აკადემიური სფეროს წარმომადგენლები - მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თსუ-ს სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლებების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას

საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოების ნაწილი „მკაცრად გმობს 19 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლებების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას”.

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელყოფს სტუდენტების უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას, აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს მიიღებს.

„ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლებების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას. უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა. კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად. ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს. არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას. საგანმანათლებლო სივრცეები, განსაკუთრებით კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლება - გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად მრწამსისა, თუ შეხედულებებისა. ეს პრინციპი, რომელიც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობის ფუნდამენტია, უხეშად დაირღვა.

ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელყოფს სტუდენტების უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას, აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს მიიღებს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, ჩვენს მიერ არჩეულ აკადემიურ საბჭოს და რექტორს, რომელიც ამ დრომდე დუმს. მას განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

ჩვენ ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის მტკიცე ნებას დაიცვან საქართველოს ევროპული კურსი და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ეს ბრძოლა, მხოლოდ სტუდენტების ბრძოლა არ არის, ეს ჩვენი საზოგადოების ერთიანი ბრძოლაა, რომელიც ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარების საფუძველს ქმნის. ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის. უნივერსიტეტი ვერ გახდება ჩაკეტილი სივრცე ან ძალადობის თანამონაწილე. იგი უნდა დარჩეს თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და პროგრესის მთავარ კერად”, - აღნიშნულია საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოების მიერ გაჟღერებულ განცხადებაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა