გია ხუხაშვილი - “ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის პრობლემა ძალიან ღრმად არის ფესვგადგმული”
იგორ კვესელავა - ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა რუსებს აძლევს საშუალებას, მათი გაუთვლელი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ
“ჩვენს პატარა ქვეყანაში შემოწმებული 1000-დან 800 პირი ნარკოტიკული თრობის ქვეშ არის!” - ნარკოლოგი
“კოლაფსი გვაქვს...” - დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესების გამო სპეციალისტები განგაშს ტეხენ
ანდრო გოცირიძე - “კრემლი საქართველოს მომავლად განიხილავს მოსაზრებას, რომ რუსეთთან მიერთებისას ის სახელმწიფო სულაც არ იყო...”
* * *
გია ხუხაშვილი - “ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის პრობლემა ძალიან ღრმად არის ფესვგადგმული”
“ჰელსინკის კომისიამ გააკეთა უკიდურესად სკანდალური განცხადება, რაც, გამორიცხულია საკმარისი მტკიცებულებებით არ იყოს გამყარებული. ამერიკელებისთვის უმნიშვნელოვანესია უდანაშაულობის პრეზუმფცია. სერიოზული მტკიცებულებების გარეშე ასეთი განცხადება, თუნდაც პოლიტიკურ დონეზე, არ გაკეთდებოდა. განსხვავებით ჩვენი პოლიტიკური ელიტისგან, რომლის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი ცილისწამება და ბრალდება წამოაყრანტალონ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. აქედან გამომდინარეც, ვფიქრობ, არსებობს სერიოზული მტკიცებულებები. აშშ-ის ფინანსური დაზვერვა მთელ მსოფლიოში მუშაობს, აკვირდება ფინანსურ შავ ნაკადებს და სწავლობს მათ მარშრუტებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ “ქართული ოცნების” ქოლცენტრებთან კავშირის დამადასტურებელო ფაქტები აშშ-ის ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უკრაინაში მხოლოდ საქართველოსი კი არა, სამყაროს ბედი წყდება”.
“ჩემი აზრით, ამ საკითხის გასაჯაროება გადაწყდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიზიტის დროს სენატორები საბოლოოდ დარწმუნდნენ ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილების მცდელობის რეალობაში. როგორც ვნახეთ, ჩვენი ხელისუფლება მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს, თუმცა, ჩემი აზრით, ამერიკელები ამ მტკიცებულებებს არ გათქვამენ იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ამგვარ საქმეებში არსებობენ ხოლმე ოქროს მოწმეები, რომლებიც შეიძლება დღეს საქართველოში მოქმედი ჩინოსნებიც არიან, ანუ, სავარაუდოდ, ამერიკელებთან თანამშრომლობენ არა მხოლოდ ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, რომლებზეც არის ეჭვი, არამედ მოქმედიც, რომლებიც ამჟამად აგრძელებენ სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობას და მათ დარტყმის ქვეშ, რა თქმა უნდა, არ დააყენებენ. ეს არის ერთგვარი პრელუდია ფინანსური სანქციების წინ. როგორც ჩანს, უკვე მზადდება სანქციები კონკრეტულ პირებზე, რასაც სადღაც სექტემბერში უკვე უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ხელისუფლების პასუხებს, გასაგებია, რომ ამას უარყოფენ, მაგრამ ეს ძალიან არადამაჯერებელია და ეჭვებს არათუ სპობს, არამედ ამძაფრებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“მე მახსენდება კამპანია კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე, დიდი ალბათობით, ჰქონდა ქოლცენტრებთან შეხება, თუმცა ხელისუფლების კამპანია იმის მცდელობა კი არ იყო, რომ რეალურად გამოევლინათ კეზერაშვილის დანაშაული, არამედ უფრო ვიღაცის დანაშაულის გადაფარვას ჰგავდა. რადგან ამერიკელებმა ამაზე ლაპარაკი დაიწყეს, დარწმუნებული ვარ, ამით არ დასრულდება ყველაფერი და მალე ამ პროცესებში მეტი სიცხადე შევა. გარდა ამისა, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა, იმავე დღეს ვნახეთ ხელისუფლების მიერ მისი გადაფარვის მცდელობა - ერთგვარი კონტრშეტევა აშშ-ზე, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ 2008 წლის ომის ორგანიზატორად აშშ გამოაცხადა. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება მალევე დაადასტურა რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა პატრუშევმა. აი, ასეთი მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ვინ ვინ არის, აი, ამ ისტორიიდანაც ძალიან კარგად ჩანს და ეს ჩემთვის მხოლოდ სამწუხაროა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის პრობლემა ძალიან ღრმად არის ფესვგადგმული და ძალიან ცოტა პოლიტიკური სუბიექტია, რომელიც შავ ფულს არ იყენებს. თეთრი ფულის შოვნის საშუალება ოპოზიციას თითქმის არა აქვს, მეტიც ბიზნესს მისი დაფინანსების სურვილი რომც ჰქონდეს, ხელისუფლების შიშით ამაზე ვერ წავა, ამიტომ ისინიც ეძებენ შავ გზებს ფინანსების საშოვნელად. მოკლედ, შავი ფულის პრობლემა ძალიან დიდი და მრავალმხრივია. მე ვიტყოდი, საარჩევნო კამპანიის პროცესში პოლიტიკაში ნახევარი, თუ მეტი არა, შავი ფული ტრიალებს, ვიდრე ჩვენ ამას ოფიციალურ დეკლარაციებში ვხედავთ. აქ ჩნდება ერთი სევდიანი კითხვა - როდესაც პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ხელისუფლებაში დარჩენისა თუ მოსვლისთვის კანონის დარღვევით შავ ფულს იყენებენ, რას უნდა ველოდოთ მათგან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? სამწუხაროდ, ასეთია მოცემულობა, ასეთია თამაშის წესები დღეის მდგომარეობით, რაც იმედია, ოდესმე შეიცვლება”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ოპონენტებზე ზეწოლით წინა ხელისუფლებაც სცოდავდა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ამ ტროლ-ბოტების სისტემით, რაც გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, მათ შორის დაშინება, ცილისწამება, შანტაჟი, შეურაცხყოფა და ა.შ., მთელი ინდუსტრია შექმნა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, თეთრად ვერ დაფინანსდება - აქ დიდი შავი ფული ტრიალებს, რომელიც სხვადასხვა წყაროდან მოდის. დარწმუნებული ვარ, ქოლცენტრები ერთ-ერთი წყაროა. რაც შეეხება პროცესების მომავალ განვითარებას, ბუნებრივია, არის ტაქტიკური ამოცანები და ასევე განვითარების კანონზომიერება. ხელისუფლების ტაქტიკური ამოცანა არის არჩევნების მოგება და ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ ეს თავისთავად ნიშნავს ავტორიტარული სისტემის გამყარებას. თუ ეს მყარდება, პოლიტიკური რისკები ოპონენტებისთვის იზრდება. ავტორიტარიზმი პოლიტიკური ბულიმიით არის დაავადებული. ძალაუფლების უკონტროლოდ გაფართოების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის პოლიტიკური რეპრესიები, რათა ყველა ალტერნატიული საშუალება გადაიკეტოს. როდესაც ე.წ. რუსულ კანონზე ვლაპარაკობთ, საფრთხე ის კი არ არის, ვიღაცამ დეკლარაცია ჩააბარა თუ არა, საფრთხე არის რეალურად ეს ყველაფერი რა მიზანს ემსახურება?” - ამბობს გია ხუხაშვილი.
“ხომ არ იწყებს ხელისუფლება ამის საშუალებით სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიასაშუალებების განადგურებას?! ანუ იმავეს ხომ არ აპირებს, რაც რუსეთში მოხდა?! სწორედ ეს არის ის მეთოდოლოგია, რომელზეც აშენდა პუტინის ტოტალიტარიზმი. რუსეთი აქამდე მოვიდა სამი ფაზის გავლით, რომლის პირველი ეტაპი იყო ავტორიტარიზმი, მეორე - დიქტატურა, როდესაც ყველაფერი ალტერნატიული გაანადგურეს, ხოლო მესამე ეტაპია ტოტალიტარიზმი, როდესაც პირად ცხოვრებაშიც დაიწყო ჩარევა ხელისუფლებამ და ადამიანების აზროვნების გაკონტროლებას ცდილობს. ჩვენ დღეს პირველ ფაზაზე ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ტენდენციები იქით მიდის, სადაც მივიდა რუსეთი. სხვა საკითხია, რომ რუსეთის ამგვარ გზას კონკრეტული საფუძვლები ჰქონდა, მათ შორის იდეოლოგიური, მსოფლმხედველობრივი, ანუ პუტინის ერთგვარი მესიანიზმი, რაზეც ააშენა ეს ყველაფერი. “ქართულ ოცნებას” ასეთი ობიექტური საფუძველი არა აქვს”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ესენი მედროვეები არიან, ამათთვის არანაირი გრძელვადიანი მისია არ არსებობს, რის გარშემოც შეეძლებათ საზოგადოების კრიტიკული მასის დარაზმვა, ამიტომაც პუტინისეული გზის გავლის პერსპექტივაც საკმაოდ ბუნდოვანი ჩანს, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს საზოგადოებაზე. პუტინმა ეს შეძლო რუსული მისიის, იმპერიალისტური მისწრაფებების საპასუხო იდეოლოგიის დამკვიდრებით, ჩვენთან კი იაფფასიან ელემენტებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, საყრდენი ნაკლებია, ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გამოუვათ... ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ჩვენ არ ვირჩევთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უნდა ვანდოთ ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ორივე მხარე თანხმდება, რომ ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი. განსხვავება იმაშია, რომ ოპოზიცია, უპირველესად პრეზიდენტი, სარეფერენდუმო თემად გვთავაზობენ კითხვას, თუ რა გზით გააგრძელებს ქვეყანა ცხოვრებას - კონსტიტუციით გამაგრებული დასავლური, ევროპული გზით თუ დაბრუნდება რუსეთის იმპერიაში? ხელისუფლება, რომელსაც ესმის, რომ კითხვის ასეთი ფორმულირება მისთვის უდიდესი პრობლემაა, საზოგადოებას სთავაზობს ალტერნატიულ სარეფერენდუმო კითხვას: ომი გინდათ თუ მშვიდობაო, და თავს მშვიდობის ერთადერთ გარანტად წარმოადგენს. პოლიტიკურ ოპონენტებს კი ბრალს სდებს, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, მეორე დღესვე ომი დაიწყება, რაც აბსურდია”, - დაასკვნის ექსპერტი.
“მოკლედ, საარჩევნოდ მთავარი ხაზი გადის ამ სარეფერენდუმო კითხვებზე. მთავარია, ამომრჩეველი რომელი კითხვის საპასუხოდ წავა არჩევნებზე. ხელისუფლება იყენებს ასევე ურაპატრიოტულ და ფსევდორელიგიურ თემებს, ტრადიციების ყალბ დაცვაზე ორიენტირებულ რიტორიკას, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუ პრეზიდენტმა და ოპოზიციამ მოახერხეს და ამომრჩევლის დიდ ნაწილს გააგებინეს, რომ ხელისუფლების სარეფერენდუმო შეკითხვა არის სიყალბე და ბლეფი, რომ არ არსებობს ჭკუათამყოფელი ადამიანი, ვისაც ომი უნდა, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ამომრჩეველი, რომელიც ქვეყნის განვითარების კურსის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად დასავლეთს აირჩევს, მას ექნება უკვე მეორე არჩევანის საშუალებაც ბიულეტენში მოცემულ ოპოზიციურ ცენტრებს შორის. ფაქტობრივად, ჩვენ ერთი ბიულეტენით ორ არჩევანს ვაკეთებთ: ერთს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანსა და გრძელვადიანს, მეორეს - ხელისუფლების ფორმირებასთან დაკავშირებულს. ოპოზიციას დიდი სამუშაო აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ოპოზიციურ ძალებს ჯერჯერობით უჭირთ ღრმად შეღწევა”, - ამტკიცებს გია ხუხაშვილი.
“ისინი ცდილობენ, მაგრამ დინამიკა არ არის საკმარისი. დიდი იმედი მაქვს, რომ დარჩენილ დროს მაქსიმალურად გამოიყენებენ. მეგაპოლისებისგან განსხვავებით, ადგილობრივი ხელისუფლება სერიოზული ფაქტორია, სწორედ ამ ფაქტორის გადალახვაა საჭირო სოფელ-სოფელ სიარულითა და მოსახლეობასთან დიალოგით. თუ ეს სამუშაო ხარისხიანად ჩატარდა, ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას”, მიუხედავად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტისა, ძალაუფლების შენარჩუნების მცირე შანსი ექნება”, - დასძენს ხუხაშვილი დ შეკითხვაზე - “რუსეთ-უკრაინის ომზეც მინდა გკითხოთ, უფრო სწორად, მის გავლენაზე ქართულ პოლიტიკაზე. დღეს, როდესაც უკრაინამ მოახერხა და ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა. როგორ ფიქრობთ, ეს როგორ შეიძლება აისახოს ჩვენს არჩევნებზე?” - პასუხობს:
“ვფიქრობ, ძალიან მძიმედ ხელისუფლებისთვის, რადგან მისი მთელი ნარატივი ომსა და მშვიდობაზე ემყარება სწორედ რუსეთის უძლეველობის მითოლოგიას. სულ იმას ჩაგვჩიჩინებენ, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, რუსეთს ხელები არ ვუკოცნეთ მეორე დღესვე ომი დაიწყება. ასე აშინებენ მოსახლეობას. რუსეთის უძლეველობის მითის დანგრევა კი გააცამტვერებს ჩვენი ხელისუფლების მთელ ამ ნარატივს. მათი კოლაბორაციონიზმის ზღვარზე მიმდინარე პოლიტიკა აგებულია სწორედ რუსეთის მიმართ შიშზე, მაგრამ თუ ხალხმა დაინახა, რომ რუსეთს ჩვენზე შეტევა კი არა, საკუთარი ტერიტორიის დაცვა არ შეუძლია, ბუნებრივია, გაუჩნდება კითხვა, რომ ეს ყველაფერი, რასაც ხელისუფლება აჩეჩებს, სიყალბე ხომ არ არის? უკრაინის ომი განმსაზღვრელი ფაქტორია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალური მასშტაბით. ახლა უკრაინაში მიმდინარე ომით წყდება სწორედ მომავალი მსოფლიო წესრიგის საკითხი _ მოკლედ, უკრაინაში მხოლოდ საქართველოსი კი არა, სამყაროს ბედი წყდება. ჩემი აზრით კი, ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება”...
იგორ კვესელავა - ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა რუსებს აძლევს საშუალებას, მათი გაუთვლელი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ
“მე ჯერ კიდევ როდის ვთქვი, რომ აგვისტოდან მოსალოდნელია თავდასხმები და პროვოკაციები-მეთქი და ამის მაგალითია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელიაზე განხორციელებული თავდასხმა. ხელისუფლებას 51% სჭირდება, რომ დარჩეს, ბუნებრივია ამ ხმების ასაღებად ყველაფერს გააკეთებს. სამარცხვინო პერიოდია, ამ მახსოვს მსოფლიო ისტორიაში ასეთ რამ, რომ პრეზიდენტმა უნდა მისცეს ოლიმპიადიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს მედლები, აკეთებენ დაჯილდოებას სალომე ზურბაშვილის გარეშე, ადამიანის, რომელმაც უნდა მისცეს და ამბობენ, რომ როცა ის არ იქნება, მერე მიეცემათ ეს მედლებიო. ასეთი სულელური განცხადება მსოფლიოში არ არსებობს. “ოცნების” საგარეო და საშინაო პოლიტიკა ძალიან სუსტია, მოუმზადებელი და გაუმზადებელი, აკლია დიპლომატიური და პოლიტიკური აზროვნება - მაგალითად, პრემიერის ირაკლი კობახიძის გამოსვლებს”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პოლიტიკური პროვოკაციები უკვე დაწყებულია და არჩევნებამდე კიდევ უფრო გამძაფრდება” - იგორ კვესელავა.
“გალის რაიონი ისტორიულად სამეგრელოს ნაწილი იყო. შეიძლება მოულოდნელი იყოს, მაგრამ გალი აფხაზეთის გეგმებში არ შედიოდა, არც რუსეთის. შემდგომში გამწვავებულმა სიტუაციებმა, დაუდევრობამ და პოლიტიკის უცოდინრობამ გამოიწვია ეს. უფრო უარესსაც გეტყვით, ზუგდიდში და წალენჯიხაში რომ შემოსულიყვნენ, ამ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დაკარგული გვექნებოდა. მიხეილ სააკაშვილის დროს მომხდარი ომი იყო ორ ქვეყანას, ამერიკასა და რუსეთს შორის დუელში მოხვედრა... “ოცნებას” ამით სპეკულაცია სჭირდება იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილს და “ნაცმოძრაობას” დაარტყას. თუ ვინმე არის დარჩენილი, რომელიც ორჭოფობს, უთხრას, რომ, აი, ამ პერიოდში დაიკარგა ტერიტორიები. ხელისუფლებას არასწორი პოლიტიკა აქვს და რუსებს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი გაუთვლელი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს ყველაფერი არჩევნებისკენაა მიმართული, ამიტომ ახლა დაიწყეს. ხომ შეეძლოთ, რომ წინა არჩევნებზე გამოეყენებინათ ეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადრე არჩევნების მოგება არ უჭირდათ, ახლა კი არჩევნების მოსაგებად გამიზნული სვლებია საჭირო. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში საქართველოს წინააღმდეგაა და რუსეთმაც თქვა, რომ დამნაშავე არ არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.
“ხელისუფლებას საშინაო ვითარებაზე სათქმელი არაფერი აქვს. ვერ იტყვიან, რომ ოქტომბრიდან 2030 წლამდე რაღაც კარდინალური ცვლილებების მოხდენას შეძლებენ. იქამდე კიდევ 5 წელია და მოსახლეობას ის კი არ აინტერესებს, რა იქნება 2030 წელს, მათთვის მნიშვნელოვანია დღეს, ხვალ და 1 წელიწადში რა მოხდება. ამიტომ ამ სიტუაციაში “ოცნების” პოლიტიკა დუმს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი დუმილის მიზეზი არის ის, რომ სოციალური პოლიტიკა ასე მარტივად განსახორციელებული არაა. მე “ქართულ ოცნებას” გავახსენებ, როცა ისინი მოდიოდნენ, თქვეს, რომ 100 საწარმოს გააკეთებდნენ. ეს საწარმოები უნდა ყოფილიყო მთელ საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, თუმცა არ განხორციელდა. რადგან პროექტი ჩავარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური მდგომარეობა, დასაქმების საკითხი ვერ მოგვარდა, რადგან წესით ამის საშუალებით ბევრი ადამიანი დასაქმებოდა და ემიგრანტებიც დაბრუნდებოდნენ”, - განაგრძობს პოლიტოლოგი.
“ამ ხნის მანძილზე არაფერი გაკეთებულა, იშვიათი შემხვევების გარდა. თუ სადმე რამე არის, გვითხრან. საქართველო ახლა ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა? რა თქმა უნდა, არა. რომ გადავხედოთ უფრო აგრარულია, ალაგ-ალაგ ვითომ კეთდება რაღაცები. იტყვიან ახლა ეს ხო გაკეთდა კერძო მესაკუთრეების მიერო, მაგრამ ის აკეთებს თავის ჯიბისათვის, გარკვეული ჯგუფისთვის, მაგრამ მთლიანობაში ხალხისთვის არა. ეს სახელმწიფოს მოვალეობაა. ჩვენ განვითარებული ქვეყნისკენ კი არ გავიწიეთ, არამედ განვითარებად ქვეყნად დავრჩით. ვერც დღევანდელი მთლიანი ოპოზიცია ვერ იტყვის, რომ შექმნის საწარმოებს, რადგან ეს მარტივი საქმე არაა. ამიტომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ “ჩვენი გზა არის ამერიკისა და ევროპისკენ და მათი დამხარებით უნდა შევქმნათ ყველაფერი”, მაგრამ კონკრეტულად ვერ საუბრობენ”, - დასძენს კვესელავა.
“ჩვენს პატარა ქვეყანაში შემოწმებული 1000-დან 800 პირი ნარკოტიკული თრობის ქვეშ არის!” - ნარკოლოგი
“სიტუაცია რომ ძალიან მძიმეა, აჩვენებს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის გამოქვეყნებული სტატისტიკაც, სადაც, ჩვენდა სავალალოდ, არასრულწლოვანებიც ფიგურირებენ. ზედოზირებით კლინიკებში მოხვედრილთა რაოდენობაც საგანგაშოა. დროულად რომ არ აღმოეჩინათ დახმარება, არაერთი ლეტალური შედეგი იქნებოდა. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება ძალიან გაზრდილია, ასაკობრივი ზღვარიც ძალიან ჩამოწეული. გააქტიურებულია ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ შსს უამრავ ნარკორეალიზატორს აპატიმრებს, რეალიზაცია არ მცირდება. პერიოდულად სოცქსელში მოვუწოდებ ყველას, არ მოიხმარონ ეს ნივთიერებები, რადგან ძალიან დაბინძურებულია. ჩემდა გასახარად, ამან ნაყოფი გამოიღო, გამოხმაურება მაღალია, მომართვიანობა არა მარტო ჩემს, სხვა კლინიკებშიც, რეგიონებშიც მაღალია. ბევრი ცდილობს როგორმე თავი დააღწიოს ამ უბედურებას. სოცქსელი მუშაობს, ადამიანებს უჩნდებათ სურვილი გამოვიდნენ მდგომარეობიდან...” - აცხადებს ნარკოლოგი, სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ სიხარულიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენს პატარა ქვეყანაში შემოწმებული 1000-დან 800 პირი ნარკოტიკული თრობის ქვეშ არის!”
“ჰალუცინოგენები ყველაზე მძიმე ნარკოტიკია. გარდა იმისა, რომ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, იწვევს უმძიმეს მენტალურ პრობლემებს: ფსიქიკურ აშლილობებს, მძიმე ფსიქოზებს... შეიძლება იყოს ყველა ტიპის ჰალუცინაცია: მხედველობითი, სმენითი, პარანოია, შეიძლება იყოს სუიციდის მცდელობები. ეს ნარკოტიკები, გარდა იმისა, რომ იწვევენ დამოკიდებულებას, იწვევენ გამოფიტვას, უმძიმეს მენტალურ და ფიზიკურ პრობლემებს. არცთუ იშვიათად კი ყოველივე სიკვდილით მთავრდება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჰალუცინოგენების მომხმარებლებს ჰგონიათ, საშიში არაფერია. არადა, არ იციან, რა ნივთიერებებს შეიცავს ის, რასაც მოიხმარენ. ყველა მათგანი კუსტარულად არის დამზადებული და შესაძლებელია მათში გარეული იყოს ფენტანილი, მეტადონი ან ოპიატები, რაც ძალიან მძიმე შედეგს იძლევა, შეიძლება მოხდეს ზედოზირება და ადამიანი ვერც გადარჩეს. არ ვიცით, რამდენი კაცი დაიღუპა 2024 წელს ზედოზირებით, ეს ინფორმაცია დახურულია. თვითონ ის ფაქტი, რომ სამ თვეში შემოწმებული 1000 კაციდან თითქმის 80%-ს ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული, დამაფიქრებელია. შემოწმებულთა შორის ქალები და მოზარდებიც ფიგურირებენ. თითქმის ყველა ქალაქში, მათ შორის რეგიონებშიც ჩატარდა შემოწმება და ცხადი შეიქნა, თუ რამდენად მძიმეა სიტუაცია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ სიხარულიძე.
“დღეს ნარკოტიკის ყიდვა ძალზე გაადვილებულია ინტერნეტით და სხვადასხვა ტელეგრამარხით. ინსტაგრამზეც კი შემხვდა განცხადებები, თუ როგორ ეპატიჟებიან კურიერებს სამუშაოდ. დიდი ქსელები მუშაობენ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და როცა 1000-დან 800 პირი თრობის ქვეშ არის, პროცენტულად ძალიან მაღალი შეფარდებაა. ექიმების თვალთახედვის არეში იშვიათად ხვდებიან ისეთი პირები, რომლებიც ჯერ გართობის მიზნით მოიხმარენ ნარკოტიკს, მაგრამ თანდათან ყალიბდება დამოკიდებულება და ბევრი ჩვენი პაციენტი ხდება. ყველაფერი ერთჯერადი მოხმარებით იწყება... იყო შემთხვევები, როცა საქართველოში ნარკოტიკების დამამზადებელი ლაბორატორიები აღმოაჩინეს. ბევრად მძიმე სიტუაციაა ოპიატების და სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარების გამო. საქართველოში გამოჩნდა უფრო მძიმე ნარკოტიკებიც. კერძოდ, ე.წ. ელიტური ნარკოტიკები, რომელთაც უკვე დიდი ადგილი დაიკავეს შავ ბაზარზე და ახლა უფრო ბევრი პრობლემა ჩნდება. ელიტური ნარკოტიკების მომხმარებლები უფრო ხშირად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ან ემერჯენსში ხვდებიან. ჩვენთან ნარკოლოგიურ დაწესებულებებში, მოდიან უმძიმესი ფორმის დამოკიდებულებით”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ნივთიერების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში დიაგნოზად უცნობი ეტიოლოგიის კომას წერენ. იმდენად ბევრი უცნობი ნივთიერებაა, მათი ამოცნობა ლაბორატორიებსაც უჭირთ, მით უმეტეს, ჩვენთან არ არის ისეთი ლაბორატორიები, რომლებიც სწორ პასუხს გასცემენ. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ნივთიერებები რეგისტრირებული არ არის. აქამდე იმიტომ მივედით, ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური, დიდია მიგრანტების ნაკადი... უკვე ალკოჰოლიზმიც სერიოზული პრობლემაა. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ნარკოტიკი იოლად ხელმისაწვდომია. ახალ-ახალი სელერები შემოდიან და ყიდიან სხვადასხვა ადგილას. დავთვალე და ერთ დღეში 5 კგ-მდე ნარკოტიკი იყო განთავსებული სხვადასხვა ადგილას. ეს დიდი მასშტაბია ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შსს მაქსიმალურად ცდილობს ამის გაკონტროლებას, კურიერები მაინც ახერხებენ ჩამორიგებას. მათ ხელმძღვანელებთან მისვლა ძალიან რთულია. შეიძლება სულაც სხვა ქვეყანაში იყოს და იქიდან აკონტროლებდეს ტელეგრამპოსტებს. ისიც შეიძლება საზღვარზე სრულიად არანარკოტიკული ნივთიერება შემოიტანონ და შემდეგ ორი ნივთიერების შერევით მძიმე ნარკოტიკი გააკეთონ”, - განმარტავს ნარკოლოგი.
“მედიცინის ეს სფერო ძალიან ცუდ დღეშია, ფაქტობრივად, მოშლილია სისტემა. ინტერნეტში გაურკვეველი პროფესიის პირები სთავაზობენ ნარკოდამოკიდებულებს მკურნალობას, უამრავ კლინიკას ნახავთ. ვინ არიან, არავინ იცის. ყველა ცდილობს ნარკომანიას უმკურნალოს, მაგრამ რამდენად სწორად, ამის კონტროლი არ არის. არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, მსოფლიოში ეს პრობლემა დგას და მექანიზმები არსებობს. მაგალითად, გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომ ამდენ პირს დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარება, მაგრამ სპეციალისტებს არავინ გვეუბნება, რა ნარკოტიკი აღმოჩნდა მათ ორგანიზმში, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 197 პირი რატომ მოხვდა ემერჯენსში, რა მიზეზით, რა ნივთიერება აღმოაჩნდათ. როცა სხვა ექიმებთან მოხვდებიან ანალოგიური პრობლემით, მათაც უნდა იცოდნენ, რასთან აქვთ საქმე და მკურნალობა უფრო გაადვილდება. ამ პრობლემასთან ბრძოლაში ყველა რგოლი უნდა იყოს ჩართული: შს და განათლების სამინისტროები, ჯანდაცვა, მთავრობა. მათი საქმიანობა კოორდინირებული უნდა იყოს”, - მიიჩნევს ზურაბ სიხარულიძე და შეკითხვაზე - “ნარკოტიკის მოხმარების პრობლემა არასრულწლოვნებშიც მწვავედ დგას. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი ამას?”- პასუხობს:
“ასეთ დროს ახალგაზრდას ქცევა ეცვლება - ხდება აგრესიული, ჩაკეტილი, მეგობრების ახალი, სულ სხვა წრე ჰყავს. უჩნდება სხვა ინტერესები, შეიძლება ჩაცმულობაც შეეცვალოს, უფრო მეტ დროს ატარებს ქუჩაში, უფრო მეტ ფულს ითხოვს მშობლებისგან. ამ დროს მშობელი უნდა ეცადოს მაქსიმალურად გახსნილი იყოს შვილთან, რათა მან შეძლოს თავის პრობლემაზე საუბარი...”
“შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის გამოქვეყნებული შედეგები ადასტურებს, რომ ნარკოტიკების მოხმარება ქვეყანაში კვლავაც მწვავე პრობლემაა. სტატისტიკით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (აპრილი, მაისი, ივნისი) ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შესამოწმებლად საექსპერტო სამსახურში 1200 პირი შეამოწმეს, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 828 პირს დაუდასტურდა. აქედან შემოწმდა 1174 მამაკაცი, საიდანაც 821-ს დადებითი შედეგი ჰქონდა, 26 ქალიდან ნარკოტიკული თრობა 7-ს, 5 მოზარდიდან კი 2-ს დაუდასტურდა. ანალოგიურად მძიმე იყო წელს, პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები. ოფიციალური ინფორმაციით, პირველ კვარტალში ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურში პოლიციამ სულ 1416 პირი წარადგინა. აქედან 1071-ს დაუდასტურდა ნარკოტიკული თრობა, მათ შორის იყვნენ 4 არასრულწლოვანი ბიჭი და ამავე ასაკის ერთი გოგონა. პირველ კვარტალში 18-დან 24 წლამდე ასაკის 169 ბიჭი შემოწმდა, მათგან 128 ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, ამავე ასაკის 5 გოგონადან 4-ს მოხმარება დაუდასტურდა. ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა 1416 პირიდან _ 25-დან 44 წლამდე ასაკის 818 მამაკაციდან 606-ს, ამავე ასაკის 13 ქალიდან 9-ს. რაც შეეხება 45-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს, პირველ კვარტალში შემოწმებული 369 მამაკაციდან 298 პირს ნარკოტიკის მოხმარება დაუდასტურდა”, - წერს სტატიის ავტორი.
“ახალგაზრდები ხშირად ხვდებიან ზედოზირებით კლინიკებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლით სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა. მათ შორის 149 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, დანარჩენები სხვადასხვა რეგიონის კლინიკებში გადაიყვანეს. რამდენს ვერ მიუსწრო “სასწრაფომ” და ვერ მიიყვანეს კლინიკამდე, ეს ცალკე საკითხია. არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი კაცი გარდაიცვალა ნარკოტიკების ზედოზირებით, რადგან ხშირად გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება...” - დასძენს სტატიის ავტორი.
“კოლაფსი გვაქვს...” - დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესების გამო სპეციალისტები განგაშს ტეხენ
“საქართველოში ბოლო 4 წელია სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. განსაკუთრებით დიდი სხვაობა გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის 2021 წელს იყო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახეზეა დემოგრაფიის გაქანებული კოლაფსი, სიტუაციას კი მოსახლეობის ქვეყნიდან ინტენსიური გადინება ამწვავებს, ვინაიდან გასულთა შორის ჭარბობს რეპროდუქციული ასაკის, 20-იდან 50-წლამდე ადამიანები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის შემდეგ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შობადობას ყოველწლიურად აჭარბებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “კოლაფსი გვაქვს...” - დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესების გამო სპეციალისტები განგაშს ტეხენ / 2020 წლის შემდეგ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას საგრძნობლად აჭარბებს.
“2020-2023 წლებში საქართველოში დაიბადა 175 ათასი ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 202,3 ათასი; 2020 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 46 520 იყო, ხოლო გარდაცვლილთა რიცხოვნობა 50 537 - სხვაობა 4 017; 2021 წელს დაიბადა 45 946, გარდაცვალა 59 906 - სხვაობა 13 960; 2022 წელს დაიბადა 42 319, გარდაცვალა 49 118 - სხვაობა 6 799; 2023 წელს დაიბადა 40 214, გარდაცვალა 42 756 - სხვაობა 2 542. დემოგრაფ სოსო არჩვაძის აზრით, შობადობის მკვეთრი შემცირების მთავარი მიზეზი მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციალური ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე ამბობს, რომ ადრე თუ დეპოპულაცია იყო, ახლა დემოგრაფიის სერიოზული კოლაფსია. ეს ძალიან რთული საკითხია და ხელისუფლებაში ვინც არ უნდა იყოს, მარტივად ვერ მოაგვარებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სამწუხაროდ ბოლო წლებში სიკვდილიანობა მეტია, ვიდრე შობადობა, თან ამას უნდა დავამატოთ, რომ საქართველოში ემიგრაციის მაღალი დონეა, რაც სიტუაციას უფრო ამწვავებს. შობადობის მკვეთრი შემცირების მთავარი მიზეზი მოსახლეობის ქვეყნიდან ინტენსიური გადინებაა. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნიდან გასულთა შორის ჭარბობს რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ადამიანები, 20-დან 50-წლამდე. მარტივად რომ გითხრათ, თუ ქვეყნის მოსახლეობაში 20 დან 50 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი დაახლოებით 42%-ის ფარგლებშია, გასულებში 85%-ია. გასულთა შორის თითქმის 2/3 ქალბატონია და ამათ შორის დიდი წილი ფერტილური ასაკის ქალებზე მოდის, ანუ იმ პირების დიდი წილი, რომლებმად ბავშვები უნდა გააჩნინონ, ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გასული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.
“ამიტომ ეს პროცესი უკავშირდება ერთი მხრივ რეპროდუქციული ქცევის ახალ მოდელს, რაც შედარებით განვითარებული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი - ბავშვთა დაბალი მოკვდაობისა და შობადობის შემცირება, ამას პლუს ქვეყნის გარეთ გასულია ის კონტიგენტი, რომელსაც პოტენციაში შეუძლია შვას და ქვეყანას გამრავლების რესურსი მისცეს. ამ ყველაფერს უარყოფით შედეგები მოაქვს, რომელსაც შესაბამისი აღქმა და გარკვეული დასკვნების გაკეთება სჭირდება. ოჯახის რიცხოვნობის დაგეგმვა, პროფილაქტიკა და ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა და აბორტების შემთხვევების რაოდენობაც შემცირდა, თუმცა ის ძველი შლეიფი, რაც 90 წლებიდან მოდიოდა, ჯერ კიდევ გავლენას ახდენს. საბოლოო ჯამში კი შეიძლება ვთქვათ, რომ მოსახლეობის შემცირებაზე ეს ფაქტორი გავლენას არ ახდენს”, - დაასკვნის სოსო არჩვაძე.
“დემოგრაფიის გაქანებული კოლაფსია, შობადობას სიკვდილიანობა კარგა ხანია აჭარბებს. დაოჯახება და ბავშვის ყოლა არავის უნდა, სწორედ ეს იწვევს ამ ყველაფერს. 2021 წელს განსაკუთრებით დიდი სხვაობა გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის იმიტომ იყო, რომ მაგ დროს (კოვიდის გამო) მოკვდაობა გაიზარდა, შობადობა დაბალი იყო. ამას ემიგრაციაც დაემატა. აქამდე თუ დეპოპულაცია იყო, ახლა კოლაფსი გვაქვს. კოლაფსი ნიშნავს დეპოპულაციას დამატებული მიგრანტთა წასული რაოდენობა, უფრო გაუარესებული სიტუაციაა. რა იწვევს ამას? ვინც საზღვარგარეთ მიდის, კარგი ცხოვრება სურს, დაოჯახება არავის უნდა, გადავადებული ქორწინებები ბევრია და ა.შ. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ასე მარტივად ამის მოგვარება არ გამოვა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთო სულაბერიძე.
ანდრო გოცირიძე - “კრემლი საქართველოს მომავლად განიხილავს მოსაზრებას, რომ რუსეთთან მიერთებისას ის სახელმწიფო სულაც არ იყო...”
“რუსეთი არაპროგნოზირებადი მოთამაშეა. პუტინს არაერთხელ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რასაც დასავლეთი არ ელოდა, მიუხედავად ამისა, ბირთვული იარაღის გამოყენებას ნამდვილად არ უნდა ველოდოთ. რუსეთი ამას ვერ გაბედავს მოკავშირეთა გამანადგურებელი პასუხის გამო. ამას გარდა, ბირთვული იარაღის გამოყენებას ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარე აქვს, რაც პუტინის ნების შემთხვევაშიც კი მეტად ართულებს ჩანაფიქრის შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ ახლა კრემლი წვევამდელების მობილიზებით ცდილობს უკრაინული კონტრშეტევის ჩახშობას, მას მაინც მოუწევს უკრაინაში ფრონტზე მოქმედი დანაყოფების მოხსნა და დონბასში კონტინგენტის შესუსტება”, - აცხადებს ანალიტიკოსი ანდრო გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინს ახლა სამოქმედო არსენალში ბევრი სვლა არა აქვს”.
“მნიშვნელოვანია, რას მოიმოქმედებს უკრაინის შეიარაღებული ძალები: გაამაგრებს პლაცდარმს და კურსკს “რუსეთის დონბასად” აქცევს მოლაპარაკებაში გამოყენების მიზნით, თუ უფრო წინ წაიწევს და აქტიური მოქმედებებით რუსეთის ფრონტის ჩამოშლას შეეცდება. არა მგონია, უკრაინამ კურსკის ბირთვულ რეაქტორზე სადაზვერვო-დივერსიული მოქმედებები დაიწყოს. თუკი საბრძოლო მოქმედებების დინამიკიდან გამომდინარე, რეაქტორი უკრაინის კონტროლის ქვეშ მოექცევა, ვფიქრობ, ეს მათთვის თავსატეხია, რადგან ისეთი უპასუხისმგებლო მოთამაშე, როგორიც რუსეთია, მით უმეტეს, თუ მარცხი იწვნია, შესაძლოა თავად დაემუქროს რეაქტორის დაცულობას, რათა უკრაინელებს გადააბრალოს შედეგები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო გოცირიძე.
“საკუთარი მოსახლეობის განადგურებით პოლიტიკური დივიდენდების მიღების პრაქტიკა პუტინმა ჯერ კიდევ ვოლგოდონსკის, ბესლანისა და სხვა ინციდენტებით დანერგა. ახლა მას სამოქმედო არსენალში ბევრი სვლა არა აქვს. ახლა ომი არა მხოლოდ დონბასის ან კურსკის ტერიტორიაზე, არამედ საინფორმაციო სივრცეშიც მიმდინარეობს. დივერსიებში, ბირთვულ შანტაჟში, ტერორისტულ მოქმედებებში დადანაშაულება ასეთ დროს ჩვეულებრივი ამბავია. მე ვფიქრობ, უკრაინას ამ მასშტაბის სპეციალურ ოპერაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “არაერთხელ გვინახავს, სამხედრო ძალის პარალელურად, თუ როგორ იყენებს რუსეთი ჰიბრიდულ ომსაც, ღიად თუ მალულად, ოფიციალური დეკლარირების გარეშე. ამ მხრივ რა საფრთხეებია მოსალოდნელი რეგიონში და რა უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში?” - პასუხობს:
“მიზანი ნათელია: კრემლს დამატებითი სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობა არა აქვს და ცდილობს საქართველო ჰიბრიდული აქტივობებით ჩამოაშოროს დასავლური ინტეგრაციის გზას, ძირი გამოუთხაროს პარტნიორებთან მის ურთიერთობებს, დანერგოს რუსეთთან მოსალოდნელი ომის შიში, შეაფერხოს სამხედრო, ჰუმანიტარული და უპირველესად პოლიტიკური დახმარება, შემდგომ კი იზოლაციაში მოქცეულ საქართველოს სამხედრო აგრესიით დაემუქროს, რათა აიძულოს რუსულ პლატფორმებში ინტეგრაცია. ცხადია, საბოლოო მიზანი სრული ანექსიაა. მედვედევის, პუტინისა და პატრუშევის საჯარო გამოსვლებში არაერთხელ დაფიქსირდა მოსაზრება, რომ საქართველო რუსეთთან მიერთებისას სახელმწიფო სულაც არ იყო. კრემლი ამას საქართველოს მომავლად განიხილავს”.