გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს.

ამასთან, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველი კომპანია „ტერმინალ 1-ის" დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომლის წინასწარი შედეგითაც მათ დაუშვებლად მიაჩნიათ კუნძულის მშენებლობა - მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში.

„კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მიმავალი საზღვაო ნავთობტანკერების შემოსვლა-მანევრის და დგომის არეალს. აღნიშნულის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო 2022 წელს, როდესაც იხილებოდა „ამბასადორ ბათუმი აილენდისთვის“ ქონების გადაცემის პირობები. აქვე თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მხრივ ინტენსიურად და ქაოსურად მიმდინარეობს ინერტული მასალების ჩაყრა. შპს „ტერმინალ 1“-ის ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, გადაადგილდებიან ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე“,- აღნიშნულია შპს „ტერმინალ 1“-ის დირექტორის წერილში, რომლითაც მან გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა და რომელსაც რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალურ წერილში, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოაწოდეს და რომელიც 2 აგვისტოთი თარიღდება, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ვასილ გედევანიშვილი „ამბასადორ ბათუმი აილენდს“ წერილით მიმართავს, რომ დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის შესაბამის უწყებებთან კომპეტენციის ფარგლებში შეთანხმების შესახებ) წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე.

„ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ 2024 წლის 22 ივლისს წარმოდგენილია N7434 წერილი, რომლის მიხედვით „შპს „ტერმინალ 1“-ს არ გააჩნია ურთიერთშეთანხმება შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“.

ამასთან, შპს „ტერმინალ1“-ს არ შეუტანია ცვლილება დაგეგმილ პროექტში“. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „შპს „ტერმინალ 1“ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში. ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი 2024 წლის 31 ივლისის N22764 წერილი, რომელსაც თან ახლავს კომპანია „ანკორ ინჟინერინგის“ წინასწარი შეფასება, სადაც მოცემულია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კომპლექსის მშენებლობის შემთხვევაში შპს „ტერმინალ 1“-ის ფუნქციონირების სირთულეები და რისკები“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო