„ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები ზუგდიდსა და სამეგრელოში წაგებული აქვთ. დახმარება სთხოვეს „კანონიერ ქურდებს“ - ირაკლი მარღიას და ლევან ყალიჩავას, რომლებსაც აქვთ ორი დავალება - დააშინონ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა და მონაწილეობა მიიღონ პირადობების ჩამორთმევაში, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად „ოცნების მცდელობისა, ზუგდიდი და სამეგრელო „ოცნებას“ ხელისუფლებიდან გაისტუმრებს.
„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. ძალიან კარგად იციან, რომ 26 ოქტომბერს ზუგდიდსა და სამეგრელოში წააგებს ძალიან მწარედ და გაიმარჯვებს ოპოზიცია - „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იქნება პირველ ადგილზე ზუგდიდშიც და მთელ სამეგრელოშიც.
„ქართულ ოცნებას“ არ უშველა არც პირადობის მოწმობების ჩამორთმევის სქემამ, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა დაწყებული აქვთ და არც ზუგდიდელების დაშინებამ უშველათ, რადგან ზუგდიდელებს არ ეშინიათ და ძალიან მყარად დგანან ოპოზიციურ განწყობაზე.
„ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დახმარება სთხოვოს "კანონიერ ქურდებს". დადასტურებული ინფორმაციით და ამის მტკიცებულებებს გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, კომბინატის უბანში ჩატარდა ე.წ. სხადნიაკი, სადაც ორი ზუგდიდელი „კანონიერი ქურდის“ სახელით (ირაკლი მარღია და ლევან ყალიჩავა) ე.წ. ძველ ბიჭებს დაავალეს, რომ იმუშაონ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
მათ აქვთ ორი დავალება, პირველი: დააშინონ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არ მივიდეს არჩევნებზე და მეორე: მონაწილეობა მიიღონ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი.
მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მცდელობა, რამდენი „კანონიერი ქურდიც“ არ უნდა ჩართოთ ამ პროცესში, 26 ოქტომბერს თქვენ ზუგდიდი და მთელი სამეგრელო გეტყვით უარს, გაგისტუმრებთ ხელისუფლებიდან. მინდა მივმართო „კანონიერ ქურდებს“ ლევან მარღიას და ირაკლი ყალიჩავას - თქვენი ქმედებები, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენივე ფასეულობებითაც კი არ ჯდება არაფერში. ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე "კანონიერ ქურდებს" რა ჰქვიათ თქვენვე შეგიძლიათ დაარქვათ სახელი.
მინდა მივმართო შსს-ს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსს ირაკლი ფაცაციას - როდესაც აქ, ზუგდიდში ტარდება ე.წ. სხადნიაკები, როდესაც „კანონიერი ქურდები“ და ძველი ბიჭები ზუგდიდში მოქმედებენ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის წინააღმდეგ, სად არის ამ დროს პოლიცია და სად არის სახელმწიფო?
მოწმობების ჩამორთმევა არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენ ვერ დააშინებთ ვერცერთ ზუგდიდელს და სამეგრელოს. ზუგდიდი და სამეგრელო ძალიან მტკიცე პასუხს გაგცემთ 26 ოქტომბერს, როდესაც რუსული რეჟიმი დასრულდება და კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში“, - განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.