თავდასხმა გახარიაზე - სიტუაცია პერმანენტულად იძაბება
რა გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსი ყალიბდება კავკასიაში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე
რატომ ცდილობს დაჟინებით რუსეთი საქართველოს 3+3 ფორმატში შეთრევას
* * *
თავდასხმა გახარიაზე - სიტუაცია პერმანენტულად იძაბება
“გახარია-საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ - თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე გუშინ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა, რის შემდეგაც გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. გახარიაზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძეზე. როგორც ოპოზიციის ასევე, “ოცნების” წარმომადგენლები გმობენ ძალადობას და აღნიშნავენ, რომ აუცილებელია გამოძიება. გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ზვიად ქორიძის ინფორმაციით, მას “ქართული ოცნების” წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თავდასხმა გახარიაზე - სიტუაცია პერმანენტულად იძაბება.
“სასტუმრო “შერატონის” ფოიეში ვიჯექი. უცბად, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: “მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე”. დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, მბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა, “რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო”. დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბად, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი ჩემგან გაეცილებინათ. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა”, - აღნიშნავს ქორიძე მედიასთან. “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ამ ფაქტზე აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა. როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, განცხადებაში აღნიშნულია მოთხოვნები, რომ დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის: დაადგინონ ყველა შემსრულებლების და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. საქმე სასწრაფოდ უნდა დაიქვემდებაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება”, - წერს მეზვრიშვილი. “ქართული ოცნების” დეპუტატის ლადო ბოჟაძის განცხადებით, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს კონფლიქტია, რომელიც მისივე თქმით, მიუღებელია. როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, როგორც გახარიასთან, ასევე ზვიად ქორიძესთან მომხდარ კონფლიქტზე დაწყებულია გამოძიება, ის გამოძიების შედეგებს ელოდება, ამჟამად კი მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც მედიით გავრცელდა. “ძალადობა მიუღებელია, რადგან ძალადობა შობს ძალადობას - ამიტომ ძალადობა უნდა დასრულდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, იქნება ეს მოქალაქე, მედიის წარმომადგენელი, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა”, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ადგილზე, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული, პოლიცია კი დაგვიანებით მივიდა და “ამის მტკიცებულება არსებობს”, - განაგრძობს გამოცემა.
“როგორც მეზვრიშვილი “ფეისბუქზე” წერს, მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. “ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად. მკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ, რომ არ გაუნადგურებიათ”,- წერს მეზვრიშვილი. კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება! “კრიმინალური, არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი აქციების დარბევის, მასობრივი დაპატიმრებების და რეპრესიების შემდეგ უკვე პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკურ ანგარიშესწორებაზე გადავიდა! “ქართული ოცნების” ვითომ პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი ზონდერები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ნიღაბს უკვე მთლიანად იხსნიან. გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია! გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, „ოცნების" კრიმინალურ ბანდას კი მალე გავიტანთ პოლიტიკური სცენიდან!”- წერს ხაზარაძე. ამასთან, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ”, - დასძენს გამოცემა.
“როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერი რეაგირება მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ წახალისდეს. “საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული”, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში. გიორგი გახარიაზე თავდასხმას გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთიც “ტვიტერზე” გამოეხმაურა - “ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ. დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ”, - აღნიშნავს როთი, რომლის განმარტებით “რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას და მათ არ უნდა დაემუქროს”, - წერს სტატიის ავტორი.
რა გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსი ყალიბდება კავკასიაში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე
“აშშ და სომხეთი ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ფაშინიანი წერს, რომ ქვეყნის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა “მთავარ ეტაპს” აღწევს და საქართველოსთან პარტნიორობაზე საუბრობს. ლავროვი “3+3” ფორმატის გააქტიურების მოთხოვნით გამოდის, ხოლო ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მოლოდინში ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაზე საუბრობენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კავკასიის რეგიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ბოლო დროს კურსი დასავლეთისკენ აიღო. სომხეთის მთავრობამ 2025 წლის 9 იანვრის სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს “სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ”, ხოლო გუშინ, 14 იანვარს, ოფიციალურად გახდა აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი. ფაშინიანი ამბობს, რომ რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობა ახლა ყველაზე მეტად არის “პრაქტიკული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსი ყალიბდება კავკასიაში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე.
“ახლა უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ოდესმე. ვცდილობთ, ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე განვავითაროთ” - ააცხადებს ფაშინიანი. იგი საუბრობს თურქეთსა და აზერბაიჯანთან მიღებულ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ “სომხეთი მხარს უჭერს მშვიდობას”. “ირანთან ურთიერთობა ბუნებრივ ინტერესებზეა დაფუძნებული, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველსა და ურთიერთობების სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა, რაც ახალ პერსპექტივებსა და განვითარების პოტენციალს ქმნის. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა”, - წერს ფაშინიანი. თურქეთი დღეს ჩართულია “მდუმარე კონფრონტაციის რეჟიმში” ყველასთან, გარდა სირიისა. ირანის გეოპოლიტიკური ამოცანები, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა, იგულისხმება “შიიტური სარტყელი” - ბეირუთიდან იემენამდე, ამერიკამ და ისრაელმა დაშალეს. აზერბაიჯანმა „ყარაბაღის ომის" შემდეგ ვერ მიიღო შედეგები, რასაც ომის შემდეგ ელოდა სომხეთიდან. ხოლო რუსეთი საომარ მოქმედებაშია ჩართული. თუ რა ხდება დღეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე განმარტავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენ რეგიონში არანაირი ძალთა ბალანსი აღარ არსებობს, ახლა ყველა ცდილობს თავისი სამხედრო პოტენციალიდან გამომდინარე პოლიტიკური ამოცანები გადაწყვიტოს. ამ ვითარებაში საქართველო, ფაქტობრივად, ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა, რადგან გვაქვს გაურკვევლობა საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ამიტო ძალთა ბალანსის ცვლილებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. 3+3 ფორმატი არის რუსეთის მიერ ამუშავებული პროგრამა, რომელიც თურქეთს გაახმოვანებინეს”, - ამბობს არეშიძე და კითხვაზე, შეუძლია თუ არა სომხეთს ჩაანაცვლოს საქართველო, როგორც “მეორე რანგის” მოთამაშე ევროპულ გზაზე, ამბობს, რომ “არ შეუძლია” და რომ სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა, სომხეთი-აზერბაიჯანის პოლიტიკური ვითარება მას ამის შესაძლებლობას არ აძლევს, რადგან აზერბაიჯანი დღეს დასავლეთის აზრს არ ითვალისწინებს. ერთადერთია აშშ, რომელსაც გარკვეულ ანგარიშს უწევს, ხოლო აშშ-ს პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, მიუხედავად სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა, მკაფიო არაა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ყარაბაღის ომის შემდეგ დოკუმენტით, რომელსაც სომხეთმა ხელი მოაწერა, სადავო ტერიტორიას, ზანგეზურის დერეფანს, გააკონტროლებდა მესამე ძალა. ასე რომ, ერევნისა და ბაქოს აღქმები განსხვავებულია: აზერბაიჯანი თვლის, რომ ეს ტერიტორია უნდა აკონტროლოს ან თურქეთმა, ან თვითონ, ხოლო ერევანი ფიქრობს განსხვავებულად” - თვლის არეშიზე. იგი აღნიშნავს, რომ პროგნოზი რთულია, თუმცა, იმედოვნებს, რომ “ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, თუ რუსეთი და აშშ მოილაპარაკებენ, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ იმ სავაჭრო გზების კონტროლში, რომელმაც მომავალში აქტიურად უნდა გაიაროს სამხრეთ კავკასიაში. თუ ეს ორი ლიდერი ხელშეუხებელი ზონის მონიშვნას შეძლებს, საუკეთესო სცენარი გათამაშდება”- დაასკვნის არეშიძე, რომლის მტკიცებით “სხვა შემთხვევაში ეს გზები ვერ იმუშავებს და ეს იქნება დამღუპველი რეგიონისთვის”, - დასძინა გამოცემა.
რატომ ცდილობს დაჟინებით რუსეთი საქართველოს 3+3 ფორმატში შეთრევას
“ფორმატი 3+3 საქართველოსთვის ღიაა”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. საქართველო ჯერ არ შეერთებია აღნიშნული სახის საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატს “3+3”, რომელიც თურქეთს, რუსეთსა და ირანთან ერთად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ფორმატში მოქცევას ისახავს მიზნად. “ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას 3+3 მექანიზმის შექმნის შესახებ მხარი აქტიურად დავუჭირეთ. ჩვენს ქართველ მეზობლებს ჯერ არ დაუკავებიათ მათთვის განკუთვნილი სავარძელი, მაგრამ ეს სავარძელი მაგიდასთან, სადაც ჩვენ რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი დარჩება”, - განაცხადა ლავროვმა. რუსეთი ამ “გაერთიანებას” პერსპექტიულ ფორმატად მიიჩნევს, სადაც რეგიონული უსაფრთხოება გადაწყდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ცდილობს დაჟინებით რუსეთი საქართველოს 3+3 ფორმატში შეთრევას.
“ლავროვის თქმით, პირველი კონტაქტები “მეზობლებს შორის უკვე შედგა”, თუმცა საქართველოს “სკამი თავისუფალია”. ფორმატი რუსეთის, ირანის, თურქეთის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გაერთიანებას ითვალისწინებს. 3+3 ფორმატის შეხვედრების გამართვის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ერდოღანს ეკუთვნის. პირველი შეხვედრა 2021 წელს, მოსკოვში შედგა, ქართულმა მხარემ კი მასში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. 2008 წლის აგვისტოს ომისა და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვეტილია. დღეისთვის ორ სახელმწიფოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ეს ფორმატი იმ სახელმწიფოებისთვისაა მისაღები, რომლებსაც დასავლეთის იზოლაცია სურთ კავკასიის რეგიონში. კაკაჩია განმარტავს რამდენად უზრუნველყოფს “3+3” ფორმატის გააქტიურება უსაფრთხოებას რეგიონში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რეგიონის უსაფრთხოებაში ეს ფორმატი არაფერს შეცვლის, თუ საქართველოს პოზიციიდან დავაკვირდებით. ჩვენ აქამდეც გვქონდა მშვენიერი ორმხრივი ურთიერთობა აზერბაიჯანთანაც, სომხეთთანაც და თურქეთთანაც (გარდა რუსეთისა). ეს ცვლილება უფრო მეტად იმ სახელმწიფოებს აწყობთ, რომლებსაც სურთ დასავლეთისგან იზოლაცია, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ირანი, რომელიც გამორიცხავს დასავლელი პარტნიორების მონაწილეობას კავკასიის რეგიონში. ლავროვის განცხადება “ქართული ოცნებისთვის” ლაკმუსის ტესტია და ახლა გაირკვევა, რა სურს საქართველოს ხელისუფლებას. ბევრი ეჭვობდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს და თუ ის ახლა ლავროვის ინიციატივას შეუერთდება, ამის ცალსახა დადასტურება იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი კითხვაზე, რატომ ითხოვს აქტიურად რუსეთი საქართველოს ამ ფორმატში ჩართვას, გვპასუხობს, რომ რუსეთი ხედავს საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს. გარდა ამისა, ამ განცხადებას წინ უძღოდა სხვა განცხადებებიც, რომელიც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას შეეხებოდა. “ლავროვის განცხადებები მეტყველებს, რომ ის არის ლოიალური საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ეს სხვადასხვა მინიშნებებით ვლინდება, მაგალითად, რომ აღდგეს 3+3 ფორმატი. ეს ფორმატი ცალსახაა, რომ საქართველოსთვის მიუღებელი არის, რადგან რუსეთის მიერ საქართველოს ეროვნული მიზნები იგნორირებულია და უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ფორმატი რუსეთის მიერაა შექმნილი, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ. არანაირი ილუზია უნდა გვქონდეს, რომ საქართველომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არ მოხდება, ამიტომ ამ ფორმატში ჩართვა დაუშვებელია”, - მიიჩნევს ჩიტაძე. “გავიხსენოთ, როცა კობახიძემ განაცხადა, რომ მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო მშვიდობიანი გზით, მეორე დღეს რუსეთმა მკაფიოდ თქვა - არა”, განმარტავს ჩიტაძე, რომლის თქმით, რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით “ფორმატი არ შეცვლის არაფერს, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი””, - წერს სტატიის ავტორი.