„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
ქეთევან თურაზაშვილი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მამის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, ჯაფარიძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ის კვლავ თანამდებობაზე რჩება და საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულიც კი არ არის.
„ჩემი მამა, ალექსანდრე თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია „მოქალაქეებს“ წარმოადგენდა, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და უბნების დასათვალიერებლად დადიოდა. იმის გამო, რომ მას არცერთი პასუხისმგებელი პირი უბნებზე არ დახვდა, მიზეზის დასადგენად რამდენიმე უბნის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. აღნიშნულის შესახებ აცნობეს საოლქო კომისიის წევრს და „ოცნების“ პოლიტიკის ინტერესების გამტარებელ თეონა ჯაფარიძეს, რომელიც გაღიზიანდა ალექსანდრეს საქმიანობით, დაურეკა მას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში მამა გარდაიცვალა.
მამამ დამირეკა 12:31 საათზე, მომიყვა ჯაფარიძესთან საუბრის დეტალები, ის აღელვებული იყო და აღნიშნა, რომ საკადრისი პასუხი არ გასცა თეონა ჯაფარიძეს, არ უპასუხა არაფერი, რასაც ეს უტიფარი ქალი იმსახურებდა. 13:17 წუთზე უკვე დედამ დამირეკა და მითხრა, რომ მამა გარდაიცვალა. ჯაფარიძის ზარსა და მამას გარდაცვალებას შორის შუალედი 60 წუთზე ნაკლებია“,- განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თეონა ჯაფარიძეს მფარველობს.
„გასულ არჩევნებზე, როდესაც მსგავს ფაქტი მოხდა, მაგრამ ეჭვმიტანილი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო, ის მომხდარი ფაქტიდან 4 საათში დააკავეს. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი. როდესაც საქმე ეხება ოპოზიციის წარმომადგენლის გარდაცვალებას, ცდილობენ დამნაშავეს გადაეფარონ და საქმე „ჩაფარცხონ“.
მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, მიიღოს შესაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თეონა ჯაფარიძე თანამდებობიდან იმისთვის, რომ დავიცვათ მისგან სხვა ადამიანები, მოხდეს პრევენცია და მან ვეღარ შეძლოს სხვების დაზიანება. ასევე, სხვებისთვის იყოს მაგალითი, რომ ამ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება უტიფრობა, თავხედობა, აგრესია, სიძულვილის ენის გამოყენება, უპასუხისმგებლობა და უზრდელობა”, - აცხადებს ქეთი თურაზაშვილი, რომლის კომენტარსაც „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
როგორც საბურთალოს ოლქში, ოპოზიციის კიდევ ერთი დანიშნული წევრი, შორენა ბუხრაშვილი აცხადებს, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრეც, თეონა ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ოპოზიციონერების მხრიდან, არაერთი საჩივარი დაიწერა. კერძოდ, მისივე თქმით, ისინი ოლქის ხელმძღვანელს მიმართავდნენ, რომ ჯაფარიძე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ოპოზიციონერების მიმართ, მათ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა საჩივრებზე რეაგირება არავის მოუხდენია.
„ბატონ ალექსანდრე თურაზაშვილთან ჩემი ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია შედგა 23 ოქტომბერს 12:33 საათზე. ალექსანდრემ ძალიან აღელვებულმა დამირეკა, როგორც კოლეგა ჩამაყენა საქმის კურსში, რა სახის საუბარი შედგა მასსა და საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრ, თეონა ჯაფარიძეს შორის. აღელვებული ალექსანდრე ამბობდა, რომ მსგავსი შეურაცხყოფის ატანა, მით უფრო მაშინ, როდესაც ის ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობას, აღარ შეეძლო. ეს ფაქტი პირველი არ იყო საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ქალბატონის მხრიდან”, - აცხადებს შორენა ბუხრაშვილი.
ქეთი თურაზაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, სამი კვირაა რაც გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე საბურთალოს საოლქო კომისიის არცერთი წევრი დაკითხული არ არის.
„დღეს შევხვდი გამომძიებელს, ვესაუბრე და გავეცანი საქმის მასალებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არაფერი ამ სამი კვირის განმავლობაში არ გაკეთებულა საგამოძიებო სამსახურის მხრიდან. გამოიძიონ, გამოიკვლიონ ყველა მტკიცებულება, ესენია, სატელეფონო საუბრები, განხორციელებული ზარი, საიდანაც ერთ საათში ალექსანდრე თურაზაშვილი ცოცხალი აღარ იყო”, - აცხადებს გიორგი რეხვიაშვილი.