ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების ლიდერები - შეშფოთებული ვართ საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დღის შემდგომ პერიოდში სიძულვილის ენის გამოვლენის გახშირებული ფაქტებით

შეშფოთებული ვართ საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე, არჩევნების დღის შემდგომ პერიოდში სიძულვილის ენის გამოვლენის გახშირებული ფაქტებით, - ამის შესახებ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების ლიდერების განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "მარავალეროვანი საქართველო" ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნების შემდგომ პერიოდში ვნებათაღელვა გამოიწვია იმ გარემოებაზე მსჯელობამ, რის შესაბამისადაც უმცირესობათა რეგიონებში ცესკოს მონაცემებით მმართველმა პარტიამ ხმათა უმეტესობა მიიღო.

“ჩვენ, ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების ლიდერები, შეშფოთებული ვართ საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე, არჩევნების დღის შემდგომ პერიოდში სიძულვილის ენის გამოვლენის გახშირებული ფაქტებით.

პოლიტიკური სუბიექტები და მათი ზოგიერთი მხარდამჭერი, პოლიტიკურ სუბიექტებთან აფილირებული მედია საშუალებები, ასევე გარკვეული სამოქალაქო აქტივისტები თავიანთ განცხადებებში ფართოდ იყენებენ სიძულვილის ენის შემცველ ფრაზეოლოგიას, რაც თავის მხრივ ახალისებს ეთნოსთა შორის დაპირისპირებას და ურთიერთ შეუწყნარებლობას.

თუ წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების მიზანი გახლდათ ეთნიკური ნიშნით კონკრეტული ოპონენტი პოლიტიკოსის დისკრედიტაცია, არჩევნების შემდგომ პერიოდში ვნებათაღელვა გამოიწვია იმ გარემოებაზე მსჯელობამ, რის შესაბამისადაც უმცირესობათა რეგიონებში ცესკოს მონაცემებით მმართველმა პარტიამ ხმათა უმეტესობა მიიღო. საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ კონტექსტში სიძულვილის ენის მიზანმიმართული გამოყენების დროს ყურადღება ეთმობა საარჩევნო ოლქების დონეზე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მიერ მიღებულ პროცენტულ შედეგს და არა მიღებული ხმების რაოდენობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლოა დავასკვნათ, რომ ისინი, ვინც მსგავსი ხასიათის განცხადებების ტირაჟირებას ახდენენ ან საერთოდ ვერ ერკვევიან საარჩევნო საკითხებში, ან ეწევიან ამომრჩეველთა მანიპულაციისა და შეცდომაში შეყვანის სრულიად მიუღებელ მიზანმიმართულ კამპანიას.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით მივმართავთ, ყველა პოლიტიკურ აქტორს, რათა თავი შეიკავონ პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაგან, მათ შორის ეთნიკური ნიშნით. გარდა აღნიშნულისა, არჩევნების ფალსიფიკაციის განმსაზღვრელი ტერმინოლოგიის გამოყენებისას თავი შეიკავონ იმგვარი ფრაზეოლოგიისაგან, რომელიც გამოიწვევს მანკიერი საარჩევნო პრაქტიკის ამა თუ იმ ეთნიკურ ჯგუფთან კუთვნილების აღქმას.

პოლიტიკურმა სუბიექტებმა, ისევე როგორც მათმა მხარდამჭერებმა არჩევნების შედეგების შეფასებისას თავი შეიკავონ ამომრჩეველთა ეთნიკური ნიშნით ნეგატიური სეგრეგაციისაგან.

სამოქალაქო სექტორს, რათა ქართულ ენაზე არჩევნების შეფასების დოკუმენტებში არ გამოიყენონ იმგვარი ფრაზეოლოგია, რომელიც შესაძლოა, საზოგადოებაში აღქმული იქნეს როგორც საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით გამოყოფა სხვათა დისკრედიტაციის მიზნით. აღნიშნულის მაგალითს წარმოადგენს არჩევნების შეფასების დოკუმენტში იმგვარი ფორმულირების წარმოდგენა როგორიცაა „არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას“.

მედია საშუალებებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის შემცველი ფრაზეოლოგიის ტირაჟირებისაგან.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს გამოვლენილი მრავალი დარღვევა, ამომრჩევლებზე წნეხი და დაშინება არ არის ის გზა, რომელიც ევროპამდე მიგვიყვანს, ისევე როგორც სიძულვილის ენის გამოყენება ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შევქმნით შესაბამის მექანიზმს, რომლითაც დაიგეგმება და განხორციელდება საზოგადოებრივი კამპანიები სიძულვილის ენის წამახალისებელთა წინააღმდეგ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს