საია - მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ რჩება „კლანური“ მმართველობა - ასევე, ინფორმაციის საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა

მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ რჩება „კლანური“ მმართველობა. ასევე, ინფორმაციის საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა, - ამის შესახებ ნათქვამია საია-ს ანგარიშში, რომელშიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2023 წლისთვის არსებული მდგომარეობაა შეფასებული.

კერძოდ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" რიგით მე-12 ანგარიშში საუბარია, რა ხარვეზები გამოიკვეთა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში. აღნიშნული ანგარიში მედიას საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ორგანიზაციის იურისტებთან ერთად გააცნო.

„მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ რჩება "კლანური" მმართველობა. ორწლიანი დაგვიანებით პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთი კანდიდატები აირჩია, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დისკუსიას განსხვავებული აზრის დაფიქსირებას და ა.შ. სამწუხაროდ, დღემდე სხდომები დებატების, განსხვავებული აზრის გარეშე მიმდინარეობს. ევროკომისიის რეკომენდაციაში საუბარია მართლმსაჯულების ყოვლისმომცველ რეფორმაზე, თუმცა შემუშავებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შარშან განხორციელდა, იყო ფრაგმენტული და სისტემურ გადაწყვეტებს არ ემსახურებოდა. სისტემაში არსებულ საქმეთა გაჭიანურების და მოსამართლეთა ვაკანსიების მაღალი რიცხვის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2023 წელს პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა კონკურსში არ გამოუცხადებია. სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინებაზე, კოლეგია-პალატებში მათ გადანაწილებაზე სრული კონტროლი აქვს იუსტიციის უმაღლე საბჭოს და ეს უფლებამოსილება სისტემის გასაკონტროლებლად მთავარ ბერკეტად რჩება“, - ნათქვამია ანგარიში.

ანგარიშის თანახმად, კვლავ პრობლემად რჩება საბჭოში თავმჯდომარეების კვოტის არსებობაც. საანგარიშო პერიოდში იუსტიციის უმაღლე საბჭოს არჩეული 8 წევრიდან 4 იმავდროულად იყო კოლეგია-პალატის თავმჯდომარე და ითავსებდა ამ უფლებამოსილებებს.

"დღემდე ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოება, ასევე პრობლემად რჩება ინფორმაციის საჯაროობის კუთხით არსებული მდგომარეობა", - აცხადებენ საიაში.

საია-ს ანგარიშის თანახმად, სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქცა ორგანოდ, რომელიც, ფაქტობრივად, არის სრულად დახურული და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის ძალიან დიდი გამოწვევა.

"საანგარიშო პერიოდში, საია-მ 8 წერილით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არცერთ მათგანზე ინფორმაცია არ მიუღია. აქედან გამომდინარე, საია იძულებული გახდა სარჩელი წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რითაც დავობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინააღმდეგ და ითხოვს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სარჩელი ორგანიზაციამ სასამართლოში დეკემბერში შეიტანა, თუმცა სხდომა დღემდე ჩანიშნული არ არის.

ამ საკითხზე თვითონ ირონიულად გვპასუხობენ. მათი აზრით, ეს საჩივრები არანაირ გავლენას არ მოახდენს მათ "კლანურ" მუშაობაზე. პირიქით, გვეუბნებიან, რომ ვნახოთ, რა გამოჩნდება და ვნახავთ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს. და ა.შ. ვიცოდით, რომ ამას სასამართლოსთვის სიმბოლური ხასიათი ექნებოდა, ასეთი დავა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე საბჭოს და საია-ს ეხებოდა, წინ არ წავიდოდა, მაგრამ ჩვენ ეს მაინც გავაკეთეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დონეზე არის ჩაკეტილი სასამართლო სისტემა“, - აცხადებენ საია-ში.

ამასთან, საია-ს იურისტების თქმით, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრის დროს პარტნიორები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ევროკავშირის მიერ გაცემული 9 პირობა შესრულებული არ არის, მათ შორის ყველაზე კრიტიკული კი მართლმსაჯულების რეფორმაა.

„რაც შეეხება არამოსამართლე წევრებს, რომლებიც საბჭოში 2 წლის დაგვიანებით დაინიშნნენ, ისინი კლანის მიმართ ლოიალობით გამოირჩევიან, არ გამოირჩევიან კრიტიკული აზრით და ყველაფერს ეთანხმებიან, რასაც მოსამართლე წევრები განაცხადებენ", - აცხადებენ საია-ში.

ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, არ მუშაობს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელიც სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშვნისთვის ერთგვარი ფილტრია.

"ესეც ფილტრიც აღარ მუშაობს, რადგან სკოლა არის დახურული და ანალიტიკოსებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, ვის, რა კრიტერიუმებით ამზადებს სკოლა და ა.შ." - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით