ნება მომეცით, გარკვევით განვაცხადო, საკუთარი მომავალი მთავრობა ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს და მომავალი მთავრობის გადასაწყვეტია ევროკავშირის მიმართ პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, რა იქნება ევროკავშირის მხრიდან შემდგომი ნაბიჯები, თუკი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არაფერი შეიცვლება.
„ნება მომეცით, გარკვევით განვაცხადო, საკუთარი მომავალი მთავრობა ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს და მომავალი მთავრობის გადასაწყვეტია ევროკავშირის მიმართ პოლიტიკა. თუ თუ საქართველოს მომავალი მთავრობა დაინტერესებული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ დავეხმაროთ ყველანაირად, რაც შეგვიძლია, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ ახალი მთავრობა ქართველების ასარჩევია და ახალი მთავრობის გადასაწყვეტია მისი მიმართულება, საგარეო პოლიტიკა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მომავალი მთავრობა არ იქნება დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით ვიმუშაოთ საქართველოსთან და გვქონდეს მასთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა ისე, რომ საქართველო არ იქნება ევროკავშირის ნაწილი. ასე ვმუშაობთ ჩვენ ბევრ სხვა ქვეყანასთან, მათ შორის აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან. ასე რომ, 26 ოქტომბერს საქართველოსა და ქართველების გადასაწყვეტია, სურთ იყვნენ ევროკავშირის წევრი, თუ არა, სურთ იყვნენ მომავალი დიდი გაფართოების ნაწილი თუ სხვა გეგმები აქვთ თავიანთი მშვენიერი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, არსებობს შეუსაბამობა იმაზე, თუ რას აცხადებს საქართველოს ხელისუფლება და რა კეთდება საქართველოში.
„ერთი მხრივ, არსებობს ბევრი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დაინტერესებულია ევროკავშირში გაწევრიანებით და მეორე მხრივ, ხდება კანონების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება, შეუსაბამოა იმასთან, რაზედაც ევროკავშირი დგას. ასე რომ, არსებობს გარკვეული დიქოტომია. სწორედ ამიტომ განაცხადეს ევროპელმა ლიდერებმა, რომ მათ არ ესმით საქართველოს მთავრობის ნამდვილი პოზიცია და სთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მათი რეალური ზრახვები და ამასთან, მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სანქციებს დაწესება, ელჩმა უპასუხა, რომ ამჟამად არ არსებობს ერთსულოვნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ სიტუაციას, ერთ-ერთი შესაძლო ზომა არის სანქციები, მაგრამ ამ მომენტისთვის, არ არსებობს შეთანხმება და არ არსებობს ერთსულოვნება საქართველოში ვინმეს წინააღმდეგ შემზღუდველი ზომების დაწესებასთან დაკავშირებით. მომავალში ასეთი შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ამ დროისთვის არა“, - აღნიშნა ელჩმა.