საია-ს თავმჯდომარე - 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა

მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ყურსასმენები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე და სხვა.

ქურდოვანიძის ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებულის განმარტებით, სამართალდამცველები მათ სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს, უარის შემთხვევაში კი, ძალადობდნენ მათზე.

„იყო შემთხვევები, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულებს ჩამოართვეს განყოფილებაში, თუმცა, გათავისუფლებისას ამ პირებს არ დაუბრუნდათ ნივთები. ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას შესაბამის დოკუმენტებში აღინიშნებოდა, რომ მათ რაიმე ტიპის ნივთები არ ჰქონდათ დაწესებულებაში მიყვანის დროისთვის.

აღსანიშნავია, რომ უმეტესად დაკავებულებს ნივთები არ ჩამორთმევიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ცალკეულმა სამართალდამცავებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაუყარეს ისინი, რათა მათ აღარ ჰქონოდათ ნივთების დაბრუნების შესაძლებლობა”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

საიას თავმჯდომარის ინფორმაციით, ზოგიერთი დაზარალებული აცხადებს, რომ მათ პირადი ნივთები და ტელეფონები ჩამოართვეს სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით.

„ზოგ შემთხვევაში დაზარალებულებმა შეძლეს მათი ტელეფონის ლოკაციის დადგენა, რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ინფორმირებულია, თუმცა, უწყების მხრიდან რაიმე სახის რეაგირებას დღემდე არ ჰქონია ადგილი. მაგალითისთვის, ერთ-ერთი დაზარალებულის ტელეფონი ჩაირთო ქალაქ გორში. რამდენიმე შემთხვევაში კი, მობილური ტელეფონები დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტების ანალიზით დგინდება, რომ რიგ შემთხვევაში ნივთების ჩამორთმევა ხდებოდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ამ მოქმედებას არავითარი საერთო აქვს სამართლებრივ პროცედურასთან.

ამდენად, ამ დრომდე დაკავებულებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაუბრუნდებათ ჩამორთმეული/წართმეული ნივთები, ასევე, უცნობია გარკვეული ნივთების ადგილსამყოფელი. მნიშვნელოვანია, ცალკეული საქმეების შესაბამისი კვალიფიკაციით ობიექტური გამოძიება და იმ პირების დასჯა, რომლებიც მონაწილეობდნენ ნივთების თვითნებურ და უკანონო ჩამორთმევასა და მისაკუთრებაში”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის