ვალერი ჩეჩელაშვილი - მოვლენების ძალიან ცუდ ჯაჭვამდე მივდივართ - თუკი არჩევნები არასამართლიანად ჩაითვალა, მას არ ცნობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და გლობალური მოთამაშეები, გადავალთ რეჟიმში, როგორშიც ბელარუსი გადავიდა

პოლიტოლოგ ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, თუკი ხელისუფლებამ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვებს დასაბუთებული პასუხი ვერ გასცა, არ არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან არჩევნები არ ჩაითვალოს როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებზე საუბრისას განაცხადა, შედეგები ერთმანეთთან „მათემატიკურადაც ვერ ლაგდება“.

„საბოლოო შეფასებები ჯერ არ მოგვისმენია, მაგრამ შუალედური შეფასებები, რაც არის მთელი რიგი ქვეყნებიდან და ინსტიტუტებიდან, არჩევნები შეფასებულია, როგორც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე უარეს არჩევნებად. ჩვენ ასეთი ხისტი და მკაფიო შეფასებები ჯერ არ მოგვისმენია. ეს გასაგებია, რადგან არჩევნების შედეგები მათემატიკურადაც ვერ ლაგდება ერთმანეთთან. ეს არის პირველი კლასის მათემატიკა, სადაც გამოკლება და მიმატებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე ყველაფერი არ არის ჯეროვნად ორგანიზებული, განსაკუთრებით, რეგიონებში. დიდ ქალაქებშიც არის ბევრი კითხვები. კითხვები გააჩნია ახალმა ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა.

თუკი მთავრობამ კითხვებს პასუხი ვერ გასცა და ვერ მოვისმენთ დასაბუთებულ პასუხებს, მაშინ მივიღებთ კიდევ უფრო ხისტ შეფასებებს, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ საბოლოოდ ეს არჩევნები არ ჩაითვალოს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

მოვლენების ძალიან ცუდ ჯაჭვამდე მივდივართ. თუკი არჩევნები არასამართლიანად ჩაითვალა, მაშინ ამ არჩევნებს არ ცნობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და მთავარი გლობალური მოთამაშეები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთ რეჟიმში გადავალთ, რომელშიც ბელორუსია გადავიდა, მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ამოატრიალა, სადაც 30%-ის ნაცვლად 70%-ი დაიწერა“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

როგორც პოლიტოლოგმა განაცხადა, იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან და აშშ-სთან თანამშრომლობა შეინარჩუნოს, არის არჩევნების გამოძიება.

„როგორც ვხდები, „ქართულ ოცნებას“ ასეთი ფილოსოფია აქვს: ჩვენ ამას ახლა როგორმე გადავაგორებთ, შესაბამისად, შემდეგ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან და აშშ-სთან. ეს არის ილუზია, ეს ასე არ დამთავრდება. ერთადერთი შანსი, რომ ეს ურთიერთობები შევინარჩუნოთ არის გამოძიება, რის შედეგადაც არგუმენტირებული დასკვნები დაიდება და ამ დასკვნებს გადაწყვეტილებები მოჰყვება. ამ შემთხვევაში დაგვრჩება პერსპექტივა იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებს შევინარჩუნებთ“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ჩეჩელაშვილის შეფასებით, ოპოზიციის განცხადება, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას ხელს არ შეუწყობენ, არ იქნება საკმარისი თუკი ოპოზიციამ თავისი კონცეპტუალურ მიდგომას არ გაამყარებს კონკრეტული ქმედებებით.

„ახლა მთავარი ტვირთი ელის პოლიტიკურ პარტიებს, პირველ რიგში, იმ ოთხ პარტიას რომლებიც, „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციის აღიარებით მოხვდნენ პარლამენტში. ზოგადი შეფასება იმისა, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ შევუწყობთ ხელს, მესმის რომ ეს არის უკიდურესი ზომა, მაგრამ პარტიებს არ დარჩებათ სხვა შესაძლებლობა თუკი გამოძიების მოთხოვნასთან დაკავშირებით მივიღებთ ისეთ ზედაპირულ პასუხებს, როგორიც გვესმის მმართველი პარტიისგან. ოპოზიციამ თავისი კონცეპტუალური მიდგომა უნდა გაამყაროს კონკრეტული ქმედებებით. ამას ელის საზოგადოება“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა