21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბრალდებული დუმილის უფლებას დაარღვევს და საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქმეზე არაერთი უტყუარი მტკიცებულებაა მოპოვებული, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ცინდელიანმა 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა შერაცხად მდგომარეობაში, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა.

სახელმწიფო ბრალდებას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

„ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს იქნება ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და მას უმკაცრეს სასჯელს განუსაზღვრავს.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცეოდა ბრალდებული, მისი საბოლოო სიტყვა ალბათ, იმისკენ იქნება მიმართული, როგორმე შეაცოდოს თავი სასამართლოს და მაქსიმალური სასჯელი არ მიიღოს",- განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია