ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით, „World Vision საქართველო“ ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტს სახელად „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება საქართველოში.“ პროექტი არის საკმაოდ კომპლექსური, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების გარდა, ის ასევე მოიაზრებს საზოგადოებაში ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას.
ამის შესახებ ინფორმაციას „World Vision საქართველო“ ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული პროგრამა ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მცირე სათემო პროექტების განხორციელება, რაც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ თემში, იმუნიზაციისა და სხვა მნიშვნელოვანი ჯანდაცვის საკითხების შესახებ, სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიზნით.
„აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ჩატარდა კონკურსი, სადაც 10 მცირე პროექტი შეირჩა სხვადასხვა სამიზნე რეგიონში, რომელმაც ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ჩასატარებლად საკუთარ თემში დაფინანსება მოიპოვა. პროექტების ძირითად სამიზნე ჯგუფებს მოწყვლადი ჯგუფები (ქალები, სკოლის მოსწავლეები, სოციალურად დაუცველები, ბაღის აღსაზრდელების მშობლები, ეთნიკური უმცირესობები, დღის ცენტრის ბენეფიციარები, ხანდაზმულები) წარმოადგენდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მცირე სათემო პროექტები განხორციელდა: თბილისში, იმერეთში (ქუთაისი, ზესტაფონი, ბაღდათი), კახეთში (თელავი, გურჯაანი, ყვარელი); სამცხე-ჯავახეთში (ადიგენი, ახალციხე, ბორჯომი); აჭარაში (ბათუმი) და სულ 2000-ზე მეტი პირი მოიცვა.
„ჩვენი კამპანიის ძირითადი მიზანი იყო ცნობიერება აგვემაღლებინა ვაქცინაციის დადებითი მხარეების და გადამდები დაავადებების თავიდან არიდებისთვის აუცილებელი ჰიგიენური პირობების დაცვის შესახებ. ორ მიზნობრივ ჯგუფთან, მშობლებთან და მოზარდებთან, ვაწარმოეთ საინფორმაციო კამპანია. შესაბამისად, მოვაბილიზეთ ბაღის აღსაზრდელების მშობლები და საინფორმაციო შეხვედრები ჩავატარეთ სკოლის მოსწავლეებთან. სულ 20-მდე შეხვედრა განხორციელდა, ინტერესი და დასწრება საკმაოდ მაღალი იყო. ახალგაზრდებში განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია პაპილომა ვირუსის თემამ, შესაბამისად, მოსწავლეები ბევრ კითხვას სვამდნენ და დისკუსიებში ერთვებოდნენ. მონაწილეთა შორის აღმოჩნდნენ ისეთი ზრდასრულები, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის შესახებ, თუმცა პროფესიონალებისგან მიღებულმა სწორმა ინფორმაციამ და რჩევებმა დადებითი კუთხით ბევრის ცნობიერება შეცვალა“, - განაცხადა ბაღდათის ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების ჯგუფის კოორდინატორმა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა და ერთ-ერთი მცირე პროექტის „ვიცოდეთ მეტი, ვიყოთ დაცულის“ განმახორციელებელმა, მარეხი მშვენიერაძემ.
როგორც „World Vision საქართველოს“ თანამშრომელი ელენა ბეგიაშვილი აღნიშნავს, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რადგან სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებში, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთი, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ჯანდაცვის უფასო სერვისების შესახებ და შესაბამისად, არ აქვთ მათზე წვდომა.
„ვფიქრობ, იმუნიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება მოწყვლადი ჯგუფებისათვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის წინაპირობაა. სამცხე-ჯავახეთში შეხვედრები ჩატარდა ბორჯომში, ახალციხეში და ადიგენში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ შეხვედრებს. სესიების ძირითადი თემები იყო - იმუნიზაცია-ვაქცინაცია და პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრების დროს, ასევე ჩატარდა პრე და პოსტ ტესტები უკუკავშირის მისაღებად და დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, რაც ინფორმაციის გავრცელებას კიდე მეტად შეუწყობს ხელს. გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ მსმენელი, ვაქცინაციასთან დაკავშირებული არასაკმარისი ცოდნის გამო, თავს იკავებდა შვილების აცრისგან და უნდობლობა ჰქონდა პაპილომა ვირუსის ვაქცინის მიმართ, თუმცა სესიების მეშვეობით, მათ გაუქარწყლდათ ეჭვები. ბევრი წარმატებული შემთხვევა და მაგალითიც გვქონდა, არაერთმა მშობლებმა, რომელიც აქამდე არ უტარებდა ბავშვებს რუტინულ აცრებს, მალევე აცრა ისინი და გააცნობიერა ბავშვების დროულად და გეგმურად აცრის საჭიროება. აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთში სესიებს უძღვებოდნენ თავად ჯანდაცვის ცენტრების თანამშრომლები, რომლებსაც ამავე პროექტის ფარგლებში გადავეცით საჭირო ტექნიკა (ლეპტოპები, პროექტორი, და სხვა), რაც მათ გაუადვილებს გადაადგილებას სოფლებში და შეხვედრების ჩატარებას ადგილობრივ მოსახლეობასთან, იმუნიზაციის და ჯანმრთელობის საკითხების შესახებ”,- განაცხადა ელენა ბეგიაშვილმა.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა: ოჯახის ექიმები და სოციალური მუშაკები გადამზადდნენ როგორც ბავშვთა დაცვის საკითხების შესახებ, ასევე აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზის, B და C ჰეპატიტებისა და სგგ ინფექციებისა და იმუნიზაციის ძირითადი ასპექტების შესახებ; შეფასდა მუნიციპალიტეტების ქვეშ არსებული ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებები, რის საფუძველზეც მიმდინარეობდა მათთან აქტიური მუშაობა; რეგიონებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების აღიჭურვა საჭირო სამედიცინო და საოფისე ინვენტარით; ასევე დაეხმარნენ ხანდაზმულთა პანსიონატებს, ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრებს, მიუსაფარ ბავშვთა ცენტრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაწესებულებებს, მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.