აზიის განვითარების ბანკი - კლიმატის ცვლილებას შეუძლია განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მშპ 2070 წლისათვის 17%-ით შეამციროს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი კვლევის მიხედვით კლიმატის ცვლილების გავლენას შეუძლია განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2070 წლისათვის 17%-ით შეამციროს, იმ მაქსიმალისტური სცენარის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, სათბური აირების გამოყოფა 2100 წლისათვის 41%-ს მიაღწევს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. ამასთან, განმარტავენ, რომ ზღვის დონის მატება და შემცირებული სამუშაო პროდუქტიულობა დიდ დანაკარგებს გამოიწვევს, რითაც ყველაზე მეტად დაბალი შემოსავლის მქონე და მყიფე ეკონომიკები დაზარალდებიან. ახალი კვლევა, რომელიც ADB-ის პირველ, აზიისა და წყნარი ოკეანის კლიმატის ანგარიშშია წარმოდგენილი, დეტალურად აღწერს იმ დამაზიანებელ მოვლენებს, რომელთა წინააღმდეგ რეგიონს სამომავლოდ გამკლავება მოუწევს. თუ კლიმატის კრიზისი განაგრძობს გამწვავებას, რეგიონში 300 მილიონამდე ადამიანს დაემუქრება წყალდიდობის საფრთხე და 2070 წლამდე ყოველწლიურად ტრილიონობით დოლარის ღირებულების სანაპირო ინფრასტრუქტურა დაზიანდება.

„კლიმატის ცვლილებამ რეგიონში გააძლიერა გამანადგურებელი სტიქიური მოვლენები ტროპიკული შტორმების, სითბური ტალღებისა და წყალდიდობების სახით, რამაც წვლილი შეიტანა უპრეცედენტო ეკონომიკურ გამოწვევებსა და ადამიანების ტანჯვაში”, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

„ვიდრე მეტისმეტად დავაგვიანებთ, სწრაფი, კარგად კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ამ შედეგების აღმოსაფხვრელად. წინამდებარე ანგარიში გვთავაზობს ადაპტაციის გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსების გზებსა და იმედისმომცემ რეკომენდაციებს ჩვენი განვითარებადი წევრი ქვეყნების მთავრობებისთვის სათბური აირების გამოყოფის იაფად შესამცირებლად“,- აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშში ნაჩვენებია, რომ რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი კლიმატის ქმედებას მხარს უჭერს.

„მიმდინარე წელს ADB-ის კლიმატის ცვლილების აღქმის კვლევამ აჩვენა, რომ 14 რეგიონულ ეკონომიკაში გამოკითხული რესპონდენტების 91% გლობალურ დათბობას სერიოზულ პრობლემად აღიქვამს. მრავალმა გამოთქვა სურვილი მთავრობებს გადაედგათ უფრო ამბიციური ნაბიჯები ამ მიმართულებით.

კლიმატით გამოწვეული მზარდი რისკების შესამცირებლად საჭიროა გაძლიერდეს ადაპტაციისკენ გადადგმული ნაბიჯები და გაიზარდოს კლიმატის დაფინანსება. გლობალურ დათბობასთან ადაპტაციისთვის რეგიონის ქვეყნების წლიურ საინვესტიციო საჭიროებებს ანგარიში 102-431 მილიარდი აშშ დოლარის ($) ფარგლებში აფასებს. ეს კი ბევრად აღემატება 2021-2022 წლებში რეგიონის ადაპტაციაზე დახარჯულ $34 მილიარდს. რეფორმები და კლიმატის რისკების გაზრდილი აღიარება ეხმარება კლიმატის კერძო კაპიტალის ახალი წყაროების მოზიდვას, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრად მეტი კერძო ინვესტიციაა საჭირო.

შერბილების კუთხით, ანგარიში აჩვენებს, რომ რეგიონი მზადაა გამოიყენოს განახლებადი ენერგიის წყაროები და ამით ხელი შეუწყოს ნულოვან ემისიაზე გადასვლას, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო ნახშირბადის ბაზრების განვითარებასთან ერთად, დაეხმარება კლიმატის ცვლილების მიზნების განხორციელებას ნაკლები დანახარჯებით.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 69 ქვეყანას, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის