ირაკლი ქარქაშაძე - საქართველო სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარია და გვაქვს ამბიცია, რომ ამ მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გავხდეთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ჩრდილოეთ ამერიკისა და ცენტრალური ევროპის აეროპორტების თემატიკისადმი მიძღვნილ რიგით 28-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძემ, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო, რეგიონული აეროპორტების განვითარებაზე, აეროდრომებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ მართვაზე ისაუბრა. ასევე, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს აეროპორტებში ბოლო პერიოდში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეები გააცნო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და თბილისის ახალი აეროპორტის შესახებ ისაუბრა, რომლის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება 2029 წელს იგეგმება.

,,საქართველო სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარია და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ამ მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გავხდეთ. ჩვენს აეროპორტებში თითქმის ყველა წამყვანი ევროპული ავიაკომპანიაა წარმოდგენილი, რომელთა საშუალებითაც, ჩვენ წლის ბოლომდე აეროპორტებში რეკორდულ რაოდენობას - 7 მლნ-მდე მგზავრს ველოდებით. ჩვენი გეგმაა, რომ თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სამომავლოდ, გახდეს რეგიონული საავიაციო ჰაბი და იყოს კონკურენტუნარიანი ტრანზიტული მგზავრების მიმართულებითაც.

ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია აეროპორტების უსაფრთხოების კუთხით და რეგიონში დღეს ჩვენ საავიაციო უშიშროების მიმართულებით ლიდერები ვართ და ეს ICAO-ს აუდიტმაც აღიარა. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს აეროპორტებში ამ მიმართულებით გატარებული ჩვენი პოლიტიკა - სწორია.

მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ქვეყნის სიდიდით მეორე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების კუთხითაც. სადაც დავიწყეთ ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. რაც საშუალებას მოგვცემს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მივიღოთ და მოვემსახუროთ. განვითარებისთვის და გაფართოებისთვის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენს აეროპორტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე კოლაბორაცია უფრო მსხვილ საერთაშორისო აეროპორტებთან და სიახლეებისა და ახალი იდეების გაცვლა ამ მიმართულებით“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მათივე ინფორმაციით, ათენში გამართულ სამდღიან კონფერენციაში შეერთებული შტატებიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აეროპორტების ხელმძღვანელები და ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. ყოველწლიური კონფერენცია ათენის საერთაშორისო აეროპორტის მიერ იყო ორგანიზებული. ირაკლი ქარქაშაძემ მონაწილეობა კონფერენციის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაშიც მიიღო.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია