ქართული პრესის მიმოხილვა 01.07.2024

თორნიკე შარაშენიძე - “ქართული სასწაული უკვე მოვახდინეთ - აი, რა შეუძლია ერთიანობას!”

კრემლი ფსონს კალაძეზე დებს? - რატომ დაიწყო რუსულ მედიაში საუბარი თბილისის მერის მოსალოდნელ პრემიერობაზე

გია ხუხაშვილი - “ოპოზიციამ მოახერხა და ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვა”

ევროპა იბერიიდან იბერიამდე - როგორ აისახება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმატებული დებიუტი პოლიტიკურ პროცესებზე

გიორგი კობერიძე - “ბაიდენის მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია”

* * *

თორნიკე შარაშენიძე - “ქართული სასწაული უკვე მოვახდინეთ - აი, რა შეუძლია ერთიანობას!”

“საქართველო საფეხბურთო რუკიდან გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გაქრა. ამჟამინდელი პროცესები კი აჩვენებს, რომ ახალი თაობის ჩვენმა ფეხბურთელებმა, ალღო აუღეს მსოფლიო საფეხბურთო ცხოვრებას და კონკურენტული ბრძოლის უნარები გამოავლინეს. თუ გსურს წარმატების მიღწევა, სწორედ კონკურენციაში უნდა მიიღო მონაწილეობა. ეს თაობა გაცილებით ახლოს არის მენტალურად ცივილიზებულ სამყაროსთან, არ უჭირს გუნდური თამაში, აქვს განათლება, იცის უცხო ენა და ამ ყველაფრის დამსახურებაც არის, რომ, ბოლოს და ბოლოს, რაღაცას მიაღწია. წარმატებისთვის მარტო ნიჭი არ კმარა. ეს კარგად გამოჩნდა 90-იან წლებში, როდესაც ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავდა. ძლიერი მენტალიტეტი და ადაპტაციის უნარიც უმნიშვნელოვანესია. აშკარაა, ეს ყველაფერი ახალ თაობას აქვს. ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ჩვენს ხალხს უბრუნებს თვითრწმენას, გამარჯვების სიხარულს და აჩვენებს, რისი მიღწევა შეიძლება შრომით”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართული სასწაული უკვე მოვახდინეთ - აი, რა შეუძლია ერთიანობას!”

“იქნებ დაგვაფიქროს იმან, თუ რამდენი რამის მიღწევა შეიძლება გუნდური თამაშით. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება შეასრულოს ერთგვარი ორთქლმავლის ფუნქცია... თვალნათელია, რომ ქართული პოლიტელიტა, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, როგორი ჩამორჩენილია საერთო განვითარების ტემპს. ქართველი საზოგადოება, მათ შორის ჩვენი ფეხბურთელებიც, გაცილებით წინ წავიდნენ, ვიდრე ქართული პოლიტელიტა. ხომ ხედავთ, სად არიან ჩარჩენილები, რაზე ჩხუბობენ და კამათობენ... მეტიც, იმ ერთიანობაში, რაც ამ საფეხბურთო ზეიმმა მოუტანა, სცადეს არეულობისა და განხეთქილების შეტანა, ფეხბურთელების პოლიტიკური ნიშნით დაყოფაც კი სცადეს. არის გიჟური შეთქმულების თეორიები, რაც შეურაცხმყოფელია განსაკუთრებით მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლისთვის. თურმე ვიღაცები მას თითს უქნევენ და ასწავლიან, ვინ გამოიყვანოს მოედანზე და ვინ არა. ეს ხომ ნამდვილი სიგიჟეა. ამას ემატება კიდევ ეს პოლიტიკური სიგიჟე და ერთობლიობაში ვიღებთ მძიმე სურათს. მიხარია, რომ ეს არ აისახა ჩვენს ნაკრებზე, გაუძლო ამ წნეხს და შესანიშნავად ითამაშა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ რამესთან მოუწიათ გამკლავებამ _ ჯერ ამხელა ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდათ, რაც უდიდესი წნეხია, ამას დაემატა ეს პოლიტიკური სიგიჟეები. იმედია, არ გააგიჟებენ საბოლოოდ სანიოლს და დარჩება ნაკრებში ამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“ამ ე.წ. აგენტების კანონმა და იმ საერთაშორისო რეაქციამ, რაც მის მიღებას მოჰყვა, ძალიან დააზარალა “ქართული ოცნება”. სანქციები, პარტნიორებისგან აშკარა იზოლაცია მათ დიდ დარტყმას აყენებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს. ოპოზიციაში ვერ ითვალისწინებენ ერთ რამეს - არჩევნებში ხმას აძლევს საქართველოს მოქალაქე და არა ვინმე კონგრესმენი ან ევროპარლამენტარი. ამიტომაც საჭიროა მოსახლეობასთან უფრო მეტი მუშაობა. ამის გარდა, 5%-იანი ბარიერის გადალახვის 100%-იანი გარანტია ოპოზიციაში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა არავის აქვს. შესაბამისად, საჭიროა შედგეს პატარა ოპოზიციური პარტიების დიდი გაერთიანება. სამი პარტია მაინც რომ გაერთიანდეს, უკვე გაჩნდება შანსი, რომ ერთი მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” გავა, მეორე მხრივ კი, ეს გაერთიანება შეძლებს ერთობლივად “ქართული ოცნების” დამარცხებასა და კოალიციური მთავრობის შექმნას. თუ ჰგონიათ, ცალ-ცალკე მოახერხებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას, ცდებიან, გასათვალისწინებელია, რომ იქნება უმძიმესი და ურთულესი საარჩევნო კამპანია, იქნება ისევ პოლარიზაცია, დაპირისპირება და ა.შ. მოკლედ, ოპოზიციურ ფლანგზე ერთი გაერთიანება მაინც თუ არ შეიქმნა, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციას “ქართული ოცნების” დამარცხება. დღეს თუ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, მაგალითად, “ლელომ”, ჩაატარა კვლევა და ამან აჩვენა, რომ მას შეუძლია ბარიერის გადალახვა, ეს ოქტომბრამდე შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ რაღა დაგიმალოთ და, ამ კანონის მიღებას დღემდე რაციონალური ახსნა ვერ მოვუძებნე. როგორც ამბობენ, "ოცნებაში" მეტი ინფორმაცია აქვთ, რაღაც საფრთხეები დაინახეს და ა.შ. რა უნდა დაენახათ ისეთი, არ ვიცი. რას დააკლებდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები? ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნორმალურად იყო, თითქოს ახერხებდნენ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარებას, ხელისუფლება ეკონომიკური მოგების მაქსიმუმს იღებდა რუსეთიდან, მნიშვნელოვანი რაღაცები მიიღო ჩინეთიდანაც, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირიდან კი - კანდიდატის სტატუსი. ამ სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება უცნაურ ახირებას ჰგავს. ვფიქრობ, ამ კანონს უკან არ გაიწვევენ. ჯერ ერთი, იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი დიდ ზეწოლას არ მიმართავს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება არ დგას დღის წესრიგში, რაც ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება. ის, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები დაიწყო მოლდოვასა და უკრაინასთან, ჩვენთან კი არა, როგორც ჩანს, არ მიაჩნიათ “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო არგუმენტად. ბოლოს და ბოლოს, იტყვიან, უკრაინა ომშია და ეს მოლაპარაკებები რა ხეირია მისთვისო”, - განმარტავს ექსპერტი.

“საქართველოს ხელისუფლებაზე დიდი ზეწოლა შეუძლია ამერიკას, რადგან ეს არის ერთი ქვეყანა, გადაწყვეტილების მიღებაც უფრო მარტივად შეუძლია, ვიდრე ევროკავშირს, მაგრამ აშშ-ში ახლა არჩევნებია და ჯერ საქართველოსთვის ვერ მოიცლიან. როგორც ჩანს, ამ ფაქტორების გათვალისწინებით “ოცნებას” არ ეშინია და ამიტომაც არ გეგმავს ამ კანონის გაწვევას. სავარაუდოდ, იმედი აქვთ, რომ აშშ-ც და ევროკავშირიც შეეგუებიან ამ კანონის მიღებას, ჩაიქნევენ ხელს და გააგრძელებენ მათთან ურთიერთობას რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია მათთვის, თუნდაც გეოპოლიტიკიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, სომხეთი ამ ბოლო ხანს დასავლეთისკენ გადაერთო, მაგრამ მასთან დასაახლოებლად მათ საქართველო სჭირდებათ, ერთგვარად კორიდორი ვართ მათთვის. თუ საქართველო არ იქნება დასავლეთთან, სომხეთიც დაიკარგება. ეს აძლევს ამ ხელისუფლებას დასავლეთთან ვაჭრობისთვის მშვენიერ ბერკეტს. მშვენივრად სარგებლობენ იმით, რომ ჩვენ კავკასიის გასაღები ვართ. ამიტომაც იმედი აქვთ, რომ დასავლური სამყარო, ბოლოს და ბოლოს, ამ კანონის მიღებას აღარ გააპროტესტებს. თუ ოპოზიციამ ვერ მოაბა თავი ერთიანობას და წააგო არჩევნები, შეიძლება ასეც მოხდეს”, - დაასკვნის თორნიკე შარაშენიძე და შეკითხვაზე - “ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, მანამდე კი შეიქმნა “ქართული ქარტია” სალომე ზურაბიშვილის წინადადებით. ეს ორი ინიციატივა ერთი პროცესის ნაწილია?” - პასუხობს:

“ჩემი აზრით, ერთი ტენდენციის ნაწილია. ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - რაც არ უნდა ქარტიებსა და დეკლარაციებზე მოაწერონ ხელი, თუ ვერ მოხერხდა გაერთიანება, ამ ყველაფერს აზრი არ ექნება. მეორე თემაა სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რომელიც ბოლო დროს ოპოზიციამ გმირად გამოაცხადა, მათ შორის მათაც, ვინც ამ სამი წლის წინ სასტიკად ლანძღავდნენ. თუმცა საკითხავია, სალომე ზურაბიშვილი რამდენად გამოდგება გამაერთიანებლად. მას ძალიან რთული ხასიათი აქვს. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც კი მასთან უთანამშრომლია ან უმუშავია. შესაბამისად, მისი ამბიციები ოპოზიციას ან გამოადგება, ან არა... მან თქვა, რომ სურს გახდეს მეორე ვადით პრეზიდენტი, თუმცა მაინც მგონია, რომ მისი ფიგურის ქოლგის ქვეშ გაერთიანება ნაკლებად მოსალოდნელია”.

კრემლი ფსონს კალაძეზე დებს? - რატომ დაიწყო რუსულ მედიაში საუბარი თბილისის მერის მოსალოდნელ პრემიერობაზე

“რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ კრემლი საქართველო-რუსეთის მომავალი ურთიერთობის მხრივ ფსონს თბილისის მოქმედ მერზე კახა კალაძეზე დებს. საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლების გათვლით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში კალაძე პრემიერ-მინისტრი გახდება და “მასთან უკვე სერიოზულად შეიძლება დალაპარაკება ურთიერთობის საბოლოო ნორმალიზებაზე”, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც. ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია აცხადებს, წინ 2024 წლის არჩევნებია და ჯერ არავინ იცის ვინ სად და როგორ იქნება, მათ შორის პრემიერის თანამდებობას ვინ დაიკავებს და დარჩება თუ არა საერთოდ ხელისუფლებაში “ოცნება”. საკითხზე, თუ რატომ კალაძე და არა, ვთქვათ, მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძე, კაკაჩიას აზრით კალაძეს “ოცნებაში” გარკვეული ავტონომიურობა და დამოუკიდებელი რეიტინგი აქვს და დიდი ალბათობით, მიზეზი ესაა. რუსული “ტელეგრამ” არხი “კრემლიოვსკი შეპტუნ” (“კრემლის მოჩურჩულე”) კრემლის ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობის მომავალს თბილისის მერ კახა კალაძეს უკავშირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრემლი ფსონს კალაძეზე დებს? - რატომ დაიწყო რუსულ მედიაში საუბარი თბილისის მერის მოსალოდნელ პრემიერობაზე.

“უახლოეს წლებში თბილისის ამჟამინდელი მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. კრემლში მიაჩნიათ, რომ მასთან ერთად მოსკოვი შეძლებს საბოლოოდ ნორმალიზდეს ურთიერთობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან”, - წერს რუსული “ტელეგრამ” არხი, რომლის ცნობით, კრემლში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელისუფლება კალაძეს “ყველაზე ადეკვატურ, ზომიერ და პერსპექტიულ” ქართველ პოლიტიკოსად მიიჩნევს. “კალაძესთან შეიძლება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის თემაზე და სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი. ახლა ამის გაკეთება ჯერ კიდევ საკმაოდ პრობლემურია, რუსეთის ფედერაციისკენ სვლას დიდი წინააღმდეგობა აქვს. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პროუკრაინულ პოზიციას მაინც იკავებს, თუმცა ზომიერად. კალაძე კი უაღრესად ადეკვატურია ამ თემაზე. მოსკოვი მასზე ამყარებს იმედებს, უფრო მეტიც, არსებობს გარკვეული გაგება, რომ საბოლოოდ, ასე თუ ისე, ის რეალურად მოვა ხელისუფლებაში უახლოეს მომავალში”, - ხაზს უსვამენ კრემლის წყაროები რუსულ “კრემლოვსკი შეპტუნთან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვინ როგორ იქნება - ვინ იქნება პრემიერი და საერთოდ, მომავალი წლების განმავლობაში “ქართული ოცნება” გადარჩება თუ არა როგორც პარტია, ესეც გასარკვევია. ასეთი პროგნოზიების გაკეთება ცოტა არასწორია. ზოგადად “ქართული ოცნების” ლიდერები ტრანზაქციული ხასიათის ტიპები არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ დიდად არ აღელვებთ არც ევროპული ინტეგრაცია და პოლიტიკაში ღირებულებითი მომენტი დიდად არ აქვთ და უფრო ბიზნესზე და თავიანთ პერსონალურ რაღაცეებზე არიან კონცენტრირებული. ალბათ ამიტომ ფიქრობენ კრემლში ასე. მით უმეტეს იციან, რომ “ქართული ოცნება” რუსეთთან შედარებით უფრო ლოიალურ პოლიტიკას ატარებს. თან კალაძე ახალგაზრდაა და ფიქრობენ, რომ ივანიშვილი მას გადააბარებს ძალაუფლებას და “ქართული ოცნება” მუდმივად იქნება ხელისუფლებაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია და შეკითხვაზე - “რატომ კალაძე და არა, ვთქვათ, კობახიძე?” - პასუხობს:

|შეიძლება უფრო იქიდან გამომდინარე, რომ კალაძეს "ქართულ ოცნებაში" გარკვეული ავტონომიურობა გააჩნია, თავისი ფინანსებიც მანამდე ჰქონდა, ევროპაში ნაცხოვრებია. უფრო მეტი გამოცდილება და გავლენა აქვს იგივე საზოგადოებაში, ვიდრე სხვებს, ვინაიდან ქალაქის მერია. შეიძლება ბევრ რაღაცაზე აკრიტიკო, მაგრამ თბილისში ბევრი რამ გააკეთა და მისი რეიტინგი ცოტა სხვანაირია, ვიდრე “ოცნების” სხვა ლიდერების, რომლებიც ცალკე რომ დააყენო, მაგალითად, მაჟორიტარულ ოლქებში, შეიძლება ვერც გაიმარჯვონ. კრემლი კალაძეს შედარებით რეიტინგიან პოლიტიკოსად მიიჩნევს გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერია. ყოველთვის ასე იყო, რომ თბილისის ყველა მერი მოიაზრებოდა შემდგომ ლიდერად, რადგან თბილისი ყველაზე დიდი ქალაქია და მოსახლეობის ნახევარი ფაქტიურად დედაქალაქში ცხოვრობს”.

გია ხუხაშვილი - “ოპოზიციამ მოახერხა და ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვა”

“კობახიძე ნებისმიერ ფაქტზე საკუთარ წარმოდგენას იქმნის და შემდეგ ჯიუტად მისდევს მათ. ის არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ტყუილში აცხოვრებს და მერე მის დისტრიბუციას ეწევა. ამიტომაც მისი კომენტირება ხშირად შეუძლებელია. დღესაც კი იმას ამბობს, რომ თურმე ამერიკასა და ევროკავშირს კი არ უპირისპირდება, არამედ არარსებულ მასონურ ლოჟასა და ომის პარტიას. ისევ ტვინების გამორეცხვით არის დაკავებული და ამის პირველი მსხვერპლი თვითონვეა. მერე ცდილობს ეს “ვირუსი” მთელ საზოგადოებაზე გადაიტანოს. ისეთ უტიფარ რაღაცებს ამბობს, რომ ხვდები, კამათს, კონტრარგუმენტებს აზრი არც აქვს, ისეთ აბსურდამდე მიჰყავს ყველაფერი. მის ანგარიშშიც ზუსტად ეს ვნახეთ, მაშინ, როცა დაწყებული ევროკავშირის პრეზიდენტით, ყველა გვაფრთხილებს, გზას გადაუხვიეთო, კობახიძე ამას არ იმჩნევს”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციამ მოახერხა და ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვა”.

“სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებულია ე.წ. აგრესიული კონფორმიზმი. არის საზოგადოებაში რაღაც სეგმენტი და შეიძლება ითქვას, საკმაოდ მნიშვნელოვანიც, რომელიც ეძებს არგუმენტებს, თუ რატომ არ აპროტესტებს ხელისუფლების მცდარ პოლიტიკას. არის “ოცნებაში”, მათ შორის, მოაზროვნე სეგმენტიც, რომელსაც არ სურს რუსეთი და უნდა ევროპა, მაგრამ ამასთანავე, არ არის მზად, რომ გააკრიტიკოს ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო. კობახიძე მათ ამ ტყუილებით კვებავს და ისინიც ამ ტალღაზე არიან კონფორმიზმის გამო. არა იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან, უბრალოდ, არ სურთ მიხვდნენ. “ოცნებამ” თავი საკუთარი პოლიტიკით ჩიხში შეიყვანა, იმდენად შორს წავიდნენ, რომ უკან დახევის რესურსი აღარ აქვთ. არჩევნები მოდის და ამ ტიპის ავტორიტარ რეჟიმებს არა აქვთ რეალური საფუძველი. ამიტომაც ეშინიათ ყველაზე მეტად სისუსტის გამოვლინების, რადგან ჰგონიათ, როგორც კი რამეზე კომპრომისს დაუშვებენ, ეს სისტემა თავზე ჩამოეშლებათ. უკან დასახევი გზა მოიჭრეს და ამ უგუნური პოლიტიკის შედეგად ქვეყანას რუსეთის კლანჭებში მიაქანებენ, თან უტიფრად ამბობენ, ევროპა გვინდაო, მაგრამ ღირსებით და “ორ ფეხზე დგომით”. ასეთი გამაოგნებელი უტიფრობით ფუთავენ ამ ყველაფერს - ანუ ღირსებას საქართველოში “მურუსიძე” დაარქვეს”, - აღნიშნავვს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ევროკავშირს აქვს თავისი წესები და გვეუბნება, ჩემთან თუ გინდათ, ნუ გეყოლებათ სასამართლოში კომპრომეტირებული მოსამართლეები, ნუ შეზღუდავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივ წესრიგშიო, მაგრამ ესენი ამბობენ, ამის გაკეთება ღირსებას გვილახავსო. პარალელურად შემოიტანეს ურაპატრიოტული, ფსევდორელიგიური მოტივები, თურმე დედა ყოფილა დედა და არა მამა, თითქოს ვინმე სხვა რამეს ამბობდეს. ეს ინსტრუმენტები, რაც ახლა ამათ აქვთ, ჯერ კიდევ საბჭოთა “კაგებეში” იყო დანერგილი - რაკი საბჭოთა კავშირი დასავლეთს თავისუფლებასა და კეთილდღეობაში კონკურენციას ვერ გაუწევდა, ამგვარ ფსევდოთემებს იგონებდა. ამათაც უტიფრად აიღეს ეს საბჭოთა “შპარგალკები” და ზუსტად იმ ტექნოლოგიით მოქმედებენ”, - განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ამ ფონზე ოპოზიციის ქმედებები რამდენად ლოგიკურად გეჩვენებათ?” - პასუხობს:

“ოპოზიციამ მოახერხა და ამომრჩეველი, რომელიც ხვდება, ეს ხელისუფლება გასაშვებია, არჩევანის გარეშე დატოვა. ხალხი იხვეწება, მოგვეცით არჩევანი, გვითხარით, რას აპირებთ, ხელისუფლება რომ ცუდია, გავიგეთ, მაგრამ თქვენ რომ კარგები ხართ, აგვიხსენით, დაგვარწმუნეთო... პრეზიდენტის “ქარტია” ისტორიული დოკუმენტია, ერთიანობის სიმბოლოა - არა პარტიული ერთიანობის, არამედ სახელმწიფოებრივი მიზნების ირგვლივ ერთიანობის და რაც მთავარია, ინსტიტუციური ლიდერის გარანტიით ხდება ყველაფერი. იმ პარტიებმა, ვისაც პრეზიდენტის “ქარტიაზე” აქვთ ხელი მოწერილი, ახლა სხვა დოკუმენტი მიიღეს და გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ - ერთმანეთს თავს არ დავესხმებითო და მეორე დღესვე გამოვიდა სააკაშვილი და მელიას და გვარამიას მკვდარ-ცოცხალი უტრიალა... “ქარტიის” ირგვლივ კი უნდა გაერთიანდნენ, რათა ოქტომბერში გავიდეთ არა ხელისუფლების ასარჩევად, არამედ გრძელვადიანი ბედის გადასაწყვეტად - დასავლეთში მივდივართ თუ რუსეთში.ა ეს არის რეფერენდუმი და “ქარტია” ამ რეფერენდუმის ფუნდამენტია, მის ირგვლივ მობილიზაციაა საჭირო".

ევროპა იბერიიდან იბერიამდე - როგორ აისახება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმატებული დებიუტი პოლიტიკურ პროცესებზე

“ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შთამბეჭდავმა დებიუტმა ქვეყანის შიგნით გააჩინა და გააძლიერა ეროვნული ერთიანობის განცდა, ქვეყნის გარეთ კი გაზარდა საქართველოს ცნობადობა და დადებითად შეცვალა ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება. ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსები საუბრობენ. თუმცა, რამდენად მოახდენს გავლენას ეს ცვლილებები თუნდაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ეს უკვე მეორე საკითხია. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ ფეხბურთი და პოლიტიკა გაიმიჯნოს, მსოფლიოში ეს ტენდენცია მაინც არის და გამონაკლისი არც საქართველოა. მათი თქმით, ფეხბურთში არსებული მოცემულობა ახდენს გავლენას პოლიტიკურ პეროცესებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უთუოდ გაიზარდა საქართველოს ცნობადობა ევროპაში, იზრდება ევროპელი მოქალაქეების აღქმა, რომ საქართველო ევროპის ღირსეული ნაწილია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპა იბერიიდან იბერიამდე - როგორ აისახება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმატებული დებიუტი პოლიტიკურ პროცესებზე.

“ორიოდე წლის წინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა წამოაყენა ცნობილი ფორმულა - რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე. ახლა კი, სწორედ ევრო-2024-ის გავლენით, ეს ფორმულა შესაძლოა ცოტა განსხვავებულად ჩამოყალიბდეს - ევროპა იბერიიდან იბერიამდე. ამის პირველი ნიშანია თუნდა ესპანური მედიის სათაურები საქართველო-ესპანეთის მერვედფინალური მატჩის წინ. ეს თამაში ესპანელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა “იბერიულ დერბიდ” გამოაცხადეს, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან ევროპის უკიდურესი დასავლეთი და უკიდურესი აღმოსავლეთი. ანუ, პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარე იბერია - ესპანეთი და საქართველო, რომელსაც ანტიკური ავტორები აღმოსავლეთ იბერიას უწოდებდნენ. რაც შეეხება ქვეყნის შიდა ვითარებას, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ერთის მხრივ საქართველოში ერთგვარი ეროვნული ერთიანობის განცდა გაჩნდა, თუმცა პოლიტიკური ძალები მიმდინარე სპორტული პროცესების სათავისოდ გამოყენებას მაინც ცდილობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პოლიტიკა არის იქ, სადაც ქვეყნის იმიჯი იქმნება, სპორტსმენები კი ევროპაში უდაოდ ქვეყნის იმიჯს ქმნიან. მისი თქმით, საქართველოს ცნობადობა გაიზარდა და იზრდება ევროპელი მოქალაქეების აღქმა, რომ საქართველო ევროპის ღირსეული ნაწილია, თუმცა სხვა თემაა როგორ მოიქცევა ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპაში “კარგად დაიქუხა” და საქართველოს საგარეო ცნობადობა გაიზარდა, თუმცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისა და თავად ევროსტრუქტურების გადასაწყვეტია”, - განაგრძობს გამოცემა.

“პოლიტიკა არის იქ, სადაც შეიძლება ქვეყნის იმიჯი შეიქნას და სპორტსმენები უდაოდ იმიჯს ქმნიან, როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნის. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც პოლიტიკა არის და ეტყობა კიდეც - გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამ პროცესებში ჩაერივნენ და უნდოდათ მიეცათ ისეთი ჟღერადობა, რომ ხელისუფლება ფეხბურთში ერევა და აფუჭებს მას. ეს ხომ პოლიტიკურ მიზანს გულისხმობს, რომ ხელისუფლებამ როგორმე ცუდი შეფასება მიიღოს?! ესე იგი, სპორტში პოლიტიკა ჩარეულია, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან და ამას სასურველი მიმართულება არ აქვს. პრინციპში, ეს გასაკვირი არაა იმ ფონზე, რომ ჩვენ საბჭოთა პერიოდის პირმშოები ვართ. მაშინ საბჭოთა იდეოლოგია აცხადებდა, რომ საბჭოთა სპორტსმენები იმარჯვებენ იმიტომ, რომ საბჭოთა წყობა ყველას სჯობსო, ანუ სპორტსმენის გამარჯვება სისტემის გამარჯვებასთან იყო გაიგივებული. ეს ქვეტექსტი ჩვენთან ყოველთვის ფიგურირებს, ოღონდ არა მგონია, რომ სხვა ქვეყნებში სპორტს ასეთი ქვეტექსტი ჰქონდეს. საქართველო რომ ევროპის ნაწილია და თან ძალიან ღირსეული - ამ ჩემპიონატს ამ იდეამდე მიჰყავს ევროპელი მოქალაქეების აღქმა. მაგრამ ამ მოქალაქეებზე ცალსახად არაა დამოკიდებული როგორ მოიქცევა ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა, ეს კიდევ სხვა თემაა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ქვეყანაში ყველა ხაზს უსვამს ერთიანობას. ვხედავთ, რომ ერთიანი სიხარულია - ყველას უხარია, მთელი საქართველო ქუჩაში იყო გამოსული და იმედია ხშირად გვექნება აღფრთოვანების ანალოგიური მიზეზი. თუ გვაერთიანებს, გვაერთიანებს წარმატება სპორტში, ხელოვნებაში. ზოგადად, ყველა სახის წარმატება სიხარულის მხრივ უნდა გვაერთიანებდეს. თუკი რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას დამოკიდებულება ექნება, რომ მეორე პარტიის წარმატება ჩემთვის მიუღებელიაო და ასეთი წარსული არის (აწმყოზე არ ვსაუბრობ). ბოლშევიკების ფორმულა იყო - “რაც უარესი, მით უკეთესი”. სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს ბოლშევიკური დამოკიდებულება დაძლეულია. ხშირად ტივტივდება ის სურვილი, რომ სპორტი გამოყენებული იყოს რომელიღაც პოლიტიკური მხარის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების კრიტიკისთვის. მთლიანი ქვეყნის სურვილი, ინტერესი, ხალისი და თვითონ სპორტსმენების ხალისიც და ბრძოლის სურვილიც არაა გათვალისწინებული, მაშინ, როდესაც სპორტსმენები ხაზს უსვამენ, რომ ისინი იბრძვიან არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ საქართველოსთვის. სპორტსმენებს მკაფიოდ უკავიათ მთლიანი საქართველოსთვის ბრძოლის პოზიცია, ისინი პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მაღლა დგანან და ეს დაპირისპირება მხოლოდ ღიმილის მომგვრელი და დასანანია, რომელიც სერიოზულად არაა აღსაქმელი”, - დასძენს საყვარელიძე.

“მსოფლიოში ეს კამათი დიდი ხანია მიდის - ნებირმიერ სახელმწიფოში უმეტესობა სპორტს, ხელოვნებას, კულტურას პოლიტიკაში ათავსებს. მაგალითად, ინგლისისა და არგენტინის სახელგანთქმული საფეხბურთი ნაკრებები როგორც კი ერთმანეთს ხვდებიან, იქ ფოლკლენდის კუნძულები ახსენდებათ - იქ ფეხბურთი მთავრდება და პოლიტიკა იწყება, თუმცა ორივე გუნდი ფანტასტიურად თამაშობს. პირადად მე არ ვარ მომხრე, რომ სპორტი და ხელოვნება პოლიტიკაში ჩავრთოთ. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიქუხა და ევროპაში გამოჩნდა. საქართველოს საგარეო ცნობადობა გაიზარდა, თუმცა ევროკავშირში ინტეგრაციის შანსი - არანაირად, რადგან ეს საკითხი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ის აქციები გაცილებით მეტია, ვიდრე ფეხბურთში წარმატება. აქციებმა აჩვენა, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და რომ მოსახლეობას სურს დემოკრატია სამოქალაქო ღირებულებებით. საქართველო გახდეს თუ არა ევროკავშირის წევრი, ამაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის სტრუქტურები იღებენ და არა უეფა. ევროკავშირის სტრუქტურების დონეზე კი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქართველო ფეხბურთში წარმატებას მიაღწევს თუ არა. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ქართველი ხალხი რამდენად მოინდომებს იმას, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას ჩემპიონატზე, ჯერ ერთი, ამდენი ადამიანი ევროპაში ჩავიდა, რომლებიც არ გეგმავდნენ ევროპაში მოგზაურობას და ნახა რა არის ევროპა და დარწმუნდა, რომ იქ სულაც არაა გეი პარადები და ლგბტ საზოგადოების უპირატესობა. იქ მათ ევროპაში მცხოვრები ქართველები დახვდნენ. მათაც უთხრეს, რომ არაა ის ევროპა, რასაც თქვენ რეგვენი “ქართული ოცნება” გიხატავთ, ეს სულ სხვაა.... როცა მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, ვინც კი საბჭოთა კავშირიდან ტყვედ ჩავარდა და მერე ჩამოვიდნენ, სტალინმა დააპატიმრა, რადგან არ უნდოდა ამ ხალხს ელაპარაკა რა ნახეს მათ მიერ დაპყრობილ გერმაიაში და ზოგადად ევროპაში. ახლა იქიდან დაბრუნებული ხალხი უცებ არჩევნებზე მოხვდება და ერთი ორად იზრდება მუხტი და ენერგია იმ მიმართულებისა, რასაც ჰქვია არჩევნებში “ოცნების” დამარცხება. მე ამაში ეჭვი არ მეპარება და ამისათვის უდიდესი მადლობა ჩვენს ნაკრებს”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

გიორგი კობერიძე - “ბაიდენის მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია”

“უკვე გამოიკვეთა, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი ღერძი არის უკრაინა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პროცესს ვეთიშებით, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს სამეული დაიშლება, ანუ ჩვენ ამოვვარდებით. სავარაუდოდ, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოვდება უკრაინა-მოლდოვას მიმართულებით და თუ ამ დროისთვის მზად არ ვიქნებით, შემდეგი ტალღისთვის მოგვიწევს დალოდება. შემდეგი ტალღისთვის კი შეიქმნება სომხეთი-საქართველოს კალათა. ერევანში გახშირდა ევროინტეგრაციის შესახებ განცხადებები და არ არის გამორიცხული, საფრანგეთმა, რომელიც სომხეთის გულშემატკივარია, ამ საქმეში დიდი როლი ითამაშოს. ეს ჩვენთვის ცუდიც არის და კარგიც: ცუდია იმით, რომ უახლოეს მომავალში ვერ შევძლებთ იმ გეოპოლიტიკური შესაძლებლობის გამოყენებას, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად შეიქმნა, ხოლო კარგია იმით, რომ შორეულ პერსპექტივაში მაინც გვრჩება კიდევ ერთი შანსი”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ექსპერტი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ბაიდენის მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია”.

“ფასი, რომელსაც უკრაინა ახლა იხდის, საქართველომ უკვე გადაიხადა, რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლას ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ცუდი ის არის, ქართველი ხალხის სისხლითა და ოფლით მოპოვებულ დივიდენდებს “ქართული ოცნება” დაუნანებლად ანიავებს. ძალიან მიკვირს “ოცნების” ლიდერების, ნიშნის მოგებით რომ ამბობენ, ნახეთ, უკრაინაში რა ხდებაო. ნუთუ არ ახსოვთ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ აფხაზეთში, ცხინვალში, რუსეთის ინსპირირებულ სამოქალაქო თუ აგვისტოს ომებში?! რუსებმა ჩვენ იმაზე მეტი ტერიტორია წაგვართვეს, ვიდრე დღეს უკრაინას აქვს დაკარგული... რაც შეეხება ტრამპს, ის ხომ თავად ყველაზე დიდი ვაჭარია?! ამ წუთებში ის სახელმწიფოს არ წარმოადგენს და არც მის სიტყვებს აქვს ფასი. თუ გაიმარჯვებს, მერე კი ბატონო, სხვა ამბავი იქნება, თუმცა იანვრამდე მაინც ვერ გახდება პრეზიდენტი. მოცემულ რეალობაში ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა გვინდა, რისთვის დავღვარეთ სისხლი, იმისათვის ხომ არა, რომ რუსეთის დღის წესრიგის ნაწილი გავმხდარიყავით?!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“ბაიდენის მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია, დებატების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შანსი, მინიმუმ, განახევრდა. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ვისკონსინში, მიჩიგანში, არიზონასა და ნევადაში მოსახლეობის განწყობა რადიკალურად შეიცვალა ბაიდენის საწინააღმდეგოდ. ორი ვარიანტია - ან ბაიდენის მდგომარეობა და რეიტინგი უნდა გამოსწორდეს, რაც წარმოუდგენელია, ან დემოკრატებმა ის სხვა კანდიდატით შეცვალონ. დემოკრატიული პარტიის ყრილობა რამდენიმე დღეში გაიმართება და გამოჩნდება, რა გამოსავალს იპოვის ეს პოლიტიკური ძალა. ალტერნატივადსულ ოთხი კანდიდატი განიხილება: კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, რომელიც პოპულარული და გავლენიანი პოლიტიკოსია; ვიცე-პრეზიდენტი კამელა ჰარისი, არცთუ დიდი წონის პოლიტიკოსი; ჰილარი კლინტონი, რომლის შანსიც ასევე ძალიან მცირეა, თუნდაც იმიტომ, რომ ადრე ის დონალდ ტრამპმა დაამარცხა; და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ყველაზე რეალური კანდიდატები არიან გევინ ნიუსომი ან რომელიმე სხვა შტატის გუბერნატორი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ტრამპის ნაბიჯების წინასწარ გათვლა შეუძლებელია. როდესაც პრეზიდენტი იყო, რაც არ უნდა გაეკეთებინა, ყოველთვის არაპროგნოზირებადი იყო. ის არ არის პოლიტიკოსი, არც იდეოლოგია აქვს, კონკრეტულ მომენტში მოქმედებს ისე, როგორც იმწუთას მიიჩნევს საჭიროდ. ამას მისივე ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობდნენ. შესაბამისად, არავინ იცის, რა შეიძლება გააკეთოს გამარჯვების შემთხვევაში. ნამდვილად ამბობს, რომ სჭირდება “ხელშესახები გამარჯვება”, მაგრამ ვერავინ გეტყვით, რას მიიჩნევს ასეთი ტიპის გამარჯვებად - ზელენსკის იძულებით დასმას მოლაპარაკების მაგიდასთან თუ უკრაინის გამარჯვებას. ტრამპს უყვარს საკუთარ თავზე სხვების გამარჯვების მიწერა. ზელენსკის მოლაპარაკებაზე იძულება შეიძლება ნამდვილად იყოს მისი ერთ-ერთი ვერსია, მაგრამ არა მგონია, რეალური იყოს, ვინაიდან ასეთი ნაბიჯის შედეგმა შეიძლება ტრამპის და საზოგადოდ, ამერიკის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა გამოიწვიოს. ეს ძალიან დიდი რისკია”, - ამბობს გიორგი კობერიძე და შეკითხვაზე - “რეალურია რუსეთის დასუსტება იმდენად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის გატარებისას კრემლის ინტერესების უგულებელყოფა შეძლოს?” - პასუხობს:

“ყველა ხვდება, რომ რუსეთი ჩიხშია შესული. ერთადერთი, რაც შეიძლება მართლაც სახიფათო იყოს, არის რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივად წამოწყებული ომები, ასევე კონფლიქტების ინსპირირება სხვადასხვა ქვეყანაში. “ცივი ომი” უკვე მიმდინარეობს და შეიძლება უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთ-ჩინეთის ავტოკრატიული ღერძი მხარს დაუჭერს ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ომებს. ასეთ ვითარებაში მსოფლიო აუცილებლად გაიყოფა ორ ნაწილად და საქართველო დადგება არჩევანის წინაშე, ვისკენ ან რისკენ არის. ასეთ შემთხვევაში, რაც არ უნდა გვინდოდეს, ნეიტრალურ პოზიციას ვერ დავიჭერთ... რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომს, რომლის გაჩაღებას ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს აბრალებენ, მე ამის კონტურებს ვერ ვხედავ. ამაზე მეტი რაღა უნდა ქნას რუსეთმა, როგორღა უნდა დაძაბოს ვითარება? ახლა ესკალაცია მხოლოდ დასავლეთს შეუძლია. ერთადერთი, რაც რუსეთს შეუძლია, ბირთვული იარაღის გამოყენებაა. თუმცა პუტინი ამის გამკეთებელი რომ ყოფილიყო, აქამდე გამოიყენებდა. თუ რუსეთის ტერიტორიაზე არ დაიწყო დაპყრობითი ომი, არა მგონია, ბირთვული იარაღის გამოყენება რეალურად დადგეს კრემლის დღის წესრიგში”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა