საიას თავმჯდომარე - საარჩევნო დავების გაგრძელებას სასამართლოში ვაპირებთ, საქმეს შესაძლოა გაგრძელება მოჰყვეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც - ამ საქმის სიმარტივე ზედაპირზე დევს, რადგან უამრავი ფაქტია წარმოდგენილი

ცესკოს საინფორმაციო შეხვედრებზე ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რომ ფურცელი, რომელიც სატესტო რეჟიმში იყო გამოყენებული, უკანა მხარეს ტოვებდა კვალს. ამაზე გვქონდა რეაგირება, თუმცა ცესკომ დაბეჯითებით გვიპასუხა, რომ ეს იყო სასწავლო მიზნებისთვის განკუთვნილი და არჩევნების დღეს იქნებოდა იმ ტიპის ბიულეტენი, რომელიც ფარულობას არ დაარღვევდა , - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

როგორც ქურდოვანიძემ განაცხადა, საიას დამკვირვებლების მიერ სხვადასხვა ტიპის დარღვევებში სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა ყველაზე მასშტაბურად. მისი თქმით, ეს იყო ფარულობის დარღვევა, კამერების ოთახში ყოფნა, რომელიც კონტროლს ამძაფრებდა და ბიულეტენის უკან დატოვებული კვალი.

“როდესაც ჩვენ სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას ვიწყებდით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ვესწრებოდით იმ საინფორმაციო შეხვედრებს, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია მართავდა და ერთ-ერთ ასეთ საინფორმაციო შეხვედრაზე ჩვენმა თანამშრომლებმა, რომლებიც ესწრებოდნენ მას, აღმოაჩინეს, რომ ფურცელი, რომელიც სატესტო რეჟიმში იყო გამოყენებული, უკანა მხარეს ტოვებდა კვალს. ჩვენმა თანამშრომლებმა ადგილზევე დაუფიქსირეს, რომ ეს იყო პრობლემა, რადგან გამოჟონილი კვალს ტოვებდა ბიულეტენზე. ამაზე უთხრეს, რომ ეს იყო სასწავლო მიზნებისთვის განკუთვნილი ქაღალდი და არჩევნების დღეს სხვა ტიპის ბიულეტენი იქნებოდა.

თუმცა, ჩვენ როდესაც სხვადასხვა საკითხებს ვაზუსტებდით არჩევნების დღეს, მათ შორის, როგორი იქნებოდა ბათილად ცნობილი ბიულეტენების საკითხის გადაწყვეტა და ვამოწმებდით სხვა ტექნიკურ დეტალებს, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გავუგზავნეთ, იყო ის, თუ როგორი იქნებოდა ბიულეტენი და მაგალითად მოგვყავდა საინფორმაციო შეხვედრებზე დაფიქსირებული პრობლემა. ცესკომ დაბეჯითებით გვიპასუხა, რომ ეს იყო სასწავლო მიზნებისთვის განკუთვნილი და არჩევნების დღეს იქნებოდა განკუთვნილი იმ ტიპის ბიულეტენი, რომელიც ფარულობას არ დაარღვევდა და კვალს არ დატოვებდა ბიულეტენი - ეს წერილი საჯაროა და საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს ამას. ჩვენ ეს სარწმუნოდ ჩავთვალეთ.

როდესაც დავიწყეთ კენჭისყრის დღის მონიტორინგი, ჩვენი დამკვირვებლები მთელი დღის განმავლობაში გვატყობინებდნენ ინფორმაციას დარღვევების შესახებ. მოდიოდა რამდენიმე გამოკვეთილი საკითხი, მაგრამ ორი ერთმანეთთან კავშირში - ეს იყო კამერების საკითხი, რომელიც თითქმის ყველა უბანზე, სადაც ჩვენი დამკვირვებელი იყო, იდგა და როგორც ადგილზე არკვევდნენ, ეს იყო “ქართული ოცნების” მიერ მიტანილი და დამონტაჟებული კამერები, რომლებიც უყურებდა ძირითადად იმ ყუთს, სადაც ბიულეტენი თავსდება და მეორე გარემოება, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვიღებდით ეპიზოდურად, იყო ის, რომ უკან ტოვებდა კვალს და ეს შესამჩნევი იყო. ამასთან დაკავშირებით ადგილზევე გვქონდა რეაგირება, იმ უბნებზე, სადაც დამკვირვებლები ამას ამჩნევდნენ. ეს მასშტაბები გავიაზრეთ მაშინ, როდესაც კენჭისყრის დღე დასრულდა და ჩვენს განცხადებაში, რომელიც მეორე დღესვე გავავრცელეთ, ამაზე მკაფიო პოზიცია გვქონდა. გამოვკვეთეთ საარჩევნო დღის სამი ძირითადი პრობლემა - ფარულობის დარღვევა, კამერების ოთახში ყოფნა, რომელიც ამ კონტროლს ამძაფრებდა და ბიულეტენის უკან დატოვებული კვალი.

შემდგომი დღეები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ამაზე სამართლებრივი რეაგირება დაგვეწყო და მივყევით იმ პროცედურებს, რასაც კანონი ითვალისწინებს”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

საიას თავმჯდომარის განცხადებით, მას არ აქვს იმედი, რომ ფაქტების თაობაზე შეტანილ საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისიები დააკმაყოფილებს. როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, დავა სასამართლოშიც გაგრძელდება.

“ჩვენ ყველა ოლქში შევიტანეთ საჩივარი. დღეს ჩაინიშნა ყველგან განხილვა. რა თქმა უნდა, არ ველოდებით იმას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ამ საჩივრებს დააკმაყოფილებენ და ამ დავების გაგრძელებას სასამართლოში ვაპირებთ, თუმცა, ნებისმიერ დამოუკიდებელ სასამართლოში ამ საქმის მოგება ყველაზე მარტივი იქნებოდა. ამ საქმის სიმარტივე ზედაპირზე დევს, რადგან უამრავი ფაქტია წარმოდგენილი ნებისმიერ ოლქში. შეიძლება სასამართლომ არ დაგვიჭიროს მხარი, ამ საქმეს, შეიძლება, გაგრძელება მოჰყვეს, ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამომრჩევლის თვალში ამ საქმეს უკვე აქვს ის შედეგი, რომ ამომრჩეველმა იცის, მისი ხმა იყო ღია, მას არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც იქნებოდა ფარული”, - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება