მამუკა მდინარაძე - მიხეილ ყაველაშვილი არის სულით და გულით ქართველი და გარანტი, რომ პრეზიდენტი სხვა ქვეყნიდან წამოსულ ინტერესებს არ მოემსახურება - 1000%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტყვების უკან წაღება არასდროს მომიწევს

რეალურად, მიხეილ ყაველაშვილი არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ სხვა ქვეყნიდან წარმომავალი ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს - მე 1000%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტყვების უკან წაღება არასდროს მომიწევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილზე მათ გარანტირებულად შეუძლიათ თქვან, რომ მისი მხრიდან შეცდომაც გამორიცხულია და გამორიცხულია ისიც, რომ ის თავის სამშობლოს არ მოემსახუროს.

„ორი დღის განმავლობაში რა სიტყვებსაც ვიმეორებდი, კიდევ უფრო თამამად გავიმეორებ. მაშინ ცოტა აბსტრაქტული ჩანდა. როგორი უნდა იყოსო, გვეკითხებოდით, ჩვენ ვცდილობდით, რომ წინასწარ არ გვეთქვა, რადგან ამას საბოლოო ჯამში, უმრავლესობის თანხმობა სჭირდებოდა. ასეთი ერთსულოვანი თანხმობის შემდეგ გავახმოვანე კანდიდატურა და გავიმეორებ იგივე სიტყვებს: ქართველი, არამხოლოდ გენეტიკური თვალსაზრისით, სულით და გულით - მიშა ყაველაშვილზე სხვანაირად სხვა ვერავინ ვერაფერს იტყვის.

ახლა დაიწყებენ ანტიდასავლურ რიტორიკას და რაღაცებს იტყვიან, მაგრამ რეალურად, მიხეილ ყაველაშვილი არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ სხვა ქვეყნიდან წარმომავალი ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს და ა.შ. ეს არის ადამიანი, რომელზეც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცდომაც გამორიცხულია და გამორიცხულია ისიც, რომ ის თავის სამშობლოს არ მოემსახუროს. ის მოემსახურება თავის სამშობლოს, თავისი პიროვნული, ქართული თვისებებიდან გამომდინარე არსებობს ამისი მყარი გარანტია.

შესაბამისად, მე 1000%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტყვების უკან წაღება არასდროს მომიწევს. ამიტომ ვლაპარაკობ ამ სითამამით რომ მიხეილ ყაველაშვილი ის ადამიანია, რომელიც მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ხალხს და სამშობლოს და არათუ გარედან მიღებული დავალებების შესრულებაზეა საუბარი, არამედ ის იქნება მათ შორის, ზეპარტიული ლიდერი. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ, ამ საუბრებიდან და მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე დარწმუნებულები ვართ, რომ ის იქნება ზეპარტიული ლიდერი და მაქსიმალურად შეეცდება, რომ იმ გამაერთიანებელ თემაზე ჰქონდეს ორიენტირი, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით“, - განაცხადა მდინარაძემ

კითხვაზე, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ანტიდასავლურ რიტორიკას შეეხებოდა, მდინარაძემ უპასუხა, რომ ამაზე მას შემდეგ ისაუბრებს, როდესაც მსგავს შემთხვევას გაახსენებენ.

„[ანტიდასავლურ რიტორიკას] მიშა ყაველაშვილს კი არა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს აბრალებენ. მაგრამ, აბა, დამისახელეთ ერთი ანტიდასავლური განცხადება. რომ დაგარტყამენ და თავზე ლაფს გასხამენ, მათი ჭკუით და პასუხს რომ გასცემ, თურმე ეს ანტიდასავლური რიტორიკაა.

ანუ, თუ გამოვა კუბილიუსი, რას გადავეკიდეთ, მაგრამ სიმბოლო გახდა ასეთი უსამართლო განცხადებების, რაღაც საზიზღრობას იტყვის და შემდეგ გასცემ მკაცრ, ხისტ და როგორიც ეკუთვნის პასუხს, ეს უკვე ანტიდასავლური რიტორიკაა. გურული ბაბუას ანეკდოტი ახსენდება ყველას: „მე დევიწყე ბაბუა თუ...“, პასუხს გასცემ და როგორ იკადრე. რწმენის დონეზე აქვთ ატანილი, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენელს, რომელიც უსამართლო განცხადებებს აკეთებს, თურმე პასუხიც არ უნდა გასცე.

ერთი ანტიდასავლური განცხადება გამახსენონ და მერე ვისაუბროთ ამაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის