თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი და სტუდენტები მწუხარებას გამოხატავენ თსსუ-ის პროფესორის, გაიანე სიმონიას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებენ მის ოჯახსა და ახლობლებს.
ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.
“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თითქმის საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთ ღირსეულ შვილს დაემშვიდობა ტკივილით და სიყვარულით, მაგრამ დღევანდელი დანაკლისით გამოწვეული გაოგნების და მწუხარების გადმოცემა მეტად რთულია...
გარდაიცვალა გაიანე სიმონია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) გერიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ-ის სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს გერონოტოლოგიისა და გერიატრიის საზოგადოების პრეზიდენტი, საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი, ევროპის სამედიცინო განათლების (AMEE) ასოციაციის წევრი, მედიცინის დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, საგანამანთლებლო პროგრამების აკრედიტაციის არაერთი მოწვევის საბჭოს წევრი, ილარიონ ქართველის მედალის მფლობელი.
ქალბატონმა გაიანემ თსსუ-ში ეტაპობრივად განვლო აკადემიური კარიერის საფეხურები: იყო ჰოსპიტალური თერაპიის სუბორდინატორთა #2 კათედრის ასისტენტი (1991-1994), შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი და ასოცირებული პროფესორი (1994-1999; 2006-2009), პროფესორი (1994-2006), 2009 წლიდან დღემდე კი - გერიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქალბატონი გაიანე სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სათავეებთან იყო ჯერ კიდევ 2003-2005 წლებში, როდესაც ეს სისტემა საქართველოში ჩამოყალიბებას იწყებდა. ამიტომაც, სრულიად ორგანული იყო ის, რომ 2006 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა თსსუ-ის სტრატეგიული განვითარებისა და შეფასების ცენტრს, რომლის ფუნქციები, უმაღლესი განათლების სისტემის ევოლუციის და სტანდარტების სრულყოფის პარალელურად, ღრმავდებოდა, ფართოვდებოდა კონტაქტების და გავლენის გეოგრაფიული არეალი.
150-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, მათგან რამდენიმე ათეული - მაღალციტირებად საერთაშორისო გამოცემებში, სამი მონოგრაფია, სამი სახელმძღვანელო - ეს ქალბატონი გაიანეს მემკვიდრეობის მხოლოდ ფორმალური ჩამონათვალია. შეუფასებელია ქალბატონი გაიანეს როლი ათეულზე მეტი საერთაშორისო მეთოდოლოგიური და კვლევითი პროექტის შემუშავებასა და წარმატებულ განხორციელებაში სამედიცინო განათლების მიმართულებით. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ პროფესორ გაიანე სიმონიას უპირობო ლიდერობით შექმნილ და რეალიზებულ ამ პროექტებს განმსაზღვრელი როლი მიუძღვით საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებაში.
კეთილშობილება, მაღალი პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა, პრინციპულობა, პროგრესულობა - ეს პროფესორ გაიანე სიმონიას პიროვნულ ღირსებათა არასრული ჩამონათვალია. და ეს ის თვისებებია, რისთვისაც სტუდენტები, პაციენტები, კოლეგები შინ თუ გარეთ პატივს სცემდნენ და ენდობოდნენ მას.
ძალიან გულდასაწყვეტი და უსამართლოა, რომ გაიანე სიმონია წავიდა მაშინ, როდესაც კიდევ დიდხანს შეეძლო ადამიანური და პროფესიული სიკეთის გაღება კოლეგებისა და მომავალი კოლეგებისათვის.”
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი