ჯოზეფ ბორელი - საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა - საქართველოში მისიას გავგზავნით, განვიხილავთ დარღვევებს, არჩევნები უნდა იყოს გამოძიებული

ჩვენ ყველას გვინდა ერთი რამ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს და ამას ძალისხმევა დასჭირდება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, რამაც მისივე შეფასებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა. ბორელის თქმით, ევროკავშირი ქვეყანაში მისიას გაგზავნის, რადგან არჩევნები გამოძიებული უნდა იყოს, მთავრობამ კი გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით უნდა განახორციელოს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადენელი აცხადებს, რომ საქართველო ძლიერი ცვლილებების გარეშე ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს და ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა.

„გასულ თვეში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ მოქმედი ხელისუფლების ქვეშ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირის გზას დააშორეს, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე იდგეს. ჩვენ ყველას გვინდა ერთი რამ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს და ამას ძალისხმევა დასჭირდება. ჩვენ საქართველოში მისიას გავგზავნით, განვიხილავთ დარღვევებს და არჩევნები გამოძიებული უნდა იყოს, მთავრობამ კი გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით უნდა განახორციელოს. საქართველო ძლიერი ცვლილებების გარეშე ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს და ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, საქართველოში არჩევნებზე ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მიიწვევს, რათა მან წევრ ქვეყნებს დარღვევების შესახებ საკუთარი შეფასებები წარუდგინოს.

„ქართველ ხალხს, მინდა გავიმეორო ის, რაც შარშან ვთქვი საქართველოში ვიზიტის დროს: საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია დარჩება, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი როცა საქმე კანონის უზენაესობის პატივისცემასა და ფუნდამენტურ პრინციპებს ეხება, მათ შორის იმას, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აშორებს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს