ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა საქართველოში დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ „განათლება დასაქმებისთვის“, მეორე ფაზის განხორციელება წარმატებით დაასრულა და დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, დასაქმების, უნარების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის არსებითი წვლილი და ხელშესახები შედეგები შეაჯამა,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე განმარტებით, 2019 წელს, ევროკავშირის მიერ 48,85 მილიონი ევროს დაფინანსებით დაწყებულმა პროგრამამ - „განათლება დასაქმებისთვის“, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და გლობალურ დონეზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, პროგრამამ ხელი შეუწყო საქართველოში სექტორული რეფორმის პოლიტიკის განხორციელებას ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით, სერვისების მიწოდების სტანდარტების გაუმჯობესებით და ინკლუზიური და თანმიმდევრული ზრდის ხელშეწყობით.

მათი ინფორმაციით, პროგრამამ, თავისი ყოვლისმომცველი მიდგომით, რომელიც მოიცავდა საბიუჯეტო მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას, ინსტიტუციური დაძმობილების (Twinning) პროექტებსა და საგრანტო კომპონენტს - მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყანაში დასაქმების მდგომარეობაზე.

მისასალმებელ სიტყვაში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო 16 წელია, ევროკავშირი, მხარს უჭერს საქართველოში უნარების განვითარებასა და დასაქმების ინიციატივებს.

„განათლება, უნარების განვითარება და შრომის ბაზრის საჭიროებებთან მათი შესაბამისობა, გადამწყვეტია სიღარიბის შესამცირებლად, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის ძალისხმევა არა მხოლოდ აუმჯობესებს ღირსეული სამუშაო შესაძლებლობებს, არამედ პასუხობს არალეგალური მიგრაციის ძირეულ მიზეზებს. ევროკავშირი რჩება ერთგული, რომ მის მიერ განვითარების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი რესურსების სულ ცოტა 20% სოციალურ ჩართულობასა და ადამიანურ განვითარებას მოახმაროს“,- განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა მისი გავლენა უნარებისა და ახალგაზრდების განვითარებაზე საქართველოს რეგიონებში.

„პროგრამის საგრანტო სქემის კომპონენტის ფარგლებში, 2019-2023 წლებში წარმატებით განხორციელდა ცხრა პროექტი, ჯამური ინვესტიციით 7 მილიონი ევრო, რომელმაც მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს მიაღწია. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავდა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის იმ ახალგაზრდების, რომლებიც არ არიან ჩართული განათლებაში, ტრენინგსა თუ დასაქმებაში (NEETs) უნარების ამაღლებას სხვადასხვა რეგიონში, აუცილებელი კარიერული დაგეგმვითა და პროფესიული გადამზადების გზით.

ათასობით ქართველმა აიმაღლა საკუთარი უნარ-ჩვევები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და დასაქმდა რეგიონებში შექმნილი სპეციალიზებული ტრენინგებისა და დასაქმების ცენტრების მეშვეობით. გარდა ამისა, მობილურმა ახალგაზრდულმა მუშაკებმა და კარიერული დაგეგმვის მრჩევლებმა, გაიარეს ყოვლისმომცველი ტრენინგები, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ დაეხმარონ სამუშაოს მაძიებლებს. პროგრამამ ასევე გააძლიერა პარტნიორობა კერძო სექტორთან, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლობით მიდგომას ადგილობრივი თემების წინაშე არსებული დასაქმების გამოწვევების გადასაჭრელად. ამ ძალისხმევამ ერთობლივად ხელი შეუწყო საქართველოს მასშტაბით მოწყვლადი მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივისა და უნარების გაუმჯობესებას.

მთავარ მიღწევებს შორის ხაზგასმით უნდა აღინიშნოს შემდეგი შედეგები:

პროგრამის ფარგლებში შემუშავდა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, რომელიც აწარმოებს ეროვნული უნარების მოლოდინის ანგარიშს, რომელიც გამოიყენება შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარების პროგნოზირებისთვის.

2017 წელთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 10%-ზე მეტით გაიზარდა 15-24 წლის ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ჩაირიცხნენ პროფესიული განათლების პროგრამებზე.

გადამზადებული სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა.

პროფესიული განათლების მქონე 15-29 წლის ახალგაზრდებში დასაქმება თითქმის 15%-ით გაიზარდა 2020 წლიდან.

მნიშვნელოვნად გაიზარდა კარიერული დაგეგმვის, კონსულტაციისა და შრომის ბაზრის სერვისების ხელმისაწვდომობა.

2017 წლიდან 20%-ზე მეტით გაიზარდა სპეციალური საჭიროების მქონე პროფესიული განათლების სტუდენტთა რაოდენობა საჯარო პროფესიული დაწესებულებებში.

15-24 წლის ახალგაზრდების წილი, რომლებიც არ არიან ჩართული განათლებაში, ტრენინგსა და დასაქმებაში (NEETs) თითქმის 6%-ით შემცირდა 2021 წელთან შედარებით.

საშუალო სკოლის მასწავლებლებმა დაიწყეს სწავლების ინტერაქციული მეთოდების გამოყენება მეწარმეობის უნარების გასაუმჯობესებლად.

პროგრამის კონკრეტული შედეგები ასევე მოიცავდა:

1700-ზე მეტი სამუშაო მაძიებელი დასაქმდა.

6500-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა საბაზისო უნარებში, მეწარმეობასა და IT პროგრამირებაში;

90 სკოლასა და 10 პროფესიულ სასწავლებელში კოდირებისა და ტექ. მეწარმეობის კლუბები შეიქმნა.

რვავე რეგიონში მოეწყო დასაქმების ფორუმები, ტრენინგები და მოკლევადიანი პროფესიული განათლების კურსები, რათა ადამიანები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარებით გადამზადდნენ.

პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ ტექნიკური დახმარების კომპონენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით, პროექტის დახმარებით შემუშავდა და დამტკიცდა სამი ეროვნული სტრატეგია: ახალგაზრდობის სტრატეგია, პროფესიული განათლებისა და მომზადების (VET) სტრატეგია და კარიერული დაგეგმვის სტრატეგია. შემუშავდა ახალი კვალიფიკაცია ახალგაზრდა მუშაკებისთვის, აგრეთვე მომზადდა ყოვლისმომცველი სასწავლო მასალები დასაქმების სერვისებში მომსახურების მიწოდების გასაუმჯობესებლად, კარიერული დაგეგმვისა და შრომის ბაზრის ანალიზისთვის.

პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა საგანმანათლებლო რესურსები, დაინერგა სწავლების ინოვაციური მეთოდები მეწარმეობის განათლებისა და პროფესიული განათლების სფეროში ინკლუზიურობის ხელშეწყობის მიზნით. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განხორციელდა მონაცემთა სისტემების მართვის მიმართულებით, მათ შორის შემუშავდა ახალი ელექტრონული ეროვნული უნარების რეესტრი, მიმდინარეობს WorkNet პლატფორმის განახლება და მუშავდება წინადადებები შრომის ბაზრის მონაცემთა ქსელის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ექსპერტები, პოლიტიკის შემქმნელები, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც შეიკრიბნენ პროგრამის მიღწევების აღსანიშნავად და საქართველოს სამუშაო ძალის სამომავლო პერსპექტივების განსახილველად.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი