ბაზისბანკმა, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ეს გახლავთ როგორც მდგრადი ობლიგაციების პირველი გამოშვებაა ადგილობრივ ბაზარზე, ასევე კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული პირველი საჯარო ემისია.
„ბაზისბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე საჯარო მდგრადი ობლიგაციები გამოუშვა. ჩვენს პირველ ტრანშზე მოთხოვნამ 30%-ით გადააჭარბა მის მოცულობას, რაც განაპირობა როგორც ბანკის სტაბილურობამ და მოწინავე პოზიციამ ბაზარზე, ასევე პოტენციური ინვესტორების ლოიალურობამ ბანკის მიმართ. ობლიგაციებში ბანკის სტრატეგიული ინვესტორის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. ობლიგაციების დარჩენილი ნაწილი სხვადასხვა კერძო ინვესტორების მიერ იქნა შეძენილი. აღნიშნული ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს, რომ ბაზისბანკისა და აზიის განვითარების ბანკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მდგრადი განვითარების ამოცანების შესრულება. ბაზისბანკი მიზნად ისახავს გახდეს მდგრადი დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საქართველოში, შესაბამისი საბანკო გამოცდილების დანერგვისა და ეკოლოგიურად და სოციალურად პასუხისმგებელი პროდუქტების შეთავაზების გზით. ისეთი ბიზნესების დაფინანსებით, რომლებიც ითვალისწინებენ გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს თავიანთ საქმიანობაში, ბანკი ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური ბაზრის მდგრადობის ხარისხის ამაღლებას. მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ჩვენს ყველა პარტნიორს და თანამშრომელს ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში ესოდენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის“ - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
მისივე განცხადებით, ბანკის მიერ ასევე იგეგმება მეორე ტრანშიც 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც პირველი გამოშვებიდან ერთი წლის განმავლობაში განთავსდება.
გამოშვებული ობლიგაციების ვადა 3 წელია, გამოშვების ვალუტა აშშ დოლარი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 7%.
(R)