პროკურორი - მათე დევიძე პოლიციელებს თავს მოულოდნელად დაესხა, სამართალდამცავები მასთან შემხებლობაში არ ყოფილან - დევიძის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად პოლიციელებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს

პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის განმარტებით, სამართალდამცავების მხრიდან 20 წლის მათე დევიძის დაკავების ღონისძიება არ მიმდინარეობდა, როცა ის პოლიციელებს თავს მოულოდნელად დაესხა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები გააჩნია.

ხუბეჯაშვილის თქმით, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს, თუმცა, აღნიშნულს, მათი „ჯანმრთელობის მოშლა“ არ გამოუწვევია.

„პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული. ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნაწილი - ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ბრალდებულის მიერ 3 პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი. საქმეზე გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, ეს ჩანაწერები ტელევიზიიდანაა გამოთხოვილი, ამასთან, საჯაროდ გავრცელებული კადრებია ასახული. ჩანაწერებში ნათლად ჩანს ბრალდებულის თავდასხმის მომენტი, როცა ის ჯოხის გამოყენებით ესხმის პოლიციის თანამშრომლებს თავს და დაზიანებას აყენებს. ვითარება მელიქიშვილის გამზირზე ვითარდებოდა, როცა პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. მათე დევიძე, რომელიც მათგან მოშორებით იმყოფებოდა, მოულოდნელად, ჯოხის გამოყენებით თავს დაესხა პოლიციელებს, ეს ჩანაწერებში ნათლად და მკაფიოდ ჩანს. საქმეში მოწმეთა ჩვენებებია და ექსპერტიზის დასკვნაა, რომლითაც დასტურდება, რომ ჩანაწერში ასახული პიროვნება ნამდვილად მათე დევიძეა.

მათე დევიძეს სამართალდამცავები არ აკავებდნენ, როცა ის მივიდა და მათ თავს დაესხა, მათგან მოშორებით იყო, პატრულ-ინსპექტორები საერთოდ არ იყვნენ მათე დევიძესთან შემხებლობაში, როცა მათ თავს დაესხა, მის მიმართ არანაირი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება არ ხორციელდებოდა“, - განაცხადა ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებთან.

გარდა მედიასთან კომენტარისა, პროკურორმა სასამართლო პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში განმარტა, რომ მათე დევიძის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად სამართალდამცავებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში