მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშზე - აღნიშნული ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან

დღეს გამოქვეყნებული ანგარიშით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსით პირველად ფასდება საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან, სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობა და ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის შესრულება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, „საგულისხმოა, რომ აღნიშნული ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან“.

მაკა ბოჭორიშვილმა ანგარიშში მოყვანილ პოზიტიურ შეფასებებზე გაამახვილა ყურადღება.

„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხარისხი წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების უმნიშვნელოვანეს საფუძველს, რომლის გარეშეც ევროკავშირში წევრობა შეუძლებელია და წარმოუდგენელი. ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული პროგრესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, საჯარო ფინანსების მართვა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სტატისტიკა, სოციალური პოლიტიკა, დასაქმება და შრომითი უფლებების დაცვა, ასევე სამეწარმეო და ინდუსტრიული პოლიტიკა და მცირე და საშუალო საწარმოთა (SME) მხარდაჭერის პოლიტიკა.

აღსანიშნავია ასევე პოზიტიური შეფასება ისეთი მიმართულებით როგორიცაა ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, მაგალითად, სურსათის უვნებლობა, საბაჟო კონტროლი, საჯარო შესყიდვები, საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება და კონკურენციის პოლიტიკა. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან, რათა საქართველოს ტერიტორიის და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება არ მომხდარიყო ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, ანგარიშზე საუბრისას ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სფეროებში ანგარიშში გვხვდება „კრიტიკული შეფასებები, რაც უცხო არ არის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის, საერთო მზაობის დონის განმსაზღვრელ მაჩვენებლებში“ საქართველოს უკუსვლა არ აქვს.

მისივე თქმით, „იმ გამოწვევების მიუხედავად, რასთან გამკლავება საქართველოს ხელისუფლებას უწევდა მიმდინარე წლის განმავლობაში, ის წინსვლა, რაც ანგარიშში არის დაფიქსირებული ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია“.

ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ყურადღებით გაეცნობიან რეკომენდაციებს და გაითვალისწინებენ ევროკავშირთან ასოცირების სამოქმედო გეგმის შემდგომი შესრულების პროცესში.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირთან დაახლოების უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს და შეიქმნება მტკიცე საფუძველი იმისთვის, რომ 2030 წელს კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მზად საქართველო იყოს ევროკავშირში წევრობისთვის.

„ანგარიში შეფასებებთან ერთად მოიცავს რეკომენდაციებს 35-ვე სფეროში. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით თითოეულ რეკომენდაციას, გავაკეთებთ მათ ღრმა ანალიზს და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ევროკავშირთან ასოცირების სამოქმედო გეგმის შემდგომი შესრულების პროცესში. უკვე მიღწეული პროგრესის და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ 2028 წლისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი ჰქონდეს შესრულებული. ამით საქართველო ევროკავშირთან დაახლოების უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს და შეიქმნება მტკიცე საფუძველი იმისთვის, რომ 2030 წელს კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მზად საქართველო იყოს ევროკავშირში წევრობისთვის. საქართველო ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი მიმართულებით იქცა რეგიონში მოწინავე ქვეყნად, სწორედ იმ წარმატებული რეფორმების საფუძველზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშია გატარებული. ამას ადასტურებს სხვადასხვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები და რეიტინგები“,-აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის განვითარებისთვის და ღირსეული ევროპული მომავლისთვის.

„ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გამოცხადებული ნდობის და მოპოვებული მტკიცე მანდატის საფუძველზე დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლას და ღირსეული ევროპული მომავლისკენ ქვეყნის წაყვანას. იმისთვის, რომ საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ არ შეფერხდეს, პროცესი უნდა წარიმართოს დიალოგის ფორმატში. მოველით, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება საკმარისი ღიაობა იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესის და მისწრაფებების გათვალისწინებით, ერთად მუშაობით და თანამშრომლობით შევძლოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით გაგრძელება და კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევა უახლოეს მომავალში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს