ვახუშტი მენაბდე - არჩევნების დღეს გავიგეთ, რომ ფარულობის დარღვევის მუქარა რეალური იყო - პასპორტების, პირადობების პრობლემისა და სხვა მეთოდების დამტკიცების გარეშეც გასაგებია, რომ არჩევნები არაკონსტიტუციურია

აღმოჩნდა, რომ როდესაც წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ადამიანებზე მოსყიდვით, გადმობირებით თუ დაშინებით მანიპულირებდა, მათ სწორედ ფარულობის დარღვევით აშანტაჟებდა - არჩევნების დღეს გავიგეთ, რომ ფარულობის დარღვევის მუქარა რეალური იყო! პასპორტების, პირადობების პრობლემისა და სხვა მეთოდების დამტკიცების გარეშეც გასაგებია, რომ არჩევნები არაკონსტიტუციურია! - ამის თაობაზე სოციალურ ქსელში, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე წერს.

მენაბდის შეფასებით, სწორედ ამ უკანასკნელმა ფაქტორმა 26 ოქტომბრის არჩევნების კანონიერების შესახებ მსჯელობას საბოლოო წერტილი დაუსვა და ის არალეგიტიმურად აქცია.

მენაბდის აზრით, “ფარულობის დარღვევის ნაბიჯით, ხელისუფლებამ მოფარებულ ადგილას ჩატარებული მანიპულაციიდან ზღვარი გადალახა“ და ადგილი აქვს ღია დარღვევას, სადაც ყველაფერი დღესავით ნათელია.

“როგორ მოხდა ისე, რომ ცესკოს შედეგების მიხედვით “ქართულმა ოცნებამ” 1 119 908 ხმა და შედეგად 89 მანდატი მიიღო? დღეს ეს ცენტრალური კითხვაა, რომელზე პასუხიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის საარჩევნო ნაწილის ფუნქციონირების ლოგიკას ხსნის - გვანახებს, როგორი ჩამპალი და გარყვნილია ის და რომ ასეთი გამარჯვება უზურპაციაა.

დღეს კონცენტრაცია კენჭისყრის დღეზეა, მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო და არჩევნების ბედი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გადაწყდა. მანიპულაციების ჯაჭვმა კენჭისყრის დღეს რომ გაგრძელდა და დღემდე არ დასრულებულა, “ოცნების” ყალბი გამარჯვება გახადა შესაძლებელი.

ამაზე შეიძლება გვითხრან, თუ ყველაფერი არჩევნებამდე იყო გადაწყვეტილი, მაშინ საერთოდ რატომ მიეცით ხმა? ოპოზიციამ რატომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში? თუ მართლა ასე ფიქრობდით აქამდე, გეთქვათ, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, ეს არჩევნები წინასწარ მანიპულირებული და სანამ პრობლემები არ გამოსწორდება იქამდე ის ლეგიტიმური არ იქნებაო. ახლა რომ წააგეთ მაგიტომ გინდათ მაგიდის აყირავება - ესაა ”ოცნების” მთავარი არგუმენტი.

ამ არგუმენტს პასუხი სჭირდება და ეს პასუხი ასეთია: - არჩევნების დღეს გამოვლენილმა დარღვევებმა დაგვანახა, რომ მანიპულაციის ყველა ის მეთოდი, რომელსაც იყენებდით ეფექტიანი იყო, ხოლო ყველა დაზღვევა, რომელიც ვითომ კანონში ჩაწერეთ ან ცესკომ შეიმუშავა - ფარსი. ეს არჩევნების დღეს გახდა ცხადი.

არჩევნების დღეს გავიგეთ რომ იყენებდით მეთოდს, რომელსაც ვერაფრით დავაზღვევდით, რომ ყველა ჩვენი მცდელობა წინ აღვდგომოდით თქვენს მანიპულაციას, უსარგებლო იყო. ეს ცხადი ელექტრონული ხმის მიცემის წესის ფარულობის დარღვევამ გახადა და საია ძალიან სწორად იქცევა, როდესაც ყველა იმ უბანს (ხმების 90%) ასაჩივრებს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა.

მთელი ეს პერიოდი, ცესკო და ხელისუფლება საჯაროდ გვარწმუნებდა, რომ ვერავინ გაიგებდა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ჩვენ იგივეს ვაკეთებდით ამომრჩევლებთან შეხვედრისას და ვამტკიცებდით, რომ შეუძლებელია ვინმემ მოქალაქის არჩევანი გაიგოს. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილია და სურვილის შემთხვევაში, ყველა საინტერესო ხმის აღრიცხვა შეიძლება. ეს ცხადია ხელისუფლებამ იცოდა და როცა ადამიანების არჩევანით მანიპულირებდა წინასაარჩევნოდ მოსყიდვით, გადმობირებით თუ დაშინებით სწორედ ფარულობის დარღვევით აშანტაჟებდა მათ. ეუბნებოდა, რომ მისი ხმა ფარული არ არის და თუ გაბედავს და ოპოზიციას მისცემს ხმას, ეს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდება. არჩევნების დღეს გავიგეთ, რომ ეს მუქარა რეალური იყო.

სწორედ ამ უკანასკნელმა ფაქტორმა საბოლოო წერტილი დაუსვა ამ არჩევნების კანონიერების შესახებ მსჯელობას და ის არალეგიტიმურად აქცია. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ არჩევნები ფარული არ იყო, ყველა ის მეთოდი, ინსტრუმენტი, გზა თუ საშუალება, რომელიც აქამდე მხოლოდ გამკლავებად ან ნახევრად ეფექტურ მანიპულაციად აღიქმებოდა, რეალურ მუქარად, არჩევნების გაყალბების თვალნათელ მტკიცებულებად იქცა.

ფარულობა ზოგადადაც არჩევნების გადამწყვეტი პრინციპია, მაგრამ ჩვენთვის ცნობილ მანიპულაციებთან კორელაციაში, ის ფარდას ხდის არჩევნების გაყალბების ისტორიის მთავარ ღერძს და სრულიად აქრობს ყველა კითხვის ნიშანს.

თუმცა ერთში კი მართალია “ქართული ოცნება“, როცა კითხულობს ასეთ არჩევნებში რატომ მიიღეთ მონაწილეობაო. ამ ქვეყანაში აღარ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელიც მანიპულაციის იმ მეთოდებს დასაშვებად მიიჩნევს და ეგუება, რომელსაც ქვემოთ ჩამოვთვლი.

ყველაფერი იწყება მაშინ, როცა არჩევნებში გამარჯვებული პარტია საჯარო სამსახურის საკუთარი მომხრეებით დაკომპლექტებას იწყებს. ამით ბიუროკრატია რომელიც ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს, დიდწილად პარტიის მსახური ხდება. და ეს არ არის მხოლოდ არჩევნების დღეს ხელისუფლების სასარგებლოდ ხმის მიცემა. ეს მოიცავს სოციალურ მედიაში თუ რეალურ სივრცეში მუდმივ პროსახელისუფლებო პროპაგანდას, რაც მოიცავს ამ ხალხის ოჯახის წევრების იძულებას მხარი დაუჭირონ მმართველ ძალას, პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას და რაც ყველაზე მთავარია მათ მიერ საჯარო სამსახურში ყოფნისას პარტიის სასარგებლოდ მიღებულ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს და ამით მისთვის უპირატესობის მინიჭებას.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საჯარო სამსახურშია დასაქმებული, მაგრამ ხელისუფლების მხარდამჭერი არაა ასეთ ხალხს პროფესიონალიზმის გამო ვერ უშვებენ, მაგრამ დიდი ნაწილი ზეწოლის ქვეშ ჰყავთ, რომ გააკეთებინონ იგივე, რაც პირველ კატეგორიას. რა თქმა უნდა, არის ისეთებიც, ვისაც ამას ვერ უბედავენ, ისეთებიც ვინც ამას არ ექვემდებარება მაგრამ ეს მცირე ნაწილია.

საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვი 300 000-ს აღწევს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ოჯახის წევრებიც ჰყავთ.

მეორე მეთოდია სოციალური დახმარების მიმღებ პირთა დაშინება, რომ ამ ბენეფიტის გარეშე დატოვებენ. ან პირიქით იმ ადამიანების ჩასმა პროგრამაში ვისაც აქამდე უარს ეუბნებოდნენ. დღეს დახმარებას 450 000 ადამიანი იღებს.

მესამე მეთოდია კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან ვაჭრობა. ვისაც სისხლის სამართლის საქმე აქვთ, მათი სასჯელების შერბილება, ვისაც ადმინისტრაციული, იმათი სხვადასხვა მეთოდებით გადმობირება, მაგალითად მართვის მოწმობის “შეწყალება”. კრიმინალურ წრეებს კამპანიაშიც რთავენ და ამ კუთხითაც იყენებენ.

მეოთხეა სხვადასხვა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით მოსყიდვა. ვიღაცას მშენებლობის ნებართვას მისცემენ, ვიღაცას ერთჯერად დახმარებას გამოუყოფენ, ვიღაცას რაღაცას დაუფინანსებენ და სხვა წვრილ-წვრილი მეთოდები.

მეხუთე მეთოდია უშუალოდ თანხის გადაცემა ხმის სანაცვლოდ.

ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი, ამას ემატება საარჩევნო ადმინისტრაციის და სასამართლოს მიკერძოება, სადაც თუ რამე ხელისუფლებას გაეპარა და გამოიჭირეს, ქოთანს საიდანაც უნდა იქიდან მოაბამენ ყურს და საჩივარი უსაფუძვლო აღმოჩნდება, “ოცნება“ კი უმწიკვლო.

საბოლოოდ, ამ ყველაფრის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ხელისუფლებამ მოახერხა და არჩევნებში “გაიმარჯვა”, მაგრამ ამისთვის დასჭირდა რაღაც ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რასაც აქამდე ვერ ბედავდა. ეს ნაბიჯი ფარულობის დარღვევა იყო და სწორედ ამ ნაბიჯით გადალახა მან ზღვარი მოფარებულ ადგილას ჩატარებული მანიპულაციიდან, რაც ძნელად ამოიცნობა, ღია დარღვევაში, სადაც უკვე ყველაფერი დღესავით ნათელია.

ამ პოსტში განზრახ არ ვსაუბრობ პასპორტების და პირადობების პრობლემაზე და სხვა მეთოდებზე - მათი დამტკიცების გარეშეც გასაგებია, რომ არჩევნები არაკონსტიტუციურია“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში