საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალი - „შრომები“ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ინდექსირდა და impact Factor-ი მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი „შრომები“ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში (International Scientific Indexing (ISI) ინდექსირდა და impact Factor-ი მიენიჭა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუ-ის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის impact Factor-ი 3 792 ნიშნულით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირებად ბაზაში რეგისტრირებული 33 ჟურნალიდან იმპაქტ-ფაქტორი მინიჭებული აქვს მხოლოდ 19-ს, რომელთა შორის უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ჟურნალი „შრომებიც“ არის.

როგორც საგამომცემლო სახლის - „ტექნიკური უნივერსიტეტი“, დირექტორი, მარინე მეძმარიაშვილი აცხადებს, ბაზაში რეგისტრირებულ ჟურნალებს შორის, ჟურნალი „შრომები“ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა.

„საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირების ამერიკული სერვერი ISI მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებისა და საკონფერენციო კრებულების ინდექსირებას აწარმოებს. ISI-ს ძირითადი მიზანია, გაზარდოს სამეცნიერო გამოცემების ხელმისაწვდომობა, ხილვადობა და გამოყენების სიმარტივე. ბაზა ათი ათასზე მეტ საერთაშორისო ჟურნალს მოიცავს. მასში რეგისტრაციის მეშვეობით, სამეცნიერო ნაშრომის ავტორს - მეცნიერს შეუძლია გაზარდოს პირადი რეიტინგი და მსოფლიოს თავისი სამეცნიერო კვლევების შედეგები გააცნოს. ასევე, ავტორს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ჟურნალების იმპაქტ-ფაქტორის, სამეცნიერო შრომებისა და მომავალ ღონისძიებათა შესახებ. სამეცნიერო ჟურნალი „შრომები“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1924 წელს დაარსდა. ჟურნალის პერიოდულობა წელიწადში 4 ნომერს მოიცავს, სადაც სამეცნიერო სტატიებს ბეჭდავენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები. დღეისთვის გამოცემულია სამეცნიერო შრომების 532 ნომერი. საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირებადი ბაზა (ISI) ყოველწლიურად გამოთვლის და გამოაქვეყნებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორს. ISI ასევე უზრუნველყოფს ხარისხიანი ჟურნალების ხელმისაწვდომობას. სერვერმა უნდა მოიცვას ღია წვდომის ყველა სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც ხარისხის კონტროლის შესაბამის სისტემას იყენებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალი „შრომები“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვა მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებისა და იმპაქტ-ფაქტორის მოპოვებისთვის, ვინაიდან ჟურნალის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში გაწევრიანება მისი პოპულარიზაციის, სხვადასხვა სამეცნიერო დარგებში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენისა და ქართული სამეცნიერო აზრის საერთაშორისო ინტეგრაციის გარანტია“, - აცხადებს მარინე მეძმარიაშვილი.

„ინფორმაციისთვის, სტუ-ის ჟურნალი „შრომები“ ინდექსირებულია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ საინფორმაციო ბაზაში. მას მინიჭებული აქვს სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი ISSN 1512-0996 ( International Standard Serial Number). 2000 წლიდან „შრომების“ სტატიები რეფერირდება პოლითემატურ ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ) ქართულ და ინგლისურ ენებზე. 2015 წლიდან შრომების კრებული რეგისტრირებულია ცენტრალური ევროპის სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალების მონაცემთა ბაზაში Index Copernicus International. 2019 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის − „ტექინფორმის“ ხელშეწყობით, სამეცნიერო შრომების კრებულს მიენიჭა ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი DOI (Digital Object Identifier). 2021 წლიდან შრომების კრებული რეგისტრირებულია და მასში გამოქვეყნებული ყველა სტატია აისახება მაძიებელ სისტემაში Google scholar. 2022 წლიდან კრებული რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბიბლიოთეკის ფონდში „ივერიელი“. 2023 წლიდან სტუ-ის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პერიოდული ჟურნალი „შრომები“ ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 International-ით (CC BY-NC 4.0.) 2024 წლის მარტიდან კრებულს მინიჭებული აქვს ევრაზიის სამეცნიერო ჟურნალების ინდექსი და განთავსებულია ბაზაში Eurasian Scientific Journal Index“,- აღნიშნულია სტუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება