ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024

გიორგი გობრონიძე - “ტრამპი ამათ ანაკლიის პორტის საკითხში “გადაგდებას” აუცილებლად გაუხსენებს და ძალიან მძიმე დიალოგი ექნებათ”

რას ნიშნავს, როცა ევროპას “არ სცალია”? - საქართველოზე ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელში იმსჯელებენ

ვახტანგ ხმალაძე - რა მოხდება, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში და როგორ შეირჩევა ახალი პრეზიდენტი

ბრძოლის მთავარი ფრონტი პარტნიორების დარწმუნებაა, რომ არჩევნები გაყალბდა - რა უთხრა ოპოზიციამ ევროკავშირის ელჩს

ირაკლი მელაშვილი - რეალურად “ქართული ოცნება” სტრატეგიულად დასავლეთისგან განწირულია

* * *

გიორგი გობრონიძე - “ტრამპი ამათ ანაკლიის პორტის საკითხში “გადაგდებას” აუცილებლად გაუხსენებს და ძალიან მძიმე დიალოგი ექნებათ”

“ტრამპის გამარჯვებისთვის არაერთმა ფაქტორმა იმუშავა. მთავარი ტაქტიკური და ნაწილობრივ სტრატეგიული შეცდომაც ის იყო, რომ თავდაპირველად მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს ჯო ბაიდენი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აშკარად ისე იყო გაუარესებული, ყველასთვის ცხადი იყო, რომ ის სათანადოდ ვეღარ მართავდა ქვეყანას. ბაიდენმა ძალიან დააგვიანა გადადგომა, თანაც ჰარისის შერჩევაც კანდიდატად ვერ იყო მთლად სწორი ნაბიჯი, რადგან ბაიდენის მართვით უკმაყოფილო არიან ამერიკელები და კამალა ჰარისიც არანაკლებ პასუხისმგებელი იყო ამაზე. დემოკრატებმა შეცდომა დაუშვეს მთავარი წინასაარჩევნო გზავნილების არჩევისასაც. მათ, ასე ვთქვათ, “გამოფხიზლებულ ლიბერალიზმზე” გააკეთეს აქცენტი, რომელიც აშშ-ის ტრადიციულად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაღიზიანებელი და მიუღებელია. ჩვენთანაც კი მოახდინა ზეგავლენა წინასაარჩევნო პროცესებზე ისეთმა გზავნილებმა, რომლებიც შეეხებოდა ერთსქესიანთა ქორწინებასა და მსგავს თემებს”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ტრამპლინის ეფექტი ანუ საით “გადახტება” მსოფლიო?!

“|ბერნი სანდერსმა ძალიან სწორად თქვა, ჩვენ მივატოვეთ ამერიკელების მშრომელი კლასი, მათაც მიგვატოვეს ჩვენ და მართლებიც არიანო. ამაზე უკეთესად ვერ ავხსნით იმას, რაც ამერიკელ დემოკრატებს დაემართათ. რიგითი ამერიკელების ძირითადი საჭიროებები მათ რატომღაც დაივიწყეს. დემოკრატების საარჩევნო კამპანია თავისი უხარისხობის ნაზავით ძალიან წააგავდა ქართული პოლიტიკური ჯგუფებისთვის დამახასიათებელ საარჩევნო კამპანიებს. ეს ყველა შეცდომა კარგად გამოიყენეს რესპუბლიკელებმა, მათ შორის განგრძობითი ომით დაღლა. მოდი, შევთანხმდეთ - ერთია უკრაინის ომი ჩვენი, საქართველოში მცხოვრები ადამიანების აღქმით და მეორე - ოკეანის გაღმიდან აღქმული ომი. იქ არ არის ეს კონფლიქტი ისეთი მტკივნეული, როგორიც ჩვენთვის. ამერიკის ტერიტორიები არა აქვთ ოკუპირებული რუსებს. ამიტომაც ამერიკელ პოლიტიკოსებს უწევთ აუხსნან რიგით ამერიკელებს, რატომ უნდა იხარჯებოდეს ამ ომში მათი ფული. როდესაც ტრამპი ამბობდა, მე შევაჩერებ გლობალურ ომებსო, ამით უგზავნიდა მესიჯს ამერიკელებს, მე თქვენი ფულის ხარჯვასაც შევაჩერებო. ამ გზავნილმაც იმუშავა. მოკლედ, ბევრი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი და შედეგიც სავსებით მოსალოდნელი იყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“გარდა ამისა, ერთ ძველ, ბევრისთვის ნაკლებად საყვარელ მოსაზრებასაც ვიტყვი - აშშ-ისთვის ქალის პრეზიდენტად არჩევა ჯერ კიდევ რთული თემაა. მათ პრეზიდენტი ქალი ჯერ არ ჰყოლიათ და, როგორც წესი, ქალებს უჭირთ საზოგადოების ნდობის მოპოვება იმ ხარისხით, რაც საჭიროა მათი გაპრეზიდენტებისთვის. აქვე აუცილებლად მიგრანტების თემასაც უნდა შევეხოთ, რაც ამერიკელების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამაშიც ტრამპის პოზიცია საზოგადოების ინტერესების შესაბამისი იყო - მან თქვა, თუ მექსიკა არ შეცვლის საკუთარ მიდგომებს მიგრაციის საკითხში, ყველაფერზე, რაც შემოდის მექსიკიდან, ტარიფი 25%-ით გაიზრდებაო... დღეს უკრაინის საკითხზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, სულ ცოტა მანამ მაინც, ვიდრე საბოლოოდ არ გვეცოდინება, ვინ შევლენ ტრამპის ახალ კაბინეტში. სულ მცირე, უნდა ვიცოდეთ, ვინ იქნებიან უსაფრთხოების სფეროში ხელმძღვანელ პოსტებზე, ვინ იქნებიან თავდაცვისა და სახელმწიფო მდივნები. კანდიდატები, რომლებიც სახელდებიან ერთსა და იმავე პოსტზე, იმდენად განსხვავდებიან ხედვებით ერთმანეთისგან, რთულია რაიმეს თქმა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ითქვა, რომ მაიკ პომპეო, რომელიც ტრაპის წინა პრეზიდენტობისას სახელმწიფო მდივნის პოსტზე იყო, ახალ კაბინეტში შესაძლოა თავდაცვის მდივნად ვიხილოთ. მას ძალიან საინტერესო ხედვა აქვს რუსეთ-უკრაინის ომზე. დიდი ხანია ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება ლენდ-ლიზის მსგავსი პროგრამა, დაახლოებით 500 მილიარდის ღირებულებით. მისი თქმით, საჭიროა უკრაინას მიეცეს როგორც თავის დაცვის, ასევე საქმის გამარჯვებამდე მიყვანის საშუალებები. აქედან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ტრამპის დაპირება ომის სწრაფად დასრულებაზე გულისხმობდეს, რუსეთთან პოლიტიკის ბევრად გამკაცრებას. ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში რესპუბლიკელებს ექნებათ სრული კარტ-ბლანში - ისინი ასევე გააკონტროლებენ როგორც სენატს, ასევე კონგრესს და მათ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, თანაც ეს ძალაუფლება კიდევ უფრო მეტი სიფრთხილისკენაც უბიძგებთ, რადგან არასწორად გადადგმული ნაბიჯი ათმაგი კრიტიკის საბაბი იქნება. დემოკრატები შეეცდებიან რესპუბლიკელებს არაფერი “გაუტარონ”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.

“რესპუბლიკური პარტია არც “ნაციონალური მოძრაობაა” და არც “ქართული ოცნება”, იქ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და პარტიის ლიდერს სიტყვის შებრუნებასაც უბედავენ. უკრაინაში მოვლენების განვითარების კიდევ ერთი ვარიანტი ის არის, რომ ტრამპი შეიძლება შეეცადოს კონფლიქტის გაყინვას და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე ამერიკული სამხედრო ყოფნის ან დაფიქსირებას, ან მთლიანად ევროპის კონტინენტზე ამერიკელთა ყოფნის გაძლიერებას. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა გადაწყვიტოს ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემები, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში ამერიკელთა სამხედრო ყოფნა მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ამერიკას საკუთარი ინტერესების დაცვაში უკან არსად დაუხევია და არც დაიხევს. უბრალოდ, ლაპარაკია, ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის გაძლიერების განსხვავებულ მეთოდებზე. რაც შეეხება ისრაელის კონფლიქტს, ცოტა შორიდან დავიწყებ...” - ამბობს გიორგი გობრონიძე.

“ისრაელის კონტრტერორისტული ოპერაციას “ჰამასის” წინააღმდეგ შეუძლებელია საღად მოაზროვნე ადამიანმა მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ ისრაელს დაავიწყდა ერთი უმთავრესი მომენტი - “ჰამასი” ხელისუფლებაში მოვიდა 2005 წელს და ღაზის სექტორის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი დღეს არის 18 წელზე ნაკლების, ანუ, ფაქტობრივად, ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანები ისეთივე მძევლები არიან “ჰამასის”, როგორც ის გატაცებული ებრაელები. ისინი ცხოვრობენ საინფორმაციო ვაკუუმში, უკიდურეს სიღარიბეში და ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, რადგან ამისთვის პირდაპირ სიკვდილით დასჯიან. პალესტინელები “ჰამასისა” და ირანის ისლამური რეჟიმის მძევლები არიან, რაც ისრაელმა დაივიწყა და ისინი მტრებად გამოაცხადა. შესაბამისად, შტატებში ბევრმა სწორედ ეს დაინახა და პროტესტიც ამიტომ გაჩნდა. რაც შეეხება ტრამპის ქადილს, რომ შეუძლია გლობალური ომების დასრულება, მას ჯადოსნური ჯოხი არა აქვს ხელში, რომ აიქნიოს და ყველაფერი დასრულდეს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“მეტიც, მე იმასაც ველოდები, რომ ტრამპმა შეიძლება ხელი შეუწყოს ისრაელის უფრო აგრესიულ მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ, თუ გავითვალისწინებთ მის პირვანდელ დამოკიდებულებას ირანისადმი და ასევე იმასაც, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება საჭიროებს რუსეთის პოზიციურ დასუსტებას, ეს კი ამ რუსულ-ჩინურ-ირანულ-ჩრდილოკორეული კოალიციიდან აქტორების გამოთიშვის გარეშე ვერ მიიღწევა. შესაბამისად, ვფიქრობ, ისრაელი უფრო დიდი საფრთხე გახდება ირანისთვის. ასევე უნდა ველოდოთ, რომ ირანის მიმართ შტატების დამოკიდებულება კიდევ უფრო გამკაცრდება. ასევე მოსალოდნელია, რომ თუ რუსეთის მხარდაჭერას ჩინეთი არ შეწყვეტს, ტრამპი, როგორც ამას აქამდეც აკეთებდა, კიდევ ერთხელ და უფრო მკაცრად გადახედავს ჩინეთთან სატარიფო პოლიტიკას. უნდა ველოდოთ იმასაც, რომ ტრამპი ბევრად გაამკაცრებს პოლიტიკას ჩრდილოეთ კორეასთანაც. ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ ტრამპი იზოლაციონისტი პრეზიდენტი უნდა იყოს, მაგრამ მისმა პირველმა საპრეზიდენტო ვადამაც გვაჩვენა, რომ ის იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს პირდაპირ მიაწოდა ლეტალური იარაღი - ჩვენს ქვეყანაში "ჯაველინების" პარტიის შემოსვლა სწორედ მისი ადმინისტრაციის დროს დაიწყო. ასევე ბევრს ავიწყდება, რომ ტრამპი არის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც სირიაში რუსეთის ბაზები დაბომბა და ა.შ.” - განმარტავს ანალიტიკოსი.

“რაც შეეხება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას, საქართველოს ხელისუფლებამ დაიჭირა ერთი მომენტი, რომ ამერიკისთვის დღეს კავკასიაზე გაცილებით პრიორიტეტულია ევროპა და ახლო აღმოსავლეთი, სადაც ამჟამად ორი აქტიური კრიზისია. გარდა ამისა, ხელისუფლებამ დაინახა ისიც, რომ რუსეთზე ტრანზიტის შემცირების გამო საქართველოში ტვირთბრუნვა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა მისი გეოპოლიტიკური წონაც და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ვაჭრობა და სცადა ძალაუფლების მაქსიმალური კონსოლიდაცია. აი, ეს მოხდა საქართველოში. დარწმუნებით იმაზე ლაპარაკი, რომ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, რთულია, რადგან ოპოზიციის ძალიან ბევრ ხარვეზსაც ვხედავ საარჩევნო კამპანიაში. ოპოზიციამ იმის 30% გააკეთა რეალურად, რაც უნდა გაეკეთებინა. მეორე საკითხია, რომ ხელისუფლებამ საარჩევნოდ ძალიან ბინძური თამაშის წესები შემოგვთავაზა, დაწყებული სრულიად არაადეკვატური პოზიციით ე.წ. აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით, დასრულებული ხალხთან რეკვითა და გინებით, გარკვეული ლიდერების კი, 90-იანების ტერმინით რომ ვთქვათ, “დაპადიეზდებით”. ეს ნორმალურ და თავმოყვარე ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს”, - დაასკვნის გიორგი გობრონიძე.

“თუ გაქვს არგუმენტები, დაჯექი და ეკამათე ოპოზიციას, მაგრამ რომელიმე ეთერში ეს ორი ჯგუფი ერთად არ მინახავს, ერთსაც თავისი საინფორმაციო საშუალებები აქვს და იქიდან ქადაგებენ ცალმხრივ რეჟიმში, მეორეს - თავისი და ვცხოვრობთ ორ პარალელურ რეალობაში. ხელისუფლების მესიჯბოქსმა, რომელიც, ჩემი აზრით, პარანოიდული იყო, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოში განათლების სფეროში სერიოზული რეფორმის აუცილებლობა. გლობალურ ომის პარტიაზე ლაპარაკს და მსგავს რიტორიკას ნამდვილად არ უნდა ჰქონოდა ის მხარდაჭერა საზოგადოებაში, რაც თბილისის გარეთ ჰქონდა. არაფერი ქმედითი და რეალური ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ არ უთქვამს, მხოლოდ ამ გიჟური რიტორიკით მოიგო. ოპოზიციისგანაც ქმედითი და რეალური არაფერი მოგვისმენია. ისინი მხოლოდ იმას გაიძახოდნენ, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ევროპულ მომავალსო, და კატასტროფულ პიარნაბიჯებს დგამდნენ. საბოლოოდ ამ ყველაფრით ისარგებლა “ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც გაიფორმა გამარჯვება. მიუხედავად ოპოზიციის მცდელობებისა და აქციებისა, რაღა დაგიმალოთ და, პოლიტიკური კრიზისის ნიშნებსაც ვერ ვხედავ”, - თვლის რესპონდენტი.

“სამაგიეროდ, ვხედავ ხელისუფლება როგორ ცდილობს დასავლეთს შესთავაზოს საკუთარი თავი, ის მზად არის ე.წ. აგენტების კანონიც კი გააუქმოს. ამ ვითარებაში ტრამპის ადმინისტრაციისთვის შეიძლება ეს ყოფილიყო კიდეც მისაღები, რადგან იქ საკითხებს უფრო რეალისტურად უყურებენ, მაგრამ კიდევ სხვა პრობლემაა - ტრამპის წინა ადმინისტრაცია ამ ხელისუფლებამ იმდენჯერ გადააგდო, მეეჭვება, ეს ადვილად დაივიწყონ. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრემიერი ბახტაძე იმჟამინდელ სახელმწიფო მდივანს და ამჯერად, სავარაუდოდ, თავდაცვის მომავალ მდივან მაიკ პომპეოს ტელეკამერების წინ დაჰპირდა, რომ ანაკლიის პორტში ჩაიდებოდა ამერიკული ინვესტიცია, ახლა კი რა ხდება? იქ წარმოდგენილია ჩინური ინვესტიცია და ინტერესები... ტრამპს ჩინეთისადმი რა მძიმე დამოკიდებულებაც აქვს, ყველასთვის ცნობილია. ჩვენ კი რეგიონში შემოვათრიეთ ჩინეთი, რისი გათვალისწინებითაც რთული იქნება ტრამპის ადმინისტრაციასთან ვითარების დალაგება... ხელისუფლებაში კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა არის მნიშვნელოვანი ამერიკისთვის - კანონის გაწვევა-არგაწვევა თუ ჩინეთის ყოფნა რეგიონში. კამალა ჰარისის ადმინისტრაციის შემთხვევაში კანონის გაუქმება შეიძლება შედეგის მომტანიც ყოფილიყო, მაგრამ რესპუბლიკელების გულის მოსაგებად ანაკლიიდან ჩინეთი უნდა გააგდონ, რაც, თავის მხრივ, კიდევ არაერთ საფრთხეს წარმოშობს. რას ვაკეთებთ დიპლომატიაში, სად ჯანდაბაში მივდივართ?! ტრამპი ამათ ანაკლიის პორტის საკითხში “გადაგდებას” აუცილებლად გაუხსენებს და ძალიან მძიმე დიალოგი ექნებათ.

რას ნიშნავს, როცა ევროპას “არ სცალია”? - საქართველოზე ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელში იმსჯელებენ

“ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტი ისე დასრულდა, რომ საქართველოზე საუბარი “ვერ მოასწრეს”. თუმცა, 18 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. რას ნიშნავს თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსიის გასამართად დრო არ ეყოთ და რას უნდა ველოდოთ ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელის შეხვედრიდან? ანალიტიკოსების აზრით, 7-8 ნოემბრის ბუდაპეშტის შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერთა მთავარი სასაუბრო თემა ორი დღით ადრე აშშ-ში გამართული არჩევნები და პრეზიდენტად დონალდ ტრამპის დაბრუნება იყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი გვერდზეა გადადებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ნიშნავს, როცა ევროპას “არ სცალია”? - საქართველოზე ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელში იმსჯელებენ.

“პირველ რიგში, ევროპის ლიდერებმა იმ სამიტის ფარგლებში ყურადღება მიაქციეს აშშ-ის არჩევნებს, დონალდ ტრამპის სავარაუდო პრეზიდენტობასა და მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის”, - განაცხადა საგარეო ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ “რეზონანსთან”. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირის პრიორიტეტების ჩამონათვალში საქართველო წამყვან პოზიციებზე არ არის. ფრანგი ევროდეპუტატი ნატალი ლუაზო ამბობს, რომ სანამ ევროპას “არ ეცალა”, საქართველოსთვის რუსეთმა “გამონახა დრო”. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 8 ნოემბერს ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს შესახებ მსჯელობა დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხეს. საქართველოს შესახებ საუბარი არ ყოფილა არც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც გამოვიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ევროპული თანამეგობრობის სამიტს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრებობდა, სწორედ უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პირველ რიგში, ევროპის ლიდერებმა იმ სამიტის ფარგლებში ყურადღება მიაქციეს ამერიკის არჩევნებს, დონალდ ტრამპის სავარაუდო პრეზიდენტობასა და მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ამ თემამ ბევრი სხვა საკითხი გადაფარა, მათ შორის საქართველოსიც, რადგან ევროპული უსაფრთხოებისთვის ეს უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე სხვა თემები. თუმცაღა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს არ მიუბრუნდებიან. რაც შეეხება თავად აშშ-ს, ტრამპამდე საქართველოს საკითხის განხილვა ისვე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწევს. ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით - არჩევნების და მისი ლეგიტიმურობის შესახებ - ამ ადმინისტრაციის პირობებში მიიღება. ტრამპის ადმინისტრაცია კი იანვრიდან შეუდგება საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. შესაბამისად, საქართველოს საკითხს უკანა პლანზე არ გადაუწევია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“როგორც ჩანს, საქართველო მათ პრიორიტეტების ჩამონათვალში არ არის წამყვან ადგილზე და შესაბამისად, იმსჯელეს მათთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. ამიტომ ალბათ, საქართველო ბოლოსთვის მოიტოვეს და შემდეგ დრო არ ეყოთ. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გადაიწია თუ არა საქართველომ უკანა პლანზე, ჩემი აზრით, ახლა ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია და ვინც ამაზე პროგნოზირებას აკეთებს, მგონია, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. ჯერ ტრამპის ადმინისტრაცია არ ჩამოყალიბებულა, გარდამავალი პერიოდია, ჩვენ არ ვიცით საკვანძო თანამდებობზე ვინ დაინიშნება და ა.შ ამიტომ ამაზე საგნობრივად მას შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, როდესაც დონალდ ტრამპი ჩამოაყალიბებს თავის ადმინისტრაციას და საქმეს შეუდგება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“26 ოქტომბრის არჩევნებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, საგარეო ურთიერთობათა საბჭო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, 18 ნოემბერს იმსჯელებს. “საბჭო 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოსაზრებებს გაცვლის”, - აღნიშნულია საბჭოს დღის წესრიგში. საბჭოს სამსჯელო საკითხებს შორისაა ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, აშშ-ევროკავშირის ურთიერთობა და ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ზაალ ანჯაფარიძე კი ვარაუდობს, რომ ევროკავშირი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის საბოლოო დასკნას დაელოდება და გადაწყვეტილების მიღებისას ამით იხელმძღვანელებს. საქართველოს ხელისუფლებას კი, მისივე აზრით, ვითარებიდან გამომდინარე შიძლება გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწიოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ შეხვედრის ფარგლებში საუბარი იქნება აბსოლუტურად ყველაფერზე. რა თქმა უნდა, წამყვანი თემა არჩევნები იქნება. არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ ფაქტების დამდგენი კომისიის საკითხიც დადგეს, რადგან, როგორც ჩვენ ვხედავთ, ის ორგანიზაციები და პირები, რომლებიც ევროპაში ოპოზიციის ლობისტებს წარმოადგენენ, ძალიან აქტიურად ლობირებენ ამ საკითხს. ავიღოთ თუნდაც ის, რომ იქითა კვირაში აქ ჩამოდიან ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები. თუმცა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენად მიიღებენ ამ საკითხს განსახილველად და თავისთავად, რამდენად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, ამის თქმა რთულია, რადგან ევროკავშირში საქართველოზე ერთსულოვნება არაა. შესაბამისად, შანსები 50/50-ზეა. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ყველა ეუთო/ოდირის დასკვნებს დაელოდება და სწორედ ამ დასკვინდან გამომდინარე, იმოქმედებს ევროკავშირი ამა თუ იმ მიმართულებით”, - ამბობს ანჯაფარიძე.

“ჩემი ვარაუდით, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამ კომპრომისული ნაბიჯი გადადგას, ისევ და ისევ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოესი კვირების განმავლობაში. შესაძლოა საერთაშორისო საგამოძიებო კომისია საქართველოშიც მოიწვიოს. მე შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა, ევროკავშირის დავალებით შეიქმნა ფაქტების დამდგენი კომისია და სხვათა შორის, ეს საქართველოს ინიციატივა იყო. ეს კომისია როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, ის ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. მერე მათ ამ კომისის დასკვნები არ მოეწონათ, მაგრამ ამ კომისიის შექმნის იდეა ჩვენს ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო. თუ ევროკავშირიდან წამოვიდა ამ კომისიის შექმნის იდეა, რა თქმა უნდა, საქართვეელოს ხელისფლებასთან უნდა შეათანხმონ”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

ვახტანგ ხმალაძე - რა მოხდება, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში და როგორ შეირჩევა ახალი პრეზიდენტი

“1991 წელს პრეზიდენტის პირველ არჩევნებში მე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. საჩივარი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ მახსოვს ორი მათგანი. საჩივარი ორ საარჩევნო უბანს შეეხებოდა, სადაც ეწერა, რომ არჩევნებში მონაწილეთა შორის იყო ერთი ისეთი პირის გასწვრივ ხელმოწერა, რომელიც საქართველოში იმ დროისთვის არ იმყოფებოდა ანუ ვიღაცამ მის ნაცვლად მისცა ხმა. ჩვენ მაშინ შევამოწმეთ ეს ფაქტი, იმის მიუხედავად, რომ სხვა დარღვევაზე მითითება არ ყოფილა, ჩვენმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორივე უბნის შედეგები გააბათილა. მხოლოდ ერთი ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი. იცით დასაბუთება ამის რა იყო? - რადგან საარჩევნო კომისიამ შესაძლებელი გახადა, რომ ერთით ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩენილიყო ყუთში და საშუალება მისცა ვიღაცას მისი გაყალბების, არსებობს იმის ალბათობა, რომ იმ უბანზე მსგავსი რამ უფრო მეტი ყოფილიყო. ამ ორ უბანში შედეგების გაბათილებას მხარი დაუჭირეს ცესკოში როგორც ხელისუფლების დანიშნულმა კომისიის წევრებმა, ასევე ოპოზიციის დანიშნულმა წევრებმაც...” - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა მოხდება, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში და როგორ შეირჩევა ახალი პრეზიდენტი.

”ამ არჩევნებში დარღვევათა ნაწილი შეიძლება შეფასდეს მინიმუმ გულგრილობად და საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებად. არაერთი მოქმედება, როგორიც იყო მოსყიდვა, განმეორებით ხმის მიცემა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ აუცილებელია ამ საქმეების ობიექტურად გამოძიება, მაგრამ დღევანდელი მმართველი პარტიის ხელში ეს შეუძლებელია. ხელისუფლების ყველა განშტოება, მათ შორის სასამართლო, პროკურატურა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს პოლიტიკური ხელისუფლებისგან, მოქმედებს ერთიანი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებით. ამიტომ მოთხოვნა, რომ შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო დროებითი ორგანო, სავსებით რეალურია. ტოტალური დარღვევა, რაც პირდაპირ მტკიცდება, არის მოქალაქეთა ხმის მიცემის ანონიმურობის დაცვა. დანარჩენ დარღვევებზე რომ არ ვილაპარაკოთ, მხოლოდ ეს საკმარისია, რომ იმ უბნებში, სადაც ელექტრონული წესით გაიმართა არჩევნები, შედეგები ბათილად იქნეს ცნობილი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“სააპელაციო სასამართლო იდგა დილემის წინაშე: პირველი - მას უნდა განეხილა ცესკოს საჩივარი თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და მეორე - არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი სხვა ოლქებში, სადაც ელექტრონული წესით გაიმართა არჩევნები, შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ძალაში დატოვებდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაშინ მას ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნებოდა დანარჩენ საჩივრებზე - ის საჩივრებიც უნდა დაეკმაყოფილებინა და ბათილად ეცნო ყველა ელექტრონულ უბანზე არჩევნების შედეგები. რომ არ გაეუქმებინა სხვა ოლქებზე არჩევნების შედეგები, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო არათუ უსამართლო, არამედ არაკანონიერი გადაწყვეტილება”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“რა შესაძლებლობა რჩება ამის მერე?! საქართველოში სასამართლო განხილვის პროცესი დასრულდა, ეს გადაწყვეტილება ვეღარ გასაჩივრდება. ერთადერთი, რისი შანსიც არის, სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვაა. ევროპულმა სასამართლომ შეიძლება თქვას, რომ ამ პირველი და მეორე სასამართლო ინსტანციების განხილვის დროს დარღვეული იყო საერთაშორისო კონვენციების კონკრეტული მუხლები, ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებები არ უნდა შესრულდეს. იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგი ამ ტიპის გადაწყვეტილებებს მიიღებს, ეს უკვე საქართველოს დაავალდებულებს, განახლდეს სასამართლო პროცესები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ამის შემდეგ სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს საქმე”, - განაგრძობს კონსტიტუციონალისტი.

“აქვე გავიხსენებ ერთ ამბავს - სანამ რუსეთი ევროსაბჭოს წევრი იყო და მისთვის სავალდებულო იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება, მან უარი თქვა სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციის აღიარებაზე და აღარ შეასრულა მისი გადაწყვეტილებები. ასე რომ, ჩვენს ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაც ექნება. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირებულია. ასეთი მოქმედების შემთხვევაში საქართველოც აღმოჩნდება გარიყული, ამას კი ძალიან უარყოფითი შედეგი ექნება არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის. წავა კი ასეთ სარისკო გადაწყვეტილებაზე ხელისუფლება? და შემდეგ ამ გადაწყვეტილებას უდრტვინველად მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები?! პირველ კითხვაზე პასუხი არა მაქვს, არ ვიცი, რას იზამს ხელისუფლება. თუმცა მეორე კითხვის პასუხად შემიძლია გითხრათ - არა მგონია, ჩვენმა მოქალაქეებმა ხელისუფლების ყოვლად ზღვარგადასული უკანონო ქმედება მიიღონ, გაჩუმდნენ და დაემორჩილონ”, - მიიჩნევს ვახტანგ ხმალაძე.

“როცა ჩნდება ასეთი მკვეთრი დაპირისპირება ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის, ამბავი მშვიდობიანად არ მთავრდება ხოლმე. როგორც წესი, ასეთ დროს მარცხდება ხელისუფლება, მაგრამ მთელი ამ პროცესის შედეგად ქვეყანა ზარალდება... როდესაც გეუბნებიან, რომ დედამიწა ბრტყელია და რამდენიც არ უნდა იყვირო, ასე არ არისო, და ვერ ამტკიცებ, ბუნებრივია, პესიმიზმი ჩნდება, მაგრამ აქციების შეწყვეტა ნიშნავს, რომ თავები ჩავღუნოთ, უარი ვთქვათ ჩვენს უფლებებზე და მივცეთ ხელისუფლებას თავის ჭკუაზე მოქმედების შესაძლებლობა. ასეთი რამ ხდება რუსეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ბელარუსში, ნიკარაგუაში, ვენესუელაში... თანდათანობით ჩვენი მდგომარეობა ისე გაუარესდება, რომ ამას იგრძნობს თითოეული ადამიანი, არა მხოლოდ ისინი, ვისაც ხელისუფლების შეცვლა სურთ, არამედ ისინიც, ვინც ალალად დაუჭირეს მხარი ”ქართულ ოცნებას”. ასევე ისინიც, ვინც ხელს უწყობდა მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში და აი, როცა ისინიც იგრძნობენ ამას, მერე უკვე შეიძლება დაიწყოს სპონტანური პროტესტი და ეს ხელისუფლებისთვის ცუდად დასრულდეს. ხელისუფლება იძულებული უნდა გავხადოთ, რომ სწორად მოიქცეს, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ შევწყვეტთ პროტესტს. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავკარგოთ თავისუფლება, შევინარჩუნოთ განვითარების შესაძლებლობა, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი მომავალი თაობისთვის”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, საარჩევნო კოლეგია უნდა შედგებოდეს 300 წევრისგან, რომელშიც შედის პარლამენტის ყველა წევრი, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი, ხოლო დანარჩენი ადგილები პროპორციულად ნაწილდება ადგილობრივი არჩევნების დროს მონაწილე იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ჯამურად პროპორციული წესით გამართულ არჩევნებში 1% მაინც მიიღეს. მიცემული მანდატების რაოდენობის შესაბამისად ყოველმა პარტიამ საკრებულოს წევრთაგან უნდა დანიშნოს საარჩევნო კოლეგიის წევრები. თუ, ვთქვათ, პარლამენტში აღმოჩნდა 150-ზე ნაკლები წევრი, მაშინ რამდენიც დააკლდება 150-ს, იმდენი მიემატება საკრებულოებიდან არჩეულ კოლეგიის წევრთა რაოდენობას ანუ ჯამი 300 მაინც გამოვა. თუ პარლამენტში იქნება მხოლოდ “ოცნება”, მას აქვს 89 მანდატი, მათთან ერთად იქნებიან აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი და დარჩენილი ადგილები გადანაწილდება მთელი საქართველოს მასშტაბით საკრებულოს წევრებზე. განისაზღვრება, რომელმა პარტიამ რამდენი პროცენტი მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს და შემდგომ პროპორციულად ამ პარტიებს შორის განაწილდება ყველა დარჩენილი მანდატი. ვისაც მეტი პროცენტი ექნება, რა თქმა უნდა, მათ შეხვდებათ მეტი მანდატი”, - განმარტავს კონსტიტუციონალისტი.

“ის, რომ პარლამენტში შესაძლოა მხოლოდ მმართველი პარტია იყოს და მათ აირჩიონ პრეზიდენტი, ეს დარღვევა არ არის, უბრალოდ, არ არის კარგი ფაქტი. 61 მანდატი, რომლებიც პარლამენტში ცარიელი იქნება, გადანაწილდება საკრებულოებს შორის. წესით, ყველა ოპოზიციის მანდატია, მაგრამ საკრებულოებში გადანაწილების შედეგად ეს ხმები გადაუნაწილდება “ოცნებასაც”. შორიდან თუ შევხედავთ სურათს, გაიზრდება მმართველი პარტიის წევრთა რაოდენობა საარჩევნო კოლეგიაში... როდესაც ცესკო დაამტკიცებს საარჩევნო კოლეგიის 300 წევრს, ამის შემდეგ, იმისათვის, რომ საარჩევნო კოლეგიას ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უფლება, სხდომას უნდა ესწრებოდეს ნახევარზე მეტი, ანუ საკმარისია 151 პირი. ყველა დელეგატს აქვს უფლება მივიდეს ან არ მივიდეს. თუ არმისვლით ან უარის თქმით საარჩევნო კოლეგიაში აღმოჩნდება 151-ზე ნაკლები პირი, კოლეგია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ვერ გამართავს პრეზიდენტის არჩევნებს. იმ შემთხვევაში, თუ 150-ზე­ მეტი იქნებიან, მაშინ კოლეგია თავისუფლად ჩაატარებს არჩევნებს. სანამ ახალი პრეზიდენტი არ აირჩევა, ზურაბიშვილი დარჩება თანამდებობაზე, მისი უფლებამოსილება შეწყდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალარჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს”, - თვლის ვახტანგ ხმალაძე.

“მე არ ვიცი, საკრებულოებში რა წილი მოდის “ქართულ ოცნებაზე” და რა - ოპოზიციაზე. ეს დასათვლელია. თუკი ასეთი არჩევანის წინაშე დადგა ოპოზიცია - პრეზიდენტის არჩევის გამო შევიდეს თუ არა პარლამენტში, ჯერ ის უნდა გაარკვიოს, შესვლა შესაძლებელს გახდის თუ არა, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი გავიდეს. თუ შესაძლებელი იქნება, მაშინ ოპოზიციას ექნება თავსატეხი, რა ჯობს მიზნის მისაღწევად. თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ აზრი არა აქვს პარლამენტში შესვლას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმაჩნდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო. ამჟამად ვითარება განსხვავებულია... ვეთანხმები მათ გადაწყვეტილებას უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე, სიები გააუქმონ, რათა ვინმეს ხელი არ წაუცდეს და არ თქვას, მე შევალ უფლებამოსილებაშეწყვეტილთა ნაცვლადო. ყველა მექანიზმი უნდა იქნეს ამოქმედებული, რაც ხელს შეუწყობს ხელახალ არჩევნებამდე მისვლას და ერთ-ერთი მექანიზმი პარლამენტის ბოიკოტირებაა”, - დასძენს ვახტანგ ხმალაძე და შეკითხვაზე - “ხელისუფლების თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, შემაჯამებელი­ ოქმის გამოქვეყნების შემდეგ პარლამენტი შეიკრიბება”, - პასუხობს:

“კონსტიტუციაში ეს ნორმა ჩამოყალიბებულია ამგვარად: ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის სხდომას - მეტი არაფერი წერია. აქ ჩნდება კითხვა - თუ პრეზიდენტმა არ დანიშნა სხდომის დღე, აქვს თუ არა პარლამენტს უფლება, რომ შეიკრიბოს. მე მიმაჩნია, აქვს. თუმცა სამართალმცოდნეთა ნაწილს მიაჩნია, რომ პარლამენტს შეკრების უფლება არა აქვს. ჩემი პასუხი არის ასეთი - პრეზიდენტის მიერ პირველი სხდომის დანიშვნა არის ერთ-ერთი მექანიზმი მთავარი მიზნის მისაღწევად - წარმომადგენლობითი ორგანოს პერიოდული არჩევნების საფუძველზე შემადგენლობის შესაცვლელად. ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს, რათა ახალარჩეულმა პარლამენტმა შეცვალოს მოქმედი პარლამენტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა არ დანიშნა სხდომა 10 დღის ვადაში და დაარღვია კონსტიტუცია, ეს უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც დაავალდებულებს პრეზიდენტს მოიწვიოს პარლამენტი. შესაძლოა პრეზიდენტმა მაინც არ დანიშნოს სხდომა ერთი ან ორი თვის ან თუნდაც წლის განმავლობაში და გამოდის, ვერც პარლამენტი ვერ შეიცვლება, რაც კონსტიტუციური ვალდებულებაა 4 წელიწადში ერთხელ. ყველაფერი კანონის შესაბამისად უნდა განისაზღვროს”.

ბრძოლის მთავარი ფრონტი პარტნიორების დარწმუნებაა, რომ არჩევნები გაყალბდა - რა უთხრა ოპოზიციამ ევროკავშირის ელჩს

“ოპოზიციის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საგარეო ფრონტია და ქვეყნის პარტნიორების საქმის კურში მაქსიმალრად ჩაყენება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამ მოტივით ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ლდერებმა გააკეთეს განცხადება, რა უთხრეს ევროკავშირის ელჩს და რა მოლოდინი აქვთ ევროკავშირის მხრიდან. პაველ ჰერჩინსკისთან აუდიენცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გამართეს. შეხვედრის თემა არჩევნებს და ოპოზიციის ხედვას უკავშირდებოდა, თუ როგორ აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები მოქმედებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბრძოლის მთავარი ფრონტი პარტნიორების დარწმუნებაა, რომ არჩევნები გაყალბდა - რა უთხრა ოპოზიციამ ევროკავშირის ელჩს.

“შეხვედრა ინფორმატიული და სასარგებლო იყო - ასე შეაფსა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა ბადრი ჯაფარიძემ. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროკავშირი საქართველოში შექმნილ ვითარებულ აქტიურად განიხილავს, საუბარია მიტაცებულ არჩევნებზე, რომლის მტკიცებულებებიც ოპოზიციას უკვე აქვს და მას ელჩის მეშვეობით ბრიუსელში გააგზავნიან. ბადრი ჯაფარიძე ასევე მიუკერძოებელი გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ქურდი საკუთარ დანაშაულს არასდროს გამოიძიებს, ამიტომ მნიშვნელოვანია საქმეში ისეთი მისია ჩაერთოს, რომელიც “ოცნებისგან” დამოუკიდებელი იქნება. “ეს ანგარიში 4 კოალიციის ჩართულობით მომზადებული და შეჯერებულია, რომელიც სისტემურ დარღვევებს და მათ აღწერას მოიცავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ეგიდით აქ მისია იყოს მოვლენილი, რომელიც პირუთვნელად შეაფასებს ამ დარღვევებს, რომელიც მოხდა, შეაფასებს პროცესს, რამდენად შეესაბამება იმ ვალდებულებას, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით იყო აღებული”, - ამბობს ჯაფარითე, რომლის თქმით, “საერთოდ, არც კი უზრუნია “ქართულ ოცნებას” ეს ვალდებულება შესრულებულიყო და არჩევნების პროცესი მთლიანად მიიტაცა.”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ევროკავშირის შესაბამისი მისია იყოს მოვლენილი, რომელიც ამ არჩევნებს, მომხდარ უმსგავსობებს შეაფასებს, რომელიც ყველამ ვიხილეთ და ეს შეფასება გადამწყვეტი იქნება შემდეგი ნაბიჯებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებელ გამოძიებაზე, ქურდი არასდროს გამოიძიებს თავის დანაშაულს, ამიტომ ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ მისიასთან, რომელიც დამოუკიდებელი იქნება და “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებადი არ იქნება”, - განაცხადა ჯაფარიძემ. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ევროპელი კოლეგების განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით გაცილებით დიდ ამოცანას და დიდ მიზანს ემსახურება. მათი მიზანია, როგორმე ხელისუფლებაში მოვიდეს ის ხალხი, რომელიც ცალ ფეხზეც დადგება, ქედსაც მოიხრის და, თუ საჭირო გახდა, ამ საომარ პროცესებშიც ჩაერთვება. როგორც ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, ის, რაც დასავლეთს საქართველოში უნდოდა, არ გამოუვიდა. ამიტომ ფიქრობს, რომ ბოლომდე ცდილობენ ის დახარჯული ფული, რომლიც ამ ოპოზიციას და ენჯეო სექტორს მისცეს, წყალში ჩაყრილი არ იყოს და როგორმე საქართველოში ხელისუფლების ცვლილება შეძლონ”, - დასძენს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, დასავლეთი ბოლომდე ცდილობს დახარჯული ფულის მერე რაღაცა შედეგი ნახოს. გვარამიას, ლომჯარიას, გიგაურს, და მის დამქაშებს იმდენი ფული აძლიეს, მათზე იმხელა იმედებს ამყარებდნენ, რომ ეხლა ეს ერთი ხელის მოსმით წაგებას ვერ აღიარებენ. ამიტომ აქ ჩვენს ოპოზიციას აიძულებენ, რომ ეხლა აქციებზე გავიდნენ, კარვები გაშალონ და ა.შ. თორემ დარწმუნებული იყავით, გვარამიას, ხაზარაძეს, ხოშტარიას, ჯაფარიძეს და სხვებს, სულაც არ უნდათ ამ სიცივეში კარავში კოტრიალი. რომელი ქუჩის აქციების მოწმყობები ეგენი არიან, საქმე საქმეზე რომ მიდგება გარბიან და ხალხს სპეცრაზმს საცემლად ტოვებენ.... სერიოზული გაყალბების მტკიცებულებები ჯერ არ წარმოუდგენიათ. პროკურატურაში იბარებენ, ჯერ უკადრისობენ, მერე მიდიან და ყურმოკრულ რაღაცეებს ლაპარაკობენ. ეს სერიოზულია? ამათ უნდა დაუჯეროს ევროპამ? რა მტკიცებულებები აქვთ, პროკურატურაში ისიც ვერ წარუდგენიათ. ამიტომ მაგათი არავის არაფერი არ სჯერა. ივლიან, მაგრამ ბოლოს მაინც პარლამენტში შევლენ. ამერიკის არჩევნებიც ბევრ რამეს შეცვლის. დასავლეთშიც ბევრი რამის გადაფასება და ცვლილება მოხდება. ევროპის გამოღვიძებაც მოხდება”, - მიიჩნევს გვენეტაძე.

ირაკლი მელაშვილი - “რეალურად “ქართული ოცნება” სტრატეგიულად დასავლეთისგან განწირულია"

“ჩემთვის ახლა ყველზე მთავარი ის არის, რომ ოპოზიციამ სამართლებრივად სრულად გაიაროს ის ეტაპები, რაც საჭიროა დავის საერთაშორისო დონეზე გადასატანად. დამთავრდა საარჩევნო საოლქო კომისიების მიერ ოქმებზე მუშაობა და იმედია, ოპოზიცია გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ ვერ გაასაჩივრებენ ცესკოს გადაწყვეტილებას, ეს კი ნიშნავს, რომ თუკი ოპოზიციამ დაიწყო საერთაშორისო დონეზე დავა, ხელისუფლება ამას გამოიყენებს და იტყვის, ეგენი მხოლოდ ყვირიან და სამართლებრივად არაფერი აქვთო. ამიტომ აუცილებელია, ოპოზიციამ ეს სამართლებრივი საფეხურები ბოლომდე გაიაროს. თუ არადა, ეს ბრძოლას მნიშვნელოვნად გაართულებს საერთაშორისო არენაზეც. რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, თუ არ გვინდა ხალხი ფრუსტრაციაში ჩავარდეს, წინასწარ უნდა ვუთხრათ, სამართლებრივად რაც მოხდება”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსთაველზე აქციებით ოპოზიცია ხელისუფლების შემცვლელი არ არის”.

“პარლამენტის ის ნაწილი, რომელსაც წარმოადგენს “ქართული ოცნება” - ეს არის 89 მანდატი - ცნობს პარლამენტის უფლებამოსილებას და ამისთვის 76 ხმაც საკმარისია. ეს 76 ცნობს 150-ვეს უფლებამოსილებას. მანამდე ოპოზიცია სიას ვერ ჩახსნის. მერე შეუძლიათ ჩახსნან ის კანდიდატები, რომლებიც ახლა ვერ შედიან, რადგან სიაში უკან არიან. ამის შემდეგ ყველა მათგანმა ინდივიდუალურად უნდა დაწეროს პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება. საბოლოოდ კი მაინც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს თუ არა მათ განცხადებებს. “ქართულ ოცნებას” შეუძლია არ დააკმაყოფილოს და ფორმალურად ოთხივე ოპოზიციური პარტიის წევრები დარჩებიან პარლამენტის წევრებად. შეუძლია დააკმაყოფილოს და ფორმალურადაც ერთპარტიული პარლამენტი იყოს, რაც, ცხადია, ქვეყნისთვის უმძიმესი იქნება. ამიტომ პირველივე დღეს გამოცხადება, არ შევდივარ პარლამენტშიო, არასწორი მგონია. მე ყოველთვის მირჩევნია იყოს გეგმა, თუ როგორ გავიმარჯვოთ, და მერე ამ გეგმის ნაწილი იყოს პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გამარჯვებას შეიძლება მიაღწიო შესვლითაც და არშესვლითაც _ ორივე ინსტრუმენტია. ახლა, რადგან ნათქვამი აქვთ, არ შევდივართო, ბუნებრივია, არ შევლენ, მაგრამ მერე რა მოხდება?”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“სამართლებრივად პარლამენტი შემდგარი იქნება და ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური აქტი. მთავარ საკითხად კი ის რჩება, თუ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია რამდენად იქნება მზად იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე განაგრძოს ბრძოლა. რუსთაველზე აქციებით ოპოზიცია ხელისუფლების შემცვლელი არ არის. მეტის გაკეთების არც რესურსი და არც შესაძლებლობა ოპოზიციას არა აქვს. ამიტომ მთავარი საკითხია, თუ საერთაშორისო დონეზე წარმატებას რამდენად მიაღწევენ, ან საერთაშორისო დონეზე საბრძოლველად რა სჯობდა _ პარლამენტში ყოფილიყვნენ თუ მის გარეთ. ეს თავიდანვე უნდა გაეთვალათ, ვიდრე განცხადებებს გააკეთებდნენ. ბუნებრივია, ოპოზიციისთვის სრული კატასტროფა იქნება, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება და შევიდეს პარლამენტში. ამიტომაც ახლა მთავარი სამართლებრივი საფეხურების გავლაა, რათა წელგამართული წახვიდე საბრძოლველად, ევროსასამართლო იქნება, ევროპარლამენტი თუ ევროკომისია. ჯერჯერობით სარჩელები შეტანილი აქვს სამოქალაქო სექტორს და არა ოპოზიციას. შეიძლება ერთი-ორი სარჩელი კი შეიტანეს, მაგრამ ოპოზიცია, ძირითადად, ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების იმედზეა, რაც მიუთითებს, რომ ოპოზიციამ არჩევნების დღეს შესაბამისად არ იმუშავა, რათა იურიდიული ბაზა შეექმნა დარღვევების დასაფიქსირებლად”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი იმდენად თავდაჯერებული იყო გამარჯვებაში, დილიდანვე დაიწყეს ზემოდან ყურებით ლაპარაკი, გადმოგვაბარეთ ხელისუფლებაო, და არ დაიწყეს დარღვევების დაფიქსირება. ალბათ, იფიქრეს, ახლა რომ დარღვევების დაფიქსირება დავიწყოთ, არჩევნებს თუ მოვიგებთ, ეს “ოცნებამ” არ გამოიყენოს და უბნების გაუქმება არ დაიწყოსო. ამ განცხადებებით ოპოზიციის ლიდერებმა თითქოს დემოტივაციაც მოახდინეს, რადგან ერთ უბანზე კომისიის წევრი რომ ისმენს განცხადებას, მთელ საქართველოში ვიგებთო, ფიქრობს, მაინც ვიგებთ და ამ ჩემს ერთ უბანს ხომ არ შევაკვდებიო, და შესაძლოა რაღაცებზეც თვალი დახუჭა. საბოლოოდ შედეგად მივიღეთ ის, რომ ცალკე ოპოზიციამ და ცალკე “ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ორივე გამარჯვებულია, მაგრამ როდესაც გაიხსნა ყუთები, ოპოზიციას არ აღმოაჩნდა ის დარღვევები, რომლებიც, წესით, უნდა ჰქონოდათ. გარდა ამისა, ოპოზიციაში ყოველთვის იყო პრობლემა, რომ მათი კომისიის წევრებს უჭირდათ დარღვევების დაფიქსირება, არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა, რითიც სადამკვირვებლო მისიები არიან აღჭურვილი. როცა მე ვიყავი ოპოზიციაში, ასე იყო. კი ვასწავლიდით, მაგრამ მაინც უჭირდათ და სამოქალაქო სექტორის იმედზე იყვნენ”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“ყველა არჩევნებზე ასე ხდებოდა, მაგრამ ასე, საერთოდ არაფერი რომ არ დაწერილიყოს, ჩემი აზრით, ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ კომისიის წევრებმა დაუჯერეს თავიანთ ლიდერებს, ჩათვალეს, რომ იგებდნენ და შეეშინდათ, საჩივრები რომ დაეწერათ, ამით “ოცნების” საქმე არ გაეკეთებინათ. დღეს ოპოზიცია აფასებს იმ პრობლემას, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხვდება, რომ ამასთან შეგუება არ შეიძლება, მაგრამ რა გზები აქვთ დასახული, ეს არ ჩანს და ეს არის პრობლემა. ჯერ მიჰყვებიან დინებას და, ჩემი აზრით, სწორად იქცევიან, როცა მოკლევადიან მოლოდინს არ ქმნიან, რომ არ ამბობენ, ახლა გამოდით და ყველაფერს დავამთავრებთო. რასაც ადრე ოპოზიციაში ვუშვებდით ხოლმე, ისეთ შეცდომას არ უშვებენ, მაგრამ არ ვიცით, რას როგორ აპირებენ, გარდა იმისა, რომ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ რუსთაველის გადაკეტვით ან ქუჩებში სიარულით ხელისუფლებას დაარწმუნებენ, რაღაც უნდა მოხდეს გლობალურ დონეზე. ახლა გადასული არიან იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდონ მასალა, თუმცა რამდენად დამაჯერებელი იქნება, არ ვიცი. არასამთავრობო სექტორმა დაასახელა არჩევნების ფარულობის საკითხი და ეს ყველაზე სწორი მიდგომაა”, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

“საია-მ აქცენტი სწორედ ამაზე გადაიტანა. როგორც ჩანს, სხვა საკითხებზე ვერ ხერხდება მტკიცებულებების შეგროვება, მათ შორის იმაზეც, რომ სხვისი პირადობის მოწმობებით აძლევდნენ ხმას. იმედია, ოპოზიციას მტკიცებულებები აქვს. როგორც ჩანს, მაინც იმას ელოდებიან, როგორი იქნება საერთაშორისო რეაქცია ანუ მიიღებენ თუ არა ევროპული ორგანიზაციები გადაწყვეტილებას “ქართული ოცნებისთვის” გარკვეული სანქციების დაწესების შესახებ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მალე იწყება წინასაახალწლო პერიოდი, საზოგადოებას პოლიტიკა დიდად აღარ აინტერესებს, სხვა საკითხზეა გადართული და ამიტომ სწორია, რომ ოპოზიცია ყველაფერს მოკლევადიან პერიოდზე არ თვლის. თუმცა, ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასამართლოში შესატანი სარჩელის კარგად მომზადება. დასავლეთის მხრიდან “ოცნებასთან”, ასე ვთქვათ, “დალაგების” ძალიან მცირე შანსს ვხედავ, რადგან ხელისუფლებამ დასავლეთთან ძალიან მოიჭრა თავი. ჩემი აზრით, ურთიერთობა გაცივდება და არავინ მოინდომებს აქ ჩამოსვლას და ჩვენი შიდა ვითარების დალაგებას. ერთხელ გააკეთეს, 2020-ის ამბებს ვგულისხმობ, და ნახეს, რომ ამან შედეგი არ მოიტანა. დასავლეთისთვის შედეგი არის პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, ნორმალური დიალოგის ფორმატის შექმნა. “ოცნებამ” კი რაც გააკეთა, დასავლური პოლიტიკისთვის ხელის კვრა იყო”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ამიტომაც მგონია, რომ ამას აღარ გაიმეორებენ, მით უმეტეს, 2020-ისა და ეს არჩევნები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და დასავლეთსაც ძალიან მკაფიო დამოკიდებულება აქვს. რა თქმა უნდა, თუ არ იქნება მტკიცებულებები, სამართლებრივად იმოქმედებს პრინციპი, თუ არ დაიჭირე, ქურდი არ არის, მაგრამ პოლიტიკურ დამოკიდებულებაში ეს არ მოქმედებს. როდესაც ყველამ იცის, რომ შენ ხარ გამყალბებელი და პლუს ქვეყანა რუსეთისკენ მიგყავს, ასეთ ვითარებაში დასავლეთს რა არგუმენტი უნდა ჰქონდეს, რომ შენი ინტეგრირების პროცესი განაგრძოს? პასუხი ცალსახაა - არანაირი და ამიტომ ურთიერთობა იქნება ცივი. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ამ წელს უკვე ერთი მილიარდი დავხარჯეთ ლარის გასამყარებლად და კიდევ ერთი ასეთი ზალპის გასროლამ თუ მოუწია “ოცნებას”, არის საფრთხე, რომ ქართული ეკონომიკა, რომელიც დღეს დიდწილად არის დასავლეთზე დამოკიდებული, ძალიან მძიმედ შეირყეს”, - დასძენს მელაშვილი და შეკითხვაზე - “პოლიტიკური კრიზისის პიკი რა შეიძლება გახდეს?”, - პასუხობს:

“პოლიტიკური კრიზისი უკვე არის. თუ პარლამენტი შეიკრიბება, ის იქნება ერთპარტიული, ქვეყანაში იქნება პროტესტი, დასავლეთთან ურთიერთობა ვერაფრით ვერ ლაგდება და ამას კობახიძის ეს ვიზიტიც ადასტურებს. რაც დრო გავა, ეს ვითარება, უფრო დამძიმდება. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ “ბარტყები” ჰყავს გადასაგდები. მაგალითად, იტყვის, რომ აგენტების კანონს გაიწვევს, კიდევ რაღაც სავაჭრო თემები ექნება დატოვებული, რითაც ცოტა ხნით შეიძლება სცადოს რაღაცების მოგვარება, მაგრამ რეალურად “ქართული ოცნება” სტრატეგიულად დასავლეთისგან განწირულია. ისინი “ოცნებას” სანდო პარტნიორად აღარასოდეს მიიღებენ”.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს