GCCA-ის ინფორმაციით, 2024 წელს მომხმარებლის მხრიდან მომართვა გაორმაგებულია

2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) მომართვის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია - კერძოდ, 2024 წელს - 890, ხოლო 2023 წელს - 495 განაცხადი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, 2024 წელს - 198 საქმეზე, ხოლო 2023 წელს - 82 საქმეზე მომხმარებლის ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. რაც შეეხება პირობითი ვალდებულების შეთანხმებებს, 2024 წელს - 193 საქმეზე, ხოლო 2023 წელს - 161 საქმეზე მოვაჭრეებსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, მომხმარებლების დარღვეული უფლებები აღადგინონ და კანონის შესაბამისად, სავაჭრო პოლიტიკა შეცვალონ.

„სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2024 წელს - 56 მოვაჭრეს 92 საქმეზე 60 000 ლარი, ხოლო 2023 წელს 11 მოვაჭრეს 22 საქმეზე 21 283 ლარი ჯარიმა დაეკისრათ.

აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წელს, დასრულებული საქმეების 90% მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

GCCA-ის მიერ სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, 2024 წელს, საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა და შემდეგი მნიშვნელოვანი სტანდარტები დადგინდა.

ერთეულის ფასის სტანდარტი: საქონელზე, რომელიც წინასწარ შეფუთული არ არის და მომხმარებლის თვალწინ იწონება/იზომება, უნდა მიეთითოს ერთეულის (1 კილოგრამი, 1 ლიტრი, 1 მეტრი, 1 კვადრატული მეტრი და ა.შ.) ფასი.

ფასდაკლებისა და სპეციალური შეთავაზების სტანდარტი: მოვაჭრე ვალდებულია, ფასდაკლების გამოცხადებისას, საქონელსა და მომსახურებაზე მიუთითოს სამი სხვადასხვა ფასი: რეფერენსირებული (ფასდაკლებამდე არსებული), ფასდაკლებული და აღნიშნულ საქონელსა თუ მომსახურებაზე ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი.

რეკლამაში ფასის მითითების სტანდარტი: თუკი მოვაჭრე კონკრეტული საქონლის ან/და მომსახურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი რეალიზაციის მიზნით, მაშინ სხვა არსებით ინფორმაციასთან ერთად, აუცილებელია ფასის მითითება.

კვების მენიუში ფასის მითითების სტანდარტი: ბარებსა და რესტორნებში - მენიუში მოცემული უნდა იყოს საკვების და სასმლის საბოლოო ფასი, რომელიც მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადსა და სხვა ხარჯებს (მათ შორის მომსახურების საფასურს).

გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა, რომელიც 2024-2027 წლებში, 6 მარეგულირებელი უწყების ერთობლივ აქტივობებს და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით უწყებების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი GCCA-ის ინიციატივით მომზადდა და მოიცავს დარგის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ ანგარიშის მომზადებას, სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, მომხმარებლებისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს, რომელიც სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო დონეზე მიღებული შედეგების მიხედვით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს World Bank Group-ის ჯილდო, რომელიც 2024 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის ICPEN-ისა და FTC-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ვაშინგტონში გადაეცა, სადაც GCCA მოწინავე ქვეყნების აღმასრულებელი უწყებების სამეულში დასახელდა.

მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვის, ორგანიზებისა და შეფასების ერთიანი დოკუმენტის შემუშავების მიზნით, GCCA-ის მიერ გზამკვლევი დოკუმენტი მომზადდა, რომელიც სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის რიგ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს და აქტივობებს აერთიანებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია