ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2024

როგორ გააგრძელებს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლება აშშ-სა და ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან

რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ საპროტესტო მუხტის აწევა

“უცხოელი მუშახელის მასობრივი შემოყვანა საქართველოს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს”

* * *

როგორ გააგრძელებს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლება აშშ-სა და ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან

“აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება, შესაბამისად მისი ადმინისტრაცია მომავალი წლის იანვრის ბოლოდან შეუდგება მუშაობას. განახლების პროცესში მყოფი ევროკავშირის სტრუქტურების შემადგენლობა კი ოფიციალურად მუშაობას 1-ლი დეკემბრიდან დაიწყებს. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრობენ იმ პროგნოზებზე, თუ როგორ გააგრძელებს განახლებული “ქართული ოცნება” აშშ-სა და ევროკავშირის ახალ ადმინისტრაციებთან. 1-ლი დეკემბრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე შარლ მიშელს პორტუგალიის ყოფილი პრემიერი ანტონიო კოშტა ჩაანაცვლებს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს, ჯოზეფ ბორელის ნაცვლად, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება. ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ გააგრძელებს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლება აშშ-სა და ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან.

“27 ნოემბერს ევროპარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის 26 კომისრისგან შემდგარი გუნდი დაამტკიცეს. ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მხარი 370-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 282-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა. ევროკომისიის ახალი შემადგენლობაც ოფიციალურად მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 28 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციას მიიღებენ. რაც შეეხება აშშ-ს, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მოვალეობის შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება, ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივნად რესპუბლიკელ სენატორ მარკო რუბიოს წარადგენს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ აშშ-სგანაც და ევროკავშირის მხრიდანაც არ ჩანს, რომ ახალი ადმინისტრაციები ლოიალურები იქნებიან “ქართული ოცნების” მიმართ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ მსოფლიოში ტენდენციები იცვლება კონსერვატიზმის გაძლიერების კუთხით და ამ ფონზე, შეიცვლება როგორც აშშ-ს ისე ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ორივე მიმართულებით ურთიერთობის გაუარესებას ველოდები. ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ და კომისრებმა, მათ შორის კაია კალასმა და სხვებმა, რომლებსაც ევროკავშირის სტრუტურებში დიდი გამოცდილება აქვთ, ძალიან კარგად იციან “ქართული ოცნება” რას წარმოადგენს. ამასთან, ხუთშაბათს ევროპარლამენტი საქართველოზე რეზოლუციას მიიღებს და იქაც იქნება ბევრი რამ ნათქვამი. ამას ემატება ისიც, რომ “ოცნების” მიერ დასახელებული კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი “ხალხის ძალას” წარმოადგენს, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, კანდიდატად წარდგენის შემდეგაც კი, პირველი განცხადება რაც გააკეთა ის იყო, რომ ყველაფერს გავაკეთებო, რომ უცხო ძალები არ ჩაერივნენო, დასავლეთი გააკრიტიკა და ა.შ. რაც შეეხება აშშ-ს, ტრამპის უფლებამოსილება ძალაში 2025 წლის 20 იანვარს შედის და ბუნებრივია, ტრამპის ხელისუფლებასაც “ქართული ოცნების” მიმართ ხისტი დამოკიდებულება ექნება, მათი მოლოდინების მიუხედავად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ალბათ ამ ორი თვის განმავლობაში “ოცნება” კიდევ უარესს ჩაიდენს. რა თქმა უნდა, ტრამპის ადმინისტრაცია კარგად იქნება ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის თავდაცვის მდივნობისა და სახელმწიფო მდივნობის კანდიდატები, რომ “ოცნებას” ურთიერთობა აქვს ირანთან, ჩინეთთან თანამშრომლობს, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლიის პორტს ააშენებს. პირველად ტრაპის ადმინისტრაციის დროს გამოიხატა შეშფოთება, რომ შეიძლება პორტი ჩინეთს გადასცემოდა, მაშინ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იყო, ის საქართველოშიც იმყოფებოდა. ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, რომ ჩინურ საიმპორტო პროდიქციაზე 10%-იანი გადასახადი დააწესოს, ამ დროს, საქართველო ჩინეთთან თანამშრომლობს, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნება მათთვის. ახლა ორბანი ეცდება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის შუამავლის როლი ითამაშოს, მაგრამ მგონია, რომ იმედები არ უნდა დაამყარონ”, - განაგრძობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

“არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ბაიდენმა ვადის მიწურულს “ქართული ოცნების” წევრებს სანქციები დაუწესოს, საკმარისი დროცაა და დოკუმენტებიც უკვე შესწავლილია. ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის მიწირულს მოხდა ის, რომ უკრაინას შორი მანძილის იარაღის გამოყენებაზე ნება დართო და არ გამოვრიცხავ, გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაც მიიღოს. აშშ-ს გადაწყვეტილებები მანამდეც და დიდი ხნის წინაც უნდა მიეღო, საქართველოს ეს პრობლემა ჯერ კიდევ 2012 წლიდან აქვს. როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებდა “ოცნება” და ბოლო შანსი მისცა, თუმცა არ გამოიყენა. გარკვეულ ზომებზე ევროკავშირიც წავა, ერთი ვარიანტია და არ გამოვრიცხავ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეაჩერონ, თუმცა მეორე ვარიანტია, რომ თავად ქვეყნებმა დააწესონ ინდივიდუალური სანქციები. საინტერესო მაგალითია - როცა მურუსიძეს აშშ-მ სანქციები დაუწესა, მერე გერმანიაში არ შეუშვეს, ანუ გერმანიამ გაიზიარა ვაშინგტონის პოზიცია”, - დასძენს ნიკა ჩიტაძე.

“როგორ გაგრძელდება ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობა, ალბათ ამ კითხვაზე მაშინ გაეცემა პასუხი, როცა ევროკავშირი გადაწყვეტის რეზოლუციის რომელ ტექსტს უჭერს მხარს. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის ვერსია გაიმარჯვებს, რომელიც საქართველოში მხარეებს მოუწოდებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს პატივი სცენ და პარლამენტში შევიდნენ. ეს ბოლოს მოუღებს სპეკულაციებს და შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში გარე ჩარევების მცდელობებს. თუ ეს არა, მაშინ საერთოდ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არჩევნებმა სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან სხვანაირი სურათი და ტენდენციები აჩვენა და დღეს მსოფლიო კონსერვატიზმისკენ უფრო მიდის, ვიდრე ადრე. ამ კონსერვატიზმის გაძლიერების ფონზე, მეეჭვება, რომ ევროკავშირმა დამოუკიდებელ საქართველოს ისეთივე ჩხიკინი დაუწყოს, როგორსაც ცოტა ხნის წინ ლიბერალები უჩხიკინებდნენ”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ლიბერალებმა მე მგონი ნახეს, რომ მათი პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით წამგებიანია და ამიტომ საქართველოზეც მე მგონი ჯოხს არ გადატეხენ და იტყვიან, რომ ყველა ქვეყანამ იცხოვროს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად და თავისი მსოფლმხედველობით იმ ოჯახში შევიდეს, რასაც ევროპა ჰქვია. იმედია ეს ტენდენციები აშშ-შიც გაგრძელდება ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ და ყველა ქვეყნის პოლიტიკის მიმართ მეტი პატივისცემის პრინციპს შემოიტანს, მათ შორის საქართველოს მიმართაც. ლიბერალებს ბოლშევიკების დროინდელი პრინციპი ჰქონდათ, რომ ვინც ჩვენს ჭკუაზე არაა, ის ჩვენი მტერია. იმედია ლიბერალების ეს ევროპული ბოლშევიზმი შეიცვლება და ჩაქრება მათი ეს ენერგიული “ვაჟკაცობა”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ საპროტესტო მუხტის აწევა

“რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ოპოზიცია ხალხს მოუწოდებდა, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ, თუმცა, პროტესტმა არაერთი მცდელობის მიუხედავად მასობრივი ხასიათი არ მიიღო და თანდათან მინელდა. ანალიტიკოსები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ხალხი დაბნეული იყო და არ იცოდნენ რისთვის უნდა გასულიყვნენ გარეთ. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ ოპოზიციას ნორმალური ლიდერი არ ჰყავდა, რომელიც შეძლებდა საპროტესტო მუხტის აწევას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ საპროტესტო მუხტის აწევა.

“საზოგადოებამ მაქსიმალურად გააკეთა, რასაც პოლიტიკოსები არჩევნების წინ ეუბნებოდნენ. მათი დიდი ნაწილი კეთილსინდისიერად გამოცხადდა არჩევნებზე და ხმა არ მისცა “ქართულ ოცნებას”, ეს იყო მკაფიოდ გამოხატული პოზიცია. მეორე, სახლში ვინც დარჩა, ეს საკმაოდ თამამი ხალხი აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მათი მიყვანა თავიანთ სასარგებლოდ. ეს ადამიანებიც არ არიან “ქართული ოცნების” ამომრჩევლები, თორემ სულ ჯოხის რეკვით მიიყვანდა არჩევნებზე, მოისყიდიდა და შეაშინდებდა. ასე რომ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არაა მათი მომხრე. ხოლო ვინც მათ მისცა ხმა, არც ისინი არ არიან “ოცნების” გულმხურვალე მომხრეები, შიშით, რაღაც ტყუილებზე დაფუძნებული ტყუილებით მიაცემინეს ხმა. ანუ ესენი არ იყვნენ ჩამოყალიბებული ადამიანები. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მათი ამომრჩეველი არაა, შესაბამისად, გაყალბებით და მანიპულაციით მოახერხეს არჩევნების მითვისება. ოპოზიციამ გარდა ფუჭი იმედებისა, რომ ჩვენ ვიმარჯვებთო და მთავარია არჩევნებზე მიხვიდეთო, ვერაფერი გასცა, ხალხიც მივიდა, მაგრამ აღმოჩნდა, “ოცნებამ” მაინც მიითვისა არჩევნები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ამიტომ, ხალხს ათასი საქმეები აქვს. არჩევნებამდე თუ ქუჩაში გამოდიოდნენ, მათ იცოდნენ ამის მიზანი - არჩევნებისთვის, კანონის წინააღმდეგ, ახლა კი არ იციან რისთვის გამოვიდნენ, რადგან არ ჩანს სქემა. ყველანაირად ჩანს, რომ მათ გამოსვლას ენერგია ეკარგება, საზოგადოებამ არ იცის, თუ რატომ უნდა მოსწყდნენ სამსახურებს, ოჯახებს და მივიდნენ და აქციებზე. ასე რომ, ჩემთვის მიუღებელია და არ ვიზიარებ პოზიციას, რომ საზოგადოების ბრალია რამე. თუ ვინმეს ბრალი არ არის ის, რაც მოხდა, ეს არის ის ხალხი, ვინც აქციებზე გამოდიოდა და ახლა აღარ გამოდიან, რადგან ვერ ხედავენ ამის აუცილებლობას. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც ხდება ხოლმე ოჯახებში, ანუ როდესაც ახლობელი დაეღუპებათ, ოჯახი ძალიან განიცდის, რომელიც მთელი ცხოვრების დანაკარგი იქნება და ეს ტკივილი არ გაქრება, თუმცა, ცხოვრება გრძელდება. ხალხი მიხვდა, რომ საქართველომ სერიოზული ნახტომი გააკეთა უკან, მაგრამ ამის შემდეგ იწყება დაცემის პერიოდი, ანუ როცა ადამიანები თავიანთ თავებში რჩებიან. როგორც საბჭოთა კავშირში იყო, ახალგაზრდები უცხოეთში წავლენ, ვისაც არ შეუძლია შიდა ემიგრაციაში და ქვეყანას “ქართული ოცნება” დაეპატრონება”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

“როგორ უნდა მიეღო ოპოზიციის პროტესტს მასიური ხასიათი, როდესაც მის სათავეში იდგა გვარამია, რომელიც როთის მხარდამჭერია და როთი ვინც არის, ძალიან კარგად ვიცით. როგორ უნდა მიეღო მასობრივი ხასიათი, როცა ლიდერობას იჩემებდა მევახშე ხაზარაძე, ასევე, სათავეში იდგა ისეთი პროდასავლელი, სინამდვილეში კი “რუბლიოვა” ლიაკა ხოშტარია. აქედან გამომდინარე, ქართველი კაცი გნებავთ ხელისუფლება არ მოსწონდეს, სულით და გულით არის მამულის, ენის და სარწმუნოების დამცველი. ესენი, ვინც ჩამოვთვალე, ოპოზიციის ლიდერობას იჩემებდნენ, რეალურად იყვნენ და არიან საქართველოს ოფიციალური მტრები, რომლებიც უცხოეთში აგზავნიან დასმენებს, რომ საქართველოს გაუუქმონ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატობის სტატუსი, ასოცირების ხელშეკრულება და ითხოვენ საქართველოს მოსახლეობას დაუწესონ სანქციები. აქედან გამომდინარე, არის ის შედეგი, რომლის მიხედვითაც ეს ოპოზიციის ლიდერები დაბოდიალობენ ქუჩებში, როგორც ჭაჭანაჭამი ინდაურები”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

“უცხოელი მუშახელის მასობრივი შემოყვანა საქართველოს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს”

“საქართველოში დემოგრაფიული სურათი უარესდება. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის უცხოელ მუშახელზე მზარდი მოთხოვნა და ადგილობრივი კადრების უცხოეთში გადინება, რაც ისედაც მძიმე დემოგრაფიულ ფონზე უარყოფითად აისახება. ვითარება, იმდენად საგანგაშოა, რომ ხელისუფლებას გადამწყვეტი ზომების მიღება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველობა, შესაძლოა, საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაშიც აღმოჩნდეს, რაზეც გაეროს დასკვნებშიც კი იყო საუბარი. ქვეყანაში უცხოელი მუშახელის მუდმივად შემოყვანა დემოგრაფიულ სურათს რადიკალურად შეცვლის. სპეციალისტები კი დაუფარავად აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბაზრის უცხოელი მუშახელით გაჯერება ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს. ეკონომისტმა სოსო სიმონიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მიგრაცია არ შეჩერდა და სპეციალური ზომები არ შემუშავდა, საქართველო უახლოეს მომავალში ქართველების გარეშე დარჩება. დემოგრაფ ანზორ სახვაძის აზრით კი ქვეყანაში ჯერ კიდევ არის უმუშევართა დიდი რაოდენობა და უცხოეთიდან მუშახელის ჩამოყვანის აუცილებლობა არ დგას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უცხოელი მუშახელის მასობრივი შემოყვანა საქართველოს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს” / თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობა ეთნიკურად შეიცვლება, ეს კი არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება სახელმწიფოს მოუვიდეს!

“ვითარება რთულია. ჩვენი კადრების გადინება და აზიის ქვეყნებიდან შემოსული მუშახელით ბაზრის გაჯერება ქვეყანას გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობა ეთნიკურად შეიცვლება. საბოლოოდ, საქართველო დარჩება ქართველების გარეშე. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება სახელმწიფოს მოუვიდეს. ამაზე ხშირად მისაუბრია კიდეც. ნებისმიერ ბიზნესს მოსწონს, როდესაც ჰყავს იაფი მუშახელი, მაგრამ სახელმწიფოს და მთავრობის ერთ-ერთი ფუნქცია ქვეყნის ინტერესების დაცვაა. ამიტომაც, სახელმწიფომ მაკროეკონომიკური ჩარჩო უნდა შექმნას და შეძლოს იმ მოსახლეობის მოვლა-პატრონობა, რომელმაც ეს ქვეყანა შექმნა. უნდა ჩართოს ისინი აქტიურად ეკონომიკის ყველა დარგში, რათა ქვეყნიდან შრომით ემიგრაციაში ხალხი არ გადიოდეს და არ დაგვჭირდეს სხვა სახელმწიფოებიდან მუშახელის ჩამოყვანა. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გაუნათლებლები არიან და ალბათ დიდად არც ანაღვლებთ აღნიშნული საკითხი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო სიმონიშვილი.

“ალბათ გემახსოვრებათ როგორი შემართებით ეუბნებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ხელს შეუწყობდნენ და დაასაქმებდნენ უცხოეთში. ამის გაცხადება პირდაპირ დანაშაულია. არსებობს ასეთი გამოთქმა: “ეს ისეთი შეცდომაა, რომელიც დანაშაულზე უარესიაო”. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე... პრობლემა ადვილად მოგვარდება, თუ სახელმწიფოს კეთილი ნება იქნება და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამს. ამ რთულ ვითარებას ამართლებენ კაპიტალიზმითა და კერძო საკუთრებით. თუმცა, რეალურად ასე არაა. მაშინ რატომ აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ამ ქვეყნის ხელისუფალნი იყვნენ. სარგებლობენ მმართველობის ყველა პრივილეგიებით და თავის შეწუხება არ უნდათ. ერთ-ერთ საპროექტო ინსტიტუტში მოვხვდი და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იქ, უფროსის გარდა, ყველა ვინც დასაქმებული იყო, ფილიპინელი გახდათ. ეს ხდება თბილისში, ოპერის სახლის უკან. ასეთი შემთხვევები კანონმა უნდა აკრძალოს. ამის დაშვება წარმოუდგენელია. ეს გახლავთ სამშობლოს ღალატი, თუმცა უკვე ეს მუხლიც აღარ არის ჩვენს კანონმდებლობაში”, - ამბობს ეკონომისტი.

“გამოსავალს რაც შეეხება, ეკონომიკას და სახელმწიფოს სჭირდება ძირეული რეფორმირება. სასტიკად უნდა აიკრძალოს დასაქმების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მასობრივი შემოყვანა. შეიქმნას სერიოზული ბარიერები. უცხოელ ინვესტორს წაუყენონ პირობა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის 90% დაასაქმოს. განა ხალხი არ არის საქართველოში, მაგრამ შესაბამის ხელფასს არ უხდიან და ეს ქმნის პრობლემას. ისედაც დაბალი შობადობის ფონზე ვმცირდებით და კიდევ ეს გვინდა? უნდა გაითავისონ, რომ მიგრაცია ღუპავს ქვეყანას და პრობლემას სასწრაფოდ გადაწყვეტა სჭირდება”, - დაასკვნის სოსო სიმონიშვილი.

“ჯერ კიდევ არის სამუშაოს მაძიებელთა გარკვეული რაოდენობა საქართველოში და მაინცდამაინც საზღვარგარეთიდან რატომ უნდა შემოვიყვანოთ მუშახელი? ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუ არ იგულისხმება განსაკუთრებული დარგის სპეციალისტები, რომლის დეფიციტს ჩვენი ქვეყანა ნამდვილად განიცდის. რადგან უცხოეთში არსებობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, იქ მიდის. ძირითადად ამით არის განპირობებული ჩვენი შრომითი მიგრაციაც. მოქალაქე აქ შეიძლება დასაქმდეს, მაგრამ ჩვენთან გარკვეული სამუშაოს შესრულებაში გაცილებით დაბალ ანაზღაურებას აძლევენ, ვიდრე საზღვარგარეთ. სახელმწიფოს შეუძლია მთელი კომპლექსი შეიმუშაოს ღონისძიებებისა, რომელიც დემოგრაფიულ ფონს გააუმჯობესებს და შრომით მიგრაციასაც გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს. ამიტომაც, კარგი იქნება თუკი კომპლექსური დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებაზე გაკეთდება მთავარი აქცენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება გარე შრომითი მიგრაციის საკითხებიც. ვფიქრობ, ამით დარეგულირდება ჩვენი შრომითი ბაზარიც და ქვეყნის წინსვლა-განვითარებაც მოხდება”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანზორ სახვაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს