ცესკოს პრესსპიკერი - გიორგი კალანდარიშვილი თავის სამუშაო კაბინეტშია - შესაბამისად, ინფორმაცია, რომ ის მიმალვაში იმყოფება, არის სიცრუე

ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად, - ასე უპასუხა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცესკოში ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ ჩაინიშნოს სხდომა, რომელზეც ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხის განხილვა მოხდება.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკოს სხდომები კანონმდებლობის შესაბამისად გაიმართება.

„მიმდინარეობს სასამართლოებში საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, ამის შემდეგ ჩაინიშნება სხდომა ცესკო-ში. იცით, რომ სასამართლოში საჩივრების განხილვის შემდეგ, საოლქო-საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ამის შემდეგ იქნება შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურები და ბოლოს იქნება უკვე ცესკო-ს სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნები შეჯამდება. სხდომები კანონმდებლობის შესაბამისად გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით არ და ვერ იმოქმედებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ბიულეტენების და შემაჯამებელი ოქმების ბეჭდვის პროცესს ესწრებოდნენ როგორც ცესკოს წევრები, მათ შორის პარტიის მიერ დანიშნული, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„საარჩევნო ადმინისტრაციის ერთადერთი ინტერესი იყო, არის და იქნება ის, რომ საარჩევნო უბანზე ფუნდამენტური პრინციპები დაცული იყოს. ამას აკეთებდა საარჩევნო ადმინისტრაცია გასულ წლებში, ამას აკეთებდა ახლაც და მომავალშიც იმავეს გააკეთებს. არცერთ შემთხვევაში არ დაარღვევს ცესკო კანონს, რაც არ უნდა პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს, არ და ვერ!“, -განაცხადა იოსელიანმა.

მისი განმარტებით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი მიმალვაშია, არის სიცრუე. როგორც ნათია იოსელიანი განმარტავს, ცესკო-მ ყველა სამართლებრივი ბაზა, მათ შორის ტექნიკური და ადმინისტრაციული ღონისძიებები ჩაატარა იმისთვის, რომ არჩევნებზე ფარულობის პრინციპი დაცული ყოფილიყო.

"გიორგი კალანდარიშვილი არის აქ, თავის სამუშაო კაბინეტში მუშაობს, შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მიმალვაში იმყოფება, არის სიცრუე", - განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო