მირიან მირიანაშვილი - “ახლა ბიძინა ივანიშვილს პრობლემა აქვს არა ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ ოპოზიციურ ელექტორატთან”
ირაკლი მელაშვილი - “არც ერთ ანგარიშში არ არის შესული, რომ ეს საფრთხე არსებობდა. არავინ აღმოჩნდა მზად ამ გაყალბებას წინ აღსდგომოდა...”
დათო ზურაბიშვილი - “ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა რეგიონებში არ დაიჯერა, რომ ხელისუფლება იცვლება - ხელისუფლებას 2012-შიც კი უთხრა, შენ მოგცემ ხმასო, მაგრამ მასობრივად “გადააგდო”
* * *
მირიან მირიანაშვილი - “ახლა ბიძინა ივანიშვილს პრობლემა აქვს არა ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ ოპოზიციურ ელექტორატთან”
“თქვენი გაზეთის ფურცლებზე აქამდეც ვამბობდი, რომ ოპოზიცია არასათანადო მასშტაბისა და ნაკლებად მწვავე წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა, რაც მაფიქრებინებდა, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ასე განვითარებულიყო. გარდა ამისა, თუ ოპოზიციას გამარჯვება სურდა, ორ ბლოკად უნდა გაერთიანებულიყო: ერთი უნდა ყოფილიყო “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო, მეორე კი დანარჩენი, ე.წ. შუაშისტური ძალების. ეს იქნებოდა ერთგვარი გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ისინი იბრძოლებდნენ გამარჯვებისთვის, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონსოლიდაცია შედეგის მისაღებად. ბევრ რეგიონში ოპოზიცია თვალითაც არ უნახავთ, ისე ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ. კონსპიროლოგიაში გადავარდნილი საზოგადოების ნაწილის აზრით, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან არის გარიგებული. მე ფაქტები არა მაქვს, ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ოპოზიციის პასიურობის ახსნა მიჭირს. ფაქტია, “ქართული ოცნება” უფრო რადიკალურ კამპანიას ეწეოდა. აქვე ვიტყვი, რომ საზოგადოების განწყობა “ქართული ოცნების” მიმართ უფრო მძაფრად ნეგატიურია, ვიდრე ამ შედეგებში ჩანს”, - აცხადებს ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა თქმა უნდა, ალბათ დაიწყებენ ქუჩის აქციებზე ლაპარაკს, მაგრამ...”.
“იმისთვის, რომ გაყალბებაზე ვილაპარაკოთ, სხვა არგუმენტი არა გვაქვს, გარდა იმისა, რომ ოპოზიციის წარმოდგენილი მტკიცებულებები ვნახოთ. გაყალბების დასაფიქსირებლად საარჩევნო ინსტრუმენტები ყველაზე მეტად სწორედ პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ. საარჩევნო პროცესში ოპოზიციას ჰყავდა თავისი წარმომადგენლები, შესაბამისად, ინფორმაცია უნდა შეეგროვებინათ გაყალბების ფაქტებზე. ჯერ მას არ წარმოუდგენია ტოტალური გაყალბების მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, იყო ფაქტები, არის ამის ამსახველი დოკუმენტაციაც, მაგრამ არ არის იმ მასშტაბის, რომ ამან შეცვალოს ცესკოს მონაცემები. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, რატომ არავინ იზრუნა ამ დოკუმენტების სრულყოფილად მოგროვებაზე, რათა წარედგინათ საზოგადოებისთვის ქვეყანაში თუ მის გარეთ... მოკლედ, იმისთვის, რომ დავადანაშაულოთ “ოცნება” გაყალბებაში, სულ ცოტა, ოლქების 10-15%-ის გაყალბების მტკიცებულება უნდა წარმოვადგინოთ, როგორც ვენესუელის ოპოზიციამ გააკეთა. სად არის ეს დოკუმენტები?! რა თქმა უნდა, ალბათ, დაიწყებენ ლაპარაკს ქუჩის აქციებზე, მაგრამ ჩვენს ოპოზიციას არც ქუჩის აქციების წარმატებით რეალიზების რესურსი აქვს. ესეც ქართველი ერის ენერგეტიკაზე გადაივლის. საბოლოოდ ისიც ჩაცხრება და გამოვა, რომ ქართველებმა ვერც არჩევნებზე აჩვენეს შედეგი და ვერც ქუჩაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“ჩემი აზრით, რუსეთის მზაკვრული გეგმა სწორედ ის იყო, რომ დასავლეთის თვალში უუნაროდ გამოეჩინათ ქართველი ერი, ჩვენს საზოგადოებაში კი ნიჰილიზმი გაეღვივებინათ. ამას, სამწუხაროდ, თავი ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კარგად გაართვეს. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, ის ამ შედეგს დასავლეთს წარუდგენს, როგორც ქართველი საზოგადოების მხარდაჭერის მანდატს, გამოიყენებს ამას და ჩვენი ოპოზიციის უნიათობას იმისთვის, რომ დაარწმუნოს ყველა, თითქოს ეს ქართველების დამოკიდებულებაა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და რომ საზოგადოება მას იზიარებს. ეს, რასაკვირველია, მცდარი პოზიციაა, ქართველების უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, მაგრამ “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები შეეცდებიან ამას რეფერენდუმის მასშტაბი შესძინონ. ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნებში ჰქონდა შემდეგი ამოცანა, ეჩვენებინა დასავლეთისთვის, რომ მას ალტერნატივა ქვეყანაში არა ჰყავს, თან ეს არჩევნები იმგვარად ჩაეტარებინა, რომ დასავლეთისთვის მისი გაყალბების თაობაზე ხელშესახები დოკუმენტები არ მიეცა. ახლა მისი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთთან ურთიერთობა გამოაკეთოს. არა მგონია, ანტიდასავლური რიტორიკის ის სიმწვავე, რომელსაც ის აგრძელებდა აღმავალ ტრენდად არჩევნებამდე, ისევ გაგრძელდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“უახლოესი 10 დღის განმავლობაში აშშ-ის პოლიტელიტას საქართველოსთვის არ ეცლება, იქაც არჩევნებია, მაგრამ როდესაც ჩამოყალიბდება ახალი ადმინისტრაცია, ის მისწრაფება, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან ამოძირკვონ ყოველგვარი რუსული გავლენა, არსად გაქრება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ამ მოცემულობებთან თავისი პოლიტიკური ვექტორის ჰარმონიზება. ჯერ ერთი, ივანიშვილს ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი - მან უნდა მიიღოს ლეგიტიმაცია დასავლეთისგან. ამ ამოცანიდან გამომდინარე ის, ჩემი აზრით, არ გააგრძელებს ურთიერთობის ესკალაციას. არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი ვერ აცნობიერებდეს, რომ საქართველო თავისი ეკონომიკით, ფინანსებით, პოლიტიკურად თუ მენტალურად, დასავლურ სამყაროში რა ღრმად არის ინტეგრირებული. საქართველოს სახელმწიფო დღეს არსებობს დასავლეთთან ინტეგრაციის ხარჯზე. ეს იმდენად თვალში საცემია, ამის უარყოფა შეუძლებელია. ქართველების არსებობის შენარჩუნების პირველწყარო სწორედ დასავლეთია. ამ ღრმა კავშირის გაწყვეტა ხელაღებით არანაირ არჩევნებს არ ძალუძს”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“ამიტომ ამ არჩევნების ნეგატიური ეფექტი ცოტა გადაჭარბებული მგონია, საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთთან ეს წინ ვერ აღუდგება. ჩვენ წინ გველის ტურბულენტობის პერიოდი, რაც გაგრძელდება მანამ, ვიდრე რუსეთის პრობლემა არ მოგვარდება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემი აზრით, ეს დაახლოებით ერთი წლის საქმეა. გარდა ამისა, გამოვრიცხავ, რომ საქართველო ჩინეთ-რუსეთის ალიანსს შეუერთდეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობას ამის სურვილს ვერ ვატყობ. სხვა შემთხვევაში ისინი კავკასიაში სხვანაირად იაქტიურებდნენ. როგორც ჩანს, ჩინეთ-ამერიკის გარიგებიდან გამომდინარე, ჩინეთი საქართველოს გამო ამერიკას არ დაუპირისპირდება. შესაბამისად, ამ პოლიტიკური გეზის რეალიზებისთვის წინა პირობებს ვერ ვხედავ... ახლა ევროპელი ლიდერები შეეცდებიან გააკეთონ განცხადებები, რომ სწავლობენ ვითარებას გადაწყვეტილების მისაღებად, რომ არჩევნები, სავარაუდოდ, გაყალბდა და ა.შ., მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპაც შტატებში არჩევნების შემდეგ მიიღებს. როგორც წესი, აჰყვება მას, რადგან კავკასიასთან დაკავშირებით მას დამოუკიდებელი პოლიტიკა დიდწილად არა აქვს. რაღა დაგიმალოთ და, არ ველი ევროპისა და ამერიკისგან კატეგორიულ და მწვავე ნაბიჯებს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებამდე, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ხელშია ახლა ბევრი რამ”, - მიიჩნევს მირიან მირიანაშვილი.
“ვიმეორებ - არ მჯერა ოპოზიციის რადიკალურობის, ეს საარჩევნო კამპანია არაფრით ტოვებდა რადიკალურობის შთაბეჭდილებას. 34 წელიწადია პოლიტიკაში ვტრიალებ და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო პერიოდი ბევრი არ მახსოვს. ახლა ბიძინა ივანიშვილს პრობლემა აქვს არა ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ ოპოზიციურ ელექტორატთან. ის, რომ მან ოპოზიციას აჯობა არჩევნებში, ეს ამ პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს. ამასთანავე, მე არ ვიზიარებ ქართველების შიშს, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დასავლეთი ხელს ჩაიქნევს საქართველოზე. ეს ამ პროცესების ძალიან მიამიტური ხედვაა. დასავლეთის სტრატეგია სამხრეთ კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს საკითხში, ვფიქრობ, არ შეიცვლება. დასავლეთი ისე მნიშვნელოვნად დაიხარჯა უკვე აქედან რუსული გავლენების გასაძევებლად, რომ ამ ერთი არჩევნების გამო თავის სტრატეგიულ გეგმებზე ხელს ვერ აიღებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო კოლოსალური გავლენებისა და მნიშვნელოვანი რეგიონების კარიბჭეა, მათ შორის არის შუა აზია, რომელიც ახლა დასავლეთის განსაკუთრებული ინტერესის სამიზნეა. დასავლეთმა არაფრით არ უნდა დაუშვას ჩინეთის დამკვიდრება შუა აზიაში, თორემ მისი რესურსები იმდენად გაიზრდება, რომ ის რეალურად დიდი პრობლემა გახდება. ამ ყველაფრის გასაღები კი საქართველოა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“რაც შეეხება დასავლეთის შესაძლო ნაბიჯებს, მათი განცხადებებიდან ბევრი რამ შეიძლება იყოს რეალიზებული, გამომდინარე იქიდან, როგორ მოიქცევა “ქართული ოცნება” - მოკლევადიან პერიოდში, ალბათ, იქნება მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც იქნეს განხილული, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ არა საქართველოზე ხელის აღების პოლიტიკად, არამედ როგორც ხელისუფლებასთან დაპირისპირების ტაქტიკად. “ოცნებამ” თბილისი და რუსთავი რომ წააგო და გაუჭირდა თითქმის ყველა დიდ ქალაქში ეს ცხადყოფს, რომ დიდ ქალაქებში მოქალაქეები გაცილებით უკეთ არიან ინფორმირებული, ვიდრე პერიფერიებში. თუმცა ამ შედეგებს მე ცოტა სხვაგვარადაც შევხედავდი. ეს უპირველესად ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკის გრძელვადიანი პერსპექტივა არა აქვს. მომავალ წელს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, იმ არჩევნებს იმაზე მეტი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე საპარლამენტოს - ფაქტობრივად, ვნახავთ, რომ თბილისს ოპოზიცია მოიგებს. თბილისის წაგება იქნება “ქართული ოცნების” პოლიტიკის კრახი”, - დაასკვნის ექსპერტი.
“დიახ, თუ მან ფუნდამენტურად არ შეცვალა პოლიტიკა დასავლეთთან ურთიერთობაში, მაშინ “ქართული ოცნება” მომავალ წელს არათუ წააგებს თბილისს, არამედ ისე ტოტალურად წააგებს, რომ შეიძლება რეალური რევოლუცია დაიქოქოს. თბილისის წაგება დღეს ნიშნავს სწორედ უარს “ოცნების” ანტიდასავლურ რიტორიკაზე. რასაკვირველია, ქართველი ერის ინტერესებს გამოხატავს მისი ყველაზე კარგად ინფორმირებული მოქალაქეთა ნაწილი. შესაბამისად, თბილისში “ქართული ოცნების” ანტიდასავლური პროპაგანდა დამარცხდა, სხვა სურათი ვნახეთ შედარებით არაინფორმირებულ პროვინციებში. ეს არის რეალობა... რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთს საქართველოზე ზემოქმედებისთვის ასჯერ მეტი ბერკეტი აქვს. ეკონომიკის ნებისმიერ სფეროს გახედეთ... საქართველოს არც ნავთობი აქვს, არც სხვა რამ ეკონომიკური რესურსი, ის ვერ გახდება ჩრდილოეთ კორეა, ვერც ბელარუსი, ეს გეოპოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც შეუძლებელია. ქართველი საზოგადოება არ არის არც რუსული და არც ირანელი საზოგადოებების მსგავსი. საქართველოს ტრანსფერი რადიკალურ ანტიდასავლურობაში შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილმა რაც შეიძლება დღეს გააკეთოს, ის არის, რომ სასწრაფოდ გადატვირთოს ურთიერთობა დასავლეთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ თბილისში არჩევნების წაგებას ვერანაირი რეგიონებით ვერ გადაფარავს”, - განმარტავს მირიან მირიანაშვილი.
“ვერც რეპრესიების ისეთ სისტემას ააწყობს, რომ თბილისის მოსახლეობის დაშინება შეძლოს. შესაბამისად, ერთი წელი აქვს ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე რევოლუციური კატაკლიზმების მსხვერპლად არ იქცეს. მე ამ არჩევნებს პრელუდიად მივიჩნევდი, უმნიშვნელოვანესი იქნება მომავალი თვითმმართველობის არჩევნები. თუ “ქართული ოცნება” თბილისში დამარცხდება, ეს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მომენტალურად ჩამოშლის”, - დასძენს მირიანაშვილიდა შეკითხვაზე - “როგორც 27 ოქტომბრის საღამოს გახდა ცნობილი, პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა”, - პასუხობს:
“მე ველოდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებას გააკეთებდა.... არჩევნების მეორე დღე ისე დაღამდა, “ოცნებისთვის” გამარჯვება უნგრეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გარდა, არავის მიულოცია, არც თურქეთს და არ სხვა რომელიმე მსხვილ მოთამაშეს, რადგან ისინი ელოდებიან აშშ-ის პოლიტელიტის პოზიციას, ყველა ელის აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელიც ძალიან იგვიანებს... არ მახსოვს ერთი არჩევნებიც კი, რომელზეც ამერიკის საელჩოს მომენტალურად არ გაეკეთებინა განცხადება და შეფასებები. ახლა კი აშშ-მა აიღო ერთგვარი ოპერატიული პაუზა. შესაძლოა იმის გამოც, რომ აკვირდებიან, რა რეაქცია ექნება ქართველ ხალხს... უმნიშვნელოვანესია აშშ-ისგან ლეგიტიმაციის მიღება. მოსაზრება - “თუ უარი გვითხრეს, არა უშავს, რაღაც პერიოდის მერე დაგვთანხმდებიანო” - არის აბსურდი. თუ მათ ეს არჩევნები საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით შეაფასეს უკანონოდ, მისი შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტიც არ იარსებებს. ყველა მიიჩნევს ჩვენს ხელისუფლებას, როგორც ძალაუფლების მიმტაცებელს, მოერიდება მასთან ურთიერთობას. საგარეო საფრთხეებიდან გამომდინარე, როგორ უნდა იარსებოს ამ რეჟიმში საქართველოს ხელისუფლებამ?! თუ პროცესები ასე დრამატულად წარიმართა, ჩვენ ძალიან მძიმე პროცესები გველის...”
ირაკლი მელაშვილი - “არც ერთ ანგარიშში არ არის შესული, რომ ეს საფრთხე არსებობდა. არავინ აღმოჩნდა მზად ამ გაყალბებას წინ აღსდგომოდა...”
“ფაქტია, ხელისუფლებით უკმაყოფილება არსად გამქრალა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ნათელი იყო, რომ ოპოზიციას ამ შემადგენლობითა და შეთავაზებებით არ შეეძლო ოპოზიციურად განწყობილი ხმების მობილიზება - ანუ ბევრად მეტია ის მოქალაქე, ვისაც არ მოსწონთ ხელისუფლება, მაგრამ ამაზე ბევრად ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც მზად არის ოპოზიციის ამ შემადგენლობას მისცეს ხმა. რაც არ უნდა გაყალბებაზე ვილაპარაკოთ, ოპოზიციის ხმები ურნებიდან ხომ არავის ამოუყრია? სადღაც 850 ათასი ხმა აქვს ოპოზიციას ჯამში მიღებული, მეორე ადგილზე გასულ პარტიას 220 ათასი ხმა აქვს, 220 ათასი ხმით კი არჩევნებს ვერ მოიგებ. ოპოზიციის მთავარ პრობლემად ისევ ის არის, რომ ხალხს არა აქვს მისი იმედი, ხალხს არ სჯერა ოპოზიციის ლიდერების. ახლა გვარებზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ არც ერთი სოციოლოგიური კვლევა პიროვნულ რეიტინგებს არ ზომავს. ეჭვი მაქვს, არც ერთ მათგანს მხარდაჭერის ორნიშნა მაჩვენებელი არ ექნებოდა. ასეთ ვითარებაში კი გასაგებია, თუ რატომ ვერ მოიგო ოპოზიციამ”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გაყალბდა თუ არ გაყალბდა?! / “ეს არ იყო სუფთა არჩევნები, მაგრამ...”.
“ამ ხელისუფლების დედაც, მაგრამ ვის მივცე ხმა”, - ეს იყო კითხვა, რომელიც მესმოდა ყველგან. ეს არ ნიშნავს, რომ ეს იყო სუფთა არჩევნები და ხელისუფლებამ წმინდად მოიგო. რა თქმა უნდა, იდეალურად გამოიყენა უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. წლების განმავლობაში ვამბობთ, რომ ვიდრე ქვეყანაში არ იქნება თვითმმართველობა, დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. დღევანდელი სისტემა “ნაცმოძრაობამ” შექმნა 2005 წელს, რათა მუდმივად ხელისუფლებაში ყოფილიყო და ახლა იმავეს იყენებს “ოცნება”. ეს უზარმაზარი ცენტრალიზებული სისტემა, ქვეყნის პირველი პირით დაწყებული და სოფლის რწმუნებულით დამთავრებული, ერთ პარტიაზე რომ მუშაობს, შექმნა იმ ხალხმა, ვინც დღეს ოპოზიციაშია. მთელი წინასაარჩევნო კამპანია ისე გავიდა, არც ერთი პარტია არ დაგვპირებია, რომ ამ ცენტრალიზებულ სისტემას შეცვლიდა. შედეგი კი გვაქვს ის, რაც გვაქვს. ხელისუფლების ხელში ადმინისტრაციული რესურსი ძლიერდება და ძლიერდება, თვითმმართველობა კი სულ უფრო სუსტდება. ეს ურთიერთდაკავშირებული საკითხებია, ოპოზიცია კი ამის გაგებაში არ არის, მათი ლიდერები არც რეაგირებენ ამ ფორმულაზე. სხვათა შორის, არც არასამთავრობო სექტორი...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“ეს მიუთითებს იმ კატასტროფაზე, რომელშიც იმყოფება სამოქალაქო სექტორიც. იმის თქმა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა იმის მსგავსი ან უფრო უარესი ველური ფორმებით, როგორიც თუნდაც 2012 წელს იყო, წარმოუდგენელია და საერთაშორისო დამკვირვებლებიც არ ამბობენ ამას. უბრალოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დახვეწეს. ხალხს სჭირდება იმის იმედი, ამათ რომ გავუშვებ და მეორე მოვა, რაღაც უკეთესობა იქნებაო. ამ უკეთესობის შექმნა, თუნდაც ილუზიის, და ლამაზად შეფუთული დაპირების შექმნა ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო. დიდი შეცდომა იყო, რომ “ლელო” და გახარია არ გაერთიანდნენ. ხალხმა ვერ გაარკვია, სააკაშვილის ორი პარტიაც ცალ-ცალკე რატომ იყო. ხმების ნაწილი დაკარგეს და ჯამში ძალიან ცუდი შედეგი აქვთ. 10% სააკაშვილის პარტიისთვის საერთოდ კატასტროფაა. ამიტომ უნდა დაფიქრდნენ, რატომ მოხდა ასე. რაც შეეხება ლაპარაკს ხმების გაყალბებაზე, როდესაც ელექტრონული არჩევნების პრინციპზე დაიწყო ლაპარაკი და პირველი პრეზენტაცია გააკეთეს, მაშინვე ვთქვი, ეს არ არის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი, ეს არის ამომრჩევლის უბანზე ვერიფიკაციის აპარატი-მეთქი. თუკი საბუთების ბეჭდვა ხელისუფლების ხელშია, მას შეუძლია დაბეჭდოს ეს დოკუმენტები, დაურიგოს მოქალაქეებს, მერე ის ჩამოივლის და მისცემს ხმას. ეს არის ის, რაც 2008 წელს გააკეთა “ნაცმოძრაობამ” საპარლამენტო არჩევნებზე. მაშინ, ფაქტობრივად, ოპოზიცია განადგურდა ასეთი ტიპის კარუსელით”, - განმარტავს ირაკლი მელაშვილი.
“ჩვენი ოპოზიციური ლიდერების და ე.წ. მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ადეკვატურობა აქვს დაკარგული. როდესაც ელაპარაკები რეალურ პრობლემაზე, არავის არაფრის გაგება არ უნდა, თუ მათ მოსაზრებებს არ ემთხვევა. ყველას აქვს განცდა, შენ რა იცი, მე ვიციო. როდესაც პირველივე დღიდან ვყვიროდი, ხალხო, ეს სისტემა არ აზღვევს სხვის მაგივრად ხმის მიცემას-მეთქი, არავინ არაფრად ჩააგდო და დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, უბანზე დამკვირვებლები ხომ იქნებიან, ისინი ნახავენ, ვინ აძლევს ხმას და ის არის თუ არა სურათზეო. ხომ ვნახეთ, რომ ამ თავის დამშვიდებამ არ იმუშავა, რადგან ვინც ეს შეამჩნია, უბნიდან გააგდეს. როდესაც ფაქტი ფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ სისტემას პრობლემა აქვს. ამაზე ხმა არავის არ ამოუღია და მათ შორის მათაც, ვისაც პრეტენზია აქვთ, რომ იციან საარჩევნო საკითხები. არც ერთ ანგარიშში არ არის შესული, რომ ეს საფრთხე არსებობდა. არავინ აღმოჩნდა მზად, რომ ამ გაყალბებას წინ აღსდგომოდა. ამან რამდენი პროცენტი მოუტანა ხელისუფლებას, არ ვიცი. ეს რომ ვიცოდეთ, ამისთვის მასობრივად მზად უნდა ყოფილიყვნენ სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ველზე მუშაობდნენ და მასობრივად უნდა დაეფიქსირებინათ”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“ჯერ არ უნდა გამოაცხადო, გაყალბებულიაო და მერე აღმოჩნდეს, რომ ვერაფერს ამტკიცებ... კი, საერთაშორისო მისიების შეფასებებში საუბარია დარღვევებზე, მაგრამ ჯერ ვერ ამბობენ, რომ გაყალბებულია და საბოლოო შედეგებს ელოდებიან. ველოდებით, რა დარღვევებზეა საუბარი, რა მნიშვნელობის, რამდენად ახდენს გავლენას და ა.შ. არ ვიცით, ამას რამდენად ექნება იმის საფუძველი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა არალეგიტიმურად გამოაცხადონ ეს არჩევნები. ფაქტი ერთია - ამომრჩეველზე იყო ძალიან ძლიერი წნეხი, მაგრამ წნეხს ამომრჩეველი ყოველთვის უმკლავდება ხოლმე, როდესაც ოპოზიცია აძლევს იმედს, რომ ცვლილებებს მოიტანს. რა თქმა უნდა, ეს არ იყო თავისუფალი არჩევნები. თავისუფალი არჩევნები საქართველოში ჩატარდა საზღვარგარეთ, იქ, სადაც არ იყვნენ მაყვალა კოორდინატორები, სოფლის რწმუნებულები, სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი და იქ ქართველმა ხალხმა გამოავლინა თავისუფალი ნება. თავისუფალი არჩევნების პირობებში საქართველოში დაახლოებით ასეთი შედეგი დადგებოდა. ახლა მთავარი ის არის, დამტკიცდეს, რასაც ოპოზიცია ამბობს და, თუკი ვერ დამტკიცდება, მაშინ წინასწარ ყვირილს აზრი არა აქვს. მეტიც, ჩემი აზრით, პროცესებს უარესობისკენ წაიყვანს, უფრო მეტ ნიჰილიზმს გააჩენს”, - მიიჩნევს ირაკლი მელაშვილი
“ფაქტია, ოპოზიციამ ჯამში 850 ათასი ხმა მიიღო, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო. ოპოზიციის ხმები უბნებიდან არავის ამოუყრია და რატომ ვერ მიიღო მეტი, ეს თავად უნდა გააანალიზონ, პასუხი საკუთარ თავში ეძებონ და არა ხელი სხვისკენ გაიშვირონ. ხელისუფლებამ დედაქალაქი წააგო, მართალია, არა ისე, როგორც ოპოზიცია ელოდა, მაგრამ მაინც წააგო, უკმაყოფილება დიდია და დედაქალაქი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ხოლმე პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში, იმიტომ, რომ ეს ცენტრალიზებული სახელმწიფოა. ახლა ვერ ვხედავ იმის შანსს ვერც ერთ მხარეს, რომ რეალურად არიან დიალოგის დაწყებაზე ორიენტირებული. ვერ ვხედავ გზას, რომ ხელისუფლება მზად იქნება შეცვალოს ის, რასაც აქამდე საზოგადოებაზე ზეწოლით, არადემოკრატიული კანონების მიღებით აკეთებდა. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ერთი კაცის ნებაზეა დამოკიდებული - კაცმა არ იცის, რას იზამს. თუმცა, ჩემი აზრით, საერთაშორისო საზოგადოება შეეცდება ხელისუფლებასთან დიალოგს, რათა მიაღებინოს ის გადაწყვეტილებები, რაც ქვეყნის უკუსვლას შეაჩერებს, მაგრამ მათი ცდები რამდენად შედეგიანი იქნება, ვერ გეტყვით. ასე მგონია, საერთაშორისო საზოგადოება არ მოიჭრის გზებს ხელისუფლებასთან დიალოგისთვის”, - დასძენს მელაშვილი.
დათო ზურაბიშვილი - “ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა რეგიონებში არ დაიჯერა, რომ ხელისუფლება იცვლება - ხელისუფლებას 2012-შიც კი უთხრა, შენ მოგცემ ხმასო, მაგრამ მასობრივად “გადააგდო”
“დარწმუნებული ვარ, არჩევნების შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და ის მანიპულაციებისა და ზემოქმედების შედეგად არის მიღებული. მაგრამ რამდენად შეძლებს ოპოზიცია ამის დასაბუთებას? მხოლოდ ლაპარაკი, გაყალბდაო, ფუჭია, ამას დამტკიცება და დოკუმენტურად გამყარება სჭირდება, რაც ძნელია... ოპოზიციამ თბილისი და რუსთავი არც ისე დიდი უპირატესობით მოიგო, მაგრამ მაინც. დიდი უპირატესობით მოიგო დიასპორა, მცირედით დამარცხდა ქუთაისში, ბათუმსა და წალენჯიხაში და დიდი უპირატესობით წააგო მთელ დანარჩენ საქართველოში. შეუძლებელია განწყობებს შორის ასეთი კატასტროფული სხვაობა იყოს და თბილისში სხვა ქართველები ცხოვრობდნენ, რეგიონებში სხვა და საზღვარგარეთ - სულ სხვა. ცხადია, მანიპულაცია და გაყალბება იყო, თუმცა ეს არ არის არჩევნების დღეს კარუსელების ტრიალი, ჩაყრები ან თუნდაც პირადობის მანიპულაციები. ეს ყველაფერი შეიძლება იყო, მაგრამ არა მასობრივად”, - აცხადებს პოლიტოლოგი დათო ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არჩევნების ბედი წყდება არჩევნებამდე ბევრად ადრე” / “მხოლოდ ლაპარაკი, გაყალბდაო, ფუჭია, ამას დამტკიცება სჭირდება”.
“მასობრივი რომ ყოფილიყო, წინასწარ ატყდებოდა ხმაური, ან თუნდაც ხმის მიცემის მიმდინარეობისას. ერთადერთი, შეიძლება ეფექტიანი იყოს ბიულეტენების გაუქმება, თუმცა დასათვლელია, რამდენად არსებითი ზეგავლენა მოახდინა პროცესზე გაუქმებულმა ბიულეტენებმა. არჩევნების ბედი წყდება არჩევნებამდე ბევრად ადრე. ეს მეთოდები არ მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესი მიშვებულია, როგორც იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ან მაშინ, როცა ხალხი მასობრივად ირწმუნებს ცვლილების შესაძლებლობას და ელემენტარულად მოატყუებს და “გადააგდებს” ხელისუფლებას, როგორც იყო 2012 წელს. ეს მეთოდი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული გამოიყენება - ანუ რეალურად ხდება ამომრჩევლის სათითაოდ აღნუსხვა მათი პრეფერენციებით, ვინ ვისი მომხრეა, ვინ ვისი მოწინააღმდეგე და ა.შ. (უბნის ინსპექტორებისა და კოორდინატორების დონეზე), მერე მიდის მუშაობა ამომრჩეველთან, მომხრეების მაქსიმალური მობილიზაცია, მოყოყმანეების თავის მხარეს გადმოქაჩვა, დაშინება, პირდაპირი მოსყიდვა და ა.შ. ეს ახლაც მაქსიმალური მობილიზაციის ხარისხით გაკეთდა. ამასთან ოპოზიციის პროპაგანდამ, რომ ეს არის არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის, რეგიონებში არ იმუშავა. თბილისსა და რუსთავში, ასე თუ ისე, ოპოზიციამ გაიმარჯვა, დანარჩენებში უფრო იმუშავა “ოცნების” “ომი თუ მშვიდობამ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დათო ზურაბიშვილი.
“ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა რეგიონებში არ დაიჯერა, რომ ხელისუფლება იცვლება. თავისი როლი ითამაშა აგრესიულმა პროპაგანდამ და ომით მიყენებულ ტრავმებზე სპეკულირებამ, რაზედაც ოპოზიციას არ ჰქონდა დამაჯერებელი პასუხი. ოპოზიციამ ვერ შეძლო მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოეჩინა სურათი, რომ ეს არის არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის და არა ომსა და მშვიდობას შორის. როგორც ჩანს, ჩვენი საშუალო და უფროსი თაობა დიდწილად მაინც პოსტსაბჭოური საზოგადოებაა. ამ ხალხისთვის “ოცნების” მმართველობა თავისი ბელადით, პატრონ-კლიენტისტური ურთიერთობითა და კორუფციით გაცილებით ბუნებრივია და მნიშვნელოვანი, ვიდრე პოლიტიკური პლურალიზმი და მრავალფეროვნება. გარდა ამისა, წლებია ოპოზიციისგან იძერწება მტრის ხატი, უფროს და საშუალო თაობაში არსებობს შიში, ვაითუ “ნაცები” მობრუნდნენ, მერე არ დაიწყოს რეპრესიები, არ დაიწყოს ომი. ერთ-ერთი ფაქტორი მგონია ისიც, რომ ამ ოთხ წელში მოხდა დიდი მიგრაცია და აქედან დიდი ნაწილი ოპოზიციის ამომრჩეველი რომ იქნებოდა, ცხადია. ეს ხალხი სხვებზეც ხომ მოახდენდა გავლენას - ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე... ემიგრანტების უმრავლესობას არც მიეცა ხმის მიცემის საშუალება. მათ რომ არჩევანის პირობებს არ შეუქმნიდნენ, ეს ხომ უნდა გვცოდნოდა?” - განაგრძობს რესპონდენტი.
“ეს პროცესი არ გულისხმობს იმას, რომ ეს ხალხი მაინცდამაინც “ოცნების” მხარდამჭერია. შეიძლება იმის გამო მოგცეს ხმა, რომ მოქრთამვაზე წავიდეს, დაშინდეს, სოციალური დახმარების წართმევის შეეშინდეს. ამ სქემამ ორჯერ არ იმუშავა - 2012-ში, როცა ხალხმა დაიჯერა, რომ ხელისუფლება იცვლება, ანუ ბიძინა მოდის და იმჟამინდელ ხელისუფლებას კი უთხრა, შენ მოგცემ ხმასო, მაგრამ მასობრივად “გადააგდო”. ახლა ეტყობა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ დაიჯერა (განსაკუთრებით რეგიონებში), რომ ეს ხელისუფლება იცვლება... აქ კიდევ იგულისხმებოდა ხელისუფლების მუქარა, ყველას დავიჭერ, ყველას გავასამართლებო და როგორც ჩანს, ხალხი ცოტა დაშინდა. ამ სქემამ მეორედ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არ იმუშავა, როცა სალომე ზურაბიშვილმა წააგო, რადგან “ოცნებამ” არ იმუშავა სათანადოდ. მაშინ ხელისუფლებამ მიუშვა პროცესი, მაინც მოვიგებთო, და მოდუნებულ “ოცნებაზე” დაჯდა ასეთი შედეგი. სალომეს მეორე ტურში დაახლოებით იგივე შედეგი ჰქონდა, რაც ახლა დაჯდა, ანუ ეს მილიონ ასი ათასი ამომრჩეველი მაქსიმალური რესურსია, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა, ოპოზიციამ ვერ შეძლო ამ რესურსის თავისკენ გადმოქაჩვა”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
“ჩემი აზრით, ხაზარაძე-გახარიას ალიანსი თუ მოხერხდებოდა, ის გამოკვეთილად მეორე ძალა იქნებოდა. სხვათა შორის, დღევანდელი შედეგებითაც მეორე ძალა გამოვიდოდა, ენმ-სგან განსხვავებით, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნებოდა და პოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლიდა. ოპოზიცია თავიდანვე გვარწმუნებდა, ვიგებთო, მერე ეგზიტპოლებით იზეიმეს გამარჯვება. ეს ეგზიტპოლები და სოციოლოგია რომ ძალიან არასანდო გახდა, ყველასთვის ცნობილია, ყველა თავის სასარგებლო პროცენტებს იწერს. ისიც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ოპოზიცია თავიდანვე ერთ ლიდერზე შეთანხმებულიყო, მაგრამ არა ჰყავს ეს ლიდერი, ჩვენი საზოგადოება კი სულ ლიდერს ელოდება... ოპოზიცია დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაზე, რამდენად აღიარებენ ხელისუფლებას - ცნობენ თუ არა მას ლეგიტიმურად. ცნობის შემთხვევაში, ოპოზიცია რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება - ერთი მხრივ, მან ან უნდა აღიაროს შედეგები, ან იმოქმედოს იმის მიხედვით, რა სიტუაცია დადგება. საყოველთაო დაუმორჩილებლობა და ბოიკოტი არა მგონია ეფექტური იყოს, ეს თუ არ იქნა ხალხის დიდი მასის მიერ მხარდაჭერილი. მეორე ვარიანტია, დასავლეთმა ლეგიტიმურად თუ არ აღიარა, ოპოზიციისთვის ესეც მძიმე სიტუაციაა იმიტომ, რომ ხელისუფლება სრული ავტორიტარიზმისკენ წავა”, - დაასკვნის დათო ზურაბიშვილი.
“ბიძინაზე სანქციები თუ დაწესდა, ვიზალიბერალიზაცია თუ ჩამოგვართვეს, ეკონომიკური დახმარება თუ შეგვიწყვიტეს, ეს მძიმედ აისახება მოსახლეობაზე, ხელისუფლება რუსეთთან მეტად დაახლოების გზით მეტი ავტორიტარიზმისკენ წავა და შესაძლოა აქ საერთოდ აზრი დაკარგოს არჩევნებმა და სხვა ეპოქაში გადავიდეთ, მაგალითად, როცა დისიდენტობა იყო, სახალხო ფრონტები და ა.შ. დასავლეთთან რაღაცნაირად მაინც თუ შენარჩუნდება “ოცნების” ურთიერთობები, მაშინ ოპოზიციის მდგომარეობა დამძიმდება, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის რაღაც საშუალებები მაინც იქნება. მოსახლეობის დიდ ნაწილს სიახლე სჭირდება, ის არ ენდობა ამ პარტიებს და პოლიტიკური სპექტრის გადატვირთვა, გადახალისება სჭირდება. “ნაცმოძრაობას” პლუს მათგან გამოყოფილ გვარამია-მელიას, ამ არჩევნებში ჯამში აქვთ 400 000-ზე ცოტა მეტი ხმა. ეს ციფრი, როგორც მინიმუმ, ყველა არჩევნებში ფიგურირებს, რაც კი აქამდე ჩატარებულა. რაც შეეხება დანარჩენ ამომრჩეველს, მათ ალტერნატიულ დღის წესრიგზე უნდა იფიქრონ იმ შემთხვევაში, თუ ჰიბრიდული რეჟიმის ფარგლებში დავრჩებით და, ასე თუ ისე, დასავლეთს აქ რაღაც ბერკეტები ექნება”, - ამბობს რესპონდენტი.
“ჩვენ თუ სრულ იზოლაციაში აღმოვჩნდით, მაშინ ყველა გავნაცდებით, ან გავქოცდებით, ალბათ. თუ ხელისუფლება მაგალითად, გააუქმებს ან გაიწვევს რუსულ კანონს, დასავლეთისთვის მისაღები რამდენიმე ასეთი ნაბიჯი თუ გადადგა, არ გამოვრიცხავ, ლეგიტიმაცია არ დადგეს ეჭვქვეშ. თუ ძველებურ კურსს გააგრძელებს, დიდი ალბათობით, ოდირი არ აღიარებს მის ლეგიტიმაციას. ეუთო/ოდირს არც ევალება მეორე დღესვე კატეგორიული დასკვნა დადოს, მაგრამ ეს პოლიტიკაა და დასავლეთი ყოველთვის მიდის კომპრომისზე იქით, სადაც რეალურ ძალას ხედავს. ბევრი რამაა დამოკიდებული მომდევნო დღეებზე, იმაზე, რას იზამენ ხელისუფლება, ოპოზიცია, დასავლეთი... ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას არ ვურჩევდი მსგავს ისტერიკებს, როგორიც 2020-ში გამართეს - დასავლეთს ვინ ჰკითხავსო და მსგავსი რამ. გვახსოვს, რა გამოვიდა აქედან. ოპოზიციისთვის დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანი მგონია, დასავლეთთან სინქრონულად იმოქმედოს და არ დარჩეს მარტო გამარჯვებით გულმოცემული ხელისუფლების პირისპირ. ასევე, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად შეძლებს ოპოზიცია დაამტკიცოს არჩევნების გაყალბება, რაც, ვფიქრობ, დასავლეთის პოზიციასაც გარკვეულწილად განსაზღვრავს. თუ ბოიკოტია, სერიოზულად დაიწყონ ბრძოლა, თუ არადა, იფიქრონ იმაზე, რომ თუ იზოლაციაში ვექცევით, მაშინ ყველაფერი და არჩევნებიც აზრს კარგავს და სხვანაირი ტიპის მოქმედებაზე ვართ გადასასვლელი”, - დასძენს დათო ზურაბიშვილი.