„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ასპინძაში მოსახლეობას ხვდება

დღეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი და კოალიციის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში, ივერ ბალახაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფავლენიშვილის თქმით, ბოლო 12 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში არის სრული უძრაობა, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში.

„შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთში ვმართავთ, ახლა სოფელ რუსთავში ვიმყოფებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონში ყველამ იცის - 9 წლის განმავლობაში დინამიკა იყო, სამუშაო ადგილები იქმნებოდა, რეგიონში იყო სამუშაო გეგმა, ბოლო 12 წლის მანძილზე კი არის სრული უძრაობა, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში, ეს არის ძალიან საგრძნობი. რა თქმა უნდა, მოსახლეობას სურს, რომ სოფლები მოქალაქეებისგან არ იცლებოდეს, სამუშაო ადგილები იქმნებოდეს, 14 მილიარდიანი ინვესტიცია შემოდიოდეს, სოფელი რუსთავი და სხვა სოფლები არ იყოს მიტოვებული, მიგდებული და არ იცლებოდეს სისხლისგან და ხალხს პერსპექტივის განცდა ჰქონდეს. ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ის, რასაც ამ ხალხს ვთავაზობთ, ეს არის კონკრეტული „ბენეფიტები“, სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაგან ბევრი დაწყებული იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მაგრამ მას შემდეგ შეჩერდა“, - განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

სამცხე-ჯავახეთში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, კოალიციის ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ივერი ბალახაშვილის განცხადებით, წლებია სოფელ რუსთავის მოსახლეობას წყალი არა აქვს.

„ხელისუფლებამ, კერძოდ, ასპინძის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ არც სჭირდება, იმიტომ რომ მილიონზე მეტი, რომელიც აქ წყალმომარაგების სისტემისთვის გამოყოფილი იყო, საერთოდ გაქრა და აღარ არის, სამაგიეროდ, დადიან ყველგან, სადაც ჩვენ დავდივართ, აშინებენ მოსახლეობას, არის პირადობის მოწმობის ჩამორთმევები, მოსყიდვები, დაშინებები და ა.შ. მაგრამ ძალიან ცოტა ხანში, 26 ოქტომბერს, ჩვენ ყველანი ერთად საქართველოს დავიბრუნებთ და ევროპისკენ წავალთ“, - აღნიშნა ივერ ბალახაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს