საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მონოგრაფიის „ჯავახეთის ონომასტიკური მასალის კვლევა და დოკუმენტირება“ წარდგენა გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, 2024 წლის 15 ივლისს, აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადებული მონოგრაფიის - „ჯავახეთის ონომასტიკური მასალის კვლევა და დოკუმენტირება (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)“ წარდგენა.

დამსწრე საზოგადოებას, პრეზიდიუმის წევრებს და აკადემიკოსებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს - აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სამცხე-ჯავახეთის მხარეში დავით ვარდიაშვილმა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ.

წიგნის წარდგენის ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პროფესორები - გიორგი გოგოლაშვილი, მერაბ ჩუხუა, მარინა ბერიძე, ინგა ღუტიძე, ისტორიის დოქტორი როინ ყავრელიშვილი, მკვლევარი კუკური მეტრეველი, აკადემიკოსი ბიძინა კორახაშვილი და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი მირონ ფირცხელანი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები ნინო გრიგალაშვილი და ნინო გოგნიაშვილი.

მონოგრაფიაში გამოქვეყნებულია მერაბ ბერიძის, როინ ყავრელიშვილის, ხათუნა გაფრინდაშვილის, მაია ბალასანიანის, დარია სტრიუკოვას, ინგა ღუტიძის, მაკა ბერიძის, კუკური მეტრეველის, ნინო ხაზალაშვილის, მამა ალექსანდრეს, მეუფე სერაფიმეს, თეა ცაგარეიშვილის, მამა პაისის სტატიები, რომლებიც ეხება ჯავახეთის საზღვრებს, ისტორიულ და თანამედროვე ონომასტიკას, სომეხთა, დუხობორთა და სხვა მიგრანტთა შემოსახლებას, სომხურ და თურქულ საისტორიო წყაროთა მონაცემებს ჯავახეთის შესახებ; სომხური ტოპონიმიის ხუთტომეულში დადასტურებულ ქართულ ონომასტიკურ მასალას; ჯავახეთის ენობრივ ვითარებას დღეს და ისტორიულად; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აჭარიდან გადმოსახლებულთა ყოფას; მუნიციპალიტეტში არსებულ სამონასტრო ცხოვრებას, მეგალითურ კულტურას ჯავახეთში, ნინოწმინდის ტოპონიმიას რუკების მიხედვით და სხვა.

ისტორიულ წყაროთა გარდა საკვლევი მასალა მოძიებულია 2023 წლის ზაფხულის საველე სამუშაოების დროს. პროექტის ხელმძღვანელია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ ბერიძე. გამოცემის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია