ფოთის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ფოთის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთმანეთს ოპოზიციონერი და „ ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის დარეჯან ცხვიტარიას თქმით, მას სხდომის დაწყების დროს, ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება უნდოდა, თუმცა ამის საშუალება მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა და სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

ცხვიტარიას თქმით, „ხალხის ხმას ხელისუფლებას არავინ შეარჩენს“.

„საკრებულოს სხდომიდან გამომაგდეს, განცხადების გაკეთება მინდოდა და არ მომცეს ამის საშუალება. ამათ „გაუპრავეს“ რუსეთს, სპეცოპერაცია ჩაუტარეს ქართველ ხალხს, იმდენად დაამცირეს, იმდენად დააბეჩავეს ხალხი, რომ 300 ლარში და 500 ლარში ხმები იყიდეს. ამის თქმა მინდოდა საკრებულოს სხდომაზე. ამას არავინ შეარჩენს, ხალხის ხმას არავინ შეარჩენს ამ ხელისუფლებას. ამათთვის სამშობლო და ხატი არის ბიძინა, სახატე ბიძინას მილიონები და თავიანთი სკამები. უკვე იზოლაციაში იმყოფება საქართველო, ერთადერთი ორბანი ჩამოვიდა საქართველოში და ერთადერთი მან ცნო ბიძინას გაყალბებული არჩევნები. მთელი მსოფლიო უპირისპირდება ბიძინას და ხალხი რეაგირებას გააკეთებს ამაზე, ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე", - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

თავის მხრივ, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას რეალობასთან შეგუება უჭირს, რის გამოც მსგავს ქმედებაზე გადადის.

,დღეს იმართებოდა საკრებულოს გეგმური სხდომა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლილმა ორმა დანაყოფმა, სხდომაზე შემოსვლისთანავე დაიწყო უმრავლესობის დეპუტატების პირადი შეურაცხყოფა. მათ უჭირთ მწარე რეალობასთან შეგუება და სახე აქვთ დაკარგული. საკრებულოს თავმჯდომარემ მოუწოდა სიჩუმისკენ, მიუხედავად ამისა ისინი არ დაემორჩილნენ და საკრებულოს თავმჯდომარემ მათ უთხრა, რომ გაძევებული იქნებოდნენ დარბაზიდან. ამ ყველაფერმა გამოიწვია ხმაური. „ნაცმოძრაობის“ არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დაესწრო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას და დატოვეს სხდომათა დარბაზი. ეს მათი სახეა, არჩევნებში წაგებამდეც ხშირ შემთხვევაში ასე მოქმედებდნენ, კომისიის მუშაობას ზოგჯერ არც ესწრებოდნენ, საკრებულოს სხდომებს ხშირად აცდენდნენ. მათი მთავარი დღის წესრიგია, პიარი გასწიონ ამომრჩევლების წინაშე, რომლებიც დაფუძნებული არის მხოლოდ ცრუ მოტივებზე და ცრუ საკითხებზე",- განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ზაალ კვინჩიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში