აშშ-ში ძალიან ვღელავთ და უმაღლეს დონეზე ვაკვირდებით საქართველოს არჩევნებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწემ, დაფნა რენდმა განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სიტყვით გამოვიდა “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) და “ატლანტიკური საბჭოს” მიერ დაორგანიზებულ დისკუსიაზე, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
მან თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს შესახებ და რუსეთის გადაწყვეტილებაზე, მიზანში ამოიღოს არამყარი დემოკრატიები მსოფლიოში და სამეზობლოში.
საქართველოს კონტექსტში მან ისაუბრა მოსკოვის მცდელობაზე, მხარი დაუჭიროს პარტიას, რომელმაც "არსებითად გადააკოპირა ის, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა".
დაფნა რენდის თქმით, აშშ ძალიან ღელავს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ვინაიდან, ის სამართლიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ თავისუფალი დებატები და შეჯიბრი არსებობს.
“ბოლო რამდენიმე წელიწადში რუსეთმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, აქტიურად ცდილობდეს დემოკრატიულად არჩეული მთავრობების გადატრიალებას და არევას, სამიზნეში ყველაზე სუსტებს და არამყარებს იღებს. ამისთვის სახელმძღვანელო გააჩნიათ, რომლითაც რუსეთი თავის ახლო სამეზობლოში ეძებს [სამიზნეებს]. სხვაგანაც მსოფლიოში, სადაც შიდა დაპირისპირებაა პარტიებს შორის ან მმართველი ელიტების ფრაქციებს შორის, ძალიან ცდილობს, რომ არიოს ეს დემოკრატიული შეჯიბრი. ეს არის მათი მეთოდი.
მსურს ცოტა საქართველოზე ვისაუბრო, ვინაიდან, ახლა ჩვენთვის, აშშ-ის მთავრობაში, ეს ნამდვილად საგანგაშოა. “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალიან კონკურენტული არჩევნებია 26 ოქტომბერს. და ვხედავთ მოვლენას, როდესაც რუსეთი ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ პარტიას, რომელმაც არსებითად გადააკოპირა ის, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა, მაგალითად “უცხოური აგენტების” კანონის მიღებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ზღუდავს ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს, ზღუდავს ალტერნატიული იდეების გამოხატვის შესაძლებლობებს, კრიტიკას, ახალი იდეების შემოთავაზებას - რაც აქ, “საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში” ყველამ იცის, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი არჩევნებისთვის - საკითხებზე კამათის შესაძლებლობა.
ასე რომ, იანვარ-თებერვლიდან მოყოლებული რუსეთი და “ქართული ოცნება” ძალიან ცდილობდნენ, რომ შეეზღუდათ ეს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის, იმდენი მეთოდით და ისეთ დონეზე, რომ ჩვენ, სახელმწიფო დეპარტამენტში ვუპასუხეთ ჩვენი სავიზო შეზღუდვების მექანიზმით, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც მოიფიქრა ეს “უცხოური აგენტების” კანონის იდეა.
ასე რომ, ძალიან ვღელავთ ამ არჩევნებზე, ვინაიდან, ის სამართლიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ თავისუფალი დებატები და შეჯიბრი არსებობს. პრობლემა არ არის თუ “ქართული ოცნება” სამართლიანად გაიმარჯვებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ ქართველი ხალხისთვის მათი სურვილი, თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა შეზღუდეს.
ქართველების 80% ევროკავშირთან მეტად დაახლოებისკენ მიისწრაფვის. არსებობს გაწევრიანების პროცესი, ასე რომ, ხალხს სურს უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, სურს რეფორმების პროცესის გავლა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება მოიაზრებს. ასე რომ, ამ სივრცის შეზღუდვა და რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, და ეს უბრალოდ მიუღებელია.
ამით შევწყვეტ საქართველოზე საუბარს, მაგრამ ალბათ გაიგეთ მთავარი სათქმელი, რომ ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება [არჩევნებს], ისევე როგორც აშშ-ის კონგრესი”, - განაცხადა რენდმა.