რუსთავში კულტურის სახლის ისტორიულ შენობას რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ კულტურის სახლს, სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციაა ჩაუტარდება.
პროექტის მიმდინარეობას, სამუშაო ფორმატში გაეცნენ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტის დელეგატი რუსთავიდან ირაკლი შატაკიშვილი.
„რუსთავის კულტურის სახლის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც ჩვენი გუნდი ვახორციელებთ, თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. სრულად რესტავრირებული და რეაბილიტირებული კულტურის სახლი, იმ ახალგაზრდებს მოემსახურება, რომლებიც სახელოვნებო სფეროში არიან დაკავებული. გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში აგებული ეს ისტორიული შენობა, ათწლეულების განმავლობაში იყო უფუნქციო, სწორედ რეაბილიტაციისა და ახალი კონცეფციის შედეგად, რომელიც მერიის გუნდის მიერ არის შემუშავებული, ის ახალ სიცოცხლეს შეიძენს და ახალი სერვისებით დაუბრუნდება ჩვენს ქალაქს”, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტით განსაზღვრულია საკონცერტო დარბაზის განახლება, მოეწყობა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის, გახმოვანების, განათების თანამედროვე სისტემები და სასცენო აპარატურა. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება შენობის შიდა ოთახებში, დაგეგმილია სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია.
მათივე ცნობით, შენობის გარე პერიმეტრზე დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ზონა.
„რუსთავის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. რუსთაველებმა კარგად ვიცით, რომ თანამედროვე რუსთავი და ეს შენობა ერთი ასაკისაა. კულტურის სახლი, თითქმის ყველა თაობის რუსთაველისთვის იყო განსაკუთრებული ადგილი და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ეს შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს. რუსთავის გუნდი სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ეს მიმართულება, სწორედ რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ახალგაზრდებზე ზრუნვა და ხელოვნების სფეროს მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია”, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
კულტურის სახლის ისტორიული ნაგებობა, რომელიც 1948 წელსაა აშენებული, რესტავრაციის შემდეგ ავთენტურობას შეინარჩუნებს. პროექტის დასრულების შემდეგ, უფუნქციოდ დარჩენილო ძველი შენობის ადგილზე, თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია შეიქმნება. ინფრასტრუქტურული პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.