„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისთან, საპენსიო სესხებით დაზარებულ ადამიანებთან ერთად აქცია გამართა.
პროტესტის მთავარი თემა „მოტყუებით გაცემული სესხები“ და „ლიბერთი ბანკის“ დამფუძნებლის, ირაკლი რუხაძის ბოლოდროინდელი განცხადებები იყო.
პენსიონერები ამბობენ, რომ სესხის პროცენტი ირაკლი რუხაძის პირობის მიუხედავად კვლავ მაღალი რჩება და არა 22%, არამედ ეფექტური 29.5 % და ბევრ შემთხვევაში გაცილებით მეტიც კი არის.
„ირაკლი რუხაძის ბოლო ინტერვიუსთან დაკავშირებით, შევიკრიბეთ ჩვენ დღეს „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისთან, სადაც მოვიდნენ პენსიონერები, რომლებსაც მოტყუებით აქვთ გაფორმებული ე.წ. „ოვერდრაფტები“, ასევე პენსიონერები, რომლებსაც აქვთ სესხი გაცილებით მაღალ პროცენტში გატანილი ვიდრე აცხადებს ირაკლი რუხაძე, „ლიბერთი ბანკის“ დამფუძნებელი და ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი. როდესაც რუხაძე ამბობს, რომ 22%- ში გასცემენ საპენსიო სესხებს, ეს ტყუილია! მესამე პრობლემა, რომელიც პენსიონერებს აქვთ, ეს არის პანდემიის დროს გადავადებული სესხები, რომელიც ისე გაუხანგრძლივეს ორი, სამი და ოთხი წლით, რომ მათ არ ჰკითხეს, სურდათ თუ არა ე.წ. საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.
ჩვენ მოვედით აქ და საჯაროდ მოვითხოვეთ „ოვერდრაფტების“ ე.წ. „ამოტრიალებაც“, რის პირობასაც ასევე რუხაძე იძლევა და ეს ამოტრიალება თუ გასწორება, გულისხმობს მოტყუებით გაფორმებული „ოვერდრაფტების“ განულებას, რადგან ამ ადამიანებს უკვე ხუთჯერ და ათჯერ მეტი თანხა აქვთ გადახდილი ვიდრე პირვანდელი სესხის თანხა იყო.
ასევე მოვითხოვეთ, რომ ყველა პენსიონერის სესხის პროცენტი შემცირდეს 22% მდე, რადგან სწორედ ეს განაცხადა რუხაძემ, რომ 22%-ად გასცემენ საპენსიო სესხებს. დღეს არის მოცემულობა, როდესაც ჩვენი პენსიონერები გადასარჩენები არიან, მათ არა აქვთ ელემენტარული საშუალება რომ ყოველდღიური საჭიროებები უზრუნველყონ, მათ არჩევანის გაკეთება უწევთ საკვები შეიძინონ, წამალი თუ კომუნალურები გადაიხადონ, იმიტომ რომ ყველაფრის გაკეთება ერთდროულად ისედაც ძალიან დაბალი პენსიით მათ არ შეუძლიათ და პლუს ამას ემატება პენსიიდან თანხების მოტყუებით ჩამოჭრა, ამიტომ ამ ადამიანებს შველა სჭირდებათ, განსაკუთრებით შველა სჭირდებათ მარტოხელა მოხუცებს, რომლებიც აბსოლუტურად მიტოვებულები არიან და დარჩენილი თავისი 350-ლარიანი პენსიის ამარა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუ საჭირო იქნება მოვამზადებთ სარჩელსაც. ძალიან მალე სამართლიანობა იზეიმებს და ეს ადამიანები გათავისუფლდებიან ვალისგან, რომელსაც თავად დაარქვეს „ვალი სიცოცხლის ბოლომდე“,- აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.
ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.