კახა კალაძე ISFED-ზე - ეს ორგანიზაცია ჩვეულებრივ გამყალბებლები არიან - ახლა კეთილი უნდა ინებონ და წარუდგინონ საზოგადოებას, ის პარალელური დათვლები, რომელიც ჩატარდა

ეს ორგანიზაცია [ISFED-ი] ჩვეულებრივ გამყალბებლები არიან - ახლა კეთილი უნდა ინებონ და წარუდგინონ საზოგადოებას, ის პარალელური დათვლები, რომელიც ჩატარდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციას მოუწოდებს, რომ პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნონ.

„ეს ორგანიზაცია [ISFED-ი] ჩვეულებრივ გამყალბებლები არიან. ჩვენ გვახსოვს, როცა 2020 წელს მათ გააყალბეს პარალელური დათვლები და ამით სურდათ ქვეყანაში რევოლუციის და გადატრიალების მოწყობა. ახლა კეთილი უნდა ინებონ და წარუდგინონ საზოგადოებას, ის პარალელური დათვლები, რომელიც ჩატარდა. კი, დოლიძე გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები მათ პარალელურ დათვლებს, მაგრამ მხოლოდ ეს განცხადება არ ჰყოფნის. კეთილი ინებონ, გამოვიდნენ და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია პარალელური დათვლებთან დაკავშირებით. მინდა პირადად ნინო დოლიძეს მადლობა ვუთხრა, იმ კორექტული განცხადებების გამო, რაც მან დათვლებთან დაკავშირებით გააკეთა“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის მტკიცებით, საქართველოში 26 ოქტომბერს, რომ არჩევნები ჩატარდა მსგავსი „ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არ და ვერ ტარდება“.

„მათ არ უნდათ, რომ ხალხს სიმართლე უთხრან. დღეს კამპანია მიდის შიდა წვრილფეხა რადიკალების ჩართულობით, ასევე, გარედან სიცრუის კამპანია და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს არჩევნები დარღვევის ფონზე ჩატარდა. რა დარღვევების ფონზე ჩატარდა?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი არჩევნები ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არ და ვერ ტარდება, ისეთი არჩევნები ჩატარდა. საერთოდ კითხვის ნიშანი არ არსებობს. გავიხსენოთ მათი განცხადებები აპარატურასთან დაკავშირებით - რა განცხადებებს, მოწოდებებს აკეთებდნენ.

ასევე, მათ გამარჯვება იზეიმეს და თურმე მას მერე, რომ გაიგეს დამარცხდნენ და ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა შესაბამისი ადგილი, რასაც იმსახურებენ, ამის მერე თურმე არჩევნები ყოფილა გაყალბებული. ყველაზე მტკივნეული და უბედურება არის ის, რომ ამას ხელს უწყობს დასავლეთიდან კონკრეტული ადამიანები, რაც ძალიან მძიმეა“, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს