ალექსანდრე წულაძე - ცარიელი აუდიტორიები არ არის - ზოგიერთ სკოლასა და უნივერსიტეტში საერთოდ არცერთი სტუდენტისა და სკოლის მოსწავლის ნაკლებობა არ არის

ცარიელი აუდიტორიები არ არის - ზოგიერთ სკოლასა და უნივერსიტეტში საერთოდ არცერთი სტუდენტისა და სკოლის მოსწავლის ნაკლებობა არ არის. ზოგიერთ სკოლაში არის მსგავსი შემთხვევა, მაგრამ სადაც ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა არ შეუწყო ხელი ამას და ბავშვები არ დააბულინგეს, ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით სტუდენტების ნაწილის მოთხოვნაზე.

კითხვაზე, რას გულისხმობს მოსწავლეებისა და სტუდენტების დაბულინგებაში, მინისტრი განმარტავს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც სკოლის მასწავლებლებმა ან უნივერსიტეტის პროფესორებმა თავად გააკეთეს საკუთარი ლექციის ჩაშლის ან გადატანის ორგანიზება და შეაფერხეს სასწავლო პროცესი.

„როგორც ამ უნივერსიტეტში [ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი], ისე მთელ საქართველოში, ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი სტუდენტები სწავლობენ. ჩემთვის ძალიან ნორმალური და ბუნებრივია, ნებისმიერი მოქალაქის, იქნება ეს სტუდენტი თუ მოსწავლე, გამოხატული ნებისმიერი მოსაზრება - იქნება ეს ჩვენს მოსაზრებასთან თანხვედრაში, თუ - არა. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია წინა ხელისუფლებებისგან, რომ სტუდენტებს და მოსწავლეებს საკუთარი აზრის დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ აქვთ. არც მითითებებს არ აძლევენ მათ, რა უნდა თქვან, რა უნდა დაპოსტონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიანაც ნორმალურია, რომ ადამიანები, მათ შორის სტუდენტები, საკუთარ აზრს გამოხატავენ. ჩემთვის ეს მისაღებია. სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტები, ასევე სახელმწიფო თუ კერძო სკოლები, ვალდებულები არიან, უზრუნველყონ სასწავლო პროცესის გამართვა. ისინი ნებისმიერ შემთხვევაში, ვალდებული არიან, თუ ქვეყანაში ფორსმაჟორული მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, უზრუნველყონ სასწავლო პროცესის ჩატარება. ერთ დღეს ერთი სტუდენტი რაღაც ერთს გაასაჩივრებს, მეორე დღეს შეიძლება სხვა სტუდენტებმა სხვა საკითხი გაასაჩივრონ - ამაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სასწავლო დაწესებულებები ჩაატარებენ სასწავლო პროცესებს თუ შეწყვეტენ. ეს აუცილებლად დაცული უნდა იყოს. სტუდენტებს, ისევე როგორც ჩვენს თანამშრომლებს, სასწავლო პროცესის და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ნებისმიერ პირად სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვის, არა მხოლოდ წერილობით ან ზეპირად, ასევე ფიზიკურადაც, უფლება აქვთ. თუმცა ჩვენმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს, რომ სასწავლო პროცესი გაგრძელდეს შეუფერხებლად. ამისთვის ვიღებთ ვაუჩერებს.

ცარიელი აუდიტორიები არ არის. ზოგიერთ სკოლასა და უნივერსიტეტში საერთოდ არცერთი სტუდენტისა და სკოლის მოსწავლის ნაკლებობა არ არის. ზოგიერთ სკოლაში არის მსგავსი შემთხვევა. მაგრამ იქ, სადაც ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა არ შეუწყო ხელი ამას და არ მოახდინეს ბავშვების დაბულინგება, ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

იყო შემთხვევები, როდესაც სკოლის მასწავლებლებმა, ან უნივერსიტეტის პროფესორებმა თავად გააკეთეს ორგანიზება საკუთარი ლექციის ჩაშლის, გადატანის. მათ თვითონ მოახდინეს სასწავლო პროცესის შეფერხება და არა ის, რომ სტუდენტები არ მივიდნენ და ცარიელ აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა შემთხვევა, რომ არცერთი სტუდენტი არ მისულიყო. რამდენი სტუდენტიც არ უნდა მისულიყო, იმ რაოდენობაში იყო ლექტორი ვალდებული რომ ჩაეტარებინა“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!