ქეთევან თურაზაშვილი - კასპის მეოთხე სკოლის მოსწავლეები, სკოლაში დროულ დაბრუნებას ითხოვენ

კასპის მეოთხე საჯარო სკოლა, ისევე როგორც სხვა უამრავი სკოლა ქვეყნის მასშტაბით, არის დაკეტილი და ბავშვებისთვის უფუნქციო, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა კასპში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მასწავლებლები და ბავშვები საკუთარ სკოლაში დაბრუნებას წლობით ელოდებიან, ხელისუფლება კი მხოლოდ ტყუილ დაპირებებს გასცემს.

მისივე თქმით, თუნდაც მხოლოდ იმ ათასობით ბავშვის გამო, ვისაც სკოლა დაუნგრიეს და განათლების მიღების უფლება შეუზღუდეს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ უნდა დარჩეს.

„ქართული ოცნება“ წარმატებით ანგრევს და კეტავს სკოლებს იმ მიზეზით, რომ ავარიულიაო, მაგრამ ვეღარც ახალს აშენებს და ვეღარც ძველს არემონტებს. ასობით სკოლის მოსწავლე გადანაწილებულია სხვადასხვა სკოლაში მათი სახლიდან შორს, ბავშვებს კილომეტრების გავლა უწევთ, რომ სკოლაში მოხვდნენ, მაგრამ ეს დღევანდელ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებიც, მასწავლებლების და მათი მშობლებიც წლობით წვალობენ, მთავარი არის ის, რომ ხარისხიანი განათლების მიღების უფლება ზარალდება. ჩვენი ბავშვები ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას.

„ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ დაკეტილი და ცარიელი სკოლების რაოდენობას 800-მდე გაზრდიან, მაგრამ საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, როდის დასრულდება ეს პროცესი და როდის დაუბრუნდებიან მოსწავლეები საკუთარ სკოლებს. პასუხისმგებლობას არავინ იღებს, პასუხად მხოლოდ ტყუილი დაპირებები ისმის. ხელისუფლება, რომელიც დაპირებებს არ ასრულებს, 26 ოქტომბერს უპირობოდ უნდა წავიდეს. მხოლოდ დანგრეული სკოლები და ხარისხიანი განათლების გარეშე დარჩენილი ათასობით ბავშვიც კი საკმარისი მიზეზია, რომ „ქართული ოცნება“ ვეღარ დარჩეს ხელისუფლებაში. ყველას მოგიწოდებთ, 26 ოქტომბერს მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას,“ - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში