სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, „ვივამედში“ პატიმარი მაღალი არტერიული წნევის გამო მოათავსეს და გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ნაცემია, სიმართლეს არ შეესაბამება

სპეციალური პენიტენციური სამსახური გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" მოთავსებული 46 წლის პატიმრის, იოსებ გორგაძის საქმეს ეხმაურება.

უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პატიმარი ნაცემია, სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე ინფორმაციით, პატიმარს 23 იანვარს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც მაღალი არტერიული წნევა დაფიქსირდა და დაწესებულების ადმინისტრაციამ 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა გამოიძახა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა გამოძიება დაიწყო.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ბრალდებულ ი. გ.-ს მიმართ ძალადობა განხორციელდა.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

განვმარტავთ, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.

ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ.-ს ან მის უფლებადამცველს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.

2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა და დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბრალდებულს ჩაუტარდა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევები და მიღებული შედეგების მიხედვით განხორციელდა შესაბამისი სამედიცინო ინტერვენცია. ამჟამად ბრალდებული ი.გ. კვლავ იმყოფება სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაშია ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული ი.გ.-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებსა და სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით",- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა