„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები და რატომ გახდა ხუთი წლის წინ დაწყებულ რეფორმაში ცვლილებების განხორციელება საჭირო - ამ თემაზე „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს ესაუბრა.

- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ რეფორმა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმას და შედეგად, ახალ საპენსიო სქემას კრიტიკოსები მისი არსებობის არცერთ ეტაპზე არ აკლდა, მათ შორის, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის პერიოდში, როცა ფინანსთა და ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი სქემის ჩამოშლას პროგნოზირებდა და შედეგად, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი უკვე არსებული დანაზოგის გაცემას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, დაგროვებითი საპენსიო სქემა ქვეყანაში მუშაობს და როგორც მისი ავტორები ხშირად ამბობენ, ის წარმატებით ფუნქციონირებს, კიდევ უფრო დაიხვეწება, გაუმჯობესდება და სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო პრაქტიკაში გამოცდილ საუკეთესო მოდელებთან. თუ სქემა წარმატებულია, რატომ გახდა მასში ცვლილებების შეტანა საჭირო, რომელიც პარლამენტში წარადგინეთ?

- საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში მოვამზადეთ და პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, ორ ძირითად მიზანს ემსახურება - ეს არის საპენსიო სააგენტოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბება და ადეკვატური, ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.

ამ ცვლილებების მიზანია პორტფელებში მობილიზებული კაპიტალის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს საპენსიო ფონდის მმართველობითი სისტემა, მათ შორის მართვაში პროფესიონალური კომპონენტის გაძლიერების გზით. ხუთი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საპენსიო აქტივების პორტფელი, ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის კვალდაკვალ საინვესტიციო ინსტრუმენტების ტიპები და რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს საპენსიო ფონდის უფრო ეფექტური მართვის მოდელის ჩამოყალიბებას.

მოგეხსენებათ, რომ საპენსიო რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, რომლის უმთავრესი მიზანია მონაწილეთათვის მაქსიმალური ამონაგების გენერირება, შესაბამისად, რეფორმის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, რადგან რეფორმა ქვეყნის მილიონნახევარი, ეკონომიკურად აქტიური მოქალაქის დანაზოგების მართვას ეხება.

ცვლილებათა ეს პროექტი საპენსიო სააგენტოს მმართველობით და ზედამხედველობით სტრუქტურას გააუმჯობესებს - არსებითად იცვლება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემა, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში დღეს არსებული ორი არათანაბარი მმართველი რგოლის (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად შეიქმნება ერთი მმართველობითი ორგანო, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და პასუხისმგებელი იქნება როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებზე.

- რამდენადაც ვიცით, სამეთვალყურეო საბჭოში არიან მთავრობის წევრებიც -მინისტრები. ეს მოდელი უქმდება? რატომ, არ იმუშავა ეფექტიანად?

- ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ საპენსიო სქემის მმართველობით საბჭოში აღარ იქნებიან მთავრობის წევრები - დღეს არსებული ჰიბრიდული მოდელით, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილია სამი მინისტრი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები.

თავდაპირველად, როდესაც იდგმებოდა რეფორმის პირველი ნაბიჯები, მნიშვნელოვანი იყო საპენსიო სქემის მართვაში სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და მართვის თავდაპირველმა მოდელმა, იმ ეტაპზე, წარმატებით იმუშავა.

დღეს საპენსიო სქემაში ჩართულია საქართველოს მილიონნახევარი მოქალაქე და აკუმულირებულია დაახლოებით 5 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი ლარი საინვესტიციო ამონაგებია. სქემის განვითარების ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დადგა მმართველობითი და საზედამხედველო რეფორმის გატარების საჭიროება, რომელზე მუშაობაც დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ჩვენი მიზანია, ფონდის ამოცანებს და საჭიროებებს უპასუხოს საერთაშორისო, საუკეთესო დასავლური სტანდარტების შესაბამისმა მმართველობითმა სტრუქტურამ, რომელიც, ამავდროულად იქნება მეტად მოქნილი და ორიენტირებული არსებულ საჭიროებებზე. შემიძლია ვთქვა, რომ მმართველობის მოდელი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებშია წარმოდგენილი, სრულ შესაბამისობაშია დღესდღეობით არსებულ და აპრობირებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.

- როგორი იქნება მართვის ახალი მოდელი და რატომ იქნება ის უფრო წარმატებული?

- მართვის ახალი მოდელი გულისხმობს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტებას მხოლოდ პროფესიონალი სპეციალისტებით, რომლებიც გამკაცრებული კრიტერიუმებით, საკონკურსო წესით შეირჩევიან და მათ პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს. საკონკურსო კომისიას დაემატება დამოუკიდებელი წევრები. აღსანიშნავია, რომ მოხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დელეგირება მმართველობით საბჭოზე - მაგალითად, მენეჯმენტის რგოლის დანიშვნას, ასევე სააგენტოს წესდებისა თუ ბიუჯეტის დამტკიცებას, საქართველოს მთავრობის ნაცვლად, მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს, შესაბამისად, დანაზოგების მართვის, განთავსების და გაცემის პროცესი სრულად მმართველობითი ჯგუფის მიერ იქნება განხორციელებული.

საპენსიო ფონდს, რომელსაც მართვაში აღარ ეყოლება მთავრობის წარმომადგენლები და გაერთიანდება საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები, ექნება მეტი მოქნილობისა და კაპიტალის უფრო ეფექტიანი მართვის შესაძლებლობა. ხაზგასასმელია, რომ მმართველობის ასეთი მოდელი საუკეთესოა საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და რეკომენდებულია როგორც მსოფლიო ბანკის, ასევე აზიის განვითარების ბანკის მიერ.

- მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ, საპენსიო სქემაში ადეკვატური, ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებაა. ამაში გულისხმობთ კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო ფონდის საქმიანობაში ეროვნული ბანკის ზედამხედველობის როლის გაზრდას, რაც კანონპროექტით არის გათვალისწინებული?

- დიახ, ცვლილებების მიხედვით მნიშვნელოვნად გაიზრდება სქემაში ეროვნული ბანკის ზედამხედველობის როლი, რაც ასევე საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა - საპენსიო ფონდი საფინანსო ინსტიტუტია და შესაბამისად, ეროვნული ბანკის სრულფასოვან ზედამხედველობას ექვემდებარება.

კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, ეროვნული ბანკი ზედამხედველობს მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობას, თუმცა, ცვლილებების თანახმად, საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის სრული ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა, ისევე როგორც ზედამხედველობს კომერციულ ბანკებს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. კანონპროექტით, ეროვნულ ბანკს ენიჭება მთელი რიგი საზედამხედველო ფუნქციები, მაგალითად: საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც არის საპენსიო ფონდის საქმიანობის მთავარი საფუძველი, შეითანხმებს ეროვნული ბანკი, ის ასევე დაადგენს საბჭოს მიერ დასანიშნი დირექტორების მინიმალურ კვალიფიკაციებს და ასევე უშუალო მონაწილეობას მიიღებს კონკრეტული დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლებაში.

- მოდით, ამ რეფორმის ერთ-ერთ მთავარ საკითხს შევეხოთ - საპენსიო სქემის საინვესტიციო ნაწილს. ამ კუთხით რა ცვლილებებია კანონში?

- რაც შეეხება საპენსიო სქემის საინვესტიციო ნაწილს - აქ ძირითადად ხდება გარკვეული საინვესტიციო ინსტრუმენტების პროპორციების ცვლილება სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელებში - თვისობრივად ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტების შემოტანა არ ხდება.

იცით, რომ 2023 წელს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სამი საინვესტიციო პორტფელი გაჩნდა, მათ შორის ზომით ყველაზე დიდია ე.წ. კონსერვატიული პორტფელი, რომელშიც დღეს რესურსების თითქმის 99%-ია აკუმულირებული. ძირითადი ცვლილება ეხება ამ პორტფელში 15%-ის ოდენობით ე.წ. „სხვა აქტივებში“ ინვესტირების საშუალების გაჩენას. საუბარია ძირითადად კერძო სავალო ფასიან ქაღალდებზე და საინვესტიციო ფონდებზე, რაც აბსოლუტურად აპრობირებულ საინვესტიციო ინსტრუმენტებს წარმოადგენს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე.

- საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში გქონდათ თუ არა კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან? როგორია მათი შეფასებები?

- კანონპროექტზე მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში ეროვნული ბანკთან და საპენსიო სააგენტოსთან ერთად, უშუალოდ იყვნენ ჩართულები პარტნიორი საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები - მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. კანონში შესატანი ცვლილებათა პაკეტი ყველა მონაწილე მხარის ერთობლივი მუშაობის შედეგია - კანონპროექტში გათვალისწინებულია როგორც ეროვნული ბანკისა და საპენსიო სააგენტოს, ასევე საქართველოს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის მიერ წარდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები.

- დასასრულს, მოკლედ რომ შევაჯამოთ - რას მისცემს ახალი კანონი და შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს განახლებული მოდელი საპენსიო სქემის მონაწილე საქართველოს მოქალაქეებს?

- პასუხი მარტივია - ეს იქნება გამართული, სწორი მმართველობითი სტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს სქემის უფრო წარმატებით, დაცულად და მეტად გამჭვირვალედ მუშაობის პროცესს. ეროვნული ბანკის სრული ზედამხედველობა კი ფონდის თითოეული რგოლის გაცილებით გამართულად მუშაობის მეტ გარანტიებს და შესაბამისად, საპენსიო სქემის მეტ სანდოობას შექმნის. გამართული საპენსიო ფონდი კი მეტი დაცულობა და ფინანსური უზრუნველყოფაა სქემის მონაწილე მოქალაქეებისთვის.

ლევან ლორთქიფანიძე - დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის