ბადრის [პატარკაციშვილს] ბიზნესმენთა ასოციაციაში მთავრობის მიმართ კრიტიკული გამოსვლის შემდეგ, მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბა. ამასთან, ტელევიზია თავს თავისუფლად გრძნობდა, რაც მაშინდელ ხელისუფლებას არ მოსწონდა. ხელისუფლებამ
მისი აქტივების შევიწროება დაიწყო, - ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორმა, ტელეკომპანია "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ გოგი ჯაოშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ის 7 ნოემბრის საქმეზე აძლევს ჩვენებას, სადაც მიხეილ სააკიშვილთან ერთად ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის, გიგი უგულავაა ბრალდებული.
გოგი ჯაოშვილი, ასევე, იყო მთაწმინდის პარკის დირექტორიც. მან დეტალურად გაიხსენა 2007 წელს მომხდარი მოვლენები.
"2007 წლის 7 ნოემბერს, მთაწმინდის პარკის თანამშრომელმა დამირეკა, სასწრაფოდ ამოდი, შემოიჭრნენ სამხედრო ფორმიანი და ნიღბიანი ხალხიო. მთაწმინდაზე 10-მდე კაცი ნიღბებში, დანარჩენი 50-მდე უნიფორმაში იყვნენ, პარკის ტერიტორია ყველამ დატოვეთ მუშებიანადო და გამოგვაძევეს მუშებიანად. ერთი ის გავიგე, რომ
მერის [გიგი უგულავას] მითითებით იყვნენ გამოძახებულები, ამ გარკვევებში ვიყავი, საღამოს რომ გავიგე, "ტელეიმედში" დალეწილი იყო ყველაფერი. ბევრჯერ გაშუქდა, ვნახეთ, იქ რა სიტუაცია იყო. ვერ შევედი ცემა- ტყეპა იყო, რომელი სტრუქტურა იქნებოდა, ამას რა აზრი ჰქონდა ჩვენთვის. არ დამიწყია გარკვევა, ხელისუფლება იყო. ქალაქის მერიამ
49-წლიანი ხელშეკრულება მოშალა, გაუგებარი რამე იყო, 18 მილიონი დოლარი გვქონდა მთაწმინდის პარკში დახარჯული, გაგვიზარდა იჯარის ფასები მთაწმინდის ტერიტორიაზე, წინასწარ არ იყო შეთანხმებული, გვითხრეს, თქვენ უნდა გადაიხადოთ დიდი თანხა. მერე გამოაცხადეს, ვწყვეტთ ხელშეკრულებასო. ეს წვრილმანი იყო, მთავარი მიზანი იყო მთაწმინდის პარკის კონფისკაცია. 2008 წლის მარტში მერიაში აპარატის უფროსმა, მამუკა ახვლედიანმა დამიბარა და მითხრა, ახლა თქვენ გელაპარაკებით როგორც გიგი უგულავა, სარჩელი გამოიტანეთ სასამართლოდანო. მთაწმინდის უძრავ-მოძრავი ქონება ქალაქის მერიას უსასყიდლოდ ერთი პირობით უნდა გადასცემოდა, უცხოელ ინვესტორებთან, თუ ვალი გაქვთ იმას ჩვენ გავისტუმრებთო. ვერ შევთანხმდით, მე მომიწია წასვლა საქართველოდან.
სავარაუდოდ, უგულავას ელაპარაკა ახვლედიანი და სმს მოვიდა უგულავასგან, რომელიც წამიკითხეს, ჯაოშვილს გადაეცი, ერთ ადგილზე გავუშვებ მაგასო, თუ არ დავთანხმდებოდი მთაწმინდის ქონების დათმობას. გიორგი ისაკაძეც ესწრებოდა იქ შეხვედრას, ქაღალდი დამიდეს მოაწერე ხელიო, 4 პუნქტი იყო", - განაცხადა ჯაოშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.