. 2012-ში ქვებს არ გვესროდა მიშას ხელისუფლება? მაგრამ გადავლახეთ, მაინც დავდიოდით. არ არის ახლა იმის დრო, რომ მონოლოგის რეჟიმში ჰქონდეთ ხალხთან კომუნიკაცია. პროგრამაც რომ არ წარმოადგინოს პოლიტიკოსმა, სოფლად რომ ჩავა, თვითონ ჩასვლის ფაქტი არის მნიშვნელოვანი, გამხნევების, მათი პრობლემების თანაზიარობის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის შეფასებით, ქვეყანაში ოთხი პოლიტიკური ცენტრი იქნება, წინასაარჩევნოდ კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად იქნება წარმოდგენილი.

„არ არსებობს იდეალური არჩევანი. კომპრომისის სახით, ხშირად ნაკლები უბედურების არჩევა გიწევს, წინასაარჩევნოდ კი ამომრჩეველს ეს კომფორტი უნდა ჰქონდეს, რომ იძულებითი არჩევანი არ გააკეთოს. ამომრჩევლის ნაწილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიუღებელია, მაგრამ არც რუსეთში წასვლა უნდა. რადგან „ნაცებს“ ამ კოალიციურ ხელისუფლებაში ექნებათ 10% თუ 15%, რეალურად ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალაუფლებას იბრუნებენ. ეს ნიშნავს, რომ თავისი პატარა სეგმენტი ექნებათ. ამომრჩეველი ამ თამაშზე წამოვა.

გვექნება ოთხი პოლიტიკური ცენტრი - კარგი იქნება, თუ „ლელო“ და „ახალი“ დაჯგუფდებიან, იმიტომ, რომ ერთ ტალღაზე არიან და გარკვეულწილად, საარჩევნო სინერგიას ქმნიან. საჯარო სექტორისა და ყოფილი „ქოცების“ სეგმენტი გახარიას სეგმენტია. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ - აი ეს ოთხი პოლიტიკური ცენტრი გვექნება. სალომე ზურაბიშვილი კი წინასაარჩევნო კამპანიაში არის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. ჩვენ როდესაც ერთობასა და ერთიანობაზე ვლაპარაკობთ, სალომე ზურაბიშვილი და ქარტია ამ ერთიანობის შემკვრელია. ის არის ამ ერთიანობის პერსონალური შემკვრელი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. ნახეთ, რამხელა უხერხულობა უჩნდება „ქართულ ოცნებას“ - თუ სალომე ზურაბიშვილი არის წინასწარ გაცხადებული ერთიანი კანდიდატი თუნდაც გაშლილი ოპოზიციის, „ქართულ ოცნებას“ უჩნდება საჭიროება, რომ თავისი კანდიდატი „გამოაგოროს“. ზურაბიშვილის თანაზომადი ფიგურა „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს. ერთადერთი, ვინც კონკურენტული შეიძლება გახდეს ზურაბიშვილთან, არის ბიძინა ივანიშვილი. თუმცა, თავად ივანიშვილისთვის როგორია ახლა ამ არჩევანის გაკეთება, ის ხომ ღმერთკაცია, როგორ შეიძლება ვინმესთან კონკურენციაში შევიდეს. მას ხომ პერსონალურად არასდროს მიუღია არჩევნებში მონაწილეობა. ის ყოველთვის პოლიტიკის ზემოდან იყო და ახლა მის გარდა სხვა კანდიდატი არ ჰყავთ, ვინც სრულფასოვან კონკურენციას გაუწევს სალომე ზურაბიშვილს. თუ ბიძინა შემოვიდა ამ თამაშში, მაშინ ან სალომე ადის „ოლიმპოზე“, ან ბიძინას მოუწევს მიწაზე ჩამოსვლა და ამით მისი უძლეველობის მითოლოგია დაინგრევა. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობის თემა კამპანიის ნაწილი უნდა იყოს.

ახალგაზრდობამ უნდა დაიწყოს სტრუქტურირება და პოლიტიკურ მაგიდასთან უნდა დაჯდეს, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე. არჩევნებში კი არ უნდა მიიღოს დამოუკიდებლად მონაწილეობა, აი ეს ოთხი ცენტრი რაც იქნება, ამაში რომელიმესთან უნდა შევიდეს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. შეიძლება, ასეთი რამდენიმე ახალგაზრდული ჯგუფი გაკეთდეს. ეს იმიტომაა საჭირო, რომ ჩვენი ქვეყანა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, ძველი პოლიტიკური ელიტა ნელ-ნელა უნდა წავიდეს და ახალგაზრდებს უნდა გადააბარონ ხელისუფლება. ესენი უკვე უნდა შემოვიდნენ თამაშში და ნელ-ნელა დაიწყონ ძალაუფლების გადაბარება“, - განაცხადა ხუხაშვილმა „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია