ევროკავშირში პროფესიების რეგულირების კომპეტენცია აქვთ წევრ ქვეყნებს. თუმცა 2018 წელს ევროკავშირმა მიიღო დირექტივა პროფესიების რეგულირებამდე პროპორციულობის ტესტის გამოყენების შესახებ. რას ნიშნავს პროპორციულობის ტესტი პროფესიების რეგულირებისას?
ევროკავშირში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა პროფესიის არჩევისა და რეგულირებადი პროფესიის განხორციელების უფლება. ზოგიერთი პროფესიის შემთხვევაში (როგორიცაა ექიმები, ექთანი, არქიტექტორი) პროფესიული მომსახურების რეგულირება ჰარმონიზებულია ევროკავშირის დონეზე. მაგრამ სხვა პროფესიების შემთხვევებში, ეს რჩება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ უფლება გადაწყვიტონ ინდივიდუალურად - არის თუ არა საჭიროება რეგლამენტირებული წესების მიღებაზე.
„რეგულირებადი“ პროფესიებია ის პროფესიები, რომელთა განხორციელება ან წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული კვალიფიკაცია (მაგალითად, მხოლოდ იურისტს შეუძლია ადვოკატად მუშაობა).
პროფესიაზე წვდომის შეზღუდვა დასაშვებია იმ პირობით, რომ დაცული იქნება პროპორციულობისა და არადისკრიმინაციის პრინციპები. საქმიანობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ძალიან განსხვავდება წევრ სახელმწიფოებს შორის მათი შესაბამისი ისტორიული განვითარებისა და გამოცდილების გამო.
ევროკავშირში გამოქვეყნდა მოსაზრება, რომ არ არის სიცხადე იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომლებიც ეროვნულმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ რეგულირებადი პროფესიების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას. 2016 წელს გამართულ საჯარო კონსულტაციაში მონაწილე დაინტერესებული მხარეების უმრავლესობის აზრით, აუცილებელია ევროკავშირის დონეზე ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება, რათა თავიდან იქნას აცილებული ევროკავშირის შიდა ბაზრის ფრაგმენტაცია და აღმოიფხვრას ბარიერები წევრ ქვეყნებს შორის დასაქმებულთა ან თვითდასაქმებულთა საქმიანობის კონტექსტში.
2015 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანაში (ამ დროს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი იყო), ევროკავშირში სამუშაო ძალის მინიმუმ 21% (50 მილიონი ადამიანი) შეიძლება ჩაითვალოს რეგულირებად პროფესიაში მომუშავედ (იმ საქმიანობაში მომუშავედ, სადაც საჭიროა კონკრეტული პროფესიული კვალიფიკაცია). თითოეული წევრი სახელმწიფოს ვალდებულებაა გადაწყვიტოს, არის თუ არა საჭიროება ჩაერიოს და დააწესოს წესები და შეზღუდვები რეგულირებადი პროფესიების ხელმისაწვდომობაზე.
2017 წლის 10 იანვარს ევროკომისიამ შეიმუშავა საკანონმდებლო წინადადება (დირექტივის პროექტი), რომლის მიზანია შექმნას ახალი მიდგომა პროპორციულობის შეფასების ჩასატარებლად - არსებული ან ახალი პროფესიების მიმართ ეროვნულ დონეზე საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული დებულებების შემოღებამდე, რომლებიც, თავის მხრივ, ზღუდავს რეგულირებად პროფესიებზე ხელმისაწვდომობას. ევროკავშირის დონეზე მოქმედების მიზნებია: კრიტერიუმების მეტი სიცხადის, საიმედოობის, გამჭვირვალობისა და შედარებადობის გაძლიერება წევრ ქვეყნებში და წესების თანაბრად გამოყენების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე წევრ ქვეყნებს შორის პროფესიებზე ხელმისაწვდომობის შემაფერხებელი, გაუმართლებელი და არაპროპორციული წესების შემოღება.
2018 წელს მიღებულ იქნა კიდეც 2018/958 დირექტივა პროფესიების ეროვნულ დონეზე დარეგულირებამდე პროპორციულობის ტესტის გამოყენების შესახებ. დირექტივამ ჩამოაყალიბა წესების საერთო ჩარჩო. ეს არ ახდენს გავლენას წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაზე გადაწყვიტონ - დაარეგულირონ თუ არა პროფესია. მთავარია პროფესიის რეგულირება დააფუძნონ პროპორციულობის პრინციპებს. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი ახალი ან შესწორებული წესი იყოს გამართლებული და შესაბამისი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ აღიარებული საჯაარო ინტერესების მიზნებთან მიმართებაში, როგორიცაა:
წყარო:
https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/BRIE/2017/614606/EPRS_BRI(2017)614606_EN.pdf
https://eur-lex.europa.eu/eli/dir/2018/958/oj
მოგვწერეთ, გვკითხეთ
european.time.geo@gmail.com
eka_kardava@yahoo.com