პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მომიტინგე მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა.

სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, მათე დევიძის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიკუთვნება, მისი მხრიდან კი მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით შესაძლოა, მიმალვის მცდელობა განხორციელდეს, ასევე არსებობს მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

როგორც სასამართლო პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განმარტა, ბრალდებულის ქმედება ძალადობრივია, მის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად სამართალდამცავებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს.

დაცვის მხარე პროკურორის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების განმარტებით, მათე დევიძე ნასამართლევი არაა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული. დაცვის მხარემ დევიძის 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატების თქმით, მათე დევიძის აქციაზე მისვლას პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა.

„მას იმ მომენტში, როცა პოლიციელები ამბობდნენ დააკავეთო, ადეკვატური თავდაცვის რეფლექსები ჰქონდა. მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციელებისთვის და მას არანაირი აგრესია არ გამოუხატავს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა