საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის - „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში - ReINNOVA“ - ფარგლებში შემუშავებული ფინალური კონფერენცია ჩატარდა და საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

კონფერენცია სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას პროექტის იდეისა და სტრატეგიული მიზნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ ჩართვით მიესალმა პროექტის პარტნიორი კილის უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მეწარმეობის დირექტორი კოლინ რიგბი, რომელიც, ამავდროულად, პროექტ ReINNOVA-ს ექსპერტია. მან პროექტის მნიშვნელობასა და მსგავსი პროექტების მართვაში კილის უნივერსიტეტის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„პროექტის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის აპრობირებით, შესაძლებელი გახდეს ბიზნესთან თანამშრომლობის გააქტიურება და ინოვაციური პლატფორმის გამოყენებით, ბიზნესებთან თანამშრომლობის პრაქტიკა სტიმულირდეს. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ ამ მეთოდიკის ინსტიტუციონალიზაცია მდგრადი მიზნებისთვის“, - აღნიშნა კოლინ რიგბიმ.

კონფერენცია სტუდენტების მიერ ReINNOVA-ს კონცეფციის გათვალისწინებით მომზადებული საპილოტე პროექტების პრეზენტაციებით გაგრძელდა. საპილოტე პროექტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ბიზნესორგანიზაციების თანამშრომლობით შემუშავდა.

როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ აღნიშნა, ReINNOVA-ს ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში, „ინოვაციების მრჩევლების“ მენტორობით, ექვსმა სტუდენტურმა გუნდმა ბიზნესკომპანიების მიერ დასმული ამოცანების ინოვაციურ გადაწყვეტაზე იმუშავა და შედეგად, საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, ექვს სხვადასხვა ბიზნესორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ექვსი განსხვავებული პროექტი მოამზადა.

სტუ-ის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „მშენებელი 80“-ის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი - „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის რეზერვუარების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება“, რომელიც კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი თურმანიძისა და მენტორის, ნინო ბახტაძის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა გიორგი შვანგირაძემ და დავით ყავრელაშვილმა განახორციელეს. როგორც პროექტის მენტორი აღნიშნავს, პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასმელი წყლის რეზერვუარების მზიდი რკინაბეტონის კონსტრუქციების დათვალიერება, დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული კონსტრუქციებისა და ზონების დაფიქსირება, შესაბამისი დასკვნა კი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე მომზადდება.

სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საპილოტე პროექტის მომზადებაში მონაწილეობას იღებდა კომპანია „ავტობანი“, თემით: “ადამიანური რესურსების მოზიდვის პრობლემატიკა”, რომლებშიც, მენტორის - თამარ ქამხაძისა და კომპანიის წარმომადგენლის - თეა მორბედაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ სტუდენტები სოფიო ამაღლობელი, მარიამ გუგულაშვილი და ნანა ნინიკაშვილი. როგორც თამარ ქამხაძე აღნიშნავს, სტუდენტები კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ, ასევე, გამოკითხვის ფორმით, კვლევა ჩაატარეს და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადეს.

მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ლაშა დემეტრაშვილმა და კომპანია „Progress Project”-მა წარმოადგინეს პროექტი - „შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციული გადაწყვეტა, გეოლოგიური დასკვნის გაკეთება“. საპილოტე პროექტი ანა ტაბატაძის მენტორობით და კომპანიის წარმომადგენლის, ჯონი გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა. სტუდენტს დაევალა კონსტრუქციული თვალსაზრისით გადაწყვეტილი შენობის, როგორც ჩარჩოსებრ-კავშირებიანი კარკასული მონოლითური რკინაბეტონის სისტემის გეოლოგიური დასკვნის გაკეთება, ასევე კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება, რომელიც მოიცავდა სტრუქტურულ გაანგარიშებას სპეციფიკური კომპიუტერული საანგარიშო პროგრამებით.

მშენებლობის ინჟინერიისა და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამამ და კომპანია „ფორსმა“ თემით - „სამშენებლო პროექტის ხარჯთაღრიცხვის მომზადება - პრაქტიკული მაგალითი“ სტრუქტურულად რთული ფორმის მრავალსართულიანი სასტუმროს ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინეს. პროექტის განხორციელებაში სტუდენტ ქეთევან თოდუას მარიამ ვარდიაშვილი და კომპანიის წარმომადგენელი ალექსანდრე წაქაძე ხელმძღვანელობდნენ.

ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „Lion Trans“-ის საპილოტე პროექტის - „ავტოდილერის მომზადების ტრენინგკურსის ლოგისტიკური პროცესების დაგეგმარება“ - განხორციელებაში მონაწილეობდნენ სტუდენტები ლია გოცირიძე, ანა ოდიშელიძე და გიგი პატარიძე. მათ მენტორობას უწევდა თამარ რუხაძე და კომპანიის წარმომადგენელი ქეთევან გელაშვილი. პროექტის მიზანი ავტოდილერის მომზადების ტრენინგკურსის დაგეგმვა და აკადემიურ გარემოში მისი ადაპტაცია იყო.

ReINNOVA-ს ფარგლებში, მეეექვსე საპილოტე პროექტი ტრანსპორტის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობით განხორციელდა. თემაზე - „ავტომობილების ტექინსპექტირება - სფეროში შესაბამისი ადამიანური კაპიტალის პრობლემასთან დაკავშირებული კვლევა“ - ვალერი ჯაჯანიძის მენტორობით და კომპანიის წარმომადგენლის, ზაქარია გაბეცაძის ხელმძღვანელობით, სტუდენტები ავთანდილ ახალკაცი, გელა ჟღენტი და ალექსანდრე ცქიფურიშვილი მუშაობდნენ.

ბორის გითოლენდიას განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა - ReINNOVA უნიკალურ ბრიტანულ გამოცდილებას ეფუძნება, მიზანი კი სტუდენტების პრაქტიკული უნარებისა და ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობაა.

„პროგრამა ფოკუსირებულია იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებზე, რომლებიც ახალი პროდუქტის ან სერვისის შემუშავებაზე ფიქრობენ ან შექმნის პროცესში არიან. ბიზნესკომპანიები, რომლებიც პროექტში ერთვებიან, უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის განახლება-გაფორმების შემდეგ, წარმოადგენენ რეალური პრობლემის მოკლე აღწერილობას. ბიზნესქეისებზე სამუშაოდ, შიდა საუნივერსიტეტო მექანიზმების გამოყენებით, შეირჩევა შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი, რომელიც ერთვება პროექტში და საპილოტე სასწავლო პროგრამის შესაბამის სტუდენტურ გუნდებთან ერთად, 3 თვის ვადაში რეალური ბიზნესპროექტის საკუთარ ვერსიას წარმოადგენენ. შეფასების მთავარი კრიტერიუმი ინოვაციურობა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაა”, - აღნიშნავს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტ ReINNOVA-ს მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება, სწავლა-სწავლების პროცესში დამსაქმებლების მაღალი ჩართულობა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობაა. ReINNOVA საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტების ექვს საგანმანათლებლო პროგრამაში პროექტის პილოტირებასა და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის განვითარების, ტრენინგ-სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით ხორციელდება.

საგრანტო პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). პროექტ ReINNOVA-ს კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია