აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ასევე აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ვის აქვს მეტი შანსი გახდეს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ ბადრი ბელქანიას ესაუბრა.
- ბატონო ბადრი, სახალხო მღელვარების შედეგად აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია იძულებული გახდა თავი მშობლიური სოფელს შეეფარებინა და იქ, მშობლიური სკოლის შენობაში ჩაეტარებინა სოხუმის ხელისუფლების მთავრობის რამდენიმე სხდომა და გაემართა შეხვედრები, მაგრამ, საბოლოოდ, იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო და მიეღო დემონსტრანტთა პირობები. ახლა აფხაზეთს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრად დანიშნული ბგანბა ხელმძღვანელობას. მას შემდეგ, გადამდგარი ასლან ბჟანია კარგა ხანს იყო მოსკოვში, მაგრამ, რამდენიმე დღეა დაბრუნდა აფხაზეთში და როგორც ამბობენ, პოლიტიკური გეგმებიც აქვს.
ამ თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით. მანამდე საუბარი გვინდა დავიწყოთ პარლამენტში დეპუტატებს შორის გარჩევებითა და დეპუტატ ხარაზიას მიერ განხორციელებულ სროლას უკავშირდება და რომლის შედეგად დეპუტატ დეპუტატი ვახტანგ გოლანძია გარდაიცვალა, ხოლო დეპუტატი კან კვარჭია დაჭრილია და საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატებს შორის კამათი იმით დაიწყო, როცა ენერგეტიკული კრიზისის პირობებში დეპუტატები კვარჭია და გოლანძია მაინინგების შეწყვეტას და ხალხისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას მოითხოვდნენ. ამ ინციდენტამდე, აფხაზეთში მართლაც მოხდა საკმაო რაოდენობის მაინინგების მწარმოებელი პირების შევიწროება და მათგან აპარატურის ამოღება. საქმე ისაა, რომ დაპირისპირებული დეპუტატები სხვადასხვა დოზით არიან აფილირებული არძინბა-ხაჯინბას პოლიტიკურ ჯგუფებთან. მკვლელი დეპუტატი ხარაზია, 2014 წელს, ხაჯინბას პრეზიდენტობისას სოხუმის მერიც იყო.
ბჟანიას იძულებით გადადგომის შემდეგ, თქვენ როგორ დაახასიათებდით შიდაპოლიტიკურ ვითარებას აფხაზეთში და იმას, რომ ელექტრო კრიზისის პირობებში მაინინგების გამო დეპუტატებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა?
- რამდენადაც ადგილობრივი წყაროების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება უფრო მეტად პირადული იყო, ვიდრე პოლიტიკური. საუბარია ხარაზიას და კვარჭიას საკმაოდ ძველ დაპირისპირებაზე, რომელსაც ადგილზე სიტუაციის გამშველებელი, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი შეეწირა.
ეს კამათი ადგილზე პოლიტიკურ განხილვას მოჰყვა, კერძოდ კი მაინინგების საკითხს, სადაც, როგორც წყაროები იტყობინებიან, ხარაზია უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას ითხოვდა, ვიდრე კვარჭია, თუმცა პოლიტიკურ სარჩულზე დაწყებული კამათი, რაც არ უნდა სასიცოცხლო თემაზე არ უნდა ყოფილიყო ის, სისხლისღვრაში მაინც უფრო წარსული წყენებისა და მოუგვარებელი პირადი კონფლიქტის გამო გადაიზარდა.
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება უფრო მეტად პირადული იყო, ვიდრე პოლიტიკური... მაინინგების საკითხში ხარაზია უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას ითხოვდა, ვიდრე კვარჭია
ცხადია, ეს მოვლენა, პირველ რიგში, ადამიანურად არის ტრაგიკული, თუმცა მას თავისი პოლიტიკური რეზონანსიც აქვს. მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგოკრიზისის ფონზე, აფხაზური საზოგადოების ისედაც მყიფე ნდობა პოლიტიკური კლასისა და „სახელმწიფოებრივი“ ინსტიტუტების მიმართ ამ ამბავმა კიდევ უფრო შეარყია. ეს მოვლენა ასევე მძიმედ მოქმედებს აფხაზეთის რეპუტაციასა და იმიჯზე, სადაც ქუჩებიდან პარლამენტში გადატანილი სისხლიანი გარჩევები განუკითხაობისა და დაუცველობის გრძნობას ამძაფრებს საზოგადოებაში. ისიც აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში, ტრადიციულად, ასეთი მოვლენები უკვალოდ არ სრულდება ხოლმე, მით უმეტეს, თუ სისხლი დაიღვარა, და ამ ამბავსაც უცილებლად მოჰყვება გაგრძელება.
მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგოკრიზისის ფონზე, აფხაზური საზოგადოების ისედაც მყიფე ნდობა პოლიტიკური კლასისა და „სახელმწიფოებრივი“ ინსტიტუტების მიმართ ამ ამბავმა კიდევ უფრო შეარყია
დაღუპული ვახტანგ გოლანძიას ოჯახი და ახლობელი ადამიანები, სავარაუდოდ, მოისურვებენ მიმალვაში მყოფ ადგურ ხარაზიას თავად მოძებნას, ან რაიმე სხვა ფორმით „სისხლის აღებას“. ეს შეიძლება უსასრულო საგვარეულო გარჩევებში გადაიზარდოს. 24 დეკემბერს, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცხო ავტომანქანიდან ადგურ ხარაზიას სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განხორციელდა. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. თავად ხარაზიას ე.წ. პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა, მაგრამ ის სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ არ აუყვანიათ.
რეპუტაცია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, აფხაზეთისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ, როდესაც პარლამენტში საკითხის განხილვის დროს ერთი დეპუტატი მეორე დეპუტატს ცეცხლსასროლი იარაღით კლავს, მესამეს კი ჭრილობას აყენებს, ცხადია, ეს დამატებით კითხვებს აჩენს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელიც ისედაც არ აღიარებს სოხუმის დამოუკიდებლობას.
რამდენად არის აფხაზეთი საერთოდ ფუნქციური, თუნდაც როგორც დე-ფაქტო ერთეული? ეს შეკითხვა თავად აფხაზ ხალხს და მის საკმაოდ ძლიერ და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასაც ებადება. თანაც, იმ ფონზე, როდესაც ეს „სახელმწიფო“ ისეთ საბაზისო სოციალურ სერვისს ვერ უზრუნველყოფს, როგორიც ელექტროენერგიაა.
რამდენად არის აფხაზეთი საერთოდ ფუნქციური, თუნდაც როგორც დე-ფაქტო ერთეული? ეს შეკითხვა თავად აფხაზ ხალხს და მის საკმაოდ ძლიერ და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასაც ებადება. თანაც, იმ ფონზე, როდესაც ეს „სახელმწიფო“ ისეთ საბაზისო სოციალურ სერვისს ვერ უზრუნველყოფს, როგორიც ელექტროენერგიაა
ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთი დიდწილად არის დამოკიდებული ტურიზმზე რუსეთიდან. ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სფეროა, რომელიც მცირედ ტურბულენტობაზეც კი უარყოფითად რეაგირებს. ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინალის მდგომარეობა ისედაც მძიმეა, პარლამენტში განხორციელებული სისხლიანი გარჩევები კი ამ სურათს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. ტურისტებს ხშირად რეალურ სტატისტიკაზე მეტად, ის აღქმები აინტერესებთ, რომელიც ამა თუ იმ ტურისტული დანიშნულების მიმართ არსებობს.
ისედაც გაფუჭებული რუსულ-აფხაზური ურთიერთობის, მუდმივი რევოლუციებისა და ახლა უკვე უშუქობის ფონზე, ეს სკანდალური შემთხვევა, რომელმაც არამხოლოდ რუსული, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღებაც კი მიიპყრო, ცხადია, ტურისტებისა და, თუნდაც ინვესტორების თვალში აფხაზეთის მიმზიდველობას დამატებით ზიანს აყენებს. როგორც სტუმარმასპინძლობის სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლები იუწყებიან, სასტუმროები, კაფეები, რესტორნები, ტურისტული კომპანიები, ენერგეტიკული და პოლიტიკური პრობლემების გამო ტურისტების ნაკადი ისედაც შემცირებულია, ჯავშნები კი მასობრივად უქმდება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ ერთ მოვლენას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
როგორც სტუმარმასპინძლობის სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლები იუწყებიან, სასტუმროები, კაფეები, რესტორნები, ტურისტული კომპანიები, ენერგეტიკული და პოლიტიკური პრობლემების გამო ტურისტების ნაკადი ისედაც შემცირებულია, ჯავშნები კი მასობრივად უქმდება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ ერთ მოვლენას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
რაც შეეხება ასლან ბჟანიას, ბოლო ინფორმაციით, ის პრეზიდენტობის კანდიდატად შემდეგ არჩევნებზე აღარ წარდგება. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ რუსულმა სამთავრობო წყაროებმა გაავრცელეს, მათ შორის „ტასმა“.
ჩემი აზრით, ეს რაციონალურად სწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც ბჟანიას რეიტინგი აფხაზეთში ახლა ძალიან დაბალია. ბჟანიას გუნდიდან „პრეზიდენტობისთვის“ ამჟამად პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა იბრძოლებს. აფხაზურ ოფიციალურ მედიასა და სოციალურ ქსელებს თუ დავაკვირდებით, პრო-სახელისუფლებო არხებმა უკვე აქტიურად დაიწყეს გუნბას კანდიდატურის გაპიარება, მათ შორის, ტელეგრამზე, რომელიც აფხაზეთში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ჩვენთან.
ბჟანიას გუნდიდან „პრეზიდენტობისთვის“ ამჟამად პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა იბრძოლებს
ჩვენთან როგორც კეთდება პოლიტიკა „ფეისბუქზე“, დაახლოებით იმ როლს თამაშობს სოხუმში „ტელეგრამი“.
- დეპუტატებს შორის გარჩევებმა, რომელიც დეპუტატ გოლანძიას მკვლელობით დასრულდა, ისედაც გართულებული შიდაპოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაართულა და გაამწვავა.
საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი გაღიზიანებას ვერ ფარავს ვერც პოლიტიკური გარჩევებით და ვერც იმ ეკონომიკურ-სოციალური პრობლემებით, რაც კიდევ უფრო დამძიმებულია, ვიდრე ბჟანიას გადადგომას ოპოზიცია მოითხოვდა. ფაქტია, რომ ენერგოკრიზისის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია დღე მხოლოდ 2 საათით მიეწოდება. ღამე კი მეტ-ნაკლებად მიეწოდება რუსეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზურ მხარეს საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს რუსული მხარის, რომელიც აფხაზეთს ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიას აწვდის.
ენგურჰესზე წყლის დაბალი დონის გამო აფხაზეთის ახლა საქართველოდან ელექტროენერგიას ვერ იღებს, თუ იღებს ძალიან ცოტას.
მოდით, ამ თემას უფრო მეტად შევეხოთ. პრობლემა იმაშიცაა, რომ აფხაზეთი უარს ამბობს ენერგეტიკაში რუსულ ინვესტიციებზე. სულ უფრო მეტ ელექტროენერგიას მოითხოვს ქართული მხარისგან. პრობლემას ისიც ამძიმებს, რომ აფხაზეთში მაინინგების ქარხნები არსებობს და წარმატებით მუშაობს ქართული მხრიდან მიწოდებული ენერგიის გამო.
რის გამო აქვს აფხაზეთს ენერგეტიკული პრობლემები? რატომ ამბობს უარს აფხაზეთი ენერგეტიკაში რუსულ ინვესტიციებზე?
რატომ არ იხდის მოსახლეობა ფულს ენგურიდან მიწოდებულ ელექტროენერგიაზე? და რამდენად მართებულია მტკიცება, რომ აფხაზეთში მაინინგის ქარხნების მფლობელები დაკავშირებული არიან საქართველოში ელექტროენერგიის მწარმოებლებთან?
- აფხაზეთში ენერგეტიკის სფერო დიდი ხანია, პრობლემურია და ეს პრობლემა მრავალი განსხვავებული მიზეზიდან გამომდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო არის ენგურჰესი, რომლიდანაც ოკუპირებული აფხაზეთი უმეტეს წილად იმაზე მეტ ელექტროენერგიას იღებს, ვიდრე ეს ომის შემდგომ მხარეებს შორის შეთანხმდა.
ელექტროენერგია ეს, ცხადია, ფასიანი სერვისია, ენგურჰესს კი საკუთარი თავის შენახვა საკმაოდ დიდ ხარჯებად უჯდება. აფხაზეთი ენგურჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიით, ფაქტობრივად, უფასოდ სარგებლობს, რაც თავად კომპანიასაც უქმნის ფინანსურ გამოწვევებს.
აფხაზეთში ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო არის ენგურჰესი, რომლიდანაც ოკუპირებული აფხაზეთი უმეტეს წილად იმაზე მეტ ელექტროენერგიას იღებს, ვიდრე ეს ომის შემდგომ მხარეებს შორის შეთანხმდა... აფხაზეთი ენგურჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიით, ფაქტობრივად, უფასოდ სარგებლობს, რაც თავად კომპანიასაც უქმნის ფინანსურ გამოწვევებს
რეგიონში ასევე მოუგვარებელია ტარიფებისა და გადასახადების მოკრების სისტემა, რაც ენერგოსექტორის მდგრადობას კიდევ უფრო მეტად აზიანებს. ადგილობრივი ჟურნალისტები და ექსპერტები მუდმივად საუბრობენ კორუფციაზეც, რომელსაც ენერგოსექტორშიც მყარად აქვს ფესვი გადგმული.
ამას გარდა, მოძველებულია ის ინფრასტრუქტურაც, რომელსაც ათწლეულებია განახლება სჭირდება, ამის ფინანსური საშუალება კი სოხუმს არ გააჩნია. ამის გამო სისტემის ეფექტიანობა დაბალია, ავარიები კი საკმაოდ ხშირი, რაც დამატებით აფერხებს რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას. ეს პრობლემა გაცილებით უფრო მწვავდება ზამთარში, როდესაც ავარიების რაოდენობაც იმატებს, ენგურჰესში კი წყლის დონე იკლებს, რის გამოც ის უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთში გაზიფიკაცია არ არსებობს, შესაბამისად, გათბობაც და ცხელი წყალიც სრულად მიბმულია ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ეს სისტემაზე დამატებითი წნეხია.
ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელზეც საუბარი წლებია მიდის, არის მაინინგი. ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიას განცხადებით, აფხაზეთი, რომლის მოსახლეობაც მინიმუმ ხუთჯერ ნაკლებია თბილისის მოსახლეობაზე, უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ვიდრე საქართველოს დედაქალაქი. ეს დიდწილად განპირობებულია მაინინგ-ფერმებით, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილსაც, ადგილობრივების ინფორმაციით, სწორედ ბიზნეს და პოლიტიკური ელიტები და მათ საფარქვეშ მყოფი პირები ფლობენ.
ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიას განცხადებით, აფხაზეთი, რომლის მოსახლეობაც მინიმუმ ხუთჯერ ნაკლებია თბილისის მოსახლეობაზე, უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ვიდრე საქართველოს დედაქალაქი. ეს დიდწილად განპირობებულია მაინინგ-ფერმებით, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილსაც, ადგილობრივების ინფორმაციით, სწორედ ბიზნეს და პოლიტიკური ელიტები და მათ საფარქვეშ მყოფი პირები ფლობენ
შესაბამისად, პოლიტიკური ნება იმისა, რომ მაინინგი მაქსიმალურად აიკრძალოს, აფხაზეთში ძალიან მყიფეა, აღსრულების მექანიზმები კი არაეფექტური. ამ ზამთარს ვითარება იმაზე უფრო მეტად გართულდა, ვიდრე ეს ბოლო წლებში ყოფილა. დაგროვილ პრობლემებს, რომელიც ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება, დაემატა გაფუჭებული ურთიერთობები რუსეთთან, რომელმაც აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით უკმაყოფილომ, გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები გაატარა რეგიონის მიმართ.
მათ შორის, მოსკოვმა, რომელიც დეფიციტის დროს აწვდიდა ხოლმე აფხაზეთს ელექტროენერგიას, სოხუმს ამ ელექტროენერგიის არა რუსეთის შიდა ფასით, არამედ კომერციულ ფასში ყიდვა მოსთხოვა. ამის ფინანსები აფხაზეთს არ აღმოაჩნდა, ამის პარალელურად კი ენგურჰესში წყლის დონის ნიშნული კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.
მოსკოვმა, რომელიც დეფიციტის დროს აწვდიდა ხოლმე აფხაზეთს ელექტროენერგიას, სოხუმს ამ ელექტროენერგიის არა რუსეთის შიდა ფასით, არამედ კომერციულ ფასში ყიდვა მოსთხოვა. ამის ფინანსები აფხაზეთს არ აღმოაჩნდა, ამის პარალელურად კი ენგურჰესში წყლის დონის ნიშნული კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა
შესაბამისად, ბოლო კვირებში აფხაზეთს შუქი მხოლოდ ღამით ჰქონდა, დღის განმავლობაში კი 3 საათზე ნაკლებ ხანს მიეწოდებოდა. დროებით დაიხურა სკოლებიც კი, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ დიდი და მცირე ბიზნესები, საავადმყოფოები, სხვა სოციალური მნიშვნელობის დაწესებულებები.
აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ რამდენიმე დღის წინ რუსეთს ოფიციალურად მიმართა ჰუმანიტარული მიზნებით ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით. მან მიმართვაში აღნიშნა, რომ 9-11 საათით ელექტროენერგიის შეწყვეტა აფხაზეთში განაჩენია განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებისთვის. რუსეთი ამ თხოვნას საკმაოდ მალე გამოეხმაურა დადებითი პასუხით და გუშინდელი დღიდან უკვე აფხაზეთს დენი დღე-ღამეში 20 საათით მიეწოდება. გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება რუსეთიდან, თუმცა, ის ცხადია, რომ გუნბამ ამ ამბით პირველი მცირედი ქულები დაიწერა სამომავლო საპრეზიდენტო ბრძოლაში. არ ვიცი, ეს რამდენად საკმარისი იქნება, რადგანაც წინა ადმინისტრაციის წარუმატებლობასთან ისიც პირდაპირ ასოცირდება, მაგრამ საზოგადოების განწყობებს უფრო უკეთ მომდევნო თვეები გვაჩვენებს.
აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ რამდენიმე დღის წინ რუსეთს ოფიციალურად მიმართა ჰუმანიტარული მიზნებით ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით... რუსეთი ამ თხოვნას საკმაოდ მალე გამოეხმაურა დადებითი პასუხით და გუშინდელი დღიდან უკვე აფხაზეთს დენი დღე-ღამეში 20 საათით მიეწოდება. გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება რუსეთიდან
- იმის გამო, რომ აფხაზეთი რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებებს არ ასრულებს, მოსკოვსა და სოხუმს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოსკოვი უკმაყოფილებას არ მალავს იმის გამო, რომ აფხაზურმა პარლამენტმა არ მიიღო კანონები, რომლითაც რუს ბიზნესმენებს აფხაზეთში საქმიანობისათვის პირობები გაუუმჯობესდებათ. აფხაზურმა პარლამენტმა ასევე ჩააგდო კანონი „აპარტამენტების შესახებ“.
ყველაფრის ამის გამო რუსეთზე დამოკიდებული აფხაზეთი მოსკოვისაგან ვერ იღებს ფინანსებს, ადგილობრივი ბიუროკრატიის, პედაგოგებისა და ექიმების დასაფინანსებლად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქე აფხაზეთის პენსიონერები პენსიას რუსეთიდან შეფერხებით იღებენ. ერთი შეხედვით, აფხაზები წარმატებით ეურჩებიან მოსკოვს, მაგრამ, რამდე ხანს აიტანს კრემლი მათ ურჩობას, არავინ იცის. ბევრი მიიჩნევს, რომ მოსკოვი მოთმინებით დაელოდება „აფხაზების მორჯულებას“, მაგრამ, არც ისაა გამორიცხული რუსეთისთვის საინტერესო თემების გაუთვალისწინებლობისთვის კრემლმა აფხაზები მისთვის კიდევ უფრო მომგებიანად დასაჯოს.
თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაძაბულობის ხარისხს? ამ დაძაბულობის აფხაზებისათვის სასარგებლო ფორმით დასრულების ალბათობას? თუ მაინც ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მოსკოვი შეძლებს აფხაზების სათავისოდ „მორჯულებას?
- შეიძლება ითქვას, რომ სოხუმისა და მოსკოვის ურთიერთობა რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მიუხედავად ოკუპაციისა, აფხაზური საზოგადოება საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას უწევს რუსული ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესების გატარებას აფხაზეთში. ის კანონებიც, რომლებიც თქვენ ახსენეთ, თუნდაც აპარტამენტების, მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურებოდა და არა აფხაზურ. უძრავი ქონების ყიდვა აფხაზეთში მხოლოდ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეს შეუძლია, მოქალაქეობის აღება კი ძალიან რთულია, თუ ეთნიკურად აფხაზი არ ხარ. ეს კანონი კი ერთგვარად გვერდს უვლიდა ამ შეზღუდვას და საკანონმდებლო სისტემაში მოძიებული ე.წ. ხვრელების გზით, საშუალებას აძლევდა რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში ბინები ეყიდათ.
უძრავი ქონების ყიდვა აფხაზეთში მხოლოდ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეს შეუძლია, მოქალაქეობის აღება კი ძალიან რთულია, თუ ეთნიკურად აფხაზი არ ხარ. ეს კანონი კი ერთგვარად გვერდს უვლიდა ამ შეზღუდვას და საკანონმდებლო სისტემაში მოძიებული ე.წ. ხვრელების გზით, საშუალებას აძლევდა რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში ბინები ეყიდათ
ეს უნდა ყოფილიყო აფხაზური ეკონომიკისგან და ზოგადად, აფხაზეთის ცხოვრებისგან აბსოლუტურად იზოლირებული სივრცე მაღალსართულიანი შენობებისა და მის გარშემო აგებული ინფრასტრუქტურის, სადაც, სხვადასხვა ცნობის მიხედვით, აფხაზურ პოლიციასაც კი არ ექნებოდა შესვლის უფლება.
ცხადია, რომ აფხაზური საზოგადოებისთვის ეს მიუღებელი იყო და ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებაში და საზოგადოების მეტად ინფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი დამოუკიდებელმა მედიამაც ითამაშა, ძირითადად, სოციალური ქსელების დახმარებით, იუტუბის, ტელეგრამის, ინსტაგრამისა და ფეისბუქის მეშვეობით.
ამ კანონის გარდა რუსეთმა სხვა მისთვის ხელსაყრელი კანონებიც ვერ გაიტანა აფხაზეთში. თუნდაც „ბიჭვინთის აგარაკების“ საკითხიც, რომელსაც საზოგადოებრივი დემონსტრაციების შიშით აფხაზურმა ე.წ. პარლამენტმა დილის 5-6 საათზე უყარა კენჭი, ისეთი ცვლილებებით რატიფიცირდა, რასაც აფხაზურ და რუსულ მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება არ ითვალისწინებდა. კერძოდ, ჩასწორებული რატიფიცირებული დოკუმენტის მიხედვით, რუსეთს აღარ მიეცა უფლება აგარაკები მესამე მხარეს გადასცეს. ამან უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთში და საბოლოოდ, აფხაზეთმა ამ უკმაყოფილების გამომხატველი ოფიციალური დიპლომატიური ნოტაც მიიღო.
როდესაც აფხაზეთის პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ ჩააგდო „ინვესტიციების კანონი“, რომელიც რუსულ ბიზნესს ადგილობრივ ბიზნესთან შედარებით არათანაბრად უპირატეს პოზიციაში აყენებდა, ეს რუსეთისთვის ერთგვარად ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რის შემდეგაც რუსეთმა თითქმის სრულად შეაჩერა აფხაზეთის ბიუჯეტური დახმარება, მათ შორის ხელფასების გადახდა საჯარო უწყებებში მომუშავე ადამიანებისთვის
შესაბამისად, ეს საკითხიც ჰაერში დარჩა გამოკიდებული. ისევე, როგორც ჩვენთვის, სამწუხაროდ, კარგად ნაცნობი „უცხო ქვეყნის აგენტების კანონი“, რომლის მიღებასაც რუსეთი აფხაზეთში ჯერ კიდევ 2014 წლიდან ლობირებს.
შესაბამისად, როდესაც აფხაზეთის პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ ჩააგდო „ინვესტიციების კანონი“, რომელიც რუსულ ბიზნესს ადგილობრივ ბიზნესთან შედარებით არათანაბრად უპირატეს პოზიციაში აყენებდა, ეს რუსეთისთვის ერთგვარად ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რის შემდეგაც რუსეთმა თითქმის სრულად შეაჩერა აფხაზეთის ბიუჯეტური დახმარება, მათ შორის ხელფასების გადახდა საჯარო უწყებებში მომუშავე ადამიანებისთვის.
რუსეთის მიერ ლობირებული კანონების ზედიზედ ჩაგდების შემდეგ, დაფინანსების ერთბაშად შეწყვეტა, ელექტროენერგიის კი მხოლოდ კომერციულ ფასად მიყიდვის გადაწყვეტილება, ცხადია, რუსეთის მხრიდან სადამსჯელო პოლიტიკური ნაბიჯი იყო
ამ დაფინანსების ნელ-ნელა შემცირებაზე საუბარი წინა წლებშიც იყო და რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი, რომელიც კრემლის ერთ-ერთი კურატორია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ამაზე სოხუმში ვიზიტისას 2022 წელსაც აცხადებდა.
თუმცა, რუსეთის მიერ ლობირებული კანონების ზედიზედ ჩაგდების შემდეგ, დაფინანსების ერთბაშად შეწყვეტა, ელექტროენერგიის კი მხოლოდ კომერციულ ფასად მიყიდვის გადაწყვეტილება, ცხადია, რუსეთის მხრიდან სადამსჯელო პოლიტიკური ნაბიჯი იყო.
როდესაც აფხაზეთში ენერგოსექტორის პრივატიზაციაზე და ამ სექტორში ინვესტიციების მოზიდვაზეა საუბარი, რის საჭიროებასაც ბჟანიაც აღნიშნავდა ხოლმე, აქ არ იგულისხმება ამერიკული, ევროპული თუ ქართული ინვესტიციები, საუბარია, მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე, რაც ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სექტორს რუსეთის კონტროლქვეშ მოაქცევს
ამ მოვლენებს შეეწირა ასლან ბჟანიაც, რომელმაც ვერ შეძლო მოსკოვისთვის სახარბიელო პოლიტიკის გატარება სოხუმში, მათ შორის ვერც ინვესტიციებზე კანონის. ეს ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია იმისაც, რატომ აღარ აპირებს ბჟანია პრეზიდენტობაზე კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი. მან ვერ გაამართლა ვერც აფხაზებისა და ვერც რუსების იმედები. აფხაზეთში ძალაუფლებაში დასარჩენად კი, პრეზიდენტი ამ ორი კომპონენტიდან ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა მხოლოდ ერთის დაკმაყოფილებაც კი, როგორც წესი, საკმარისი არ არის.
აღსანიშნავია, რომ ენერგოსექტორზე ზეწოლა აფხაზეთში რუსეთის მხრიდანაც ხორციელდება. „კანონმდებლობების ჰარმონიზაციის დოკუმენტში“, რომელსაც ასლან ბჟანიამ და ვლადიმერ პუტინმა ხელი 2020 წელს სოჭში მოაწერეს, ენერგოობიექტების პრივატიზაციასაც ითვალისწინებს.
რუსი კურატორები აფხაზეთში, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ხშირად მოუწოდებდნენ აფხაზებს, რომ ენერგოსექტორში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აფხაზეთში „ინვესტიციების მოზიდვაა“ საჭირო. რა თქმა უნდა, როდესაც აფხაზეთში ენერგოსექტორის პრივატიზაციაზე და ამ სექტორში ინვესტიციების მოზიდვაზეა საუბარი, რის საჭიროებასაც ბჟანიაც აღნიშნავდა ხოლმე, აქ არ იგულისხმება ამერიკული, ევროპული თუ ქართული ინვესტიციები, საუბარია, მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე, რაც ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სექტორს რუსეთის კონტროლქვეშ მოაქცევს.
აფხაზური პოლიტიკური ელიტის ერთი ნაწილი მზად არის ამ დათმობებზე წავიდეს, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოება მას ამის საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამიტომაც ვხედავთ, თუ როგორ აქტიურად აშავებს პრო-სახელისუფლებო და რუსეთის მიმართ ლოიალური ძალები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სოციალურ ქსელებში
ეს ყველა მოვლენა ერთმანეთთან პირდაპირ არის დაკავშირებული და რუსეთის მიერ აფხაზეთში გავლენების გაზრდის მცდელობებზე მიგვანიშნებს. აფხაზური პოლიტიკური ელიტის ერთი ნაწილი მზად არის ამ დათმობებზე წავიდეს, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოება მას ამის საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამიტომაც ვხედავთ, თუ როგორ აქტიურად აშავებს პრო-სახელისუფლებო და რუსეთის მიმართ ლოიალური ძალები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სოციალურ ქსელებში. თუნდაც იგივე ტელეგრამზე, რომელიც აფხაზეთში ძალიან პოპულარულია, უამრავი ანონიმური არხია გაკეთებული, სადაც კონკრეტული პირებისა და ორგანიზაციების გაშავება მიმდინარეობს, მათ შორის შეურაცხყოფების კასკადი, დეზინფორმაცია მათ საქმიანობაზე, ყალბი ცნობები მათ მოგონილ განცხადებებსა თუ ვიზიტებზე, ბრალდებები, რომ ისინი პრო-ამერიკულ და პრო-ქართულ საქმიანობას ეწევიან, რომ ისინი დასავლეთიდან იღებენ ფულს მხოლოდ იმისთვის, რათა აფხაზეთში ანტი-რუსული საქმიანობა აწარმოონ და ა.შ.
შეიძლება, ბჟანიას საერთოდაც უნდოდა კიდევ ერთხელ ეცადა არჩევნებში გამარჯვება, ის ამაზე მინიშნებებსაც აკეთებდა გადადგომის შემდეგ, მაგრამ, ალბათ მას თავისმა გარემოცვამ გააგებინა, რომ ეს არც ისე კარგი აზრი იქნებოდა
ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად ჩანს, თუ რამდენად ორკესტრირებულია ეს შეტევები, გაშავების მეთოდები და გამოყენებული ეპითეტები კი ასეთია აგენტები, მოღალატეები, გამყიდველები, უსამშობლოები და ა.შ.), რომელიც ქართული საზოგადოებისთვისაც ბოლო წლებში საკმაოდ ნაცნობი გახდა. ცალსახაა, რომ ეს ყველაფერი ერთი ხელით იმართება. როგორც მინიმუმ, მეთოდები ზუსტად იდენტურია. - აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 2025 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ისეთი ოდიოზური პირებიც კი სახელდებიან, ვისაც დეპუტატობისას მკვლელობა აქვს ჩადენილი. ამაზე აფხაზური საზოგადოების ნაწილი მტკივნეულად რეაგირებს.
მეტიც, მათი ნაწილი მოითხოვს საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, მმართველობითი სისტემის გაუმჯობესების მიზნით საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებას. მეტიც, საპარლამენტო არჩევნების კანონში სერიოზული ცვლილებებსა და მხოლოდ ამის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.
ბჟანიას გადაყენების ფორმამ, იძულებით გადაყენებამ, ანუ ისევე გადაყენებამ, როგორც თავის დროზე მოხდა არძინბას „პოლიტიკური მემკვიდრის“ ხაჯინბას გადაყენება, აჩვენა, რომ არძინა-ანქვაბის კლანებს შორის ქიშპი და დაპირისპირება მომავალში ვეღარ გაგრძელდება. მან როგორც იტყვიან „თავის თავი სრულად ამოწურა“. აფხაზური პოლიტიკის მძიმეწონიანი ფიგურები დისკრედიტირებულები კი არიან მაქსიმალურად, მაგრამ, აფხაზურ პოლიტიკურ ველზე ჯერ არ ჩანან ფიგურები, რომლებსაც ამ პოლიტიკური ჯგუფებისაგან შეუძლიათ დისტანცირება და თავისი დღის წესრიგის შექმნა. ამ პროცესს ყურადღებით ადევნებს თვალს კრემლი. ბევრი არ გამორიცხავს, რომ კრემლმა ფსონი ისევ ბჟანიაზე დადოს. თუ არ დადო, ხელს არ შეუშლის აფხაზურ პოლიტიკურ მოედანზე ითამაშოს.
სავარაუდოდ, ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა აფხაზეთში დაგეგმილ არჩევნებში? რა შანსები აქვს მოახლოებულ არჩევნებში ასლან ბჟანიას?
- როგორც აღვნიშნე, ასლან ბჟანია მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ვფიქრობ, რომ ეს სწორი ნაბიჯია, რადგანაც მისი რეიტინგი კატასტროფულად არის დაცემული. მას, როგორც ჩანს, აღარც კრემლი აღარ ენდობა, რადგანაც ბჟანიამ, ფაქტობრივად, ვერც ერთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი კანონის გატანა აფხაზეთში ვერ მოახერხა. რუსეთისთვის ეს სისუსტის ნიშანია და მას ასეთი პრეზიდენტი აფხაზეთში არ სჭირდება. ამიტომაც, შეიძლება, ბჟანიას საერთოდაც უნდოდა კიდევ ერთხელ ეცადა არჩევნებში გამარჯვება, ის ამაზე მინიშნებებსაც აკეთებდა გადადგომის შემდეგ, მაგრამ, ალბათ მას თავისმა გარემოცვამ გააგებინა, რომ ეს არც ისე კარგი აზრი იქნებოდა.
პოლიტიკაში კადრების დეფიციტს განიცდის. მუდმივად საუბარია იმაზე, რომ არსებულმა პოლიტიკურმა ელიტამ საკუთარი თავი ამოწურა და ახალი სახეები უნდა გამოჩნდნენ, ეს სახეები კი ჯერჯერობით არ ჩანან
რაც შეეხება ბადრა გუნბას, რომელიც წარმოდგენილი იქნება კანდიდატად ბჟანიას გუნდიდან და მის შესაძლო კონკურენტებს, ამ მხრივ ჯერჯერობით საბოლოო სურათი არ ჩამოყალიბებულა. სავარაუდოდ, ოპოზიციიდან ერთ-ერთი კანდიდატი ადგურ არძინბა იქნება, რომელიც ბოლო მოვლენებში ძალიან აქტიურად მონაწილეობს. მას ჰყავს თავისი მხარდამჭერები.
მაგრამ, აფხაზური საზოგადოება, ზოგადად, პოლიტიკაში კადრების დეფიციტს განიცდის. მუდმივად საუბარია იმაზე, რომ არსებულმა პოლიტიკურმა ელიტამ საკუთარი თავი ამოწურა და ახალი სახეები უნდა გამოჩნდნენ, ეს სახეები კი ჯერჯერობით არ ჩანან.
ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ის, პირველ ეტაპზე, ეცდება, რომ რუსეთთან აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელ კანონებზე პოლიტიკა ისე დაალაგოს, რომ არც აფხაზური საზოგადოება და არც რუსული ინტერესები არ დაზიანდეს. თუმცა, მე პირადად ეს მცდელობა წინასწარვე განწირული მგონია, რადგანაც რუსული და აფხაზური ინტერესები ერთმანეთს ფუნდამენტურად არის აცდენილი
ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ის, პირველ ეტაპზე, ეცდება, რომ რუსეთთან აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელ კანონებზე პოლიტიკა ისე დაალაგოს, რომ არც აფხაზური საზოგადოება და არც რუსული ინტერესები არ დაზიანდეს. თუმცა, მე პირადად ეს მცდელობა წინასწარვე განწირული მგონია, რადგანაც რუსული და აფხაზური ინტერესები ერთმანეთს ფუნდამენტურად არის აცდენილი. ადრე თუ გვიან, აფხაზეთში ხელისუფლებაში მყოფ ყველა პოლიტიკოსს უწევს წინასწარ გაცხადებული დაპირებებსა და პრინციპებზე მეტწილად უარის თქმა და რუსეთისადმი დათმობებზე წასვლა. აქ მთავარია, რამდენად ძლიერად დადგება ისევ სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ისევ მოუწევს ბრძოლა მათთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. თუმცა, რეალისტურად თუ შევხედავთ, სამოქალაქო საზოგადოების რესურსებიც ამოწურვადია და ამ მხრივ, ის უთანასწორო ბრძოლაშია შესული.
რუსეთს ამხელა ავანტიურისა და ნახევარი მსოფლიოს გადაკიდების შემდეგ, სოხუმთან „ენის მოჩლექვით“ საუბარი აღარ აინტერესებს და ვფიქრობ, რომ ეს ზეწოლა მომდევნო წლებში მხოლოდ გაიზრდება. არა მგონია ოპოზიციაში არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც უკვე ხელისუფლებაში მყოფი ამ ზეწოლას გაუძლებს, რაც არ უნდა დაპირება არსებობდეს მისი მხრიდან საზოგადოების წინაშე
ვფიქრობ, რომ აფხაზებისთვისაც კი ნელ-ნელა უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ მიუხედავად აღიარებისა, რუსეთი რეალურად საერთოდ არ არის დაინტერესებული აფხაზეთის არანაირი დამოუკიდებლობით და როგორც ბოლო მოვლენებმა აჩვენა, ის რბილი პოლიტიკიდან უფრო ხისტ ნაბიჯებზე გადადის.
ეს ლოგიკურად გასაგებიცაა - რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ისედაც მძიმე რეპუტაციული, პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური დარტყმა მიიღო და მისთვის პატარა აფხაზეთის „ურჩობა“, როგორც თქვენ ახსენეთ, აბსოლუტურად უადგილო და მიუღებელია.
არააკადემიურ ენაზე რომ ვთქვათ, რუსეთს ამხელა ავანტიურისა და ნახევარი მსოფლიოს გადაკიდების შემდეგ, სოხუმთან „ენის მოჩლექვით“ საუბარი აღარ აინტერესებს და ვფიქრობ, რომ ეს ზეწოლა მომდევნო წლებში მხოლოდ გაიზრდება. არა მგონია ოპოზიციაში არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც უკვე ხელისუფლებაში მყოფი ამ ზეწოლას გაუძლებს, რაც არ უნდა დაპირება არსებობდეს მისი მხრიდან საზოგადოების წინაშე.
ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო საუბრები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მხოლოდ მეტი ხმის მობილიზების საშუალება იყო, რადგანაც „ქართულ ოცნებას“ არ წარმოუდგენია არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რის გადადგმასაც ის აპირებდა, რათა კონფლიქტების მოგვარება მკვდარი წერტილიდან დაძრულიყო, თუნდაც მცირედი ტრანსფორმაციის მიმართულებით
- თქვენთან დაკავშირებამდე გადავხედე „ინტერპრესნიუსისათვის“ თქვენს ბოლო ინტერვიუს, რომელიც 2023 წლის ივლისში გაქვთ მიცემული. მასალა ბევრი თვალსაზრისით არის საინტერესო.
თქვენ იქ ამბობთ - „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს“.
2024 წლის არჩევნებამდე ოკუპირებული ტერიტორიების თემა „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი იყო. მართალია ამ თემაზე მმართველი გუნდი კონკრეტიკისაგან თავს იკავებდა, მაგრამ, ზოგადად ამბობდა, რომ 2028-2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გამთლიანებული შევა.
ახლა ირკვევა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი ჩანს. ახლა „ქართულ ოცნებას“ ის უფრო ადარდებს მის არჩევნებს აღიარებენ თუ არა ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები და აშშ.
კითხვას კი ასე დავსვამ - რამდენად წარმატებულად ცდილობს რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების ხარჯზე საქართველოს იმ ხაფანგში გახვევას, რომლის ფარგლებში ოფიციალურ თბილისს მოუწევს ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივაზე უარის თქმა?
- ტერიტორიული მთლიანობის თემით მანიპულირება წინასაარჩევნოდ ეს ნაცნობი ხერხია საქართველოში, რომელსაც ფაქტობრივად ყველა მმართველი პარტია მიმართავდა. როგორც წესი, კონფლიქტების საკითხი მმართველ პარტიებს მაშინ ახსენდებათ, როდესაც პოლიტიკურად განსაკუთრებით უჭირთ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა ეს ზეპარტიული საკითხი უნდა იყოს, რომლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ვნებს ამ ფუნდამენტური ეროვნული ამოცანის შესრულებას.
ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო საუბრები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მხოლოდ მეტი ხმის მობილიზების საშუალება იყო, რადგანაც „ქართულ ოცნებას“ არ წარმოუდგენია არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რის გადადგმასაც ის აპირებდა, რათა კონფლიქტების მოგვარება მკვდარი წერტილიდან დაძრულიყო, თუნდაც მცირედი ტრანსფორმაციის მიმართულებით.
რომ მივუბრუნდეთ კითხვას, თუ რამდენად წარმატებულად ცდილობს რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების ხარჯზე საქართველოს იმ ხაფანგში გახვევას, რომლის ფარგლებში ოფიციალურ თბილისს მოუწევს ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივაზე უარის თქმა, ვითარება ახლა ისეთია, რომ ამ გზას რუსეთის მიერ ამ რეგიონების დათმობის გარეშეც დავადექით
ეს თემა „ოცნებამ“ საერთოდ მიივიწყა არჩევნების შემდეგ და სავარაუდოდ, მას მომავალ არჩევნებამდე არც დაუბრუნდება. როგორც ნახეთ, აფხაზეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგალითად, რუსეთის მიერ დაფინანსების შეწყვეტასა თუ ბჟანიას გადაყენებაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. ის კომენტარები რაც მათ გააკეთეს, ისიც ჟურნალისტების დაჟინებული კითხვების საპასუხოდ იყო და მხოლოდ ზოგადი ლოზუნგებითა და განცხადებებით შემოიფარგლებოდა, რომ ეს „საინტერესო და მგრძნობიარე პროცესებია“.
ზოგადად, ქართული პოლიტიკური ელიტა და ფაქტობრივად, უკლებლივ ყველა დიდი პოლიტიკური პარტია თანხმდება, რომ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. ამ მხრივ სრული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდმა და კონფლიქტების მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა პარტიებში აჩვენა, რომ მათ არ აქვთ კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა ტრანსფორმირდეს კონფლიქტები და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათი საბოლოო მოგვარებისთვის.
ეს ძალიან სამწუხარო შედეგია, რაც კონფლიქტების მიმართ ნაკლები ინტერესის მრავალწლიანი ტენდენციის ნაყოფია. ეს კარგად ჩანს ქართულ მედიაშიც, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები, დევნილთა პრობლემები და კონფლიქტებთან დაკავშირებული სხვა სოციალური და პოლიტიკური საკითხები მხოლოდ გარკვეული თარიღების, მაგალითად, სოხუმის დაცემის და ამ რეგიონებში განსაკუთრებულად რეზონანსული მოვლენების დროს ახსენდება. მაგალითად. ბჟანიას გადაყენება ბოლო მოვლენებიდან. რომ მივუბრუნდეთ კითხვას, თუ რამდენად წარმატებულად ცდილობს რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების ხარჯზე საქართველოს იმ ხაფანგში გახვევას, რომლის ფარგლებში ოფიციალურ თბილისს მოუწევს ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივაზე უარის თქმა, ვითარება ახლა ისეთია, რომ ამ გზას რუსეთის მიერ ამ რეგიონების დათმობის გარეშეც დავადექით.
რუსეთი რიტორიკის დონეზეც კი არაა მზად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაუთმოს, კონკრეტულ ნაბიჯებზე კი საუბარიც ზედმეტია
არსებობს ინფორმაცია, ასევე გავრცელებულია დოკუმენტები, რომლის მიხედვით, დე-ფაქტო ხელისუფლებებს სოხუმსა და ცხინვალში ჰქონდათ მითითება მოსკოვიდან, რომ წინასაარჩევნოდ საქართველოსთან მიმართებაში პროვოკაციებისგან და მკაცრი განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ.
თითქოს, ერთი შეხედვით, რუსეთი საშუალებას იძლეოდა ტერიტორიული მთლიანობის თემა მმართველ ძალას წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა, მაგრამ რამდენჯერაც „ოცნებამ“ ამ მიმართულებით ცოტა მძაფრი განცხადებები გააკეთა და მათ შორის, კონკრეტულ თარიღებზე დაიწყო საუბარი, მაგალითად. რომ 2030 წელს ევროკავშირში გამთლიანებული საქართველო შევიდოდა, რუსეთის მხრიდანაც დამაზუსტებელმა რეაქციამ არ დააყოვნა და მარია ზახაროვასა და სხვათა განცხადებებმა ნათელყო, რომ რუსეთი რიტორიკის დონეზეც კი არაა მზად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაუთმოს, კონკრეტულ ნაბიჯებზე კი საუბარიც ზედმეტია.
"რუსული გავლენების“ აფხაზეთში შემცირება ქართული სახელმწიფოს პირდაპირ ინტერესშია და ჩვენ ჩვენი მხრივ როგორც აფხაზებს, ისე ოსებს რეალურ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ალტერნატივებს უნდა ვთავაზობდეთ"
ზოგადად, აფხაზეთში ბოლო წლებში ანტი-რუსული სენტიმენტები უფრო და უფრო მეტად იზრდება, მაგრამ ეს ანტი-რუსული სენტიმენტები, სამწუხაროდ, პირდაპირ პრო-ქართულ განწყობებად არ ითარგმნება. ამისთვის ძალიან დიდი სამუშაოა საჭირო, ამ მხრივ, კი ქართული სახელმწიფო ძალიან პასიურობს და ძვირფას შესაძლებლობებს ფლანგავს. რუსული გავლენების აფხაზეთში შემცირება ქართული სახელმწიფოს პირდაპირ ინტერესშია და ჩვენ ჩვენი მხრივ როგორც აფხაზებს, ისე ოსებს რეალურ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ალტერნატივებს უნდა ვთავაზობდეთ, რათა შემცირებული რუსული გავლენები ჩვენს სასიკეთოდ და გახლეჩილი საზოგადოებების უფრო მეტად დასაახლოებლად გამოვიყენოთ.
საქართველოს დადებით როლში წარმოჩენა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა სწორი პოლიტიკა იქნებოდა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნისთვის, მაგრამ სანამ აფხაზეთში მაინინგის და გადასახადების აკრეფის პრობლემა გადაჭრილი არ არის, ელექტროენერგიით დახმარება შეიძლება საქართველოს ისედაც მცირე რესურსების არამიზნობრივად გაფლანგვის ტოლფასი იყოს
ევროკავშირში გაწევრიანება და ევროკავშირის სიკეთეების შეთავაზება, მათ შორის პოლიტიკური და სოციალური უსაფრთხოების, კონფლიქტების მიმართულებით ერთ-ერთი ის გზაა, რომელმაც სიტუაცია ეტაპობრივი ტრანსფორმაციისკენ შეიძლება წაგვიყვანოს, მაგრამ ევროინტეგრაციის პროცესი ახლა შეჩერებულია, საქართველო კი ერთ-ერთ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს გადის, რა დროსაც კონფლიქტების საკითხი უკანა პლანზე იწევს. ეს სამწუხარო, თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ლოგიკური შედეგია.
ერთ-ერთი კითხვა, რომელიც აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან, განსაკუთრებით კი ენერგოკრიზისთან დაკავშირებით ისმის, ისაა, უნდა დაეხმაროს თუ არა ამ ვითარებაში საქართველო ოკუპირებულ რეგიონს.
ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოს დადებით როლში წარმოსადგენად, რათა კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის პროცესსა და ნდობის აღდგენას ხელი შევუწყოთ. თუმცა, კონკრეტულად ენერგოკრიზისს რაც შეეხება, საქართველოს დადებით როლში წარმოჩენა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა სწორი პოლიტიკა იქნებოდა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნებისთვის, მაგრამ სანამ აფხაზეთში მაინინგის და გადასახადების აკრეფის პრობლემა გადაჭრილი არ არის, ელექტროენერგიით დახმარება შეიძლება საქართველოს ისედაც მცირე რესურსების არამიზნობრივად გაფლანგვის ტოლფასი იყოს.
შესაძლებელია ჰუმანიტარული მიზნებით გარკვეული პერიოდით ამაზე თვალის დახუჭვა და რეგიონის დახმარება, მაგრამ თუ ამ თანამშრომლობამ განგრძობითი ხასიათი უნდა შეიძინოს, მაშინ აფხაზურ მხარეს უნდა ჰქონდეს კონკრეტული ანგარიშვალდებულებები, რომელსაც ის პირნათლად შეასრულებს.
ჩვენს ინტერესებში, რასაკვირველია, არ შედის, რომ ჩვენი რესურსებით კონკრეტულმა ადგილობრივმა ბიზნესმენებმა საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის ბოროტად ისარგებლონ, მოსახლეობა კი ისევ იგივე პრობლემის წინაშე დარჩეს. სამწუხაროდ, ენგურჰესის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ამ მიმართულებით აფხაზური მხარე უკვე არსებული შეთანხმებების შესრულებას ვერ ახერხებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი